ტბიანი ქალაქის ცენტრში მდებარე სამოთახიანი ბინა უკან დაიბრუნა ევროპულმა სახელმწიფომ და ერთადერთი, რაც ელენა ფაღავას იქ გატარებული წლებიდან შერჩა, გარდაცვლილი მეუღლის პენსია იყო, რომელსაც უკვე თავად იღებდა და განაგებდა.  საპენსიო თანხა ტბიან ქალაქში ცხოვრებისთვის ბევრს არაფერს წარმოადგენდა, სამაგიეროდ გაღატაკებულ სამშობლოში მისით კაი ოთხი ოჯახი შეინახავდა თავს და ეს ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო, რამაც ელენა სამშობლოში დაბრუნება გადააწყვეტინა. უცხოეთში მარტოდ დაჩენილს, უბრალოდ საკუთარი უმნიშვნელობის საზარელი განცდა ღრღნიდა, თორემ განსაკუთრებული ნოსტალგია – როგორც ასეთი, არც სამშობლოსა და არც ერთადერთი ვაჟის, ან შვილიშვილის მიმართ არ ჰქონია.

შვილი მაშინვე უცხოდ იქცა მისთვის, როდესაც მან ამ ათი წლის წინ უარი თქვა სამშობლოს დატოვებაზე და ელენას აზრით, რაღაც ველური პრინციპების გამო, გატანჯა როგორც საკუთარი თავი, ასევე მთელი ოჯახი.

ტბიან ქალაქში ცხოვრებისას ელენა ხშირად ფიქრობდა ვაჟის ამ “უსაქციელობაზე” და თავისი ცალგანზომილებიანი გაგებით გამართლებას მაინც ვერაფრით უძებნიდა. ერთადერთი, რაც ამ დროს ხელს დარევდა ხოლმე – ბრაზი იყო, და ეს ბრაზი მასა და ვაჟს შორის უკვე გაჩენილ დედაშვილურ ბზარს კიდევ უფრო აღრმავებდა.

***

პირველი, რაც ათი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ ელენა ფაღავას სახლში შესვლისას ეცა თვალში, აუტანელი სივიწროვე და ნავთის სუნი იყო. უკვე მოზრდილ ტატოს საკუთარი ოთახი ჰქონდა და მისი კედლები ფერადი როკ-პლაკატებით აეჭრელებინა. ერეკლესა და მარიკუნას საძინებელი ლოჯში იყო, სადაც დიდი არაბული დივანი და ტელევიზორი იდგა. ერთადერთი ოთახი, რომელიც ასე თუ ისე ხელშეუხებლად გამოიყურებოდა – სასტუმრო ოთახი იყო და ელენაც მიხვდა, რომ მას, საპატიო სტუმარივით, სწორედ აქ გაუშლიდნენ ლოგინს.

სასტუმრო ოთახში ძველისძველი, გაქუცული მწვანე ტახტი იდგა, რომელიც ელენას ჯერ კიდევ თავისი ახალგაზრდობიდან ახსოვდა. სანამ პირველ ავეჯს შეიძენდნენ, სწორედ ამ ტახტზე კოტრიალობდნენ ის და თედო. ამ ტახტზევე ჩაისახა მათი სიყვარულის პირველი და უკანასკნელი ნაყოფი – ერეკლე.

– მე ჩემი ოთახი დამჭირდება! – ხმამაღლა განაცხადა მერე სუფრასთან მჯდომმა ელენამ და შემწვარი კარტოფილი გადაიღო.

– ჯერ დავლაგდეთ… – უპასუხა ერეკლემ და დედის სადღეგრძელებლად ჭიქა ასწია.

საღამომ მხიარულად ჩაიარა: ერეკლე ბევრს ხუმრობდა და ძველ ამბებს იხსენებდა. შვილთან ერთად ელენაც სვამდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. არც ტატო იკლებდა ღვინოს. მარიკუნაც ცოტ-ცოტას წრუპავდა. მერე ერეკლემ ლოჯიდან შვიდსიმიანი გიტარა გამოიტანა და დაუკრა -თავადვე მღეროდა და მარიკუნაც უწყობდა ხმას. შექეიფიანებული და კაი ხასიათზე დამდგარი ელენა თვალს ვერ აცილებდა ტატოს. სადღაც საკუთარ თავსაც პოულობდა მის გამოხედვაში, რძლისა და შვილისასაც ბევრს იჭერდა. ეგ კი არა, ცხონებული მეუღლეც კი ამოიცნო ტატოს ნაკვთებში და თვალზე ცრემლი მოადგა.

აქ პირველად გაუელვა ელენას თავში, რომ ვინმე ახალგაზრდა გოგო რომ ყოფილიყო, ტატოს არაფრით გაუშვებდა ხელიდან. ამ ფიქრმა მარიკუნაზე გადაატანინა მზერა და ვიდრე გამოერკვეოდა, მიხვდა, რომ თავისდაუნებურად რძალზე ეჭვიანობდა.

მარიკუნა ელენას არასდროს მოწონდა. მაშინაც კი, როდესაც ერეკლემ პირველად მოიყვანა სახლში და მშობლებს წარუდგინა, ელენას მართალია სახიდან დიდსულოვანი ღიმილი არ გადასვლია, მაგრამ არც იმის შეგრძნებას დაუტოვებია, რომ ეს კეკლუცი და მოკლე-კაბიანი გოგო შვილს გაუტანჯავდა.

1 2 3 4 5 6 7 8