– ახლა კი საჩუქრები შუაგულ ევროპიდან! – ამ სიტყვების დაამთავრა ელენამ სადღეგრძელო და ფეხზე წამომდგარი თავის დიდ ჩემოდანს დინჯად მიუახლოვდა.

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა და ყველამ ტახტისკენ გაიხედა.

ელენამ ჯერ ხელისგული დაადო ჩემოდანს და თავისიანებს თვალებგაბრწყინებულმა გამოხედა. მერე ფრთხილად მოარგო კლიტეს მომცრო გასაღები და ჩემოდანს თავი ახადა. ყველანი ელენას შემოეხვივნენ და ცნობისმოყვარე სახით ჩააცქერდნენ  ჩემოდნის შიგთავსს, სადაც პირად ნივთებთან ერთად ელენას სხვადასხვა საჩუქრებიც გაებნია.

ერეკლეს ბზისგან გამოთლილი, მოჩუქურთმებული ჩიბუხი ერგო, მარიკუნას – ოქროს საყურეები შეხვდა, ხოლო ტატოს კი – თეთრზე თეთრი, ქათქათა ბოტასები.

“აჰა..” – უცნაურად გააჟრჟოლა ბოტასების დანახვაზე ტატოს, ყველა ოცნება ლამის ერთდროულად ამოუტივტივდა გონების ზედაპირზე და გაოგნებულმა ხმა ვეღარ ამოიღო. ერთი რაც მოახერხა, ბებიას ლოყაზე დაბნეულმა აკოცა და თავისი ოთახისკენ ბოტასებით ხელში ფეხარეული წაბორიალდა.

ტატომ თავის ოთახში ჯერ ბოტასებში გაყო ფეხი. მერე სარკეში შეითვალიერა თავი. შემდეგ საწოლისქვეშ გადამალულ “განძს” წვდა, მოიყუდა და ლოგინზე გაიშხლართა. ცოტა ხანში ტატომ თვალი დახუჭა და ისევ თავისი ოცნების კუნძულზე ამოყო თავი.

კუნძული იგივენაირი იყო: იავეკუაზე კვლავაც ხარობდა აუარება ბანანი, ქოქოსი, ანანასი, პაპაია, მანგო, კივი და ისევ პაპანაქება სიცხე იდგა. ყველა იქაურს თუ არაიქაურს: ქალს, კაცს, მოხუცსა და ბავშვს – ფეხზე კვლავაც თეთრი ბოტასი ეცვა. ისევ თეთრი ბოტასი იყო იავეკუას ბორდოსფერ დროშაზეც გამოსახული და იქ მოხვედრის ყველა მსურველს, კვლავაც აუცილებლად თეთრი ბოტასი უნდა ცმოდა – მის გარეშე, იქაური კანონების თანახმად, კუნძულზე ვერაფრით დაიშვებოდა. სადღაც ფიჯისა და ტონგას მახლობლად მდებარე იავეკუაზე ხალხი ისევ მეტად მცირე რაოდენობით სახლობდა: მეტწილად კვლავაც ტატოს ნაცნობები. ყველა უსმენდა ისევ “ბიტლზებს”, “ზეპელინებს”, ბობ მარლისა და U-2-ს და მეზობელ კუნძულელთაგან განსხვავებით საუბრობდნენ კვლავაც მხოლოდ კაი წიგნებსა და ფეხბურთზე. ერთადერთი, რაც ტატოს იქ უკვე დაეთმო – ეს კუნძულის იალქნიანი ხომალდის თეთრბოტასებიანი მეთაურობა გახლდათ. ტატოს ეს პოსტი თავისი ინსტიტუტის ძმაკაც კოწოსთვის გადაებარებინა და უკვე კოწოს ხრინწიან ბრძანებებს ასრულებდნენ თეთრბოტასებიანი მეზღვაურები. ტატო უბრალოდ გემის მფლობელი იყო და გემბანზე გაშლილ ჭრელ შეზლონგზე ნებიერად წამოწოლილს ზღვის ხმაურთან ერთად მუდამ თოლიების ჭყივილი ესმოდა. თმა-წვერს მას ისევ სამხრეთის თბილი ქარი უწეწავდა, იავეკუაზე კი კიდევ უფრო სამაგალითო მშვიდობა სუფევდა – სადღაც კვლავაც ფეხბურთის მატჩის დაწყების მოლოდინში გუგუნებდა სტადიონი. ყველაფერი ისევ რიგზე იყო: ქალი ქალს ჰგავდა და კაცი – კვლავინდებურად კაცს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8