მრავალი წლის წინ მომხდარს ხშირად მოულოდნელად იხსენებ, თუმცა არც ეს მოულოდნელობაა შემთხვევითი.

ეს იყო უდაბნო, არც მთლად ხრიოკი და გადატრუსული, მაგრამ მაინც უდაბნო, – ახალციხის მთებში მიკარგული სამხედრო ბანაკი, სადაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომიწია რამდენიმე ხანს ყოფნა. საქართველოში მაშინ ჯერ კიდევ რუსეთის ჯარი იდგა, რუსი ოფიცრები გვასწავლიდნენ იარაღის ხმარებას. ეს იყო უდაბნო, რომელიც მაშინდელი ჩემი წარმოდგენით, ისევე შორს იყო დანარჩენი ქვეყნიერებისგან, როგორც რომელიმე უდაბური კუნძული ან ღვთისგან დავიწყებული მხარე.

თბილისიდან რომ მატარებელი გავიდა, იქ სხვადასხვა ჯურის და სპეციალობის სტუდენტები ვისხედით. რწევა-რწევით დაძრულები ნელა მივუყვებოდით სრული გაურკვევლობისაკენ მიმავალ გზას. გავშორდით ქალაქის შემოგარეებს, უბადრუკი ნასახლარები გავიარეთ, ერთხანს დიდუბეს და ჩემს სამოსახლო დიღმის მასივსაც გავუსწორდით, მერე კი ისევ ტაატით განვაგრძეთ გზა. მასივში ჩემი საწოლი ოთახის ფანჯრიდან მაღალი ალვის ხეები მოჩანდა, მათ მიღმა „დინამოს“ ფეხბურთელების ბაზა იყო, შორს კი, მტკვარგაღმა რუხი, დაბალი კორპუსები გეცემოდათ თვალში. სარკინიგზო ხაზი სწორედ მტკვარგაღმა გადიოდა. ღამღამობით ოთახში შუქ-ჩრდილები თრთოდა და შორიდან სატვირთო ვაგონების გრუხუნი აღწევდა. მასივს რომ ჩავუარეთ, ეს გამახსენდა, მაგრამ მალევე მიმავიწყდა. სახლი შორს იყო.

ჯერ კიდევ ბარაკებს და ელსაამქროებს არ ვიყავით გაცდენილი, რომ ვაგონში ჩხუბი ატყდა. სხვა ვაგონიდან შემოსული ერთი კურსანტი სკამზე შედგა და თავი სარკმელში გაყო. „სკამზე ფეხსაცმელებით ნუ დგები“, – უთხრა ხოტივარმა. უცნობმა შეიცხადა. მათ შორის ხანმოკლე ლაპარაკი გაიმართა, რასაც ჩხუბი  მოჰყვა. სკამებს შორის იდგნენ ვიწრო ადგილას, ფეხს ვერ გაიქნევდი, ამიტომ  მხოლოდ ხელებით ურტყამდნენ ერთმანეთს. უცნობი დაბალი იყო და გრძელი ხელები ჰქონდა, ჩხუბში არავინ ჩარეულა, ერთხანს ურტყეს ერთმანეთს, მერე კი ჩხუბი შეწყვიტეს და სხვადასხვა მხარეს წავიდ-წამოვიდნენ. ხოტივარი ტამბურისკენ გამოვიდა, სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტი გააბოლა. უცნობი სხვა ვაგონისკენ წავიდა ლასლასით, ის სხვა ტამბურში გაძვრა და გაუჩინარდა. „სიფათი მივუნგრიე“, – თქვა ხოტივარმა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. ხოტივარი ჩვენსავით ჟურნალისტიკაზე სწავლობდა, მაგრამ ჯარმოვლილთა ჯგუფში ირიცხებოდა. აქ ისინი ირიცხებოდნენ, ვისაც რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული. ჯარში ნამყოფი იყო და კიდევ ჯარში მიდიოდა. ამის გამო ნირსაც არ იხდენდა. ეტყობა, ეხალისებოდა სამხედრო სამსახური. ბიჭები ამბობდნენ, ცოტა თუ დალია, მაშინვე ურევსო. როგორც ჩანს, ახლაც დალეული იყო.

„რომ ჩავალთ, იქ გავურჩიოთ საქმე“, – უთხრა ხოტივარს რობინზონამ. მერე ბიჭები ერთ ადგილას მოგროვდნენ, სადაც სკამებს შორის მაგიდა იდგა, მაგიდაზე ხორაგეული და არყის ნახევარლიტრიანი ბოთლები დააწყეს. შუაღამემდე სვამდნენ, მერე კი დაიძინეს. ვაგონებში სინათლე სულ ოდნავ ბჟუტავდა, ტამბურიდან კი უფრო მკვეთრი შუქი გამოდიოდა. გამთენიისას გამეღვიძა და შევნიშნე, ვაგონს ჟღალი შუქი ეფინა, შუქი ადგათ ჩაძინებულებსაც; ზოგ მათგანს ეტყობოდა, რომ ნამთვრალევი იყო.

