კანს ძალიან თხლად აცლიდა. მახსოვს, რამდენჯერმე შევაქე კიდეც (ვერ ვიტან გათლისას ნახევარ კარტოფილს რომ გადააყოლებენ ხოლმე ნაგავს).

ერთი ამოსუნთქვით ჭრიდა და აყრიდა მარილს. რამდენჯერ გასჭრია თითი ბასრი დანით, მაგრამ სისხლიანი ადგილი ბამბით დაუმალავს და არასდროს უწუწუნია.

ახლა კი ამ ყველაფრის კეთება მე მიწევს. ერთადერთი რამ, რაც მას ევალება – სიცხის მოთმენა და შეწვისას წყნარად ყოფნაა. ის კი ამასაც ვერ ახერხებს; საჭმლის ნაჭრებს ზედმეტად ბრაწავს და ხანდახან თითქმის ანახშირებს.

რამდენიმე დღეა ბავშვები შაბათ-კვირას შინ დარჩენაზე დავითანხმე. მოდიან დიდი ზურგჩანთებით, სადაც ორი წყვილი მაისური, ორი წყვილი შარვალი და სამი წყვილი წინდა დევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი სიდედრის იდეაა, გამოატანოს მხოლოდ აუცილებელი ნივთები და ტანსაცმელი, შემთხვევით მეტი დროით დარჩენა რომ არ მოუნდეთ.

იმაზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობ, ნატალი ამ ამბის შემდეგ ნორმალურად რომ არ უნახავს. არც ნატალის მამას გასჩენია სურვილი, გადაემოწმებინა, როგორ გრძნობს თავს მისი ქალიშვილი.

რა თქმა უნდა, მესმის, დიდი სირცხვილია, შვილი რომ ძველ ტაფად გადაგექცევა, მაგრამ ამის გამო უნდა გარიყო? ერთხელ მითხრა ლელამ, ქუჩაში მეზობლების დანახვისას უახლოეს მაღაზიას ვაფარებ თავს, როგორმე კითხვებს თავი რომ ავარიდოო.

პრინციპში, მეტის მოლოდინი არც მქონია. მახსოვს, ჩვენი ქორწინების პირველ წელს ნატალის ძალიან გაუბრაზდნენ, მალევე რომ არ დაორსულდა და რამდენიმე თვე ხმასაც კი არ სცემდნენ. მერე მოგვიწია ბავშვის გაჩენზე ფიქრი. არადა, ჯერ ნამდვილად არ გვინდოდა.

გუშინ ვაკო მიყვებოდა, რომ ძალიან მოსწონს ბებიის სახლში ყოფნა. აქ დაბრუნება საერთოდ არ მინდაო. ძალიან დამწყდა გული. მაგრამ რას ვთხოვ თოთხმეტი წლის ბავშვს, მეც ხომ გაქცევაზე ვარ.

ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ნატალი ტაფად ყოფნაზე უარის თქმას არ აპირებს და ისევ მე მომიწევს ყველაფრის მომზადება. არადა, ბაშვებსაც ხომ სჭირდებათ დედა.

მოკლედ, რამე უნდა მოვიფიქრო.
ალბათ ჯობია, თინიკო მოვიყვანო ცოლად. ვიცი, თავიდან რთული იქნება ნატალისთვის, მაგრამ შეეჩვევა.

თანაც თინიკო მშვენიერ სადილებს ამზადებს. ნაკლები ცხიმით. ზედმეტი მარილის გარეშე. როგორც ვიცი, ადრე კულინარიის რამდენიმეთვიანი კურსებიც კი აქვს გავლილი.

ალბათ, შეეწყობიან ერთმანეთს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8