ტბიან ქალაქში ყოფნისას, სანამ თედო ფაღავა ცოცხალი იყო, ასეთ წარმოსახვით გასეირნებებს ხშირად აწყობდნენ: ერთდროულად ყვინთავდნენ მოგონებებში და ერთმანეთს სიტყვას არ აცლიდნენ. ეს მაშინაც საღამოობით ხდებოდა, როდესაც ახლანდელივით ჩართულ და ხმაჩაწეულ ტელევიზორთან ხელჩაკიდებული ისხდნენ ხოლმე.

– თედო, გახსოვს საცოდავი რაჟიკო?.. ბინა რომ გაყიდა, ხელოვნური თმა რომ ჩაინერგა გედეერში და სიმთვრალეში მილიციამ თავი რომ გადახოტრა გამოსაფხიზლებელში?.. დედა, სად შემიძლია! თავის მოწამვლა რომ უნდოდა საცოდავს…

– შენ ისა თქვი, გოგო, ჩვენი ფოსტალიონი, ის ლენჩი ლიოვა, სულ ჟასმინის ჩაის რო ასმევდი, ვიღაც ბომჟმა ბოვშებმა სადარბაზოში რომ იხმარეს და დავორსულდიო, რომ იძახდა…

– დედა, რა დეგენერატი ხარ, თედო!.. რეები გახსოვს?!

მოგონებები სხვადასხვანაირი იყო. რაღა თქმა უნდა, სტუდენტობის დროინდელიც. თედო შუადღეობით ძმა-ბიჭებთან უნივერსიტეტის ბაღში იდგა ხოლმე და დაგრაგნილი გაზეთის ქნევით მუდამ რაღაცას ამტკიცებდა. ელენა, ამ დროს, თავის ფეხებდაბრეცილ დაქალ ემასთან ერთად სპეციალურად შორია-ახლოს დასეირნობდა ხოლმე და ერთი სული ჰქონდა, თედოს მისკენ გამოეხედა.

– საოცრად არისტოკრატული დგომი აქვს. – ეჩურჩულებოდა ემა ელენას მაგარი ლ-ებით. – არა, ჯიში მაინც სულ სხვაა… ეტყობა, რომ სარკეში ყურება უყვარს ხშირად…

– მე მისი გამოხედვა და პროფილი მომწონს ძალიან… – წითლდებოდა ელენა. – ნეტავ სულ მარტო როცაა, როგორ რამეებზე ფიქრობს ხოლმე?

– მალე ყველაფერს გავიგებთ!

– როგორ, კი მაგრამ…

– კუდიანი დეიდაჩემი ყავაში ჩავახედე შენ სახელზე!

– ვაიმე! მერე რაო?

– ასე ბრძანა, კიბეს, ქალის ფეხსაცმელს და მაღალ, სათვალიან ბიჭს ვხედავო! – დაამშვიდა ემამ ელენა, რომელსაც ერთი-ათად გაზრდილი გული თედოს ყოველი დანახვისას ყელში ებჯინებოდა, და ამოვარდნაზე ჰქონდა ხოლმე.

– კიბე და ფეხსაცმელი რას ნიშნავს? – დაიბნა ელენა.

– და მაღალი, სათვალიანი ბიჭი? – გაეხუმრა ირმა.

ელენა გაწითლდა, თავი ჩაღუნა და მთელი დღე კიბისა და მაღალი, სათვალიანი  ბიჭის  სიმბოლურ მნიშვნელობაზე ფიქრობდა.

მერე გაცნობისდროინდელი მოგონებები მოდიოდა – როდესაც ერთხელაც, ელენას უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეზე დაშვებისას, მოულოდნელად ფეხსაცმელზე ქუსლი წასძვრა და წკიპზე გადარჩა ფეხის მოტეხვას. ბეწვზე გადარჩენილმა, ახლო-მახლოში ნაცნობს ვერავის ჰკიდა თვალი და ძალიან დაფრთხა. ვერაფრით წარმოიდგინა, თუ როგორ უნდა მიეღწია ასეთს სახლამდე. ქუსლმომძვრალი აშკარად ვერ ივლიდა, ფეხშიშველი ხომ საერთოდ… ფეხსაცმლის შემკეთებელ ჯიხურამდე ახლო კი იყო, ასე ორასიოდე მეტრი, მაგრამ ელენას საშინლად რცხვენოდა, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტის წინ, გაჩერებაზე ხალხი ირეოდა. სწორედ ამ დროს დაინახა ელენამ თედო. ის უნივერსიტეტის ბაღის სიღრმიდან უდარდელად, გრძელი ხელების ენერგიული ქნევით მოაბოტებდა. მართალია, ელენა მას პირადად არც კი იცნობდა, მაგრამ მაინც სძლია სიმორცხვეს, სახელითაც მიმართა და დახმარებაც სთხოვა.

– თედო! უკაცრავად! იქნებ დამეხმაროთ!

პასუხად, თედომ ელენა უნივერსიტეტის ბაღის ერთ-ერთ სკამზე ფრთხილად ჩამოაჯინა, ქუსლმომტვრეული ფეხსაცმელი თავისი ხელით გახადა, თვითონვე წაიღო ფეხსაცმლის შემკეთებელი ჯიხურისკენ, ნახევარ საათში, გამთელებული უკანვე მოიტანა და ელენას ბოდიშის მოხდით ჩააცვა.

მერე ცოლ-ქმრობას იხსენებდნენ ელენა და თედო: თეთრ, ირმიან “ოცდაერთს”, რომლითაც ლამის მთელი საქართველო ჰქონდათ მოვლილი. ცოლ-ქმარი ყოველთვის წინ ისხდა ხოლმე, უკან კი, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ერეკლე იდგა ფეხზე და ხმამაღლა, უსმენოდ გაჰკიოდა:

“ლალეე, ლალეე! ჩემო მამიკო-დედიკოო, თქვენ კი გენაცვალეე..”

1 2 3 4 5 6 7 8