…მიუხედავად იმისა, რომ მოხუცს თვალები დახუჭული ჰქონდა, იგრძნობოდა, რომ დანაოჭებული ქუთუთოების ქვეშ მზერას არისხებდა და გაშმაგებული ვიღაცას თვალებს უბრიალებდა…

ბიძაშვილმა უძილობით დაწითლებული თვალები დაახამხამა და თქვა:

– დაიწყო.

– რა დაიწყო? – ჰკითხა ისედაც ფერწასულმა საიდამ.

ბიძაშვილმა თავით მოხუცზე მიანიშნა და მიუგო:

– როგორც წესი, ასე იწყება… ცოტა დარჩა… უკვე საიქიოს ზღურბლზეა…

მოთმინება გამომელია. ერთი პირობა დავაპირე, ამ კაცისთვის მეკითხა, სად და როდის ემუშავა მიცვალებულთა გამპატიოსნებლად? არ მიკითხავს, ამის მაგიერ საიდასკენ გადავიხარე და ჩავჩურჩულე:

– მომკლა ამისმა რეპორტაჟებმა.

მოხუცმა ამჯერად სულის სიღრმიდან ამოიოხრა… ქუთუთოები, რომლებიც კაკლის ქერქს წააგავდა, ციხის კარებივით მძიმე-მძიმედ გაახილა… იქიდან მზერამინავლული და ჩაყვითლებული გუგები გამოუჩნდა… იგი კვლავაც გაბოროტებული უყურებდა ვიღაცას, სული ეხუთებოდა და უბრაზდებოდა, ბოლო ამოსუნთქვისასაც კი ვიღაცას ანგარიშს უსწორებდა…

მოხუცი მოულოდნელად უცხოელებისთვის დამახასიათებელი დამტვრეული აქცენტით ალაპარაკდა:

– ამასწინებზე ხომ გაჩვენე, შე კუტო, შენა! მიდი, გაფარას დაუძახე, უთხარი მოვიდეს, გააღოს!…

სიტყვა „გაფარას“ გაგონებაზე ბიძაშვილი გამოცოცხლდა და გაბრწყინებული თვალები მოხუცს მიაპყრო, მერე გახარებულმა ჩვენ შემოგვხედა:

– ვაი შენ გენაცვალე! გაფარაო, ჩვენს ბიძაშვილზე ამბობს… შარშანწინ გარდაიცვალა… მაგას ეძახის… ესე იგი, უკვე იქაა.

– ხასაისაც დაუძახე, ამისი ენა მაგან იცის. – მოხუცმა ჩახლეჩილი ხმით ესეც თქვა.

– ხასაი ვინღაა? – აღელვებულმა ვიკითხე.

ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს, ბიძაშვილმა ხელით რაღაც შორეული მანიშნა:

– ისიც ჩვენებურია… – მერე შემომხედა და უცნაური ტონით დაამატა, – ისიც გაღმაა გასული.

ვიგრძენი, რომ შიშისგან და მღელვარებისგან მუხლები მიკანკალებდა. ოთახი მიცვალებულებით იყო სავსე… შეძრწუნებულმა მიმოვიხედე… ეგებ… მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად იგი ჩვენთანაა, აქ, აგერ იმ საწოლზე წევს, მისი სული კი კარგა ხანია, სადღაც, სხვა სამყაროში დიდი ხნის გადაბარგებულ  გამჭვირვალესულებს შორის ტრიალებს?…

მოხუცის საიდუმლოებანი, რომელთაც აგერ უკვე რამდენი ხანია მიმალავდა, თავად ლამობდნენ თავიანთი თავის გამჟღავნებას…

– კი, კი! – მისი თვალები ასე დახუჭულ მდგომარეობაში განრისხებულნი ტრიალებდნენ, მნახველს ეგონებოდა, ქვეშიდან ცეცხლი აქვთ შენთებული და რაღაც უხილავ ტაფაში იხრუკებიანო.

– შენ ეგრე იფიქრე, წიწილებს კი, როგორც იტყვიან, შემოდგომაზე ითვლიან…

საწოლს მივუახლოვდი და მოხუცის სახეს ახლოდან დავაკვირდი.

… მისი თვალები, სულიერი სიმხურვალის გამო, თუ სხვა რაღაც სიმძიმის მიზეზით დათუთქულიყვნენ და თეთრი ფერი ედოთ…

… საიდა თავთით დაუჯდა და მამის ხელი ხელში აიღო…

– შვილო, შენ მანდ ნუ დაუჯდები, – უთხრა ბიძაშვილმა. – უცებ რომ გარდაიცვალოს, შეგეშინდება.

ამ სიტყვების შემდეგ მოხუცის მდგომარეობა სულ  მთლად დამძიმდა. მან სახე კედლისაკენ შეაბრუნა და ქამანჩისებური ხმით კვნესას მოჰყვა…

საიდა შეკრთა და ფეხზე წამოიჭრა. მერე უხმოდ ატირდა, აცრემლებული შეტრიალდა და იქითა ოთახში გავიდა.

– გარეკეთ ეს ხალხი აქედან! – მოხუცი ახლა კედლისკენ შეტრიალებული ბოდავდა. – გაიარეთ! გაიარეთ! არ შეიძლება აქ გაჩერება!

მე და ბიძაშვილმა ერთმანეთს შევხედეთ…

– ბოდავს, შვილო, ნუ გეშინია, ჯერ გასტანს…

– გამოდის, რომ ჯერ ზღურბლზე არაა? – ვკითხე ბიძაშვილს. მღელვარებისაგან მთლად დავიბენი…

– ჯერ არა. – კატეგორიულად თქვა მოხუცს მიყურადებულმა ბიძაშვილმა. მერე თავი წამოწია და უცნაური სიმხნევით ჯერ მე, მერე კი ბიჭს შეხედა, რომელსაც წეღანდელს მერე ტელევიზორის წინ, სავარძელში მოკალათებულს ეძინა.

საწოლთან მივედი და იქ მიდგმულ სკამზე ჩამოვჯექი. დავიხარე და მოხუცს ყურადღებით დავაკვირდი.

– ცხვირის წვერი დავიწროებია, თანაც გასთეთრებია… სიკვდილამდე ერთი საათით ადრე დედაჩემსაც ასეთი სახე ჰქონდა.

ჩემი ამ სიტყვების შემდეგ კედლისკენ შებრუნებულ მოხუცს თითქოს ელდა ეცა… გადმოტრიალდა, თვალები ნახევრად გაახილა და მინავლული ხმით მკითხა:

– რა გინდა ჩემგან, შვილო?

მე შეძრწუნებული ფეხზე წამოვვარდი. ბიძაშვილიც წამოდგა:

– ნუ გეშინია, შვილო, აბოდებს, სულთმობრძავებს ასეთი რამეები ემართებათ…

მოხუცის თვალები ჯერაც მე მომჩერებოდნენ. მე იმ თვალებში საშიშ ნაპერწკლებს ვხედავდი, მგლის ყმულის რომ მაგონებდა… ადგილი შევიცვალე, მაგრამ მოხუცის მიშტერებული მზერა იქ დარჩა, სადაც წეღან ვიჯექი… ეს მზერა ცოტა ხანში ჩაინავლა და ბოლოს ჩაქრა. ოთახში კვლავ დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა.

 

1 2 3 4 5 6