* * *

…საიდამ ჩაი შემოიტანა და მაგიდაზე დადო. თავად კი მაგიდას კუთხიდან მიუჯდა და სწორედ დედამისის, დეიდა ხადიჯას ტონით თქვა:

– ვახშმისთვის ბრინჯს ვხარშავ.

ბიძაშვილმა თითქოს საიდას სიტყვები გვიან გაიგო. ყურანიდან სურას კითხვა დაამთავრა და სკამი მაგიდისკენ მოაჩოჩა, მოხერხებულად მოკალათდა.  მას მერე, რაც ერთი ყლუპი ჩაი მოსვა, იკითხა:

– რა ვქნათ?… – და მურაბიანი ჭურჭელი თავისკენ მოიწია.

მე ჩაი მურაბის გარეშე დავლიე. ვგრძნობდი, ოთახის დამძიმებულ სუნს მურაბაშიც შეღწია. ჭაობისა და შმორის ეს მყრალი სუნი, დანამდვილებით ვიცოდი, რომ იმ თხილისთვალება, ტანმორჩილ ხანშიშესულ მომვლელ ქალს ეკუთვნოდა, რომელიც მაშინ მოდიოდა, როცა საიდას სამსახურში უწევდა ყოფნა. თუ არ ვცდები, ეს ქალი შორეულ ნათსავადაც კი ერგებოდათ. სუნი საიდაზეც ცუდად მოქმედებდა. შინ დაბრუნებისთანავე კარ-ფანჯრებს აღებდა და ოთახებს საგულდაგულოდ ანიავებდა. მერე ჰაერის სურნელოვან დეზოდორანტის ღილაკს აჭერდა თითს და ცდილობდა, სახლში გამეფებული მძიმე სუნი ამ სურნელით ჩაენაცვლებინა. პირიქით კი ხდებოდა. თითქოსდა ჭერზე დაკიდებული შმორის სუნი დეზოდორანტის სურნელს ისრუტავდა და რამდენიმე წუთში ამ სურნელის ნატამალიც აღარ იგრძნობოდა ოთახებში. ზოგჯერ ჭერზე ფარდასავით დაკიდებულ ამ შმორის სუნს თითქოს ვხედავდი კიდეც და ოთახებში სიარულისას, როგორც ცივი ცეცხლის ენებს შორის, ისე მიმოვდიოდი ამ სიმყრალეში. როგორც მომვლელი ქალი ამბობდა, ოთახებს დღეში რამდენჯერმე ანიავებდა. ზღვის მხარეს განლაგებული ორმაგი ფანჯრები დღეში ორჯერ – დილით და საღამოს იღებოდა და ზღვის თევზის სუნით გაჟღენთილი ჰაერი ოთახებში იჭრებოდა, მაგრამ მოხუცის საწოლის ირგვლივ დაგუბებულ ჭაობის სუნს ზღვის ჰაერიც ვერაფერს აკლებდა.

შეიძლება, მომვლელი ქალი არ ცრუობდა. ამბობდა, ამ სუნს თავისი ფერი გააჩნია. ყვითელია და დილის ცვარივით გადაჰკვრია ოთახების კადლებსა და ავეჯსო. იგი უტყუარი საბუთივით გვითითებდა კედელზე, რომელიც გაერეცხა და უწინდელი ფერი მაინც ვერ აღედგინა. მერე კი სინანულით დასძენდა ხოლმე:

– ერთ დროს ეს შპალერი ღია ცისფერი იყო… ახლა კი ყვითელია. და ეს სიყვითლე უბრალოდ ფერი კი რაა, არამედ სუნიცაა, სიძველის სუნი…

 

* * *

– მგონი აღარ სუნთქავს… – საიდა ავადმყოფისკენ დაიხარა და გაცრეცილი ლოყები მოხუცს თითქმის ცხვირზე მიადო.

აქედან რომ შეხედავდი, მოხუცის ნახევრად დაფჩენილი პირი იდუმალებით მოცულ გამოქვაბულის შესასვლელს მოგაგონებდათ, რომელსაც დიდი ხანია, ადამიანის ფეხი არ გაჰკარებია და ამიტომაც შემაძრწუნებლად გადახრიოკებულა…

– არა, ჯერ სუნთქავს… – ბიძაშვილმა მეორე ჭიქა ჩაი სულმოუთქმელად გამოცალა და ჭურჭელში დარჩენილი მურაბის მოხვრეპას შეუდგა. მერე კი წამოდგა და წიგნის თაროზე დალაგებული ძველი საქაღალდეების თვალიე რებას მიჰყო ხელი, თანაც შიგადაშიგ თავისთვის დუდუნებდა:

