არეულობა

 

თავი პირველი: ოკუპაცია

საშინლად მეშინოდა პატარა, ბლანტი არსებების, რომლებიც გამუდმებით მოდიოდნენ ჩემთან სტუმრად. ვცდილობდი მათზე არ მეფიქრა, მაგრამ მაინც, ყოველ წყეულ საღამოს, გაფაციცებით ველოდი მათ გამოჩენას.

უეცრად ჩნდებოდნენ, არსაიდან. ყოველ ღამით, ოთხიდან ხუთ საათამდე მონაკვეთში. ჩნდებოდნენ ჩემს სააბაზანოში, მაინცდამაინც ჩემს ფორთოხლისფერ ხალიჩაზე, რომელზეც შხაპის შემდეგ გადმოსვლისას ვდგამდი სველ ფეხებს. ჭუჭყიან პარაზიტებს მთელი ხალიჩის ტერიტორია მოეცვათ. ეძებდნენ ბნელ კუნჭულებს, ადამიანებისგან დასამალად.

სულელი არსებები!

როგორ შეეძლოთ წინა ღამე ასე მარტივად დაევიწყებინათ და კვლავ ჩემს აბაზანიდან გადმოსვლას და შუქის ანთებას დალოდებოდნენ?

როგორც კი შუქი ინთებოდა, ეს ბლანტი არსებები მომენტალურად შეშდებოდნენ. ტარაკნების მთელი ჯგუფი უბრალოდ ჩერდებოდა და მკვდარივით უმოძრაო ხდებოდა. აი, ასე! მე კი მათ წინ ვიდექი, ნახევრად შიშველი და შეშინებული. ვაცნობიერებდი, რომ ძალიან პატარები იყვნენ. გაცილებით მცირე ზომის, ვიდრე მე ვიყავი და ალბათ, მათ უფრო ეშინოდათ ჩემი. ამას ვხვდებოდი, მაგრამ მაინც საშინლად მეშინოდა მათი უეცარი თავდასხმის.

წარმოვიდგენდი ამ ჭუჭყიან, გულისამრევ მწერებს, როგორ მოძრაობდნენ ჩემს ტანზე. როგორ ამაცოცდებოდნენ მუხლებზე, ყოველგვარი შესავლის გარეშე. როგორ დაიძრებოდნენ თავისი პატარა ფეხებით ჩემი მხრებისკენ, გზად კი კანზე წებოვან კვალს დატოვებდნენ. თითქოს მათ ბლანტ სუნსაც კი ვგრძნობდი, რითაც თანამზრახველებს გემრიელი საჭმლის არსებობის შესახებ სიგნალს აწვდიდნენ.

რატომ იყო ეს ყველაფერი ასეთი რეალური? აი, აქ იყვნენ, ჩემ გვერდით, ძალიან ახლოს. თითქოს ვხედავდი გაბოროტებული ტარაკნების მასას, რომელსაც ერთი თვალის დახამხამებაში შეეძლო ჩემს სხეულზე აცოცება და უფრო მაღლა და მაღლა გზის გაკვალვა. ჩემი ხმაც კი მესმოდა, დახმარებას რომ ითხოვდა, გაუგებარია ვისგან.

მოკლედ, შეუძლებელი იყო მათზე არ მეფიქრა. ყოველ წყეულ საღამოს მათ გამოჩენას ველოდი. ეს მდგომარეობა საშინელ სიზმარს ჰგავდა, რომლიდანაც თავს ვერაფრით ვაღწევდი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8