მოხუცის ამ დახუჭობანამ კიდევ უფრო გაზარდა ჩემი ინტერესი საქაღალდეებისადმი, რომლებიც ბინის სხვადასხვა კუთხეში ფასიანი ქაღალდებივით ეწყო. ოთახს თვალი მოვავლე. ბიძაშვილი ერთ გაურკვეველ წერტილს მისჩერებოდა. საიდა კი მეორე ოთახში იყო. გამბედაობა მოვიკრიბე და წამოვდექი. წავედი საქაღალდებისკენ, წლების განმავლობაში რომელთა ხელით შეხებაც კი მეკრძალებოდა. ერთ-ერთი მათგანი გადმოვიღე, ჩემს ადგილას დავბრუნდი და ნასკვი გავხსენი. ნასკვის გახსნა და მრავალი წლის განმავლობაში შეკრული ფურცლების მაგიდაზე მიმობნევა ერთი იყო. ერთ-ერთი ფურცელი ავიღე და კითხვა დავიწყე. წინადადება, რომელიც ფურცლის დასაწყისიდან იღებდა სათავეს, დაგრეხილი ბატიფეხურით თანდათან ფურცლის შუაგულისკენ მიემართებოდა. ერთი შეხედვით, იგი ნაწერზე უფრო მეტად პეპლის ნაფართხალებს ჰგავდა, პეპლისა, რომელსაც ცალი ფეხი მელანში ჩაეყო. რამდენიმე წინადადება წავიკითხე დამარცვლით. ეს გახლდათ დაულაგებელი გადმოღება ტექსტებისა, რომლებიც 50-60 წლებში საინფორმაციო პროგრამებში  გადმოიცემოდა. ნათელი იყო, რომ ეს მოხუცს მაშინ ჩაეწერა, როცა უკვე პენსიაზე იყო გასული და ამით შინ მოკალათებული საქმიანი კაცის იმიჯს ინარჩუნებდა, სამსახურის იმიტაციას იქმნიდა. უდავოა, ეს ყველაფერი ან ტელევიზორში ჰქონდა ნანახ-მოსმენილი, ანდა  ტრანზისტორიდან გაგონილი, რომელსაც განუწყვეტლივ ამუშავებდა. ტექსტები სავსე იყო იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ტერმინებით. ფურცლების უმრავლესობა ასე იწყებოდა:

– „საღამო მშვიდობისა, ძვირფასო მაყურებლებო!“…

მოთმინება მოვიკრიბე და დანარჩენი გვერდებიც გადავათვალიერე. ეს დამტვრეული, უაზრო წინადადებები სსრკ კპ-ის ყრილობის მასალებისგან, მინდვრებში მიმდინარე საგაზაფხულო ხვნა-თესვის წარმატებით დაგვირგვინების შესახებ ცნობების, სოციალისტური შეჯიბრების, ცხრა შვილის დედის შრომითი მიღწევების შეხახებ ინფორმაციისა და სხვა ამგვარი აბდა-უბდისაგან შედგებოდა. და ეს ყველაფერი დიქტორის ტექსტზე უფრო მეტად, სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის სიკვდილისწინა ბოდვების სტენოგრამას მოგაგონებდათ…

ერთ-ერთი გვერდის შუაგულში მიწერილი სტრიქონი – „ეი, ნაზო, ლამაზო, შენი დალალებია…“ – ფურცლის შუაგულისკენ მიიკვლევდა გზას… ამ სტრიქონს ენაცვლებოდა სხვა სტრიქონი, სადაც ასეთი სიტყვები ეწერა: „ბოლოს რეკორდულად დააგვირგვინა…“ მერე კი ასეთი სიტყვები იკითხებოდა: “ა .ა .ა .ი . მ .ი . ქ .ე .ონ .წ .ლ .იგ .ი . გ .ს .ვ .ი ….“ ა .ი . შ .მ .ე . –„ .ეს .ს .კ .დ . – ლ .ვ შ .ნ .!“ დ . ე .თ .ა .ე .სე .ა .ვ .ე .ო .ამ .ა .ა .ია .ე .ი ცხადია, ამ აბდაუბდას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა… ამ არეულ გვერდებს ვუკირკიტებდი, რომ უეცრად მოხუცის ხრინწიანმა ხმამ შემაკრთო:

– განსდექ იქიდან! ხელი არ შეახო მათ! – ბუნებრივია, ამ შეძახილზე შევხტი.