– ჩემო მეცნიერო ბიძაშვილო, ჩემო შრომისმოყვარე ძმაო!…

მე კი ვიცოდი, რომ მეორე ოთახიც სავსე იყო ასეთივე საქაღალდეებით, რომლებსაც მძიმე ავადმყოფი დეიდა ხადიჯა მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად აშორებდა მტვერს… ამ სამოთახიან ბინაში იმდენი საქაღალდე იყო, ალბათ ერთი სატვირთო მანქანა ძნელად დაიტევდა. როცა მოხუცი სახლიდან გადიოდა, დეიდა ხადიჯა ამ მტვრიან საქაღალდეებს თითო-ოროლას ამიიღლიავებდა და შეუმჩნევლად ყრიდა სანაგვეში. არაერთხელ ვყოფილვარ იმის შემსწრეც, როცა იგი ამ თვითნებობისთვის ისჯებოდა ხოლმე. სანაგვეში გადაყრილი საქაღალდეების გამო მოხუცი ოჯახს თვეობით უსახსროდ ტოვებდა და მეუღლესაც ებუტებოდა და ხმას არ სცემდა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა საქაღალდეები სანაგვედან უკან მოჰქონდათ, წმენდდნენ და ძველ ადგილას დებდნენ, მაგრამ მოხუცი ამით არ ცხრებოდა, კიდევ კარგა ხნის მანძილზე დაღვრემილი დაიარებოდა…

– დილიდან საღამომდე წერს, შვილო, – დეიდა ხადიჯა ისე იტყოდა, თითქოს ნათქვამში თვითონაც ეპარებოდა ეჭვი, – ხმას თუ ამოვიღებ, მეუბნება, ეს თქვენი პურია, მე რომ არ ვიქნები, ამათ გაყიდით და პურის ფული გექნებათო…

იმის გამო, რომ კარის მეზობლები ვართ და საიდა ჩემი დაქალია, სინამდვილეში ამ საქაღალდეების შექმნის პროცესის მოწმე თავადაც გახლავართ. პენსიაზე გასვლის შემდეგ, თითქოსდა თავდაცვის ინსტიქტის ამოქმედების მიზეზით, ისევე როგორც პენსიამდე, სამსახურში წასვლისას, ახლაც დილით დგებოდა, პირს იპარსავდა, გაწიკწიკებულ თეთრ პერანგს იცვამდა, ჰალსტუხს იკეთბდა, ზემოდან პიჯაკს გადაიცვამდა, მერე მიუჯდებოდა საწერ მაგიდას, ცალი თვალით კუთხეში მიდგმულ ტელევიზორს უყურებდა, ცალი ყურით მაგიდის კუთხეში მიდგმულ ხელის რადიოს უსმენდა დილიდან საღამომდე და ამავე დროს უცნაური ჟინით რაღაცას წერდა გაუთავებლად. წლების განმავლობაში თვალყურს ვადევნებდი, თუ როგორ მრავლდებოდნენ ეს საქაღალდეები და ოთახის დიდ ნაწილს იკავებდნენ. საქაღალდეების მატებასთან ერთად მათდამი ჩემი მოუთოკავი ინტერესიც მატულობდა.

სინამდვილეში იმ ავადსახსენებელი პერიოდის შესახებ რომანის დაწერის იდეაც მოხუცის ამ მზარდმა საქაღალდეებმა და მათში მოთავსებულმა ხელნაწერებმა, თუ დღიურებმა, გამიჩინა…

როგორც საიდა მარწმუნებდა, ამ საქაღალდეებში თავმოყრილი მასალა ქვეყნის რომელიღაც ისტორიულ ეპოქას ასახავდა. მე კი რატომღაც ვფიქრობდი, რომ მოხუცი ამ საქაღალდეებში თავის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ ფაქტს ინახავდა. ჯერ კიდევ ბავშობიდანვე ვგრძნობდი, რომ ამ თავის მოგონებებში თავს ისე მშვიდად გრძნობდა, როგორც ჩიტი – ბუდეში. ამიტომაც იმ პერიოდიდანვე გამიჩნდა მისდამი ინტერესი.

საიდას თავი მკლავზე ჩამოედო და ეძინა. ბიძაშვილიც სკამის საზურგეს მიჰყუდებოდა და თვლემდა.

ამ აუხსნელი შესვენების დროს ჩემში გაჩენილი უცნაური თავისუფლების გრძნობის იდუმალი გავლენით უცებ დამებადა აზრი, რომ დროა, მოვიხელთო საქაღალდეები, რომელთა მიმართაც, აგერ უკვე რამდენი ხანია, დაუცხრომელი ინტერესი მამოძრავებდა. ამ გადაწყვეტილებით წამოვდექი და კარადაზე დალაგებული საქაღალდეებისკენ წასვლას ვაპირებდი, რომ… მოხუცის ხმა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ტყვიასავით დაესო:

–აგერაა! მაგაზე გეუბნებით!… დაიჭირეთ ეგ მამაძაღლი!… სწრაფად, არ გაუშვათ!.. – აშკარად აბოდებდა. თან გიჟურად.

მეც და მძინარენიც შეშინებულები შევხტით…

 

1 2 3 4 5 6