* * *

მოხუცის  უკანასკნელი წამობოდილი ფრაზები ვისი მისამართით გაისმოდა, – ჩემი, თუ, როგორც ბიძაშვილი იტყოდა, იმ ქვეყნიდან მის წასაყვანად მოსული პატივდებული შუამავლის მიმართ, ეს ვერც მაშინ და ვერც შემდეგ, ვერც მე და ვერც საიდამ ვერ გავარკვიეთ. მოხუცი გამთენიისას უცნაური, ტკბილი ფშვინვით მიიცვალა. როცა აღესრულა,ოთახში, ჩემს გარდა, ყველას ეძინა. გათენებას ცოტაღა უკლდა. ვცდილობდი, მოძალებული ძილქუში გამეფანტა და მაგარ ჩაის ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. თან  საქაღალდეებში არსებულ მასალას ვათვალიერებდი, რომელსაც, ალბათ, ერთი საქალაქთაშორისო ტრაილერიძლივს დაიტევდა. ვეცნობოდი და მიკვირდა ეს გაწყვეტილი აზრები, ერთმანეთთან რომ არაფერი აკავშირებდათ. როგორ ჰგავდნენ ისინი მოხუცის ახლანდელ ბოდვებს. უბრალოდ, ეს საქაღალდეები ახლანდელი ნაბოდვარის დასაწყისი გახლდათ. უფრო უცნაური ის იყო, რომ ამ ნაჯღაბნით სავსე გვერდები, რომელებიც ერთმანეთთან არაფრით იყვნენ დაკავშირებულნი, რაღაცნაირად ჰქმნიდნენ უცხო, შორეულ ტერიტორიებზე ოდესღაც არსებული იდუმალებითა და საიდუმლოებებით აღსავსე ცხოვრების სურათს…

დილით მოხუცის გარდაცვალების ამბავი სრულიად შემთხვევით მაშინ გავიგე, როცა გარიჟრაჟზე სადღაც გაწკარუნებული გასაღების თუ კლიტეს ჩხაკუნზე თავი წამოვწიე… მოხუცს უსიცოცხლო თვალები ფართოდ გაეხილა და ჩემთვის მოეპყრო…

როცა მძინარენი გავაღვიძე და მოხუცის გარდაცვალების ამბავი ვუთხარი, მზე უკვე გვარიანად ამოწვერილიყო. საიდა რატომღაც აღარ ტიროდა. გაცრეცილი სახით დადიოდა ოთახებში და სარკეებს თეთრ ფარჩას აფარებდა. ბიძაშვილი კარგა ხანს მოხუცის სახით იყო დაკავებული. ჯერ ხომ ძლივს დაუხუჭა თვალები, რომელთაც არაფრის დიდებით არ უნდოდათ მოხუჭვა. მერე კი ჯიბიდან ცხვირსახოცი დააძრო და მიცვალებულს ნიკაპი ამოუკრა. სანამ მეჩეთის მსახურნი მოვიდოდნენ, მე საწოლის ახლოს სკამზე ჩამოვჯექი და ბოლომდე ვუყურე, როგორ ცივდებოდა, როგორ ეწმინდებოდა და პირველყოფილი სილამაზით უმშვენდებოდა  სახე… როცა სახლიდან გასაყვანად თავის საბანში ახვევდნენ, გაოცებული ვუყურებდი,როგორ უბრუნდებოდა მიცვალებულს ახალგაზრდული, თითქმის უმწიკვლო იერი, გეგონებოდა, ეს ის ჭაბუკური ასაკია, როცა კაცს ჯერ ვერაფრის გაკეთება ვერ მოუსწრია და წუთისოფლიდან კი ასე უდროოდ მიდისო. ვუმზერდი მის სახეს და ვერაფერი გამეგო.

ბიძაშვილმა გააღვიძა ბიჭი, რომელსაც თითქმის მთელი ღამე ჯერ ტელევიზორის წინ სავარძელში მოკალათებულს ეძინა, მერე კი დივანზე გადაბარგდა და ფშვინვა იქ გააგრძელა. მოგვიანებით ბიძაშვილიცა და ბიჭიც გულხელდაკრეფილნი იდგნენ და უყურებდნენ სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც ეზოში ჩასვენებული მოხუცის ცხედარი გასაბანად მიყავდა მეჩეთში.

მე კი, იმ მიზნით, რომ დამემთავრებინა რომანი, რომელსაც ამ საიდუმლოებით მოცულ „ჭაბუკზე“ ვწერდი, საიდას ნებართვით, ჩემთან გადასატანად გამზადებული საქაღალდეები ერთმანეთზე შევალაგე და მაგარი ბაწრით შევკარი…

 

თარგმნა აზერბაიჯანულიდან

იმირ მამედლიმ

 

 

1 2 3 4 5 6