თავი მეოთხე: ბრძანება
რიგითი-2 ანიას ჩანაწერები
მგონი, ჩვენ ყველას განსაკუთრებით გვეშინოდა ამ ახალი მისიის, მაიორი დევიდის შთამაგონებელი და სუნთქვის შემკვრელი სიტყვების მიუხედავად. მაიორმა დევიდმა ბრძანება გასცა, რომ რამდენიმე დღის მანძილზე არ გამოვსულიყავით სამალავიდან. მას სურდა, რომ ადამიანებს ჩვენი არსებობა დაევიწყათ და ერთ ღამეს თავს დავსხმოდით. საკმაოდ მარტივი გეგმა.
სუზანმა ისარგებლა მომენტით და რიჩარდს აუხსნა, როგორი გულისამრევი იყო მისი ფლირტის მცდელობა. საწყალი რიჩარდი! მას ხომ მარტოობისა და შიმშილის ერთდროულად გადალახვა უწევდა.
ორი კვირა ვიმალებოდით, საჭმლის გარეშე. რამდენიმე ჯარისკაცი თავდასხმის ოპერაციამდე მოკვდა. სხვები კი სევდასა და დაუცველობას გრძნობდნენ. მე კი ბოლო ძალებს ვიკრებდი, თვითმკვლელობამდე რომ არ მივსულიყავი.
ლეიტენანტ პოლის ჩანაწერები
ეს ღამეც დადგა. სიჩუმისა და უიმედობის ორი კვირა დასრულდა. ჩვენი სამოცდაორ ტარაკნიანი არმია გაემართა ოთახისკენ, სადაც მძინარე ადამიანი ეგულებოდა. ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომ გვეპოვნა ადამიანის სხეული და შეგვეჭამა ცოცხლად.
საოცრად ამაღელვებელი და ამავდროულად, დრამატული იყო. ჩვენ ვქმნიდით ახალ ისტორიას, სადაც ტარაკნებს აღარ მოუწევდათ სიბნელეში დამალვა. ჩვენ ვიქნებოდით ის გმირები, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გაწირავდა მტრის დამარცხებისთვის.
მაიორი დევიდის ჩანაწერები
ჩემი გეგმა იდეალური იყო. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ რიჩარდი ადამიანს მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილებდა? საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ამ გულისამრევ არსებებს ჩვენი ნიშნების გაგება შეეძლოთ და მზად იყვნენ ჩვენს დასახვედრად? შხამმა თითქმის ყველა ტარაკანა გამოასალმა სიცოცხლეს.
ჯანდაბა!