თავი მეორე: ახალი მისია

რიგითი ალექსანდრეს ჩანაწერები

 

კიდევ ერთხელ მოგვიწია დანიშნულების ადგილის შეცვლა. მაიორი დევიდი შეგვპირდა, რომ ახალი მისია წინასთან შედარებით გაცილებით მარტივი იქნებოდა. ტარაკნების მთელი გუნდი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მაიორს. ეჭვგარეშეა, მისი გამძლეობა ტკივილის მიმართ ახალგაზრდა ტარაკნებისთვის მაგალითი იყო.

‘საშიში’- ასე ვეძახდით მაიორს. ეს სახელი დიდი ხნის წინ შევარქვით, როცა ერთი განსაკუთრებული მისია მაიორმა წარმატებით შეასრულა. ჯარისკაცებს ახლაც კარგად ახსოვთ ის დღე, როცა მისიაში (სახელად ‘ტკბილი სიკვდილი’) ყოფნისას გიგანტური ზომის ადამიანები დაესხნენ თავს და უშიშარ ტარაკნებს საჭმლისთვის ბრძოლა მოუწიათ.

თავიდან მისია კარგად მიმდინარეობდა. ხუთი ტარაკანა ხმაურიან მოწყობილობასთან (სადაც ადამიანების საჭმელი ინახებოდა) ახლოს, ნაპრალებში დროებით ჩაიმალა. მაიორმა დევიდმა გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცები შუაღამემდე ჩამალულიყვნენ და დაეცადათ, შემდეგ კი გულმოდგინედ დაეთვალიერებინათ ტერიტორია. იქნებ ეპოვნათ ტკბილეულობა. როგორც კი მოსაღამოვდა, ჯარისკაცები გზას გაუდგნენ.

უეცრად, ერთ-ერთმა ტარაკანამ გემრიელი საჭმლის სუნი იგრძნო (მგონი, ადამიანები ამ საკვებს ‘ბლინებს’ უწოდებენ) და ანიშნა დანარჩენ ჯარისკაცებს. მაგრამ მაიორმა დევიდმა ადგილზე დარჩენის ბრძანება გასცა. თითქოს გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს და ჯარისკაცების დაცვას ცდილობდა.

თუმცა, მისი ბრძანების მიუხედავად, ერთერთი ტარაკანა მაინც გაემართა საჭმლისკენ და მალევე აღმოჩნდა ალყაში. მაიორი დევიდის წინათგრძნობა გამართლდა: ალყაში მოქცეულ ტარაკანას ოთხი ადამიანი დაჰყურებდა თავზე და მის მოკვლას გეგმავდა.

უეცრად, მაიორი გამოჩნდა სამალავიდან და ადამიანების ყურადღება მიიპყრო. სულიერი არსებები მის მოსაკლავად გაემართნენ და ალყაში მოქცეული ტარაკანა სულ გადაავიწყდათ. სწორედ ასე გადაარჩინა მაიორ დევიდმა ახალგაზრდა ტარაკანა სიკვდილს და იხსნა იგი ადამიანების გიგანტური ზომის ფეხებისგან. სწორედ ასე, მაიორი დევიდი შევიდა ისტორიაში.

მაგრამ, მოდი, დანიშნულების ადგილის შეცვლის ამბავს დავუბრუნდეთ. წინა მისია სიკვდილის ტოლფასი იყო. თუმცა, ჩვენ მაინც გადავრჩით. მისიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოხუცმა, ტკაცუნა ადამიანმა ჩვენი განრიგი საგულდაგულოდ შეისწავლა. მან კარგად იცოდა, რა დროს ბანაკდებოდა ჩვენი სამხედრო ერთეული მის სამზარეულოში და ერთ საშინელ ღამეს, სქელტანიანი წიგნებით (არ მკითხოთ ეს რა არის) თავს დაგვესხა. მხოლოდ რამდენიმე ტარაკანა გადარჩა იმ ღამით.

 

1 2 3 4 5 6 7 8