– გაგიჟებული ხარ, დააგდე წალდი, სირცხვილია! – დას ნელა უახლოვდებოდა ვაყა.

– მე ვარ გაგიჟებული, ან მე უნდა მრცხვენოდეს?! ვიღაცის მიცვალებულებს და ნამუსგარეცხილ ცოცხლებს ემსახურები! სახლ-კარი უპატრონოდ გაქვს მიგდებული და ჭიქა არაყზე რას არ გააკეთებ. შენს სახლს რომ მოუარო, არაყიც ბლომად გექნება ჩასახეთქად და ღვინოც. მამა ალბათ საფლავში ტრიალებს. ან ჩემმა ბიჭმა რა დაგიშავა, შენ მაინც რა დაგიშავა, მას ხომ ისე უყვარდი, მას ხომ უყვარდი! – უცებ წალდი გადააგდი მელანომ, ძმას მიეჭრა და სახეზე, თავზე და მკერდზე ხელები დაუშინა, თან კაწრავდა და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა, ბაწაშებისადმი გამიზნულ ბოღმას საკუთარ სისხლსა და ხორცზე ანთხევდა. ვაყა დადეში ხელებჩამოშვებული იდგა და მორჩილად უშვერდა სახეს უმცროსი დის ნაჯაფარ, ძარღვიან ხელებს, რომლებიც იმდენად მართლები იყვნენ, რომ სახის არიდება ღვთის გმობის ტოლფასი იქნებოდა. ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა, უბრალოდ დასთან ერთად ობლობაში გატარებულმა მთელმა ბავშვობამ რამდენიმე წამის განმავლობაში გაურბინა თვალწინ.

– გააშველეთ ვინმემ, მოკლავს! – იკივლა ქეთევანმა, გვიან მოსული და აქოშინებული მამაჩემი, მოკლეზე რომ გადაეჭრა, ღობეზე გადახტა და მათკენ გაქანდა, მაგრამ სანამ მივიდოდა, მელანომ ცემა შეწყვიტა, მუხლებზე დავარდა და ახლა მიწას ჩაჰღმუოდა.

ვაყა დადეში დაიხარა, უთავშლო, ჭაღარათმაგაწეწილი თავისი და წამოაყენა და ჭიშკრისკენ წავიდნენ. მამაჩემმა წალდი აიღო, თეჯის, თირთეს და ქეთევანს შეხედა, მერე ცოტა ხანს ძმებ ბაწაშებს უყურა, შეტრიალდა და ეზოდან გავიდა.

*

ჭაში შლამის სუნი იდგა და გრილოდა. გვიმზე გადმოყუდებული ბაბუაჩემის თავსზემოთ რკინის ხარიხა და, ჭადრის ტოტებს შორის, მოწმენდილი ცა ჩანდა. რიყის ბრტყელი ქვებით მოპირკეთებული კედლიდან გვიმრებს გამოეყოთ თავი.

ბაბუაჩემმა კიბე ასწია და სათლი ჩამოუშვა, ხარიხაზე ჩამოკიდებული პატარა დისკო ყრუდ აჭრიალდა. მამაჩემმა სათლი აყროლებული შლამით ავსო.

იდგა და სახეს არიდებდა სათლის შიდაპირზე წასმული გუდრონის ნაბზარებიდან გამოჟონილ წყალს, ჭუჭყიანი წვეთები ისეთ ექოს გამოსცემდნენ, როგორიც სახურავდაზიანებულ, ცარიელ შენობებში იცის ხოლმე წვიმისას.

მამაჩემი დაბადებულიც არ იყო, როცა ბედისა ბაწაში, უიღბლო სიყვარულის გამო, ჭაში ჩახტა (ზუსტად ორი კვირის შემდეგ, იმავე მიზეზით, იმავე ჭაში მისი ძმისშვილი – თეჯი ბაწაში შეეცდებოდა ჩახტომას, მაგრამ ჭამდე არ მიუშვებდნენ). უიღბლო სიყვარულები და, ზოგადად, უბედური ცხოვრება ბაწაშების ქალების თანამდევი გახლდათ.

– ჩვენი გვარის კაცები ან სულელები იყვნენ, ან ბოროტები. ჩვენი გვარის ქალები კი იმთ იძიებდნენ შურს, რომ დიდხანს ცოცხლობდნენ! საწყალი დედათქვენი! – ეუბნებოდა ხოლმე ძმისშვილებს, თეჯის და თირთე ბაწაშებს, მამიდა ბაწაში და ნაყრობისას გაავებული ფუტკრების ნესტრით ცდილობდა მათთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა.

ეს მართლაც ასე იყო, ბაწაშების გვარის ქალები ყოველთვის დიდხანს ცოცხლობდნენ, მაგრამ კაცმა არ იცოდა, ეს ღმერთის კეთილგანწყობის გამო იყო თუ მართლა ფუტკრები უხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს.

ფუტკრებით თერაპიას ბაწაშების ზოგიერთი რძალიც მიმართავდა, მათ შორის ბედისას დედა – ქიონია, რომელიც გვიან გათხოვდა და ას წელს კარგა ხნის წინ გადასცილებოდა. ჯანმრთელად იყო, არაფერი ტკიოდა, უბრალოდ სიარული უჭირდა, ნელა დადიოდა, ჭიშკრამდე მისვლას მთელ საათს ანდომებდა. ძირითადად, საუზმობის ან სადილობის შემდეგ მოთენთილი, ეზოში იჯდა და მზეს ეფიცხებოდა, ზამთარში კი ღუმელსა და კედელს შორის მიჯდებოდა, სადაც ძალიან ცხელოდა. ხანდახან შემცივნული შვილიშვილები მიუსხდებოდნენ, მაგრამ იმ სიცხეში დიდხანს ვერ სძლებდნენ. თვითონ კი შავლოყებშეფაკლული ნაჯაფარ, ძარღვიან, კაცურ ხელებს თვალმიბნედილი დასცქეროდა და ვინ იცის, რაზე ფიქრობდა, ან ფიქრობდა თუ არა საერთოდ.

– შენი დარდი მიმყვება. ჩემს მერე რა გეშველება! ტვირთად გაწევარ, მაგრამ მარტო მაინც არ ხარ. როგორ ვერ მოინახა შენთვის ერთი კარგი კაცი! – ეუბნებოდა ხოლმე ქალიშვილს, როცა მისი კუჭი საჭმელს გადაამუშავებდა და ბებერ სხეულს მოთენთილობა გაუვლიდა.

– ძალიან კარგადაც მოძებნა, მაგრამ შენმა უფროსმა ვაჟმა გააფუჭა ყველაფერი! – ლატუნის საჭიქეში ჩადებული თლილი ჭიქიდან ჩაის სვამდა ბედისა ბაწაში.

– იმ ერთის გარდა კაცი დაილია?!

– კი, დედა, დაილია. შენც ხომ გიყვარდა მამაჩემი?!

 

1 2 3 4 5 6 7