***

ასე დავეხეტებოდი დღისით ახალციხის ქუჩებში, საღამოთი კი ყაზარმაში ვბრუნდებოდი. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ქალაქის წყნარ ქუჩებში გამოჩნდა მაწანწალა, რომელსაც დაკონკილი ტანსაცმელი ეცვა და დამშეული კაცის გამოხედვა ჰქონდა. დავეხეტებოდი არამარტო ქალაქის შუაგულში, არამედ მის შემოგარენშიც. აგურის მყუდრო სახლების ფანჯრებში ვიყურებოდი და ვხედავდი კეთილმოწყობილ კერას, სადაც დღისით ხავერდოვანი შუქ-ჩრდილები ეფინა და საღამოობით ფარდებში ჩამავალი მზის სინათლე გამოსჭვიოდა. თუმცა მე საღამოხანს უხმაუროდ ვეცლებოდი ქალაქს. ჩემი მადევარი თვალი (თუ იყო სადმე ასეთი) შეამჩნევდა, რომ ადამიანი – აჩრდილი სინათლის ნარჩენივით იძურწებოდა ქალაქის ქვაფენილებიდან და შეუმჩნევლად ქრებოდა. საღამოხანს რომელიმე სატვირთო მანქანის ძარაზე ვიდექი და სამხედრო ბანაკისკენ მივექანებოდი, ღამე კი ყარაულში წასვლამდე ყაზარმისწინა ფერდობზე პირაღმა ვწვებოდი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავყურებდი. ღამე ყარაულში ვიდექი, მერე გათენებას ველოდი და ისევ ქალაქში დავეხეტებოდი.

ქალაქის შემოგარენში ხეტიალისას ერთი პატარა ფუნდუკი შევნიშნე, დიდი ცაცხვის ჩეროში იდგა და თითქოს შემთხვევით გამვლელებს უღებდა კარს. ასეთი აზრი იმიტომ დამებადა, რომ კარი მართლაც მუდამ მოხურული იყო და, როცა ოთახში შევიდოდი, შიგნით არავინ მხვდებოდა. ერთხანს უხმოდ ვიჯექი ხოლმე მუშამბაგადაფარებულ უბრალო მაგიდასთან, მერე კი მზარეული გამოდიოდა და ერთი მათლაფა წვნიანი და დაჭრილი პური გამოჰქონდა. მე მახსენდებოდა ჩემი სახლი, შუშაბანდი, სადაც ასეთივე უბრალო მაგიდა იდგა, ასეთივე კოპლებიანი მუშამბაგადაფარებული. ალბათ ყოველივე ეს შინაურულ სიმყუდროვეს მიქმნიდა და სიმშვიდეს მგვრიდა.

მოგვიანებით ამ სასადილოში დამლაგებელი ქალი გამოჩნდა, რომელმაც რამდენჯერმე რომ მნახა, უკვე ნაცნობივით მოურიდებლად მკითხა: „ჯარისკაცი ხარ?“ ამ შეკითხვამ ერთდროულად დამაბნია და შემაკრთო კიდეც. თითქოს ვიღაცამ ნიღაბი ჩამომხსნა და შემიბრალა. რატომ უნდა შევბრალებოდი ვინმეს, ბოლომდე არ მესმოდა, მაგრამ როცა დამლაგებელმა ჩემი მათლაფა აიღო და მაგიდა გადაწმინდა, ისეთი ნაღვლიანი თვალებით შემომხედა,  ვიგრძენი, რომ ვებრალებოდი. ამის შემდეგ რამდენიმე დღე აღარ დამიტოვებია სამხედრო ბანაკის ტერიტორია, აღარც სურვილი მქონდა და აღარც მცირეოდენი ფული, რომელსაც დედაჩემი მიგზავნიდა. ყარაულში ღამით რამდენჯემე მიწევდა გასვლა, დილით კი ჯანგატეხილი და დაღლილი საველე სამხედრო წვრთნებს განვაგრძობდი. ყარაულში დგომისას ზოგჯერ წვიმდა და გარშემო არაფერი მოჩანდა… ბანაკის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლები დაწანწალებდნენ. ერთი ძაღლი შემომეჩვია და აღარ მშორდებოდა. ბეწვაბურძგნული, სველი, ძაგძაგებდა და შემომყურებდა. შორს პროჟექტორების თვალისმომჭრელ შუქზე ბანაკის ტერიტორიის სხვა მხარე ჩანდა, სადაც სატვირთო მანქანების და ბეტეერების სადგომი იყო. მე მაგონდებოდა ახალციხის ქუჩებში ჩემი ხეტიალი, მყუდრო ფუნდუკი და დამლაგებელი ქალის ნაღვლიანი მზერა, მერე კი ჩემს სიზმრებს ვიხსენებდი, სადაც უნივერსიტეტის ფართო დერეფნებში დავაბიჯებდი.