მოხუცი თვალდახუჭული იწვა, მაგრამ რაღაცნაირად იგრძნო, რომ მას მივჩერებოდი და ხმაში სირბილე გაურია:

– გევედრები, მათ ნუ შეეხები… – მერე თითქოს გონს მოეგო და გამოფხიზლებული ადამიანის ტონით დასძინა, – რა გინდა ჩემგან, შვილო? – პასუხს დაელოდა, როცა ნახა, რომ არაფერი ვუპასუხე, უფრო რბილად გამიმეორა. – რას მერჩი, შვილო? – მერე კი ქანცგაწყვეტილივით ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა…

ვიცოდი, ეს „ბოდვები“ ვისაც ეხებოდა, თუმცა საქაღალდეს მაინც არ ვეშვებოდი. ჩემთვის საინტერესო ფურცლებს ცალკე ვაწყობდი, დანარჩენს კი ისევ საქაღალდეში ვაბრუნებდი… მოხუცი მე აღარ მიყურებდა. მავედრებელი თვალები ჭერისთვის მიეპყრო. მგონი, ღმერთს ევედრებოდა…

– …ნუ იზამ… მაპატიე… მაპატიე ცოდვები… ნუ იზამ… დამეხსენ… მაპატიე… ნუ შეეხები მათ…

ბიძაშვილი თავდახრილი იჯდა. ცხვირსახოცი თვალებზე მიეფარებინა და რაღაცას ფიქრობდა. ვითომც, მე არაფერი გამეგებაო. ვკითხე:

– ეგ ვის ელაპარაკება?

ბიძაშვილმა თავი წამოსწია და მკაცრი მასწავლებელივით შემომხედა:

– მას განიკითხავენ… – მიპასუხა და მომაჩერდა.

– ვინ განიკითხავს?

– ჯობს, არ იცოდე ასეთი რამეები. ახალგაზრდა ხარ, რაში გჭირდება? – მიპასუხა მან და ტირილისგან დაწითლებული თვალები ამჯერად ჩაბნელებულ ფანჯარას მიაპყრო. მე წამოვდექი და წიგნის თაროდან კიდევ რამდენიმე საქაღალდე გადმოვიღე. ისინიც მაგიდაზე დავაწყვე და ნასკვები შევხსენი.

…ისე გავვოცდი, რომ მკლავებიდან დაწყებული თითის წვერებამდე მწველმა ტკივილმა გამიარა. ეს საქაღალდეებიც იმავე შინაარსისანი იყვნენ…

„დილა მშვიდობისა, ძვირფასო მსმენელებო…“ ეს წინადადება წყდებოდა და მომდევნო წინადადება ფერცლის შუაგულიდან იწყებოდა – „სევასტოპოლის შავი ველების გასწვრივ…“ აქ აზრი კვლავ წყდებოდა და ახალი წინადადება იწყებოდა – „სიმართლე კი ეს გახლდათ…  რატომ არ გამოუშვეს?..“

– მოეშვი-მეთქი, გითხარი!..

… ორივენი შევხტით მოხუცის ხმაზე, რომელიც ძველი კარის მირახუნებას ჰგავდა…

ამჯერად მას ორთავ თვალი გაეხილა. ღრმა ჭრილებში ჩავარდნილი თვალები ისე ნერვიულად მოძრაობდნენ, როგორც ხაფანგში მომწყვდეული თაგვები. ისინი თითქოს თვალის გუგებიდან ამიხტომას ლამობდნენ…

მოხუცი მთლად გონებაზე არ იყო. მისი აღელვე ბული თვალები მოუსვენრად აწყდებოდნენ კიდეებს და უცებ განრისხებულნი ვიღაცას მიაჩერდებოდნენ ხოლმე… ახლა მისი ხმაცა და სუნთქვაც უფრო შორეული და სიღრმისეული იყო. თითქოს ძალით ექაჩებოდა მათ და უძირო უფსკრულიდან ამოჰქონდა…

– მაშინ ხომ გითხარი, არ მოხვიდე-მეთქი!… არ მოხვიდე!… არ მოხვიდე!.. – ამოიკვნესა და თითქოს ვიღაცას ემალებაო, კედლისკენ შეტრიალდა. მერე კი თითქმის ჩურჩულით დასძინა:

– მეშინია… შენი მეშინია… თვითონაც იცი, რარიგ მეშინია… – დადუმდა და გვერდი კვლავ იცვალა…

მივხვდი, რომ შეძრწუნებულს სუნთქვა უჭირდა, ამოტომაც წამოვდექი და მეორე ოთახში საიდასთან გავედი.

 

 

1 2 3 4 5 6