– უფრო საინტერესო ამბები თურმე წინ გველოდა, – საიდამ ისე წამჩურჩულა, რომ მამისთვის თვალი არ მოუცილებია.

მგონი, ისიც მიხვდა, რომ თურმე ბერიკაცს ყველაფერი ესმოდა, რაც მის სიკვდილთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ. ბიძაშვილი წამოდგა და საწოლთან მივიდა. ჯიბიდან ამოიღო სარკე, რომელიც, მგონი, სოფლიდან წამოეღო.  მოხუცს ცხვირთან მიუტანა. ორთქლს დააკვირდა, სარკე პიჯაკის სახელოზე შეიწმინდა, ჯიბეში ჩაიდო და თქვა:

– სულ ცოტაღაა დარჩენილი. – მერე თავის ადგილას მიბრუნდა, ჩამოჯდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. საიდა ახლოს არ მისულა, გვერდით დამიჯდა და შეშინებული თვალები მამას მიაპყრო. ბოლო დროს საკმაოდ ბევრი შიში გადაიტანა. ეს გაცრეცილ კანისფერზე, ჩაცვენილ თვალის უპეებსა და მინავლულ ხმაში გარეულ თრთოლვაზე აშკარად ეტყობოდა.

გასულ კვირას, როცა მოხუცი ჯერ კიდევ შედარებით კარგად გამოიყურებოდა, ლოგინში იწვა, ბალიშზე არხეინად გართხმული ცხელ ჩაის მიირთმევდა და ჩემს მოულოდნელ შეკითხვაზე უეცრად ხველა აუტყდა, ჩაი ლოგინზე დაიქცია, უკანასკნელი ყლუპი კი სასულეში გადასცდა და ლამის გაიგუდა, საიდას თვალები პირველად მაშინ გაუფართოვდა.  მოხუცმა კარგა ხანს ახველა და თითქმის გაიგუდა კიდეც. სუნთქვა შეუწყდა და მზერაგაყინულს უსიცოცხლო თავი ბალიშზე გადაუვარდა…

ბერიკაცს ეს სასიკვდილო შეტევები მას მერე დაეწყო, რაც იმის შესახებ გაიგო, რომ რევოლუციის შემდგომ პერიოდზე რომანის წერას ვაპირებდი. მანამდე იგი ოთახში ერთობ ლაღად დააბიჯებდა, როგორც კი დამინახავდა, გახარებული ჩემიანებს მოიკითხავდა და ჩაისა და სადილზე მიმიპატიჟებდა ხოლმე. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, რაც ერთ დღეს საიდამ უთხრა, რომ რომანის წერას აპირებს იმ პერიოდის შესახებ, როცა შენ თანამდებობა გეჭირაო. მან რომ ეს ამბავი სასიკვდილო განაჩენივით აღიქვა, მე და საიდამ იქიდან დავასკვენით, რომ მოხუცს ფერი ეცვალა და სახეზე სიკვდილის მაუწყებელი ჩრდილები აუთამაშდა. გაფითრებული მოხუცი ერთხანს ადგილზე გაშეშდა, მერე წამოდგა და ოთახიდან ისე გავიდა, თითქოს იპარებაო. დერეფანში საბაზანოს კარი ხელის კანკალით გააღო და შევიდა, კი არ შევიდა, შეიყუჟა. დიდი ხანი დარჩა, მხოლოდ ჩემი სახლში წასვლის მერე გამოსულა.

ბერიკაცს რომ არ გაეგონა, საიდასკენ გადავიხარე და ჩურჩულით ვკითხე:

– მომაკვდავი ადამიანი გინახავს?

