თუ საიდან ჰქონდა ეს წინათგრძნობა, ვერ ხვდებოდა. ერთი კი იყო – ყველაზე მეტად, რამაც მომავალ სარძლოში გააღიზიანა, საკუთარ თავში უკიდურესი დარწმუნებულობა, ანუ ის ვირული სიჯიუტე იყო, რაც მარიკუნას მართლაც ყველაზე თვალშისაცემ თვისებას წარმოადგენდა.

მერე და მერეც, უკვე ცოლ-ქმრობის წლებში, არ არსებობდა მარიკუნას თავში რაიმე აზრი მოსვლოდა და ცოცხალი თავით ამ აზრიდან გადასულიყო. ერთს რომ აიჩემებდა, რასთან დაკავშირებითაც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად თავისი უნდა გაეტანა, თუნდაც წივილ-კივილით. ამასთან ერთად, მარიკუნას, ყველაფერზე, რაც კი მის გარშემო ხდებოდა, ნებისმიერ ადამიანსა თუ მოვლენაზე თავისი ურყევი, შავ-თეთრი წარმოდგენა ჰქონდა და არასდროს თაკილობდა გარშემო მყოფთათვისაც ხმამაღლა თავს მოეხვია საკუთარი მოსაზრება.

ელენამ ისევ ტატოზე გადაიტანა მზერა. შვილიშვილი კარგ ხასიათზე აყენებდა. ერეკლე უკვე ახალ სადღეგრძელოს ამბობდა და გარდაცვლილ მამას იგონებდა.

– გახსოვს?.. ის ანეკდოტი უყვარდა ძალიან ცხონებულ მამაჩემს – ბაბუა რომ შვილიშვილს გერმანიასთან მეორე მსოფლიო ომის ამბებს უყვება…

– ეგ რომელია, შვილი?

– მთელ დივიზიას რომ დაიჭერენ გერმანელები… ნახევარს რომ დახვრეტენ და მეორე  ნახევარს რომ მოტყნ…

– ნუ, რა სიტყვებია, იკა? – ცალი წარბის მკვეთრი აწევით ქმარს ხელისგულზე დაადო ხელი  მარიკუნამ.

– რამდენის ხარ, შვილი? – დაეკითხა ელენა ღიმილით ტატოს და ტატოსაც ოდნავმა სიწითლემ გადაურბინა სახეზე.

– ჩვენ უკვე ოცის ვბრძანდებით და ცეკვაშიც დიდი მიღწევები გვაქვს! – რატომღაც ტატოს მაგივრად ამაყად და მრავლობითში გამოაცხადა მარიკუნამ და დედამთილს თვალი თვალში გაუყარა. – სხვათაშორის, ზამთრისკენ გასტროლები გვიწევს ვენეცია-ფლორენციაში და რა თქმა უნდა ჩვენ პირველები ვსხედვართ სიაში.

– შეენც? – გაუკვირდა ელენას, თუმცა რძალს ამ კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

– რაღა თქმა უნდა პირველ ოთხეულში ვდგავართ. მთავარი სიიდან ამოგდებაზე საუბარიც კი არაა, არადა, თავს იკლავს ყველა… ანუ, ჯერ ჩვენ, და მერე ყველა დანარჩენი სხვა…

მარიკუნა ჩვენობითში კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა ტატოს მიღწევებზე ცეკვაში და ხშირად ახსენებდა ანსამბლის ხელმძღვანელ სერგის.

ტატო ჩუმად იჯდა და თითქმის არ ჭამდა. დედას ნაკლებად უსმენდა და მაინცდამაინც არც მამის სადღეგრძელოებს აქცევდა ყურადღებას. ის მთელი თავისი გონებით საწოლ ოთახში იყო, სადაც საწოლის ქვეშ ნახევარლიტრიანი ქილით მომწვანო-მოხაკისფრო სითხე ჰქონდა გადამალული და ვერ გადაეწყვიტა – ახლა გასულიყო და დაელია, თუ საღამომდე მოეცადა.

იქვე, იმასაც ხვდებოდა, რომ საღამომდე მოცდა არ ივარგებდა, რადგან საღამოსკენ დალეული “მანაგუა” სადღაც ერთ საათში გაეხსნებოდა და მთელი სიამოვნების ძილში, ანუ სიზმარში გახარჯვა მოუწევდა.

ის იყო, ტატო ბოდიშის მოხდით ფეხზე წამოდგომასა და საწოლ ოთხაში გასვლას აპირებდა, რომ ელენა ბებიას სადღეგრძელო მოესმა.

ელენა ჭიქით ხელში საქართველოს უახლეს წარსულზე საუბრობდა და ტრადიციულად მრავლად ერია მის სათქმელში სიტყვები: “ხუნტა”, “უზურპაცია”, “მოროდიორსტვო”, “სერვიზი”, “სამშობლო”, “უზნეობა”, “როიალი”, “დემოკრატია”, “წნევა”, “ელექტორატი”, “სინდისი”, “ლუსტრაცია”, “მამული”, “ჭაღი” და ასე შემდეგ.

ბავშვობისდროინდელი კითხვა “მა, ბებია გიჟია?” – ტატოს წამითაც აღარ მოფრენია თავში, რადგანაც მის თვალწინ, ცხადში ნათქვამი ეს სიტყვები, საუბრის მაღალფარდოვანი მანერა და დახვეწილი ჟესტები ძალიან უხდებოდა ელენა ბებიას. ამ ყველაფრის ცოცხლად მოსმენისა და ნახვის შემდეგ, ერთი შეხედვით ცივი და მკაცრი ქალის მისამართით ტატოს გარკვეული სიმპათიებიც კი აღეძრა.

1 2 3 4 5 6 7 8