ღია კარიდან მოჩანდა მისი საწოლის კიდე, ზეწარი და საწოლთან მიდგმული პატარა შავი სკამი, რომელზეც ჭიქა იდგა. ეს ნახევრად სავსე ჭიქა, შორიდან პატარა აკვარიუმს მოგაგონებდათ, რადგან  სიძველისგან წყალი ოდნავ ამღვრეულიყო, ჩანს, დიდი ხანია, არ გამოეცვალათ. ჭიქის ფსკერზე კი კბილის პროტეზი ლივლივებდა, რომელიღაცა  წყლის ბინადრი ცხოველის ჩონჩხივით.

საწვიმარი შემოსასვლელში დავკიდე. იგი ამჯერადაც მიხვდა, ვინც მოვიდა – ან საწვიმრის გაშმაშუნებამ მიახვედრა, ან სუნამოს სურნელმა,  რომელიც კარგა ხნის წინ დავისხი.  ეს ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, როცა საბანქვეშ მოინაცვლა გამხდარი ფეხები, რომელთაც წყლის უწონობაში ატივტივებული საგნებივით ამოძრავებდა. ბოლოდროინდელი დიეტების გამო  საკმაოდ გაძვალტყავებულიყო.

ამასწინებზეც ჩემი მოსვლა ისე გაიგო, რომ ლოგინიდან თავი არ წამოუწევია, დერეფნის იმ ნაწილისკენაც არ გამოუხედავს, საიდანაც ჩემი დანახვა შეეძლო, უფრო მეტიც, თვალებიც კი არ გაუხელია.

გასულ კვირასაც, როცა, იმისათვის, რომ არ გამეღვიძებინა, ოთახში თითის წვერებზე დავდიოდი,  ჩემს იქ არსებობას თითქოს საერთოდ ვერ გრძნობდა, თვალებდახუჭული იწვა და რამდენიმე საათის განმავლობაში მომაკვდავი კაცის კონვულსიებს ებრძოდა. სანამ მე ლოდინით გადავიქანცებოდი და შინ წავიდოდი, თვალი ერთხელაც არ გაუხელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის კარგადაა ცნობილი მისი ეს სულთმობრძაობის სპექტაკლი, რომელიც იმაზეა გათვლილი, რომ როგორმე ამ სახლსა და მიდამოს მომაცილოს, მაინც ჯიუტად არ ვნებდებოდი ავადმყოფის ნებას და მოთმინებით ველოდი წარმოდგენის დასასრულს.

ამჯერად მოხუცის საწოლ ოთახში ორი მნახველიც დამხვდა. ზღარბისმაგვარი ჭაღარა კაცი და ლოყებღაჟღაჟა ბიჭუნა. მგონი, მისი სოფლელი ნათესავები იყვნენ. მამაკაცმა დანახვისთანავე ისე მომაძახა, გეგონება, დიდი ხნის უნახავი ახლო ნათესავი ვყოფილიყავი:

–კიდევ კარგი, მოხვედი, შვილო! ისევ ცუდად გახდა.

მგონი, მოხუცი ახლა მართლაც ცუდად იყო. ცხვირი ანკესის კეხივით ჩამოვარდნოდა, თვალები ღრმა შავ ორმოში ჩაცვივნოდა, თითქმის აღარ სუნთქავდა, ნახევრად დაფჩენილი პირიდან ყანყრატო მოუჩანდა.

– ხვალამდე თუ გასტანს. – კაცმა სიტყვები თითქოს ხორხშივე ჩაიბრუნა, მერე შეტრიალდა და ფანჯარაში გაიხედა.

მე ავადმყოფის საწოლს მივუახლოვდი, დავიხარე და ყურადღებით დავაკვირდი მის სახეს. მგონი, ამჯერად მართლა კვდებოდა…  სუსტად სუნთქავდა. სუნთქვას შორეული კვნესა ერთვოდა…

– საიდა სადაა?– ვიკითხე.

– მეზობელთან გავიდა, ექიმს უნდა დაურეკოს. ტელეფონიც გაუთიშავთ. საქმე რომ წახდება, ერთი მეორეს მიყვება ხოლმე. – თქვა მამაკაცმა და რატომღაც ჩემსკენ გამოიხედა.

ბერიკაცი ამასწინებზეც ასე იყო, თუმცა მაშინ ლაპარაკობდა. ერთმანეთთან არავითარი კავშირი რომ არ აქვთ, ისეთ სიტყვებს თანმიმდევრულად წარმოთქვამდა, მერე, თითქოს სულთმობრძავი და ქანცგაწყვეტილი, ჩუმდებოდა, ნახევრად გახელილ თვალებს ოთახს მოავლებდა და თვალსაწიერზე მე თუ დამლანდავდა, უკმაყოფილოდ მოხუჭავდა თვალებს და გონდაკარგულივით ისევ მომაკვდავის კონვულსიებს ასახიერებდა ხოლმე.

