ცოტა ხნის შემდეგ, როცა უკვე სადილობა დავამთავრე, ამალიამ მზარეულის ვიწრო ოთახიდან გამომძახა: „ჯარისკაცო, თეფში გამოიტანე!“ მე თეფში გავიტანე, ამალიას ხმა არ გაუღია, მაგრამ სიტყვის უთქმელადაც მივხვდი, რომ ჩემი მოვალეობა ამით ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. იქვე ვტრიალებდი და ხელის წაშველებას ვცდილობდი, ეს ამალიას არ უთაკილია, პირიქით, დუმილით მპასუხობდა და ჩემს მცირეოდენ გარჯას ჩუმი თანაგრძნობით ეკიდებოდა. ბოლოს საქმე მოათავა, წინსაფარი მოიხსნა, ასე იდგა და ვგრძნობდი, რაღაცას ელოდა. ხელები გადაიბანა, ამის მერე კი ზურგშექცევით დადგა ფანჯარასთან. მე ზურგსუკან ვედექი, მივუახლოვდი, დავიხარე და ყელში ვაკოცე. ის ცოტა ხანს გარინდებული იდგა, მერე კი შემობრუნდა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა. მე ვხედავდი მის ჩანისლულ მზერას, რომელშიც ჩუმი თხოვნა იყო განფენილი. ხელმეორედ დავიხარე, ოღონდ ახლა უკვე ტუჩებში ვაკოცე. კოცნა ხანგრძლივი გამოდგა. ვკოცნიდი და ფანჯრისკენ მიპყრობილი მზერა ფოთლების სიყვითლეს ირეკლავდა. თითქოს ფოთლებს ფორმა ჰქონდა დაკარგული და მინის ტიხარში ერთი მთლიანი ოქროსფერი ფარდაგის შუქი გამოსჭვიოდა. უეცრად ჩემი ოთახის ფანჯარა გამახსენდა. იქაც ასე იყო: იყურებოდი და ჭვრეტდი სიყვითლეს, რომლის მიღმაც სამანქანო ვიწრო ტრასა ჩანდა, იმის იქით სკვერი ილანდებოდა, ცოტა უფრო შორს კი – ალვის მაღალი ხეების რიგი და „დინამოს“ ბაზა. ასე დახრილს და ტუჩებშეწებებულს კვლავ გამახსენდა უნივერსიტეტის იდუმალებით მოსილი ფართო დერეფანი, ერთ-ერთი დიდი და დაცარიელებული აუდიტორია, რომლის ფანჯრიდან ქალაქის ყრუ გუგუნი აღწევდა და ნანა, რომელიც მოხდენილი ნაბიჯებით ეშვებოდა ვარაზისხევიდან ქვემოთ და მტოვებდა ჩემს მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტის ბაღში მარტო. ისეთი განცდა მქონდა, რომ მთელი ქვეყანა ცარიელდებოდა.

ხანგრძლივი კოცნის შემდეგ თავი ავიღე და ამალიას თვალებში ჩავხედე. მის მიბნედილ მზერაში მადლიერების სხივი კიაფობდა, მერე ნელ-ნელა ჩაქრა, რადგან გამჭოლმა სიცივემ დაისადგურა. მე გამიკვირდა ეს ნაუცბათევი ფერისცვალება, რომელმაც ჩემ თვალწინ გაიელვა. იმ საღამოს მე და ამალია ფუნდუკიდან ერთად გამოვედით. იმავე ღამეს მე მასთან შინ დავრჩი და დილითვე დავბრუნდი სამხედრო ბანაკში.

 

***

ეს უდაბნო იყო, უდაბნო, არცთუ ხრიოკი და გადატრუსული, მაგრამ მაინც უდაბნო. უდაბნო იყო მთებში გახლართული ყაზარმა, ჯარისკაცები კი მექარავნეები იყვნენ. უდაბნო იყო ახალციხეც და მჭიდრო ქუჩებში მოსიარულე ადამიანებიც მექარავნეებს წააგავდნენ. ამალია კი ოაზისი იყო, ოაზისი, რომელიც შუა უდაბნოში აღმოვაჩინე. მე ვფიქრობდი, რომ ადამიანის ცხოვრება უდაბნოში სიარული და ოაზისის ძებნაა, ვფიქრობდი და ამიხდა კიდეც ეს საფიქრალი.

