ტაფა
ერთ დღეს ნატალი გაცხარებულ გულზე ტაფად გადაიქცა.
აი, ასე. ერთი ხელის მოსმით.
ძველებური, ჟანგიანი ტაფის ფორმა მიიღო.
ნეტავ, მაინცდამაინც ყველაზე მოძველებულ ტაფად ყოფნა რატომ გადაწყვიტა?
როგორ გინდა მარტივად მოამზადო ომლეტი, როცა მთელ ცხიმს გვერდებზე იკრავს? მთელი დილა ჯოჯოხეთად მექცა. ზუსტად 25 წუთით ადრე მაინც მიწევს გაღვიძება. ჩემით უნდა მოვძებნო კარაქი და კვერცხი, შემდეგ პური თხელ ნაჭრებად დავჭრა, ტოსტერში მოვათავსო და შებრაწვას ველოდო.
რა თქმა უნდა, ამ ქაოსში კვერცხის ათქვეფას ვერც კი ვასწრებ. ცხელ ტაფაზევე ვახლი ჯერ ერთს, მერე მეორეს. ცოტა კი მერიდება ნატალისთან ასე უხეშად მოქცევა, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს.
ზოგადად, ნატალი ვერ იტანს უხეშად შეხებას. მახსოვს, რამდენჯერმე ვცადე უხეშად მოვფერებოდი, მაგრამ საშინლად არ ესიამოვნა.
ახლაც, როცა ტაფად გადაიქცა, ყოველ ჯერზე ჩემს უხეშ საქციელზე უსიამოვნოდ ხმაურობს. მე კი მიწევს თბილი სიტყვებით მისი დამშვიდება, სანამ მთელი სახლი კვამლით არ გაივსება. არადა, ნამდვილად არ მაქვს ამისი დრო, როცა გასასვლელი ვარ და საქმე ვერ დამელოდება. შეიძლება, ძალიან ვწუწუნებ, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემს ადგილას და დარწმუნებული ვარ, უსიტყვოდ გამიგებთ.
რაც ნატალიმ ტაფის ფორმა მიიღო, მე კვლავ სიტყვებით ველაპარაკები, ის კი უბრალოდ ერთმანეთში არეულ ხმებს გამოსცემს. თავიდან ძალიან გამიჭირდა მისი გაგება. თითქმის გამუდმებით ვჩხუბობდით. ხანდახან ისე მღლიდა, საჭმლის მომზადების შემდეგ, არც კი ვავლებდი ნელთბილ წყალს და გავარვარებულს ვტოვებდი.
მერე კი გადამიარა. უფრო სწორად, მივხდი რას ნიშნავს ნატალის მოწყენა, ვისწავლე: მარჯვენა მხარეს გადაიხრება ხოლმე და ოდნავ შესამჩნევად კარგავს სიმეტრიულობას.
მალევე ვისწავლე სიგნალები, რომლითაც მეუბნება, რომ ვუყვარვარ. ასეთ დროს მასზე დაყრილ მარილის ნატეხებს აქეთ-იქით ახტუნავებს და ერთმანეთს აჯახებს. ძალიან სახალისო საყურებელია ბავშვური ნატალი. ისეთივე, როგორიც მახსოვს. ასეთ დროს ვემუდარები, ისევ გადაიქცეს ადამიანად. დამიბრუნდეს და თმაზე მომეფეროს, ზუსტად ისე, როგორც მეფერებოდა ძილის წინ.
მაგრამ ნატალი არაფრით მთანხმდება. ძალიან ჯიუტი ტაფაა (ვერაფრით ვეჩვევი ამ სიტყვას “ტაფა”). ბავშვების ბებიასთან და ბაბუასთან საცხოვრებლად გადასვლამაც კი არ იქონია მასზე გავლენა. არადა, დარწმუნებული ვიყავი, ეს მაინც დააფიქრებდა.
ბავშვები ვერაფრით შეეჩვივნენ დედის ახლებურ ფორმას. რამდენიმე კვირა გაუჩერებლად ტიროდნენ. ლუკა უფრო ხშირად ტიროდა. ტაფას ვერ ელაპარაკებოდა და უბრალოდ წერილებს უტოვებდა დედას.
ერთხელ წავიკითხე ლუკას წერილი, წერდა, ოღონდ ისევ დამიბრუნდი და აქეთ მოგივლიო. ძალიან გამიკვირდა. გავიფიქრე კიდეც, ნატალისაც წავაკითხებ-მეთქი. მაგრამ მერე გადამავიწყდა. ეგ არაფერი. სამაგისო დროს როგორმე ვიპოვი.
უფროსი ძმა კი ლუკას ამშვიდებდა, იქნებ ცოტა ხანში გადაგიაროს მოწყენილობამ და შეგვიყვარდეს კიდეც ახალ ტაფაზე შემწყვარი კარტოფილიო, თუმცა ლუკა ახლაც ძალიან სევდიანია.
ისე, რომ მახსენდება, ნატალის ყველაზე გემრიელი სწორედ შემწვარი კარტოფილი გამოსდიოდა. თან როგორ სწრაფად ამზადებდა სამსახურიდან მოსული. რამდენიმე წუთში გადაიცვამდა საშინაო ტანსაცმელს (რომელიც საშინლად არ მომწონდა), ბღუჯად იკრავდა გრძელ თმას, ნერვულად ისწორებდა დიდმარწყვებიან წინსაფარს და კარტოფილის გათლას იწყებდა.