***

ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ  დავდივარ ავტომატგადაკიდებული მავთულხლართებში. ხლართების შიგნით იარაღის საწყობია, გარშემო კი ორ მავთულხლართს შორის გატკეპნილი  გზაა, ანუ საგუშაგო ბილიკი. წვიმს. სამხედრო ლაბადა მაქვს მოსხმული და დინჯი ნაბიჯით ვუვლი ირგვლივ საწყობს. უკან უპატრონო ძაღლი მედევნება. ამ ძაღლის გარდა ბანაკის მთელ ტერიტორიაზე კაციშვილი არ ჭაჭანებს. დადივარ და თანდათან ღამდება, აქა-იქ ინთება სინათლეები. ეს ბანაკის სიახლოვეს გაბნეული სახლებია, შორს კი რომელიღაც სოფელი მოჩანს, სადაც შუქის წერტილები პარპალებს. მე ვფიქრობ იმაზე, რომ ბანაკის ტერიტორია სრულ უდაბნოდ გადაიქცა. შეპირება, რომ საწვრთნელ-საომარი განგაში მოულოდნელად დაგვატყდებოდა თავს, არ შესრულდა. რა თქმა უნდა, საამისო სურვილი არც ჯარისკაცებს ჰქონიათ, მაგრამ პირველ დღეებში საბრძოლო ვნებათაღელვა არსებობდა, რომელიც თანდათან მიინავლა და ბოლოს სულ გაქრა. არ გამქრალა მხოლოდ კონტროლი და თვალთვალი, რომელიც ყოველწამიერად ხორციელდებოდა და მე მიკვირდა, რომ აქამდე ვერ შემატყვეს, როგორ ვტოვებდი ბანაკის ტერიტორიას. მე ახლაც ვტოვებ ბანაკს, მივდივარ ამალიასთან, მერე ჩვენ ერთად მივეშურებით ქალაქგარეთ. აქ ამალიას პატარა მამისეული ნაკვეთი აქვს, რომლის ეზოც სავსეა ჩამოცვენილი ფოთლებით. ამალია შეაღებს ფიცრული აგარაკის კარს და შეაბიჯებს ოთახში, მე ფეხდაფეხ მივყვები. საოცარია, ყველგან ფოთლებია, ოთახშიც  კი ვეება ყვითელი ფოთლები ყრია. ბუხარში  ფიჩხი ბოლავს, მე ოთახის ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ ეზოს კუთხეს, მიწის მცირე მონაკვეთს და მოკრიალებულ ცის ნაგლეჯს, ვხედავ და თან ვფიქრობ, რომ ამ ოთახში მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე აღარასდროს მომიწევს ყოფნა. უცნაური კონტრასტია: სამხედრო ბანაკიდან, ფაქტობრივად უშველებელი უდაბნოდან, ტყიანი ფერდობების მხარეში მოვხვდი. აქ არავინ არ ცხოვრობს, არც შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს, ვინაიდან სრულიად უკაცრიელი ადგილია, ღამით თურმე ტურები აღწევენ ამ ფერდობებამდე. იქნებ მგლებიც დაძრწიან ამ ადგილ-სანახებში? მე ვთხოვ ამალიას, მოღიავებული დატოვოს კარი და ტყის კორომისკენ გამომყვეს. მინდა ტყეში შევრგო თავი და გავუჩინარდე. იქნებ დამავიწყდეს გაუთავებელი ბოლოდროინდელი ხეტიალი, იქნებ გადავდგა რამდენიმე ნაბიჯი და სხვა სივრცეში აღმოვჩნდე, სხვა სივრცეში ყოფნამ კი შეიძლება სხვა გრძნობები გააღვიძოს ჩემში. ამალია გაკვირვებული მიყურებს და თან იღიმება, როგორც ჩანს, ჩემგან ყოველგვარ უცნაურობას მოელის. ჩვენ ტყეში შევდივართ, ბილიკს მივუყვებით, მერე კი უფრო ღრმად ვიჭრებით ტყის წიაღში. აქ ყველაფერი ჩაყრუებულია, ჩაღამებული და ჩახავსებული. „რა გვინდა აქ?“ – ვეკითხები ამალიას. ის არ მპასუხობს, რადგან იცის, პასუხს არავითარი აზრი არა აქვს. მეც აღარაფერს ვეკითხები. კვლავ განვაგრძობთ გზას. „რა გვინდა აქ?“ – ახლა უკვე ამალია მეკითხება. მე არაფერს ვპასუხობ. მივდივართ. უკვე ფოთლების შვავში მივაბიჯებთ. შვავი მატულობს და მატულობს. მივდივართ და ხელებით ვიშორებთ აქეთ-იქით ჩამოყრილ ფოთლებს, ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ  თვალისმომჭრელი სიყვითლეა, მეტი არაფერი. მოულოდნელად ჩამოშიშვლებულ ხეზე ფრთების ფართქუნით ვეება ფრინველი ჯდება. სულგანაბულები ვუმზერთ, მერე ერთმანეთს გადავხედავთ და გვეცინება. ფრინველი მჭახე კრიახს ამოუშვებს ნისკარტიდან, ერთი ფოთოლი კიდევ სწყდება ხეს.