დილით მატარებელი ახალციხის სადგურში გაჩერდა. სადგურის ბაქანზე სამხედრო სასულე ორკესტრი უკრავდა. მუსიკის ხმა ჯერ კიდევ მანამდე შემოგვესმა, ვიდრე მატარებელი ბაქანს მიუახლოვდებოდა. მივუახლოვდით თუ არა სადგურს, სამხედრო სასულე ორკესტრის დახვედრის თაობაზე გვამცნო ერთმა კურსანტმა. როგორც ჩანს, ის უფროსებისგან იყო გაფრთხილებული, ჩვენ თადარიგი უნდა დაგვეჭირა და საჭირო წესების დაცვით მიგვეღო ის პატივი, რომელსაც გარნიზონი მოგვაგებდა. ეს პატივი განრიგით იყო ნაკარნახევი და ფორმალურად სრულდებოდა. დამთავრდა თუ არა მუსიკა, ბრძანებების კორიანტელი დაგვატყდა თავს. ყოველი ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულებას  მოითხოვდა.

ტრიალი ადგილები გავიარეთ და მთაში ავედით, სადაც ყაზარმის ოთკუთხედი შენობა იდგა. ყაზარმას რატომღაც ირგვლივ შემოვუარეთ და მერე შიგნით შევედით. წინ პოლკოვნიკი ხალუხაევი მიგვიძღვოდა. „პოლკოვნიკი ხალუხაევი“, – ასე გაგვეცნო ჯერ კიდევ ახალციხის ბაქანზე, მერე კი მთელი გზა ერთად გამოვიარეთ. ყაზარმაში შესულებმა ერთ ოთახში სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავაბარეთ და შესაფერისი სამხედრო ფორმა და ჩექმები მოვირგეთ. მე ყაზარმის მეორე სართულზე ავედი, დიდ დარბაზში მდგარი ორსართულიანი საწოლები შევათვალიერე და მერე ფანჯრებიდან გავაგრძელე ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს ყურება. ერთი ფანჯრიდან ეზოსწინა ფერდობი მოჩანდა, იმის მიღმა, ზემოთ კი უკვე სხვა ყაზარმა იყო. მეორე მხარეს ბინდისფერი სივრცე გაშლილიყო და შორს მთების კლაკნილი ხაზი იკვეთებოდა.

საღამოს სამზარეულოში ჩავედით, იქვე იყო სასადილო, სადაც გრძელი მაგიდები იდგა. სამზარეულოდან მოხარშული კარტოფილის და შემწვარი თავზის სუნი გამოდიოდა. ოფიცერმა ბრძანება გასცა და სამზარეულოს მორიგეებმა ჭუჭყიან მაგიდებზე თეფშები დააწყეს, დიდი ჯამებით კი სადილი გამოიტანეს. ჯამებს მაგიდის თავში დგამდნენ და ჩამორიგებით უნაწილებდნენ ჯარისკაცებს. ჩემს პირდაპირ ვოვა ხანუმიანი იჯდა, იცინოდა და კერძის თაობაზე რაღაცას მახვილსიტყვაობდა. ეტყობა, დამშეული იყო და სადილობის სამზადისი სასიამოვნო მოლოდინის გრძნობას აღუძრავდა. გამოცოცხლება სხვებსაც დაეტყოთ. ცოტა ხანში თეფშების და კოვზების ჩხარუნი ატყდა, მერე კი უკვე თავჩახრილები უხმოდ შეექცეოდნენ სადილს.  სადილი მალე დამთავრდა. ვინაიდან ვახშამი აღარ ესწრებოდა, ვახშმის ნაცვლად ჯარისკაცებს ჩაი დაუსხეს. „ახლა ალბათ ჟოზეფინას შემოიტანენ“, – თქვა ხანუმიანმა. ჯარისკაცებმა გაიცინეს, მერე ნელ-ნელა წამოიშალნენ ისე, რომ ჩაის არცკი მიჰკარებიან, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფები გააძრეს, ერთმანეთს უკიდებდნენ. „აქეთ ჩაი, იქით ჩაი, კოლექტივში ფეხით ჩაი,“ – იხუმრა ერთმა გურულმა ჯარისკაცმა. ისევ გაიცინეს. სასადილოში მოწევა აკრძალულია“, – თქვა სამზარეულოში გამწესებულმა რუსმა ოფიცერმა. ჯარისკაცებმა ჩექმების ფრატუნით დატოვეს სასადილო, სადაც დამპალი კარტოფილის სუნი იდგა, ყაზარმის წინა ფერდობზე დასხდნენ და  გააბოლეს. ზოგი ყვინთავდა კიდეც.

 

1 2 3 4 5 6 7