 

***

ზედიზედ ორი დღე სასროლეთზე ვიარეთ. სასროლეთი შორს იყო და ფეხით გვიხდებოდა წასვლა. არავითარი წინასწარი განრიგი არ არსებობდა, რომელიმე პოლკოვნიკს ან ოფიცერს მოეხუშტურებოდა და ჩვენც დავადგებოდით სასროლეთის გზას. გზაში მდინარე იყო გადასალახი. ვინც ცურვა არ იცოდა ან ვისაც დასველება არ სურდა, ის ფონს ეძებდა, დანარჩენები კი სულმოუთქმელად ეშვებოდნენ მდინარეში, მერე კი ნაპირზე ისხდნენ და ჩექმებიდან წყალს ღვრიდნენ. გზაში თანაბარი და ზოგჯერ მწყობრი ნაბიჯითაც უნდა გვევლო. ასეთი იყო მოთხოვნა. სასროლეთზე მცირე ხანს ვჩერდებოდით, მთელი დრო წასვლას და უკან დაბრუნებას ვუნდებოდით, გზად რომელიღაც ყველასგან დაბრიყვებული ოფიცერი გვაცილებდა, სხვა ოფიცრები კი თავიანთ ბარაკებში სასტიკად ლოთობდნენ.

ერთხანს შევწყვიტე, მერე კი კვლავ განვაახლე ქალაქში ხეტიალი. მზიანი ამინდი იდგა და თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე. რამდენჯერმე პატრულის მუშაკებსაც გადავაწყდი, მაგრამ რადგან მათ ჩემთვის ყურადღება ოდნავადაც არ მოუქცევიათ, გზა სრულიად მშვიდად განვაგრძე. თეატრის შენობას ჩავუარე, საიდანაც ბავშვები გამოეფინნენ, ეტყობა, უქმე დღეს საბავშვო წარმოდგენა იმართებოდა. შემდეგ სადაზღვევო კანტორას ავუქციე გვერდი. იქ კვირა დღესაც კი ირეოდნენ თანამშრომლები, თან ჩვეულებრივზე უფრო ცხოველი გამოცოცხლება იგრძნობოდა, ალბათ რაღაც ღირსშესანიშნავ თარიღს აღნიშნავდნენ, მერე კი წვეულება გაიმართებოდა. ყოველივე ეს საკვირველი იყო ჩემთვის, რადგან არ მეგონა, თუ აქაც არსებობდა ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ორომტრიალი. არადა, რა იყო გასაკვირი, ყველა ქალაქში თუ ქალაქის შემოგარენში დგას გარნიზონი, ყველა სამხედრო-საველე ტერიტორია უდაბნოს წააგავს. და მაინც, საკვირველი იყო, რომ ამ უდაბნოს გამოღწეული, სრულიად უცხო გარემოში ასევე უცხო სიცოცხლისმიერ დინებას მივყვებოდი. ლუდხანასაც ჩავუარე, შესვლაც კი დავაპირე, მაგრამ გარემოსადმი სიუცხოვის გრძნობა მინის ტიხარივით აღიმართა ჩემ წინაშე. ეს ტიხარი ყველგან დამყვებოდა და, შეიძლება ითქვას, მის მიღმა ვხედავდი ქვეყნიერებას. მე აქ უცხო ვიყავი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ვერცკი მამჩნევდნენ.

საღამოთი ისევ ქალაქის განაპირა მხარეს ვეწვიე. ამასობაში გვარიანად მომშივდა და ნაცნობი ფუნდუკი შეუფერხებლად მოვძებნე. კარი შევაღე და მაშინვე სიმშვიდე დამეუფლა. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ფორიაქი მთლიანად მტოვებდა.

ახლაც ჩამესმის დამლაგებელი ქალის შეკითხვა: „ჯარისკაცი ხარ?“ და ცხადია, მაშინაც ჩამესმოდა, როცა პატარა ფუნდუკის კარს შევაღებდი ხოლმე.  ახლაც შევაღე ეს კარი. „ამალია!“ – გაისმა სამზარეულოდან მზარეული ქალის ხმა, – „ვიღაც შემოვიდა!“ ამალია, დამლაგებელი ქალი, ზურგშექცევით იდგა და მაშინვე არ დავუნახივარ, მერე კი შემამჩნია თუ არა, თვალებში სითბო ჩაეღვარა და ერთხანს გარინდებული მიმზერდა. მერე კერძი გამომიტანა, კვლავ სახელოები დაიკაპიწა და დალაგება განაგრძო. ფანჯრების წმენდისას ამალია ფლოსტებს წაიძრობდა, ფეხშიშველი შედგებოდა ხოლმე ტაბურეტზე, ხელებს მაღლა აიწვდენდა, აიწვართებოდა და ფეხისწვერებზე შემდგარი ფანჯრის უკიდურეს წერტილს გადაწვდებოდა. ასეთ დროს მისი, წითელკოპლებიან კაბაში გამოკვართული ჩასხმული მომცრო სხეული უჩვეულო მოქნილობას იძენდა, ოდნავ განიერი ტერფები კი თავისებურ სინატიფეს ასხივებდა. ამალია თითქოს სრულებით ვეღარ მამჩნევდა, არადა, მის სიახლოვეს ვიყავი და აივანზე გადამტყდარი, მერე კი ფანჯარაში შემოჭრილი მზის მკვეთრი ხაზი ჯერ ამალიას კვეთდა, მერე კი მე დამნათოდა.

 

1 2 3 4 5 6 7