 

***

ჰო, ეს იყო უდაბნო, არც მთლად ხრიოკი და გადატრუსული, მაგრამ მაინც უდაბნო. აქაც ისეთივე სიუცხოვე ეუფლებოდათ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ, როგორც უდაბნოში. აქაც ეძებდნენ ოაზისს და ვერ პოულობდნენ, რადგან ადამიანი ყოველთვის ეძებს ადგილს, რომელიც დაარწყულებს მას.

დადგა მექარავნეთა მსვლელობის ბოლო დღეც და ამ ბოლო დღესაც სასროლეთზე წავედით. ქედების ძირას გაკლაკნილი ბილიკები გავიარეთ, მერე კი  უფრო ფართო გზაზე გავედით. აქ უკვე ყოველი კუთხე-კუნჭული ზეპირად ვიცოდი. ამჯერად მდინარეს საცალფეხო ხიდის  გზით მივადექით. საცალფეხო ხიდი იმდენად ვიწრო და მორყეული იყო, რომ ჯარისკაცები არცთუ იშვიათად წყალში ცვიოდნენ. მე რატომღაც ახლაც გამიმართლა და გაღმა უხიფათოდ გავაღწიე. ჩემ შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცმა წყალში მოადინა ტყაპანი. ნაპირზე გამოღწეულები სამხედრო ფორმას იხდიდნენ და უშვერად იგინებოდნენ. ბოლოს ხანუმიანი და თავდგირიძე, ჩაცვივდნენ. თავდგირიძე ვეღარ ამოდიოდა, რამდენჯერმე წამოდგა ფეხზე და წაიქცა. კინაღამ დინებამ წაიღო. პოლკოვნიკი ხალუხაევი ნაპირიდან დაძაბული უმზერდა მას, მერე ბრძანა, მიეშველენითო. ჯარისკაცებმა სამხედრო ფორმა წაიძრეს, განასკვეს და ისე გადააბეს ერთმანეთს. თავდგირიძე მოებღაუჭა და რის ვაი-ვაგლახით ამობობღდა ნაპირზე. ვიღაცები იცინოდნენ, სხვებს გაცინების სურვილიც დაკარგული ჰქონდათ. როგორც იქნა, ჩავაღწიეთ სასროლეთის მიდამოებში. ვისროდით ავტომატიდან და ტყვიამფრქვევიდან, სამიზნე მოპირდაპირე მთის ფერდობზე იდგა. ტყვიამფრქვევიდან სამიზნეს მოვარტყი და წავაქციე. „უყურე შენ ამას, აი  არ ყოფილა დასაკარგი კაცი,“ – თქვა გურულმა ჯარისკაცმა. ნაშუადღევს ისევ უკან გამოვეშურეთ.

