მზე ჩადიოდა. ფერდობზე ვიჯექი და „პრიმას“ ვეწეოდი. ჩამავალი მზის შუქი ყაზარმის განაპირა კედელზე და ფანჯრებში ირეკლებოდა. ჯარისკაცებმა რეიტუზები და კედები გადაიცვეს, საიდანღაც ბურთიც გაჩნდა და ერთმა ჯგუფმა ფეხბურთის თამაში წამოიწყო. სხვები უხალისოდ უყურებდნენ თამაშს, მაგრამ ხალისმა თანდათან იმატა და სპორტულებში გამოწყობილებიც გაჩნდნენ. „პოლკოვნიკი ხალუხაევი არ გეიჩითოს“, – თქვა ერთმა ჯარისკაცმა და თამაში განაგრძო. აზარტმა იმატა. ორ გუნდად გაყოფილი მოთამაშეები უფრო მეტი მონდომებით ათამაშდნენ. ნამგზავრებს დაღლილობაც არ ეტყობოდათ.

 

***

იმ ღამეს ყაზარმის დიდ დარბაზში ორსართულიანი საწოლის პირველ სართულზე მკვდარივით მეძინა. სიზმარიც ვნახე, ცხადი სიზმარი, რომელიც დიდი ხნით დამახსომდა. უნივერსიტეტის მდუმარე ფართო დერეფნებში მოკრძალებით დავაბიჯებდი. რაღაცნაირი სიუცხოვის განცდა მქონდა. დროდადრო მაღალ ფანჯარასთან მივდიოდი და ეზოში ვიყურებოდი. იქ ე.წ. სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიება იმართებოდა და ხალხი იყო თავმოყრილი. ეზოს შუაგულში ფეხმორთხმით ისხდნენ მსაჯები – ჟურნალისტიკის რუსული სექტორის სტუდენტები – ხომასურიძე და ყანდაუროვი, პირში სასტვენი ჰქონდათ გაჩრილი და ორივე ჭიდაობას ადევნებდა თვალს. მაყურებლები ქვაფენილზე გაშლილი საჭიდაო ხალიჩის გარშემო მოგროვილიყვნენ, ხმაურობდნენ და ხანგამოშვებით შეძახილებით იკლებდნენ იქაურობას. დერეფანი გავიარე და ერთ-ერთ აუდიტორიაში შევედი. აუდიტორია სტუდენტებით იყო სავსე. საერთო ლექცია ტარდებოდა. აქა-იქ ნაცნობი სახეები შევიცანი. ისინი მიმზერდნენ და ირონიულად იღიმებოდნენ. რაზე მეტყველებდა ეს ირონია, ძნელი სათქმელი იყო. სტუდენტებს შორის ისიც შევნიშნე, ვისი დანახვაც მაბნევდა და გუნებას მიცვლიდა. ეს იყო ნანა. უძრავი სახით შემომცქეროდა სხვებთან ერთად და თითქოს მსაყვედურობდა კიდეც რაღაცას. რას გამოთქვამდა მისი მზერა, ვერაფრით ამეხსნა, თუმცა ამაზე დიდხანს აღარ მიფიქრია. ნანა უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე გავიცანი. მაშინაც საერთო ლექცია გვიტარდებოდა, ჩემთვის ვიჯექი და გარშემო ატეხილ გნიასს ყურადღებას არ ვაქცევდი. სტუდენტები ლექტორს არ უსმენდნენ და თავისას მიერეკებოდნენ. რატომღაც მკვეთრად შემოვბრუნდი და ჩემ ზურგსუკან მსხდომებს შევხედე. ნანა მათ შორის იჯდა და თავისი წყნარი გამომეტყველებით შემომცქეროდა. ეს გამოხედვა ღრმად შემოიჭრა ჩემში, შემოიჭრა და რაღაც ყველაზე მტკივნეულს შეეხო. ამის შემდეგ ეს უცნაური გამოხედვის და ნატიფი აღნაგობის გოგონა ავტობუსის გაჩერებაზე შემხვდა. ავტობუსში ერთად ავედით და, ვიდრე მის სახლამდე მივიდოდით, საუბარი არ შეგვიწყვეტია. ის ახლაც წყნარი გამომეტყველებით მიცქერდა, მაგრამ ახლა გამომეტყველებას ერთი ახალი შტრიხი შერეოდა – ცნობისმოყვარეობის. ნანა თავისი დიდი, მოწყენილი თვალებით ცნობისმოყვარეობას მაფენდა. ალბათ აინტერესებდა, ვინ ვიყავი, საერთოდ რა მსურდა და უშუალოდ მისგან რა მინდოდა. არადა, ეს ყოველივე ჩემთვის რომ ეკითხა, პასუხს ვერც მე გავცემდი, რადგან თვითონაც არ ვიცოდი, რა მინდოდა. რაღაც უხილავი ძალა მაიძულებდა მასთან ერთად ავსულიყავი ავტობუსში, მესაუბრა და მერე შინ გამოვბრუნებულიყავი. მეორე დღესაც ამ უხილავმა ძალამ წამომაყენა საწოლიდან, ჩემი კორპუსის სიახლოვეს „დინამოს“ ფეხბურთელთა ბაზის რეპროდუქტორიდან საესტრადო სიმღერების მელოდიები იღვრებოდა. წუთით ვჩერდებოდი და გარინდებული ვუსმენდი იმ ხმას, რომელიც შორიდან მიხმობდა და უნივერსიტეტისკენ მიბიძგებდა. მაგონდებოდა სკოლისდროინდელი მღელვარება, როცა შინმობრუნებული ფანჯრიდან ვხედავდი ალვების მიღმა „დინამოს“ მწვანე მინდორს, სადაც სათადარიგო შემადგენლობის ოფიციალური მატჩი იმართებოდა. ჩემს უღიმღამო ცხოვრებაში ეს ერთადერთი ნათელი მოვლენა იყო, რომელიც დროდადრო მეორდებოდა. მე ვესწრებოდი ამ ოფიციალურ, მაგრამ მაინც სასინჯ მატჩებს, სადაც ფეხბურთელები თავიანთი ნიჭის გამოვლენას ცდილობდნენ, თუმცა მეტწილად ეს მაინც უმწეო ცდა იყო. ახლა კი საფეხბურთო მატჩების ნაცვლად მე უკვე უნივერსიტეტი მიხმობდა. ჩუმი მღელვარება მეუფლებოდა და ამ მღელვარებით ატანილი ჯერ ბაღში დავიარებოდი, მერე კი პირველი კორპუსის მდუმარე დერეფნებში დავაბიჯებდი. ამ დროს მარტო ვიყავი, არავინ იყო ჩემ გარშემო ისეთი, ჩემი მღელვარება რომ გაეზიარებინა. იმ სიზმარშიც, ჯარში ყოფნის პირველ ღამეს რომ დამესიზმრა, ვღელავდი და ღელვა არამარტო უნივერსიტეტის იდუმალებით მოსილი დერეფნებისა და აუდიტორიების სიუცხოვით იყო გამოწვეული, არამედ უპირველესად იმით, რომ ამ სინათლით სავსე შენობაში მოულოდნელად ნანა შეიძლებოდა გამოჩენილიყო. ის ან ბაღში გამოჩნდებოდა, ან დერეფანში, ან აუდიტორიაში. ამ გამოჩენას ყოველთვის მოულოდნელობა ახლდა.

