– ღვინო ჩამოასხი! – უთხრა ვამეხმა ვაყა დადეშს, მერე კი კაკლის უშველებელ ზროს ამოფარებულ თავის შვილს მიუბრუნდა, რომელსაც ღვინო მოეპარა და ჩუმად წრუპავდა: – ბიჭო, გამოეთრიე და ჩვენთან დაეგდე!

რატი ბაწაში წელმოწყვეტილი გამოვიდა და მამისგან ყოველ მეორე სიტყვაზე ხელის გარტყმას ჩვეული, მოშორებით დაჯდა.

– სად მამაჩემთან მიდიხარ, შე ბოთე?! მოდი აქ! – ვამეხმა ვაყა დადეში მეორე სკამზე გადასვა და თავისი საჭურისი შვილი მარცხნივ მოისვა. მარჯვნივ უმცროსი ძმა ეჯდა, სუფრის თავში ისხდნენ.

– მასხრად აიგდე თავი, არავინ გიკადრა, შენთან დაჯდომა არავის უნდა! – უთხრა ქეთევანმა ვამეხს.

– ენა დაიმოკლე და საქმეს მიხედე! – ისე უპასუხა ვამეხმა ცოლს, რომ მისკენ არ გაუხედავს, მერე ჭიქა აიღო და სავსე სუფრას გახედა. ცარიელი სკამები შეურაცხმყოფელად იყვნენ მიდგმულნი მაგიდასთან, ამიტომ თირთეს და თეჯის ყველა სკამი შიგნით შეატანინა. ახლა ისე ჩანდა, თითქოს მთელი იმხელა სუფრა მაგიდის თავში მჯდომი ოთხი კაცისთვის იყო გაშლილი. ვამეხი განსხვავებული სასმისებით სვამდა თავის დაწურულ ღვინოს და მთელი გულით ცდილობდა მოლხენას. ქალები ამატებდნენ და ამტებდნენ ცხელ-ცხელი კერძებს, ოღონდ კაცმა არ იცოდა ვისთვის.

მზე ჩავიდა და შებინდდა.

ნიავს ზღვის სუსტი ხმაური მოჰქონდა.

მალე ჩამობნელდა კიდეც.

ვამეხის ბრძანებით მთელ სუფრაზე გამწკრივებული ლამფები აანთეს.

სუფრის კიდეები წმინდა განთიადისას განათებულ ეკლესიის გალავანს ჰგავდნენ.

– მოდის! – თქვა უცებ ვაყა დადეშმა, პირთან მიტანილი ჭიქა დადგა და ორღობისკენ მიბრუნდა, ყველამ იქითკენ გაიხედა, მაგრამ არავინ ჩანდა.

– ვინ მოდის?! – ჰკითხა ვაჩე ბაწაშმა.

– მოდის! – ისევ გაიმეორა ვაყა დადეშმა.

ორღობეში ნიშანი გამოჩნდა. ისედაც თეთრი შარვალი და პერანგი უცნაურ ფოსფორულ ნათებას ასხივებდა და ნელ ნიავზე ისე ფრიალებდა, თითქოს ვინმეს ტანზე ეცვა. ჭიშკარს მოუახლოვდა, ლითონის ბადის ღობისკენ მოიწია და მკლავები ზედ შემოალაგა.

ყველა გაშეშებული იყო.

შეშინებული თირთე თეჯის ეკვროდა.

ვამეხი მაგიდიდან ადგა და ჭიშკრისკენ დაიძრა.

– ახლოს არ მიხვიდე, მალე წავა, ნუ მიხვალ! – მუხლებში ჩაუვარდა ცოლი.

– სახლში შედით! – უთხრა ვამეხმა, მოიშორა და გზა გააგრძელა.

– შეაჩერე, ძალიან გთხოვ, შენი ძმა არ არის?! – ახლა მაგიდასთან მდგარ ვაჩეს ჩაუვარდა მუხლებში პელაგია.

– ხომ იცი, რომ არ დამიჯერებს. – წამოაყენა რძალი ვაჩემ და სკამზე დასვა.

ვამეხი ღობის შორიახლოს გაჩერდა, ასე ახლოს მასთან არასდროს მისულა, თვალებს ოდნავ სჭრიდა ფოსფორული ნათება. რატომღაც ისეთი გრძნობა დაეუფლა, როგორიც მაშინ, ოდესღაც, საფლავიდან ბებიაჩემის ამოთხრის დროს.

– წადი აქედან! – თქვა ვამეხმა და თავისი ხმა თვითონვე ეუცნაურა, თითქოს ის მეზობლის ეზოდან ისმოდა.

– მოშორდი ჩემს ღობეს! – მთელი სხეულის დაძაბვით და ხელების მომუჭვით დაიღრიალა ვამეხმ ბაწაშმა.

ნიშანი ადგილიდან არ დაძრულა.

ვამეხი მოტრიალდა, მაგიდის თავთან შეკრებილებს გვერდი აუარა, სახლში ავიდა, თავისი ოთახიდან დატენილი თოფი გამოიტანა და ისევ ჭიშკრისკენ გაემართა. ღობეზე გადმოფენილი ტანსაცმლის თოფით შეშინება იმდენად აბსურდული იყო, რომ თავიდან ვერავინ ვერაფერს მიხვდა.

– ბოლოჯერ გაფთხილებ, მოშორდი ჩემს ღობეს! – უთხრა ვამეხმა ნიშანს, მხარზე თოფი მიიდო და დაუმიზნა.

ნიშანი არ შერხეულა.

რამდენიმეწამიანი სიჩუმე გასროლის ხმამ დაარღვია.

ნიშანი ოდნავ შეტოკდა, მაგრამ ისევ ისე იდგა.

ქალებმა კივილი მორთეს.

ვამეხმა მეორე ჩახმახსაც გამოჰკრა თითი, მაგრამ თოფი არ გავარდა, სანამ ჯიბიდან ამოღებული ჰილზის ბოლოთი თოფიდან ჰილზებს იღებდა, ვაჩემ და რატიმ გააკავეს და თოფი წაართვეს.

მთელი საღამო მეზობლები ისედაც ბაწაშების ეზოსკენ იყვნენ მიყურადებულნი, საიდანაც ომახიანი სიმღერები ისმოდა, თოფის გავარდნისთანავე კი უცებ მოცვივდნენ, მაგრამ ნიშანი დაინახეს თუ არა, ახლოს მოსვლა ვეღარ გაბედეს.

– მკვლელო! – იკივლა მელანომ, წალდმომარჯვებულმა ნიშანს გვერდი აუარა, ჭიშკარში შევარდა და ვამეხისკენ გაიქცა. – შვილი მეორედ მომიკალი, შენთვის ერთი ჯოჯოხეთი საკმარისი არაა, თუ სადმე ღმერთი არსებობს, ორი ჯოჯოხეთი უნდა მოგისაჯოს!

ვაყა დადეშმა ვერაფერი მოიფიქრა, ვამეხისთვის წართმეული თოფი ინსტინქტურად მოიმარჯვა, მაგრამ მალევე დაუშვა.

– მესროლე, შე ლოთო და მათხოვარო, შე გვარის შემარცხვენელო! – წინ მოიწევდა მელანო. მაშინ ვაყამ თოფი გადააგდო და წალდის წასართმევად დისკენ გაექანა.

– ახლოს არ მოხვიდე, თორემ არ დაგინდობ, დედის სულს გეფიცები! – წალდი მოიმარჯვა მელანომ.

 

1 2 3 4 5 6 7