ბოლო დღე იყო. ყოველი ღონისძიების შემდეგ პირად მოწმობაში საგამოცდო შეფასება იწერებოდა. ბოლო ღამეს პირველი ღამის მსგავსად ცხადი სიზმარი დამესიზმრა, რომელიც დიდი ხნით ჩამრჩა მეხსიერებაში. ვითომ უნივერსიტეტის ფართო დერეფანში დავაბიჯებდი, მაგრამ აქ სრული სიცარიელე იყო, აუდიტორიებში შევიხედე და იქაც კაციშვილი არ ჩანდა, ბაღში გამოვედი და არც იქ იყო ვინმე. „რა ხდება, სად წავიდნენ?“ ჭავჭავაძის პროსპექტზე მიწისქვეშა გასასვლელთან პირველი კორპუსის დარაჯს მოვკარი თვალი. „ძია არსენ, რა ხდება, სად არის ხალხი?“ არსენამ სახე ამარიდა და ჩუმად ჩაილაპარაკა: „აბა, მე რა ვიცი“.  „რა ვქნა, სად წავიდე?“ – ვფიქრობდი ჩემთვის და უეცრად გადავწყვიტე, ისევ უკან დავბრუნებულიყავი, სამხედრო ბანაკში, ახალციხეში, ამალიას მაინც ხომ ვნახავდი. „არა, სახლში წავალ, ჯერ შინ შევივლი“,- ამის გაფიქრება იყო და გამომეღვიძა. და აი ახლა ამ სიზმრის გახსენებამ უსიამოვნო გრძნობა აღმიძრა, მაგრამ მოულოდნელად ბანაკის ტერიტორიაზე სასროლეთიდან ახალდაბრუნებულებს გამოგვიცხადეს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და შეგვეძლო შინ წავსულიყავით. არავინ არ აჩქარებულა, ყველამ აკრიფა კომისრის ოთახში გადანახული ხელჩანთები და ზურგი აქცია ყაზარმას.

მეც, რა თქმა უნდა, იგივე გავაკეთე. ჩანთა ზურგზე მოვიგდე და მარტოდმარტო აუჩქარებლად  გავუყევი ქალაქისაკენ მიმავალ გზას. ბანაკის ტერიტორიას რომ გამოვცდი, ერთხელ კიდევ მივიხედე უკან და დავინახე იარაღის საწყობი, რომელსაც მავთულხლართები ჰქონდა შემოვლებული. ამ მავთულხლართებს შორის ქარშიც და წვიმაშიც დავდიოდი, დავდიოდი დღისითაც და ღამითაც…

 

***

ახლა მატარებლის ფანჯარასთან ვარ მიმჯდარი და ვხედავ, როგორ წვება ახალციხის შემოგარეებში საღამო. მატარებელი ნელა შორდება ქალაქს. მე მახსენდება, რომ რკინიგზის სადგურიდან სამხედრო-სასულე ორკესტრს უნდა გამოვეცილებინეთ, მაგრამ ამაზე აღარავის უფიქრია. ერთდროულად გამირბინა მეხსიერებაში ყაზარმის დიდმა დარბაზმა, სადაც ამდენ ადამიანს საღათას ძილით ეძინა, პოლკოვნიკმა ხალუხაევმა, სასროლეთმა, ახალციხის ქუჩებმა, ამალიამ და მთელმა იმ უდაბნომ, რომელსაც თავი დავაღწიე და რომლიდანაც შინისკენ მივისწრაფოდი, მაგრამ ნამდვილად იქ ჩავიდოდი თუ არა, საიდანაც წამოვედი, ეს დაბეჯითებით არ შემეძლო მეთქვა. არც იმის თქმა შემეძლო, ჯარში ყოფნამდე ვცხოვრობდი თუ არა საერთოდ ამ ქვეყანაზე. ასე გამოვეშურე შინისაკენ. მატარებელი აუჩქარებლად მიირწეოდა.

 

 

1 2 3 4 5 6 7