მე ხომ ღამე ამალიასთან დავრჩი. ამალიას ოთახში საღამო ირიბად შემოდიოდა. ეს ოთახი სხვა, მომცრო ოთახებთან ერთად, ვიწრო, აგურის გალავნით შემოკავებულ ეზოიან სახლში იყო განთავსებული. ამ ოთახში შესვლისთანავე გარესამყაროს მთლიანად სწყდებოდი. მეც ასე დამემართა: მთლიანად მოვწყდი ქვეყნიერებას, თავი რაღაც უცნაურ ნირვანაში ვიგრძენი. მიკვირდა, ასე ნაუცბათევად როგორ დამიახლოვდა ამალია, როგორ მენდო და მეც როგორ მიმიჩინა ის ადგილი, რომელიც ზუსტად ჩემთვის იყო განკუთვნილი. მან თითქოს უცდომელი ქალური ალღოთი მიაგნო იმას, რაც მე მსურდა და მაკლდა. ეს იყო ნდობა. ის თვითონ მენდო და მეც მყისიერად მიმინდო. ყოველივე თითქოს თავისთავად ხდებოდა, უნებლიეთ; ყოველ შემთხვევაში, ამალიას საამისოდ ტვინის ჭყლეტა არ დასჭირვებია. ჩვენი ურთიერთობა უხმო იყო, უხმო და უსიტყვო. სამზარეულოში ყავა დავლიეთ. მერე გაწვიმდა და სახლის უკან გასაშრობად გატანილი ხალიჩები შემოვზიდეთ. ამალია კანტიკუნტად მიყვებოდა თავის ცხოვრებას;  ქმარს ადრევე გასცილდა, შვილები სხვა ქალაქში დროებით დედამისთან ცხოვრობდნენ. დღისით ფუნდუკში მუშაობდა, საღამოობით კი ახალციხის საგანმანათლებლო ცენტრში თეატრალური წარმოდგენებისთვის აუცილებელ რეკვიზიტს აგროვებდა. მერე თვითონვე ესწრებოდა ამ თეატრალურ წარმოდგენებს. შუა წარმოდგენის დროს მოუსვენრობა იპყრობდა, ტოვებდა დარბაზს და ქალაქში გადიოდა. ეს დეპრესია იყო, რომელიც შუაღამისას გამოღვიძებულსაც გარეთ გასასვლელად უბიძგებდა. ამალია ზოგჯერ ზამთარ-ზაფხულ, ღამითაც კი თავის ეზოში დაბორიალობდა.  ეს პირველსავე ღამეს მენიშნა. სამზარეულოში განმეორებით ყავა რომ დავლიეთ და ჩავაქრეთ სინათელე, მისი ხშირი სუნთქვა ჩამესმა. ამალიას შილიფად ეცვა და სამოსელქვეშ მისივე მკერდის სიმკვრივეს ვგრძნობდი, მერე კი ფართო ტახტზე მწოლი უფრო მკვეთრი მოძრაობით შემომეხვია და გაიხსნა კიდეც, გაიშალა. თავგადაწეული იწვა, სახეზე კი მოლოდინი ჰქონდა აღბეჭდილი. სახეს გარედან შემოსული სინათლე უნათებდა. ეს რაღაცნაირი მკაცრი მოლოდინი იყო, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა და ვნებად გადაიქცა. ვნებად იმიტომ გადაიქცა, რომ მეც გამოვიღე ხელი. უკვე ერთად ვიყავით, ეს ვნება უკვე ორმხრივი და განუყოფელი იყო, მერე კი, როცა ყოველივე გაგრძელდა, განათდა და დამთავრდა, ამალია შფოთმა მოიცვა. მისუსტებულმა გაუხდელი ტანსაცმელი მოიწესრიგა და ხელში შერჩენილი ქვედასამოსის ამარა ოთახიდან გავიდა. უთენია წამომდგარს იქვე, ტახტზე ჩამეძინა. შუაღამისას კვლავ ამალიას შეხება ვიგრძენი. თვალი ავახილე და სახეზე გაკვირვება გამომეხატა, რამაც ამალიას ღიმილი გამოიწვია. ჯერ ერთი, ახალგამოღვიძებული უეცრად ვერ მივხვდი, სად ვიყავი და, მეორეც, ამალიას სითამამემ გამაკვირვა: ჩემ გვერდით იწვა, მეტმასნებოდა და მოღიავებული ღამის პერანგი ეცვა. იმ წუთიდან ჩვენს ურთიერთობას ქალის უთქმელი უპირატესობა შეეპარა. ამალია იღიმებოდა და ეს უკვე თამაში იყო, რაც მანამდე არ შემინიშნავს. ეს ჩვენი მეორე სიღრმისეული შეხება უფრო მტკივნეული და უფრო ხანგრძლივი გამოდგა, მაგრამ როცა ყოველივე დამთავრდა, ამალიას დახურული სივრცის შიში დაეუფლა და გარეთ გასვლა მთხოვა. გარეთ ეზოში დადგმულ მოწნულ მაგიდასთან ვისხედით და ვდუმდით. მე ჩემს განუყრელ „პრიმას“ ვეწეოდი, ამალიას კი თავი ცალ მხარეს ედო მაგიდაზე და ჭიშკრისკენ ეზოს გაჰყურებდა. გამთენიისას მე სამხედრო ბანაკში დავბრუნდი, სადაც ჩემი არყოფნა არავის არ შეუნიშნავს. ყველა ფიქრობდა, რომ ღამის ყარაულში ვიყავი და ალიონზე დავბრუნდებოდი. ამიტომ დაბრუნებაც არ გაჰკვირვებიათ. შაბათი იყო და თბილისიდან ჩამომსვლელებს კურსანტებისთვის გამზადებული კერძები და ხილი ჩამოჰქონდათ. ნაშუაღამევს ყაზარმის ერთ განცალკევებულ, ყველას და ყველაფერს განრიდებულ ოთახში გაიშალა სუფრა. ამ დღეს ყაზარმისგან ერთი კილომეტრის დაშორებით თავიანთ საცხოვრებელ ბარაკებში გამოკეტილი რუსი ოფიცრები არაყში იხრჩობოდნენ. ამიტომ არცერთ მათგანს აღარ ჰქონდა იმის თავი, ყაზარმამდე მიეღწია. ამჯერადაც ეს ამბავი კურსანტებს არ გამოჰპარვიათ და თბილისიდან ჩამოტანილ სანოვაგეს კუთვნილი ადგილი მიუჩინეს. ეს ადგილი სუფრა იყო. სუფრა გააწყეს და ტრადიციული ლხინი გაიმართა. ღვინოც იყო და კურსანტები სადღეგრძელოებსაც წარმოთქვამდნენ.

 

1 2 3 4 5 6 7