საიდამ თავი გააქნია ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს რაღაცას ნანობსო. მერე გავიხსნეთ, ერთი წლის წინ ამ ოთახში, სწორედ ამ საწოლში როგორ იწვა სიკვდილსდანატრული დეიდა ხადიჯა და როგორ უდრეკად მისჩერებოდა თვალებში აღსასრულს, რომელიც გულისგამაწვრილებლად ითრევდა ფეხს…

გავიხსენეთ, სიკვდილის მოახლოვებისას, როგორ დაბეჩავდა ეს მხნე ქალბატონი, რომლის ნაბიჯებიც მთელ სახლს აზანზარებდა, მის ხმაზე ფრინველები ფრთხებოდნენ და აცელქებული ბავშვები ეზოდან მყის გაიკრიფებოდნენ ხოლმე. სადარბაზოში მოხელთებულ დიდრონ ვირთხებს ხელის ერთი დაკვრით ისე კლავდა, ვითომც აქ არაფერიო. მერე კი, როცა ერთწლიანი ლოდინის შემდეგ სიკვდილი თავს დაადგა, თვალები იატაკს ისე მიაშტერა, თითქოს თავის საფლავს ჩაჰყურებსო და მოზარდი ქალიშვილის მიკნავებული ხმით თქვა:

– მეშინია, შვილო, ძალიან მეშინია…

კარგად მახსოვს, მაშინ მეცა და საიდამაც დავლანდეთ სიკვდილის ბნელი კარიბჭე, ანუ ვიწრო გასასვლელი იმ ქვეყნად მიმავალ გზაზე, რომელიც ამ ოთახში იყო სადღაც და შემზარავად პირდაღებულ სიცარიელეს ავსებდა. და ამ აღმოჩენამ ორივე ძლიერ შეგვაძრწუნა…

ეს შიში მოასწავებდა, რომ წინ შეუქცევადი გზა იყო და ამ ბნელი და უჰაერო გზით მიმავალნი აღარასოდეს დაბრუნდებოდნენ უკან…

დეიდა ხადიჯას შემდეგ ჩვენი ფართოფანჯრებიანი, ნათელი სახლის სასტუმრო ოთახში, ლოგინში ვწრიალებდი და დიდი ხნის განმავლობაში ვიხსენებდი, თუ როგორ ესალმებოდა მომაკვდავი ხადიჯა დეიდა თავისიანებს, რომლებიც იქ ეგებებოდნენ. ზოგჯერ იმასაც წარმოვიდგენდი, რომ საიქიოს მიმავალი ქალი  დამხვდურებს შორიდან ხელსაც კი უქნევდა…

იმ იდუმალმა სამყარომ წარიტაცა დეიდაჩემიცა და ისინიც, ვინც სიხარულით ხვდებოდნენ მას. მე რაღაცნაირად ზუსტად ვიგრძენი, როგორ უახლოვდებოდნენ და ყურადღებით აცქერდებოდნენ სახეში დეიდაჩემს ის ახლობლები, რომლებიც ეიმედებოდა საიქიოდ მიმავალს… ცხადად დავინახე, დეიდაჩემი მოულოდნელობისგან გაფართოვებული თვალებით, როგორ მისჩერებოდა ახლობელთა სულებს, რომლებიც ეხვივნენ გარშემო და მერე გულდამშვიდებული დეიდა მათ როგორ არხეინად აბარებდა თავის სულს…

 

* * *

– ეგ შენი რომანის გამო ჩავარდა ლოგინად. – მითხრა საიდამ მოგვიანებით, როცა სავახშმოდ ბრინჯს ვარჩევდით.

მე დამნაშავესავით ავიჩეჩე მხრები:

