ქიშმიშიანი ფუნთუშა

ვერაფრით გამეგო, რატომ ვუყვარდი.

რას ხედავდა თექვსმეტი წლის ჭარბწონიან, წითელლოყება, სქელკოჭებიან გოგონაში?

მაგრამ ვუყვარდი.

ვუყვარდი მაშინ, როცა ზარი დარეკავდა, მე სკოლის დერეფანში გამოვიდოდი და კოტიტა ხელების წინ და უკან ქნევით საპირფარეშოს მივაშურებდი.

ვუყვარდი მაშინ, როცა სკოლის ბუფეტში დიდი ზომის ორ ფუნთუშას შევუკვეთავდი. ორ ქიშმიშიან ფუნთუშას. მართალია, ამ დიდ მასაში მხოლოდ ორ ან სამ ქიშმიშს თუ იპოვნიდა კაცი, თუმცა, მაინც საოცრად გემრიელი იყო.

იქვე ახლოს იჯდა და გაბრწყინებული სახით მიყურებდა, თითქოს განსაკუთრებული ქმნილება… თითქოს.. მიუ ვყოფილიყავი.

მიუ ჩვენი სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო იყო. ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი. გრძელი, ტალღოვანი შავი თმითა და დახვეწილი ქცევებით. შესვენებაზე დერეფანში გამოსვლისთანავე ყველას ყურადღებას იპყრობდა. მოდიოდა დინჯად, თეძოების ოდნავი რხევით. გზად არავის უყურებდა. თითქოს სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლო იცოდა და მოკვდავებისთვის არც კი ეცალა.

მას კი მიუ საერთოდ არ აინტერესებდა. არც მიუს ახალთახალი ფერადი კაბები, რომელსაც ყოველდღე იცვლიდა. არც მიუს თეძოების რხევა, მაქმანებიანი თმისამაგრები, პატარა და კოხტა ლაკის ფეხსაცმელები.

ვერაფრით გამეგო, როგორ შეიძლებოდა იმ სამყაროში, სადაც მიუ არსებობდა, ვინმეს მე შევყვარებოდი. მე, ჩემი დაძველებული ჯინსის კაბითა და ძირამდე დაკვნეტილი ფრჩხილებით.

ყოველდღე, სკოლის შემდეგ სახლში მაცილებდა. გზად აუცილებლად რომელიმე ტყლაპოსთან გამაჩერებდა, ხელში ამიყვანდა, ჭუჭყიან ადგილს გადაახტებოდა და მიწაზე დამსვამდა.

– ჩემი ნავი რომ მქონდეს, შენს სახლთან მარტივად მივცურდებოდითო – მეტყოდა ხოლმე გაღიმებული და შეყვარებული სახით და თავისკენ ძლიერად მიმიხუტებდა.

მე კი ქვასავით ვიდექი. ვერც ვიშორებდი, ვერც ვეხუტებოდი. ვინმეს რომ დავენახეთ? მეზობლები რას იტყოდნენ?

ვერაფრით გამეგო, მე რატომ არ მიყვარდა.

არადა, როგორ არ ვეცადე ოდნავ მაინც მომწონებოდა. ძილის წინ მასზე ვფიქრობდი. გაღვიძებისთანავე მის თვალებს, ხუჭუჭა თმასა და განიერ მხრებს ვიხსენებდი.

დედაჩემი ხშირად მირჩევდა, კარგად დააკვირდი, იქნებ ისეთი თვისებები აღმოაჩინო, რაც შეყვარებაში დაგეხმარებაო. მეც, ბეჯითი მოსწავლესავით ვსწავლობდი მის გამონათქვამებს, ხუმრობებს, გამოხედვას, სიცილს… ბოყინსაც კი. მაგრამ უშედეგოდ.

დედას უნდოდა მალე გავთხოვილიყავი. როგორმე ამ გაჭირვებისთვის თავი რომ დამეღწია. მგონი, ლოცულობდა კიდეც. თითქმის ყოველდღე მახსენებდა, რომ მამას მეტი აღარ შეეძლო და როგორმე უნდა დავხმარებოდით. მამას ხომ არ გაუმართლა, ორივე შვილი გოგო რომ შეეძინა. გოგოებს დაბინავება სჭირდებოდათ. ჩვენ კი მზითვების საშუალებაც კი არ გვქონდა.

ჩემს უფროს დას ეს სრულიად არ ანაღვლებდა. აშკარა იყო, რომ გათხოვებას არ ჩქარობდა. სახლში გვიან მოდიოდა. გამომწვევად იქცეოდა და რაც მთავარია, ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა.

—-

იმ დღეს, როგორც ყოველთვის, ქიშმიშიანი ფუნთუშების ყიდვას ვაპირებდი, როცა მიუ თავზე დამადგა.

– ერთ კვირაში დაბადების დღე მაქვს და გამიხარდება თუ მოხვალო – სხაპასხუპით ჩაილაპარაკა და მომაშტერდა.

სახტად დავრჩი. სკოლის ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი გოგო დაბადების დღის წვეულებაზე მეპატიჟებდა. ხომ არ ეშლებოდა? იქნებ მეხუმრებოდა? დაბნეულობისგან ძლივს ამოვღერღე, რომ მივიდოდი და სწრაფად გავეცალე იქაურობას.

 

1 2 3 4 5 6 7 8