ნაშუაღამევს გამომეღვიძა. ყაზარმის დიდ დარბაზში ქარი უბერავდა და შუქ-ჩრდილები დაქროდა. ჯერ ვერ მივხვდი, სად ვიყავი, მერე უეცრად გონება გამინათდა და სიზმრის გახსენება დავიწყე. ყველაფერი აღარ გამახსენდა, ნაწყვეტები მაგონდებოდა, მერე კი სულ მიმავიწყდა. გარშემო მძინარე ადამიანების სხვადასხვანაირი ფშინვა ისმოდა. ერთი მათგანი კი არ ფშვინავდა, უსტვენდა. სტვენა დიდხანს აღარ გაგრძელებულა, შეწყდა, მაგრამ ახლა ბოდვა გაისმა, ვიღაც სრულიად დაუკავშირებელ სიტყვებს წარმოთქვამდა, მერე  ისიც შეწყდა. ლეიბქვეშ ხელი შევყავი და „პრიმის“ კოლოფი გამოვაძვრინე. გავაბოლე და შვება ვიგრძენი. ათას რამეზე ვფიქრობდი და თანდათან ძილი მომერია.

 

***

ეს იყო უდაბნო, არც მთლად ხრიოკი და გადატრუსული, მაგრამ მაინც უდაბნო – ჯავახეთის მთებში მიკარგული სამხედრო ბანაკი. სამხედრო მოედანზე, სადაც საღამოობით ჯარისკაცები ფეხბურთს თამაშობდნენ, პოლკოვნიკი ხალუხაევი სამხედრო-საწვრთნელი ვარჯიშების მონაწილეთა საკმაოდ ვრცელ სიას კითხულობდა, ამის შემდეგ კი იწყებოდა საწვრთნელი ოპერაციები. საამისოდ ტერიტორიის გარეთ, მთებში უნდა გავსულიყავით. ასეც ხდებოდა. ბატალიონი ტოვებდა ბანაკის ტერიტორიას და მთებისკენ იღებდა გეზს. მთებში გათხრილი იყო სანგრები, ზუსტად იყო მონიშნული ორმხრივი შეტაკებებისთვის განკუთვნილი ფართობი. ხალუხაევი სამეთვალყურეო ბორცვზე იჯდა და იქიდან აკვირდებოდა „საომარ მოქმედებათა“ მსვლელობას. ტაქტიკა და სტრატეგია არამარტო ზუსტად უნდა ყოფილიყო სივრცეში გათვლილი, არამედ დროშიც უნდა ჩაწერილიყო. ხალუხაევს ხელში წამზომი ეჭირა და შემაღლებული ადგილიდან შენიშვნებს და მითითებებს აძლევდა სანგრებში გამაგრებულ ჯარისკაცებს. მე პირველი დღიდანვე ვიღებდი მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში, ერთხელ კი სიის ამოკითხვის შემდეგ ბანაკის გარეთ ტრიალ მინდვრებს ჩავყევი, სადაც რამდენიმე ხმელი თივის ზვინი იყო წამომართული, სამხედრო ბანაკის ტერიტორია უკანმოუხედავად დავტოვე და კიდევ უფრო ქვემოთ გზისპირას მდგარ თივის ზვინში შევტენე სამხედრო უნიფორმა. მერე საკმაოდ შელახულ ტანსაცმელში გამოწყობილი თავქვე სწრაფად დავექანე.

ნაშუადღევს უკვე ქალაქში დავეხეტებოდი. დრო თავზესაყრელი მქონდა, საღამომდე შემეძლო მეხეტიალა. შემოდგომის მოთენთელი მზე მთელ ქალაქზე იყო გადაწოლილი და მის კიდეებსაც ანათებდა. მე ძალიან მსიამოვნებდა უცნობ გარემოში ნელი ნაბიჯით ხეტიალი. სიამოვნებას მანიჭებდა იმის შეგრძნება, რომ არავის არ ვიცნობდი და არავინ არ მიცნობდა, არავის შეეძლო დაეძახა ჩემთვის, მეც არავის შევეჩეხებოდი და არ მომიწევდა ნაძალადევი საუბრის გაბმა. მხოლოდ ერთი რამ მირღვევდა ამ განწყობას: ქალაქში ოფიცრები პატრულირებდნენ და შესაძლებელი იყო ჩემ მიმართ ეჭვი გასჩენოდათ. რამდენჯერმე კიდევაც გადავაწყდი მათ, მაგრამ შევეცადე არაფერი შემტყობოდა, უდარდელი და დაუძაბავი გამომეტყველება შემენარჩუნებინა. ალბათ მოვახერხე კიდეც ყოველივე ეს, ვინაიდან გზა როცა განაგრძეს, თვალი კი შემავლეს, მაგრამ ეჭვი არ შეჰპარვიათ, ჩაიარეს, გამშორდნენ და მეც მოგონებებს მივეცი თავი.

სახლი ხშირად მახსენდებოდა. თვალწინ მედგა ჩემი ოთახი, კედელთან მიდგმული საწერი მაგიდა და საწოლი, რომელსაც საღამოობით ჩამავალი მზის ზოლი ეფინა. მახსენდებოდა ხედი ჩემი საწოლი ოთახის ფანჯრიდან – მაღალი ალვის ხეები და ამ ხეების მიღმა „დინამოს“ მწვანე მინდორი. დანანებით ვიხსენებდი, გამომგზავრებისას როგორ ჩავუარე მატარებლით დიღმის მასივს, მტკვარგაღმა კორპუსები ჩანდა და ერთ-ერთ ხუთსართულიან კორპუსში ჩემი მყუდრო ოთახი მეგულებოდა, შუქჩამქრალი და ღამის სინათლეებით განათებული. დედაჩემი ალბათ შუშაბანდში ან სამზარეულოში ფუსფუსებდა.

მახსენდებოდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი დიდი აუდიტორია, რომლის დაცარიელების შემდეგ ფანჯარასთან ვდგებოდი და სივრცეს გავყურებდი. შორიდან თითქოს ქალაქის ყრუ გუგუნი აღწევდა. ვგრძნობდი, ეს დღე უკვე დამთავრებული იყო, რადგან ვის გამოჩენასაც ველოდი, ის უკვე შინ მიეშურებოდა, მსუბუქი და მოხდენილი ნაბიჯით დაუყვებოდა ვარაზისხევს და ხალხის ნაკადს უერთდებოდა. შინ წასვლა კი იმას ნიშნავდა, რომ ის დღე უკვე დამთავრებული იყო და მეც უნდა გავცლოდი უნივერსიტეტს.

 

1 2 3 4 5 6 7