ბედისას ძმისშვილები უყვარდა, უფრო სწორად, ძმისშვილი გოგოები. ხოლო რატისადმი მანამდე ზიზღნარევ სიბრალულს განიცდიდა და ცოტა ეშინოდა კიდეც, რადგან ბაწაში კაცების უმეტესობისთვის დამახასიათებელი სიბოროტე თუ გონებრივი ჩამორჩენილობა მასში სრულიად სხვა და სრულიად გულისამრევი ფორმით – დაუოკებელი და განურჩეველი სექსუალური ლტოლვით იყო წარმოჩენილი. დასაჭურისების შემდეგ კი უბრალოდ ეცოდებოდა, უყურებდა, დღითიდღე როგორ სივდებოდა, რადგან ჩაკლული სექსუალური ჟინი ჭამისადმი მიდრეკილებით შეიცვალა.

– ეტყნა ის გოჭები და თხები, მე რას მიშლიდა. რამდენს ჭამს, გამინადგურა, რაც კი მებადა! – ხუმრობდა ხოლმე ვამეხ ბაწაში, როცა კარგ ხასიათზე იყო და უყურებდა თავისი საჭურისი ვაჟიშვილის დევგმირულ იერიშებს, კერძებზე მიტანილს.

– ბიჭო, აღარ გინდება ხოლმე?! ქუჯის ახალი ფაშატი უყიდია, შენზე უკეთეს სასიძოს სად ნახავს! – ვამეხს მხარს უბამდა და ძმისშვილს ეოხუნჯებოდა ვაჩე ბაწაში.

– შენ ჩაუსიძდი, მაინც არავინ მოგყვება ცოლად! – ხანდახან სიტყვის შემობრუნებაც იცოდა რატიმ.

– ენა დაიმოკლე, ბიჭო, შენ! – გაშლილ ხელს ისე შემოსცხებდა ვამეხი ლოყაზე, რომ პირიდან ღომის, ლობიოს, ყველის და კოლრაბის მწნილის უშველებელი ლუკმა უვარდებოდა რატის. ტახტსა და ბუხარს შორის შევარდნილ ლუკმას მშიერი კატა ეცემოდა ხოლმე და ნოყიერადაც ნაყრდებოდა.

– ქალაჩუნა ეს! – მაგიდას დაჰკრავდა ხელს ვაჩე ბაწაში, კართან მისული მობრუნდებოდა, ღვინით სავსე ჭიქას ჩაცლიდა და თავისი უქალო სახლისკენ გავარდებოდა.

– ნახე რა ქენი?! ხედავ რა გააკეთე?! შე უჯიშო! – სახეში მუშტებს დაუშენდა ვამეხი რატის, ეს უკანასკნელი, თუ ვერ გაასწრებდა, ტახტსა და ბუხარს შორის გვერდულად შეიკუჭებოდა და მხოლოდ ცალ გვერდს უშვერდა გაავებულ მამას. სახლში ვახემის მუშტების ბრაგვანი, ქეთევანის კივილი, თირთეს ტირილი და რატის ქვეშ მოყოლილი კატის განწირული კნავილი ისმოდა, რომელიც ვერაფრით შელეოდა გემრიელ ლუკმას.

– ამან რა დააშავა, თქვენ დაიწყეთ, თქვენ დაიწყეთ, თქვენ დაიწყეთ! – თანდათან ისტერიკაში ვარდებოდა თირთე. ვამეხს ამქვეყნად მხოლოდ უმცროსი ქალიშვილის ისტერიკისა ეშინოდა, იმწამსვე ანებებდა თავს რატის და თირთეს უყურებდა, რომელიც სახეს იხოკავდა, ფეხებს იქნევდა, კედელს თავს ახლიდა და ჭურჭელს ლეწავდა, ქეთევანი ამაოდ ცდილობდა მის გაკავებას და დამშვიდებას.