ბაღში ქარი უბერავდა და ყვითელ ფოთლებს მიაფრიალებდა. სიზმარშიც ამ ბაღის ბოლოს ვიჯექი და სივრცეს გაყურებდი. შემოდგომა წყნარ ნათელს აფენდა ბილიკებს, ხეებს, გრძელ სკამებს. მერე ეზოში გადავინაცვლე, სადაც ჭიდაობა იმართებოდა და სრული უაზრობის განცდა დამეუფლა. ამ ვითარებას ვერაფრით ვაკავშირებდი ნანასთან, რომელიც თავის მოხდენილი ნაბიჯებით დააბიჯებდა სინათლით სავსე დერეფნებში. ეზოში საიდანღაც არობელიძე გაჩნდა და გადავწყვიტეთ ერთად გავცლოდით იქაურობას. ასე  ხშირად ხდებოდა. უნივერსიტეტში მისულს რაღაც მეუცხოებოდა, ჩვეული მღელვარება ამიტანდა და რომელიმე მეგობართან ერთად ვტოვებდი ამ მოჯადოებულ წრეს. სიზმარში კადრი შეიცვალა, მე და არობელიძე უკვე კუს ტბაზე ვიყავით. ტბის ზემოთ, ხშირ ტყეში პატარა სუფრა გავშალეთ და ფეხმორთხმით შემოვუსხედით. ასე დიდხანს ვისხედით, ვსაუბრობდით და ვსვამდით, მერე კი არობელიძემ ხეზე ციყვი შენიშნა და გაედევნა. ციყვი ხიდან ხეზე ხტოდა, არობელიძე კი მისდევდა, ბოლოს დაიღალა და მიწაზე  დავარდა…

 

1 2 3 4 5 6 7