ასეთი ბოდვების დროს მოწმე ვხდებოდით, როგორ აღმოჩნდებოდა ხოლმე უცხო, იდუმალ გარემოში და იქიდან თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ადევნებდა თვალყურს. ასეთ მომენტებში ვერც მე და ვერც საიდა ვერ ვხვდებოდით, მართლაც უგონოდ იყო, თუ ჩემი ყურადღების გაფანტვის მიზნით  აკეთებდა ამას, თავს შეგნებულად იგდებდა ასეთ მდგომარეობაში.

საიდა ამბობდა, მხოლოდ მაშინ ემართება ეს ამბავი, როცა შენ გხედავსო. თურმე, წამოვიდოდი თუ არა, მაშინვე გონს მოეგებოდა ხოლმე და ვითომც აქ არაფერიო, ბალიშზე გადაწოლილი თავის წილ ვახშამს შეექცეოდა.

ანალოგიური კრიზისებისას, პულსის უკიდურესად დასუსტებისას და სახიფათოდ მინავლებული სუნთქვისას, რამდენჯერ ყოფილა, რომ გამოძახებულ ექიმთა ბრიგადას, კარგად გაუსინჯავთ, შეუმოწმებიათ და გულგრილად უთქვამთ:

– ამას ტყუილაღა აწვალებთ, ეს უკვე სააქაო აღარააო.

ექიმების ასეთი დიაგნოზის შემდეგ ჩვენ მართლაც გვგონებია, რომ დიდხანს ვეღარ გაატანდა, მაგრამ მომდევნო წუთს, როცა იმის მოწმენი გავმხდარვართ, წნევის გასინჯვისას, როგორ ვნებიანად ებღაუჭებოდა  ახალგაზრდა ექიმი ქალის ფაფუკ მკლავს, ყველანი გაოგნებული დავრჩენილვართ…

ისე კი, არც მე და არც საიდას ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მის ამ ავადმყოფური მექალთანეობის კვალს სიკვდილის მეორე დღესაც შევამჩნევდით მის ვულკანივით ჩაფერფლილ, გაშუშებულ თვალებში. სულ ახლახანს, როცა მისი თითქმის ჩამქრალი მზერა გაურკვეველ სიცარიელეს მიშტერებოდა და გაწვრილებული მკლავები ჩაცვივნულ მუცელზე გამხმარი ტოტებივით ეწყო, უცებ მის სანახავად მოსული მეზობელი ქალის მიმზიდვალ წვივებს რომ ჰკიდა თვალი, როგორ მიაჩერდა  ფეხებზე და მერე კი ჩვენი  მოტყუების მიზნით, მზერა ერთობ ოსტატურად ქალის წვივებიდან მაგიდის ფეხისკენ გააცურა. აი, მაშინ მივხვდით მე და საიდა, რომ მის ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვადასხვა ორგანო ჯერაც ფუნქციონირებდა.

დერეფანში ფეხის ხმა გაისმა. აქოშინებული საიდა შემოვიდა და ისე, რომ არც მომსალმებია, თქვა:

– ვერ დავრეკე… მანქანით ხომ არ წავიდე?

– სად უნდა წახვიდე? – ვკითხე.

– სასწრაფოში. – მიპასუხა საიდამ და მერე მამაზე მანიშნა, – ვერ ხედავ, რა დღეშია?!

საიდას დაღლილი თვალები ჰქონდა. ცხვირი მამამისის ცხვირივით დაჰგრძელებოდა, თვალები ჩაცვენოდა.

– ექიმი რომც მოვიდეს, რა უნდა ქნას, შვილო?!– თქვა ზღარბ-კაცმა.– უკვე ორივე ფეხი იქეთ უდგას. ლოცვანიც ვიცი. ნუ გეშინია. არსად წამსვლელი არა ვარ. ამ უბედურს ვინ ჰყავს ჩემს გარდა?.. დედისერთაა. დედა ჯერ კიდევ მაშინ გარდაეცვალა, მთლად ბავშვი რომ იყო. მდინარეში დაიხრჩო. საწყალი დედინაცვლის ხელში გაიზარდა. ერთადერთი ბიძაშვილი ვყავარ და აჰა, ჩამოვედი. მიწას მივაბარებ და დავბრუნდები.

კაცის ამ სიტყვებზე იატაკი შეინძრა. შეიძლება, მე მომეჩვენა.

ჩვენ მერეღა მივხვდით, რომ იატაკი წეღანდელს მერე ზანზარებდა არა ამ კაცის სიტყვების გამო, არამედ კვნესანარევი ოხვრის შედეგად, რომელიც ლოგინში ძეგლივით გახევებულ მოხუცს აღმოხდებოდა ხოლმე შიგადაშიგ…

ავადმყოფის ამოოხვრის მერე ბიძაშვილს გაუქრა სიამაყის ელფერი, რომელიც  სახეზე დასთამაშებდა.

 

1 2 3 4 5 6