– მომეშველე, ბიჭო, რას დაგიღია პირი! – უყვირებდა ქეთევანი ვაჟიშვილს და წელმოწყვეტილი, სახედასიებული რატი დას ორივე ხელს გაუკავებდა, მხარზე მოიგდებდა და თავის ოთახში გაჰყავდა, კართან ნიშნის მოგებით გადახედავდა მამას, რადგან ვამეხი ისტერიკაში ჩავარდნილ ქალიშვილთან ახლოს მისვლას ვერ ბედავდა.

– დახოცა ოჯახი, შეჩვენებულმა! – იტყოდა ბაბუაჩემი, როცა ბაწაშების სახლიდან წივილ-კივილი ისმოდა.

მამაჩემს კი, თირთეს კივილის გაგონებისთანავე, ბავშვობა ახსენდებოდა, რადგან თირთეს მაშინაც ემართებოდა ისტერიკები. რამეზე თუ გააბრაზებდნენ, ჩაბჟირებული, პირთაფჩენილი და ტუჩებდალურჯებული კარგა ხანს იდგა და სანამ არ დამშვიდდებოდა, მამაჩემს ბუჩქებიდან ვერ გამოიყვანდი.

ასეთი ჩხუბის მერე თირთე მამიდას სახლში მიდიოდა და იქ რჩებოდა, სანამ, რამდენიმე დღის მერე, დედა არ ააკითხავდა და დაბრუნებას არ სთხოვდა. სასოწარკვეთილი თეჯიც მამიდასთან დადიოდა ხოლმე გულის გადასაშლელად. ბედისას გულწრფელად უყვარდა ძმისშვილები, მაგრამ მათ ძმის გასამწარებლადაც იყენებდა, დაჩი ჩარდიშზე ძალით გათხოვების შემდეგ სწორედ ბედისა უჩიჩინებდა თეჯის, რომ ბავშვობის სიყვარულთან – ბექა ლაზაშთან გაება რომანი, რადგან ეს ვამეხს გააგიჟებდა. ვამეხმა იცოდა, რომ მის უფროს ქალიშვილს და ძმის გერს ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და მათი კავშირი რომ არ დაეშვა, ქალიშვილი სოფელში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და შეუხედავ ქვისმთლელს მიათხოვა. იმიტომ კი არა, რომ თეჯის გაუბედურება უნდოდა, არა, უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან სოფელში სხვა არავინ იყო ასაკით მისი ქალიშვილის შესაფერისი. ბექას და თეჯის არანაირი სისხლით ნათესაობა არ აკავშირებდათ, მაგრამ მაინც ბიძაშვილად ერგებოდნენ ერთმანეთს, ვამეხს მათი ერთად ყოფნა სახალხო თავის მოჭრად მიაჩნდა და როცა გაიგო, რომ ამ ურთიერთობის შეწყვეტას ქალიშვილის გათხოვებამაც ვერ შეუშალა ხელი, გადაწყვიტა რადიკალური ზომისთვის მიემართა და ძმის გერი მოეკლა. სწორედ მის შეხედულებებს შეეწირა ბედისას სიყვარულიც, რამაც ის სამუდამოდ დააკარგვინა. ბედისა თავისი უცნაური, ლურსმნებიანი წყევლით ძმას ვერ წყევლიდა, რადგან გრძნობდა, რომ წყევლა აუცილებლად ახდებოდა და ძმას მაინც ვერ იმეტებდა ამ ყველაფრისთვის, ამიტომ სამიზნედ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ყოფილი საქმრო ჰყავდა არჩეული, რომელსაც თითქმის არანაირი დანაშაული არ მიუძღოდა იმ ამბავში. ეს ბედისამაც იცოდა, მაგრამ მაინც უფრო მეტ პასუხისმგებლობას მას აკისრებდა, ვიდრე თავის ძმას. ვამეხი არ ეცოდებოდა, უბრალოდ არ უნდოდა დედამისს მეორე ვაჟიშვილის სიკვდილიც ენახა და, წელიწადში ერთხელ, მონდომებით აჭედებდა ჭადარზე ლურსმანს და შედეგს მოთმინებით ელოდა.

 

1 2 3 4 5 6 7