– ამაში განა ისეთი რა ნახა?…

ის, რომ ბერიკაცი ასე შესძრა და შეაძრწუნა ჩემმა გადაწყვეტილებამ და რომ იგი მზად იყო, თუნდაც თავისი სიკვდილის ფასად მიეჩქმალა და მიემალა მრავალი ცოდვა თუ დანაშაული, რომელიც რეპრესიის წლებში, ანუ იმ პერიოდში მოხდა, როცა იგი თანამდებობის პირი იყო, უკვე იმას ნიშნავდა, რომ წინ გაცილებით რთული და სერიოზული სამუშაო მელოდა.. როგორც ჩანს, მოხუცი შიშობდა, რომ რომანის წერის დროს ფარდა აეხდებოდა ბევრ საიდუმლოებით მოცულ ცოდვას თუ მძიმე დანაშაულს, რომელსაც, საფიქრალია, რომ დეიდა ხადიჯასაც კი არ უმხელდა. მე ჯერ კიდევ ბავშობაში დეიდა ხადიჯასგან მქონდა მოსმენილი, ომის მძიმე წლებში როგორ დაამთავრა ინსტიტუტი, მაშინვე დაბრუნდა სოფელში და ახალგაზრდული ენთუზიაზმით ჩაუდგა სათავეში აზერბაიჯანის განაპირა სოფლის დიდ კოლმეურნეობას. იქიდან კი სულ მალე რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გაამწესეს და თურმე ცხენზე ამხედრებული სოფელ-სოფელ დაიარებოდა და ხორბლის აღებას უწევდა კონტროლს. ამგვარი შემოვლებისას ადგილზევე ხვრეტდა ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებმაც თავი აარიდეს სამამულო ომში წასვლას. ქვრივი ქალების, უფრო კი ლამაზების მიმართ „განსაკუთრებულ მზრუნველობას“ იჩენდა და უნამუსოდ ეკურკურებოდა. ჯერ კიდევ მაშინ ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფრის პირში მთქმელი ქალი ბევრ რამეს ვერ ამბობდა, ზოგიერთ ამბავს ისე მოხერხებულად უვლიდა გვერდს, როგორც უძირო უფსკრულებსა და ქარაფებს. ამიტომაც ამ კაცის მიმართ ინტერესი ერთი ათად გამეზარდა.

… როცა ბრინჯი ცეცხლზე შემოვდგით და ოთახში დავბრუნდით, ბიძაშვილი საწოლის ფერხთით იჯდა, ხელები ისე გადაეჯვარედებინა თითქოს წიგნს კითხულობსო და ყურანიდან „იასინის“ სურას ამბობდა ჩურჩულით. ბიჭს ხმადაწეული ტელევიზორის წინ სავარძელში ჩასძინებოდა. მოხუცი წეღანდელ მდგომარეობაში იყო… ახლა სახე რუსული ზღაპრების საშიში პერსონაჟების, კაშეისას და მისთანებისას მიუგავდა….

საწოლს მივუახლოვდი და მის სახეს ახლოდან დავაკვირდი. მოხუცს სახე წეღანდელს აქეთ უცნაურად შეცვლოდა… ნაკვთები დაპატარავებოდა, ლოყები ისე შეკუმშვოდა, თითქოს ცხელ ტაფაში მოუხრაკავთო.

მან ჩვენი შემოსვლა იგრძნო და გაძვალტყავებული თითები, თითქოს პიანინოზე უკრავსო, ჩავარდნილ მუცელზე აითამაშა, მერე კი, თითქოს ვიღაცას რაღაცას ანიშნებსო, უცნაური ფიგურები შემოხაზა.

საიდა და მე ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით – საწოლის პირდაპირ, მაგიდასთან. აქედან მისი გამხდარი ხელები უდაბნოს სულისშემხუთავ სიცხეში დამწვარ ჯოჯოებს წააგავდა… სწორედ ეს ჯოჯოები მესიზმრა წინა ღამეს… ხელში ცალი ჩექმა მქონდა მომარჯვებული და მთელი ღამე ბნელ ოთახებში დავდევდი მოსაკლავად, მაგრამ ვერცერთი ვერ მოვკალი. ეს უსწრაფესი ქვეწარმავლები მთელი ღამე კედლებზე დახტოდნენ, სინათლის სისწრაფით ძვრებოდნენ ძველი იატაკის ნასვრეტებში და იქ გამალებით ღრღნიდნენ რაღაცას. ასე რომ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერცერთი ჯოჯო ვერ მოვიხელთე… ბოლო დროს ამ მოხუცთან დაკავშირებით არეულ, ბუნდოვან სიზმრებს ვხედავდი. ამ სიზმრებში მისი რუხი ლანდი გამუდმებით თავს მადგა და თითქოს მოუთმენლად ელოდა ჩემს გამოღვიძებას. მერე გამალებული იქექებოდა ჯიბეებში და იქიდან ამოღებული პატარ-პატარა ქაღალდის ნაფლეთებს შორის რაღაც ერთობ მნიშვნელოვან დოკუმენტს ეძებდა. ეს ყველაფერი მღელვარებას მგვრიდა და მაშფოთებდა კიდეც…

 

 

1 2 3 4 5 6