გაკვეთილს ვეღარ ვუსმენდი. გამუდმებით მიუს წვეულებაზე მეფიქრებოდა. როგორი სახლი ექნებოდა? რამდენ სტუმარს დაპატიჟებდა? რა ფერის კაბას ჩაიცვამდა? თმებს გაიშლიდა, თუ შეიკრავდა?

ზუსტად ერთი კვირა უნდა დამეცადა და ყველაფერს გავიგებდი, ჩემი თვალით ვნახავდი. მანამდე კი თავი უნდა ამეყვანა და ძველებურად გამეგრძელებინა ცხოვრება.

– როცა გავიზრდებით, ვენეციაში უნდა წავიდეთ. წარმოგიდგენია წყალში მცხოვრები ქალაქი? – მოვდიოდით სკოლიდან.

სახლამდე მაცილებდა, როგორც ყოველთვის. ვერც მას ვუსმენდი. მხოლოდ შვიდ გასაყვან დღეზე მეფიქრებოდა. არც მოძველებული ჯინსის კაბა მაწუხებდა და არც ქონიანი მუცელი. მით უფრო, არც მისი რომანტიკული საუბრები ვენეციის წყალზე. მე ხომ დაპატიჟებული ვიყავი.

ჩემი დის იასამნისფერი კაბა მოვირგე. ცოტა გრძელი მქონდა, მაგრამ ვინ ჩიოდა. რაც მთავარია, არ მასუქებდა და თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მაძლევდა.

ყელზე დედაჩემის მზითვებში მოყოლებული თეთრი მარგალიტის ყელსაბამი გავიკეთე. თმა ნახევრად ავიწიე.

სახლიდან გასვლის წინ, დედამ მომაძახა: მხრებში გასწორდი, იქნებ ასე უფრო შეგამჩნიოს ვინმემო.

და ცოტახანში უკვე მიუს სახლის ფოიეში ვიდექი. კარი მისმა უფროსმა ძმამ გამიღო. მიუ არსად ჩანდა. ნერვიულობისგან კისერთან ოფლის წვეთების მოძრაობას ვგრძნობდი.

მოვძებნე გაზიანი სასმელი, ჩემით დავისხი, იქვე კედელთან ავიტუზე და დავიწყე ლოდინი. არცერთი ნაცნობი სახე. არავინ მაქცევდა ყურადღებას. თითქოს უჩინარი ვიყავი. დედაჩემის კართან მოძახებული სიტყვები გამახსენდა და მხრებში გავსწორდი. მაგრამ უშედეგოდ. ერთმა უცნობმა ბიჭმა რამდენჯერმე იმდენად ახლოს ჩამიარა, ცოტაც და გადამივლიდა.

ოფლის წვეთების რაოდენობა მატულობდა. ასე თუ გავაგრძელებდი, ჩემი ნერვიულობა კაბასაც დაეტყობოდა. საშინელ მარტოობას ვგრძნობდი. აქ, ამ მაღალჭერიან ოთახში, გრძელი დივანითა და დიდი მაგიდით.

მაგრამ ვერ მივდიოდი. მიუ უნდა მენახა. ან სად უნდა წავსულიყავი, სახლში? და რა უნდა მომეყოლა, რომ ვერავინ შემამჩნია და რომ მსუქანი, მახინჯი და უინტერესო ვარ? არა, დედაჩემს ამის მოსმენაც კი არ სურდა.

ამ ფიქრებში ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ოთახში ყველა ერთხმად გაჩუმდა. გამოვფხიზლდი და ირგვლივ გავიხედ-გამოვიხედე. თურმე, ოთახში მიუ შემოსულა. ოქროსფერი კაბით, წითელი ტუჩსაცხითა და გრძელი ხელთათმანებით, თითქოს ფილმის გმირი ყოფილიყო.

სასწრაფოდ გამოვიქეცი.

სახლისკენ დავიძარი, მაგრამ უეცრად გავაცნობიერე, რომ ასეთ მდგომარეობაში ოჯახის წევრებს ვერ დავენახვებოდი. პატარა ქუჩისკენ გადავუხვიე. თითქმის ბნელოდა. ცრემლებისგან ლოყები მეწვოდა.

შავ ჭიშკარს მივადექი. ხელები მიკანკალებდა. არა, უკან ვეღარ დავიხევდი. უნდა დამეკაკუნებინა. დავაკაკუნე კიდეც.

ცოტახანში გამომხედა. გამომხედა იმ კაცმა, რომელსაც ყველაზე გულწრფელად ვუყვარდი. მე კი არც კი მომწონდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8