– რას შვება ახლა ნეტა, ჩემი ტატულიკა? – უყვარდა ხოლმე მოგონებებში ყვინთვისას თედოს უცხოეთში ცხოვრებისას შვილიშვილის ბებრული ღიმილით გახსენება, თუმცა ელენა მეუღლეს აქ მუდამ უკმეხად ამუხრუჭებდა და შეტევაზე გადადიოდა:

ჯერ საკუთარ ვაჟს გამოთათხავდა, რომელიც მისი აზრით მაშინ “სულ გაგიჟდა და ყველაფერი დურაკივით გადაწყვიტა…” მერე მოდიოდა “..ან თვითონ როგორ გაიტანჯა თავი, ან შვილი არ შეეცოდა, ან ცოლი?..” ამას სდევდა “…ტყვილა დაკარგა დრო და წლები…” და შვილის თათხვა სრულდებოდა ფრაზით – “…გაიუბედურა მომავალი და დაიქცია ცხოვრება, მაგ უკუღმართმა, მაგან…”

– რატომ არ დაგვიჯერა, რატომ?! – სიგარეტის წევისგან ჩახლეჩილი ხმით ხაოდა ელენა და თედოს ისეთი საყვედურნარევი მზერით შესცქეროდა, თითქოს ის ყოფილიყო ყველაფერში დამნაშავე.

თედოს არც მაშინ უთქვამს ვაჟისთვის რამე და არც მერე დაფიქრებულა მის ამ საქციელზე. როგორც კი ფიქრით ამ თემას მიადგებოდა, იმწამს თავში გაუელვებდა – ეტყობა, ეგრეც იყო საჭიროო, და როგორც საერთოდ ყველაფერში, ვაჟის ამ საქციელშიც უზენაესის ნებას ხედავდა.

– სულ შენ გგავს, სულ!! – უყვარდა ხოლმე თავისი ჭკუით ელენას კბენა, რაზეც მეუღლე, ყოველთვის მშვიდი ღიმილით პასუხობდა:

– მე თუ შენ?

– შენ!.. შენ! – უარესად ფიცხდებოდა ელენა.

– სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე, ძვირფასო? – კითხულობდა თედო ისევ მშვიდად. ეს ფრაზა ყოველთვის საშინლად აცოფებდა ელენას, რადგანაც მთელი ცხოვრების ლამის შეგნებული ნახევარი სწორედ სარკესთან ჰქონდა გატარებული.

სარკე, როგორც ადრე, ახლაც ბევრ სიმართლეს ეუბნებოდა ელენას – თუნდაც იმას, რომ ერთადერთი ვაჟი, ცოლ-შვილთან ერთად სამშობლოში ჩარჩენილი ერეკლე, გარეგნობით სწორედ რომ დედის კოპიო იყო და ელენაც სარკეში ყურებისას, თავისი სახის მომჭკნარ ღაწვებსა და ნაოჭებში წამდაუწუმ აწყდებოდა შვილის სახებას.

– კარგში  ხომ არაფერში გამომემგვანა! – მაინც ჯიუტობდა ელენა. – დაემსგავსა აღარ ვიცი ვის!.. ადამიანო, ცეცხლში ხელის შეყოფა გაგონილა?! ეგ კიდევ… ეგ ბრიყვი ეგა… ჰო, მგავს, მგავს! ეგაა იმ ორღობეში, თუ მე?!.. მგავს, როგორ არა!

სარკე მას მერე შესძულდა ელენას, რაც სიბერისკენ იწყო წაჩოჩება. საქმე იმაში იყო, რომ ელენა საშინლად დარდობდა თავის დაბერებას და გულს ისე არაფერი უღრღნიდა, როგორც საკუთარი, მომჭკნარი ანარეკლის დანახვა გინდ სარკეში და თუნდაც გარეთ, რომელიმე მაღაზიის გაკრიალებულ ვიტრინაში.

რა კოსმეტიკური საშუალებისთვის აღარ მიემართა, რა აღარ წაესვა სახესა თუ ტანზე, მაგრამ დროს მაინც თავისი მიჰქონდა: სახე სახედ და, ერთ დროს მეტად კოხტა სხეულიც ამაზრზენად მოფლაშვოდა და შუადღეობით, თედოს სახლში არყოფნისას, სარკის წინ შიშვლად მდგომს, იქიდან ვიღაც ჭაღარა და გადამწიფებული ხურმასავით მოფამფალებული, თუმცა კი მძლავრად თვალტუჩშეღებილი დედაბერი  შემოჰყურებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ რაც უფრო დიდხანს უყურებდა ელენა სარკეში ანარეკლს, მით უფრო აშკარად გრძნობდა, რომ კიდევ კაი ხანს  მოუწევდა ამ მომჭკნარი სხეულის ცხოვრების გზაზე თრევა. სახედაღმეჭილმა ამ დროს სარკისთვის მთელი ძალით შეფურთხება იცოდა ხოლმე – სარკოვან შუშაზე ჩამოწუწულ ბებრულ ნერწყვს კაი ხანს უცქერდა ელენა და ბოლოს მობერებულკანიანი იდაყვით წმენდდა. “ღმერთო, როდის მოიგონებენ გაახალგაზრდავების წამალს!” – უჟღრიალებდა გონებაში ერთადერთი სურვილი და თვალდახუჭული აუცილებლად საკუთარ გაახალგაზრდავებულ თავს წარმოიდგენდა ხოლმე. ამ წარმოდგენაში ის მუდამ გალაქტიონის ხიდის მოაჯირზე იდგა, გამჭვირვალე ღამის პერანგი ემოსა და ხელებგაშლილი ძლივს იცავდა წონასწორობას.

სამშობლოდან გაქცევიდან ათი წლის თავზე, ანუ მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, საკუთარ სამოცდამეექვსე დაბადების დღეზე – ელენა ფაღავამ მაინც გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება და ამის შესახებ, უკვე გამოგონილი ელექტრონული ფოსტით აცნობა ვაჟს, რძალსა და შვილიშვილს.

1 2 3 4 5 6 7 8