(გაგრძელება, დასაწყისი იხ. დეკემბრი, 2017)

ერეკლე ფაღავა რევოლუციას ბეწოთიაც არ შეუშინებია და როგორც ბევრი, სამშობლოზე კეფიდან ტერფამდე შეყვარებული პატრიოტი, ცოლსა და ათი წლის ვაჟთან ერთად შერჩა მშობლიურ ქალაქს. არადა, თავის დროზე, მასაც სხვებივით შეეძლო გასცლოდა ამ აურზაურს და სულ სხვანაირად წარემართა როგორც პირადი, ასევე ოჯახური ცხოვრება. ეს ძალიან იოლი ჩანდა. მათემატიკოსის  სადოქტორო ხარისხი და თედო ფაღავას შვილობა საკმარისი საბაბი იყო, მასაც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ცოლ-შვილთან ერთად მიეღო პოლიტიკური თავშესაფარი და წყნარად განეგრძო ასე ერთბაშად არეულ-დარეული გზა. ყველაფერი მის ერთ უბრალო სურვილზე, ანუ თანხმობაზე იყო დამოკიდებული და პრივილეგირებულ გამქცევთა რომელიმე თვითმფრინავში მისთვისაც (რაღა თქმა უნდა – ოჯახიანად) აუცილებლად მოიძებნებოდა ადგილი, მაგრამ თავად ერეკლემ ოთხდღიანი ფიქრის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად გადაწყვიტა.

– მორჩა-გათავდა! – აღმოხდა მეოთხე დილით საწოლში ლამის ყვირილით.

– რა მორჩა, იკა? – შეშინდა ცოლი და განზე გაიწია.

– არსადაც არ წავალთ!.. ისინი კი არ ვართ!.. – გამოსცრა ერეკლემ კბილებიდან.

– ვინ ისინი, იკა? – ვერ მიხვდა ცოლი და ქმარს ანთებულ თვალებში შეხედა.

– ვინ და, ქვეშაფსიები!

გაქცევა, როგორც ასეთი, არასდროს ყოფილა ერეკლესთვის გამოსავალი: არც პატარაობისას, როდესაც სკოლის უკან, კლასს კლასზე უწევდათ ჩხუბი და არც სტუდენტობისას, როდესაც უნივერსიტეტის ბაღში, საქმეების გარჩევისას, თავისუფლად შეეძლო გაჩუმებულიყო, მაგრამ ის მაინც ყველაფერში ჰყოფდა ცხვირს და ამ “გულისხმიერებას” ძალიან ხშირად თავად მოდავეები უსვამდნენ ძვირად.

არც მერე, 1988 წლის 7 დეკემბერს, მეზობელი სომხეთის ვეება მიწისძვრის დროს, რომელიც საქართველოსაც გვარიანად მოსწვდა (საკუთარ 32-ე დაბადების დღეზე), გაქცეულა ერეკლე ცოლივით ნახევრადშიშველი სახლიდან და მეზობლებთან ერთადაც არ უკანკალია ეზოში. ის მკაცრად პირმოკუმული იდგა დაბზარულ და მიმონგრეულ საწოლ ოთახში და ცარიელ ლოგინებს კუშტად დასცქეროდა. ცოლს იმდენი კი მოესაზრებინა, რომ ტატოც თან წაეყვანა და ელენა-თედოც კივილით წამოერეკა საწოლ-ლოგინებიდან.

– მიწისძვრაა! ადექით! დროზეეეე! ვინგრევიიიიით!

– მოდი, ხო, მომერიე აბა! არ მივრბივარ არსად! აგერ ვარ, აქ, სულ! – შეჰღმუოდა მაშინ თვალებდაჭყეტილი ერეკლე მიწისძვრას და სადღაც ძალიანაც სიამოვნებდა, რომ შიში, მის წარმოდგენებში ადამიანის ყველაზე მახინჯი თვისება, ისე აბარგებულიყო მისგან, იოტისოდენა კვალიც კი არ დაეტოვებინა.

გაქცევა ერეკლესთვის ცხოვრებაში იმდენად სამარცხვინო საქციელს წარმოადგენდა, რომ ციხიდან გაქცევაზე ფილმის ყურებისას, ის არასდროს გულშემატკივრობდა გაქცეულს. მისთვის ეს ცხოვრება გაძლება იყო, გაქცევა კი არა – დარჩენა იყო, წამებაც იყო, ომიც იყო, სადაც დამარცხებულს ნებისმიერი მწარე მარცხი, მომავალში უსათუოდ დიდ გამარჯვებად უნდა მობრუნებოდა. ერეკლეს აზრით, რა განსაცდელის წინაშეც არ უნდა მდგარიყო ადამიანი, მაინც აუცილებლად უკეთესობისთვის იყო განწირული, ოღონდ კი თავად ადამიანს მოენდომებინა და დაუნანებლად გაეღო საკუთარი მხრიდან ყველაფერი. საწინააღმდეგო შემთხვევას ერეკლე პირდაპირ მოულოდნელი სიკვდილის წინაპირობად რაცხავდა.

დედის შეგონებებისა და ცოლის მუდარის მიუხედავად, ერეკლე ფაღავამ მაინც თავისი გაიტანა და სამშობლოში დარჩა, და შემდეგში, მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს უნანია, რომ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მაშინ, რევოლუციის დასაწყისში, გულმა უკარნახა.

– ფოლადი ცეცხლში იწრთობა! – ამ ფრაზით უყვარდა ცოლთან ერეკლეს საკუთარი საქციელის გამართლება და მოთმინებით ელოდა, თუ როდის აღდგებოდა ქვეყანაში სამართალი, რადგან კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დარწმუნებულიყო საკუთარ სიმართლეში.

1 2 3 4 5 6 7 8