სერჟანტ რიჩარდის ჩანაწერები

 

ყოველთვის მძულდა მოწყენილობა. თუმცა, ვის უყვარს რო?

ყველაფერი მოსაწყენი იყო: ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაადგილება, ახალი პოტენციური ტერიტორიების დათვალიერება, წყლისა და საკვების ძიება. სხვა ტარაკნებთან კომუნიკაციაც კი.

მოწყენილობა მომეძალებოდა ხოლმე, სანამ სუზანს გავიცნობდი. სუზანი სხვებს არ ჰგავდა. მოწითალო წაბლისფერ სუზანს გრძელი ფეხები და დიდებული ფრთები ჰქონდა. შორიდანვე ვგრძნობდი მის მადისაღმძვრელ სუნს. იყო რაღაც საოცრად მიმზიდველი მასში. ვოცნებობდი, ერთხელ მაინც წავსულიყავით რომელიმე მისიაზე ერთად. უშიშრად შევებრძოლებოდი ადამიანებს და მივუტანდი დიდებულ სუზანს საკვებს.

მაგრამ, ვის ვატყუებდი? სუზანს საერთოდ არ ვაინტერესებდი. ასე რომ, არც არაფერი მქონდა დასაკარგი. გულახდილად რომ ვთქვა, ეს ახალი მისია საკმაოდ ბუნდოვანი იყო მთელი ერთეულისთვის. მტერთან შებრძოლების ერთიანი გეგმა არ გვქონდა. მეტიც, არ ვიცოდით, როგორ მოიქცეოდა ადამიანი, როცა საფრთხის მოახლოებას იგრძნობდა და რაც მთავარია, აზრზე არ ვიყავით, რის გამო მივდიოდით ამხელა რისკზე.

თუმცა, მაიორი დევიდი დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ეს ჩვენს ერთეულს იმედს აძლევდა.

 

კაპრალ სუზანის ჩანაწერები

 

შეიძლება ითქვას, ეს ტარაკნები ცოტა უცნაურები იყვნენ. მაგალითად, რიჩარდი. გამუდმებით მაშტერდებოდა. მაშინაც კი, როცა ყველა ვისვენებდით და რამდენიმე საათის განმავლობაში გვეძინა. არ ვაჭარბებ! თვალს ვერ მაშორებდა. ფუ, ეგ რეგვენი!

ხანდახან ვოცნებობდი, რომ უბრალოდ გამქრალიყო. მაგრამ ეს პატარა, უცნაური არსება ახერხებდა და ნებისმიერი მისიის შემდეგ ცოცხალი რჩებოდა.

თითქმის რვა თვე გასულიყო, რაც ამ სამხედრო ერთეულს შევუერთდი. პირველი დღიდანვე ვიგრძენი უსაზღვრო პატივისცემა მაიორი დევიდის მიმართ, რომელიც ყველა ტარაკანას უვლიდა და ჯარისკაცების ბედი აწუხებდა. სწორედ ის გვიყვებოდა ბევრ საინტერესო ისტორიას ადამიანის ბუნების შესახებ. მისი ისტორიების შემდეგ დავინტერესდი იმ პატარა არსებებით, ვისაც ადამიანები ‘ბავშვებს’ უწოდებენ. ‘ბავშვები’ ყველაზე დიდი ბოროტება იყო, რაც კი ოდესმე შემხვედრია. მათი არაპროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე, ‘ბავშვებს’ შეეძლოთ შენი დაჭერა და ყუთში ჩამწყვდევა. როგორც ვხვდები, ეს უბრალოდ სახალისო იყო მათთვის.

 

რიგითი ამანდას ჩანაწერები

 

ადამიანები ზუსტად ისე მძულდნენ, როგორც სხვა ტარაკნებს. მათ ხომ ბევრი საჭმელი, დიდი და თბილი საცხოვრებელი ადგილები ჰქონდათ და მაინც, საუკუნეების მანძილზე კლავდნენ ჩვენს თანამემამულეებს.

თანაც, რისთვის? იმის გამო, რომ ღამით, როცა ადამაინებს ეძინათ, მცირე საკვებს ვეძებდით? იმის გამო, რომ არ მოწონდათ ჩვენი ბუნებრივი სუნი? იმის გამო, რომ სისინა ხმებს გამოვცემდით?

ეს ეგოცენტრული არსებები სიცოცხლის ღირსები არ იყვნენ.

 

თავი მესამე: შეთქმულება

 

როგორც უკვე ვთქვი, გაფაციცებით ველოდი ამ ბლანტი, პატარა არსებების სტუმრობას. ყოველ წყეულ საღამოს, სანამ ერთ დღესაც არ გაქრნენ.

თავიდან შვება ვიგრძენი. რა მშვენიერი დილა გამითენდა (თუ ღამე დამიდგა?) – ვფიქრობდი ჩემთვის. აწი, არცერთი ტარაკანა არ ითარეშებდა ჩემს სააბაზანოში. არცერთი პატარა არსება არ ისეირნებდა ჩემს ფორთოხლისფერ ხალიჩაზე. უკვე მშვიდად შემეძლო შუაღამით შხაპის მიღება!

მაგრამ მერე, უცნაური გრძნობა შემომერია. იქნებ ეს ყველაფერი დიდი გეგმის ნაწილი იყო?

– ვის, ტარაკნებს? ტარაკნებს ჰქონდათ გეგმა? გაგიჟდი – ვეკითხებოდი ჩემ თავს. მაგრამ იქნებ მართლა ჰქონდათ გეგმა? ადამიანებზე თავდასხმის და დამორჩილების გეგმა? – და რაში სჭირდებათ ჩვენზე თავდასხმა? – ამ კითხვას ვუსვამდი ჩემს თავს.

პასუხი არ მქონდა. შესაძლოა იმიტომ, რომ მოწყენილები იყვნენ. დაღლილები ყოველდღიური რუტინისგან. ჰმ, როგორი სულელური აზრები მაწუხებდა! ცოტაც უნდა დამეცადა და ისევ გამოჩნდებოდნენ. დარწმუნებული ვიყავი, დიდხანს არ მალოდინებდნენ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8