– ფოლადი კი არა, ჯართი ყოფილხარ! – უთხრა ხუთი წლის თავზე მოთმინებადალეულმა ცოლმა და ერეკლეც უკვე აღარ გაბრაზებულა. თავადვე ატყობდა, რომ კიდევ ცოტაც, და ზუსტადაც რომ ჟანგი მოედებოდა. იმედები, რომელიც მას ჰქონდა, ძალიან ზანტად, უფრო კი – საერთოდ არ მართლდებოდა. ირგვლივ თითქმის არაფერი იცვლებოდა, გარდა იმისა, რომ ხალხი გამოსწორების მაგივრად, კიდევ უფრო ფუჭდებოდა, მუქთახორდებოდა და ვირეშმაკდებოდა.

ვიდრე ომი გადაივლიდა, როდესაც მოსახლეობა ქუჩაში სახლში აყრილი პარკეტებისგან კოცონებს ანთებდა და პურსა და ბენზინზე მდგარ კილომეტრიან რიგებში ერთმანეთს ეროგენულად ეტმასნებოდა, ერეკლემ რას აღარ მიჰყო ხელი: ხან ნასესხები ფულით ირბინა მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც პრიალა ფეხსაცმელებს ეზიდებოდა; ზოგჯერ ტვირთმზიდებს აცილებდა და ფეხზე ნაიარევი სწორედ ერთ-ერთი ამგვარი გაცილებიდან შერჩა. ხან კიდევ, გაყინულ თევზზე, ან სულაც უცხოური მანქანების გაცვეთილი საბურავების აღდგენაზე ჩალიჩობდა, თუმცა არაფერ  მსგავსის განსაკუთრებული შნო და მარიფათი არ აღმოაჩნდა.

საბოლოოდ, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა და ცხოვრებამ კალაპოტში ჩადგომა იწყო, ეს კი მშობლების ქვეყნიდან გაქცევის რვა-ცხრა წლის თავზე მოხდა, ელენა ფაღავას ვაჟს უკვე საშუალო ასაკს გადაცილებული, შეუმდგარი მეცნიერი ერქვა და ოჯახსაც გახუნებულ მანქანაზე ტაქსაობით არჩენდა.

მის სტაფილოსფერ მანქანაში მუდამ იდო პლასტმასის ყუთი ჭადრაკის ფიგურებითა და მუყაოს შავ-თეთრი დაფით, რომელსაც ერეკლე საჭიროების შემთხვევაში საქარე მინის მარჯვენა დაბალ კუთხეში ამაგრებდა, მოცალეობისას კი კოლეგა-მძღოლებთან დანიშნულებისამებრ იყენებდა.

– ვმაზავთ თუ არიფულად? – უყვარდა პარტიის დაწყების წინ ერეკლეს კითხვის დასმა, რაც მოწინააღმდეგის მხრიდან აუცილებლად სანაძლეოს დადების წინაპირობა იყო ხოლმე. წაგებულს ძირითადად ფენოვანი და უყველო ხაჭაპურით უწევდა ანგარიშსწორება და ამდენ მძღოლებში ერეკლე ერთადერთი იყო, ვისაც ამ წლების მანძილზე პარტიაც კი არ წაეგო.

– ბოტვინიკია ეგ ჩემისა! – ერთ აზრზე იდგნენ მძღოლები. – გაუშვი – კარპოვ-კასპაროვს მიამყნობს, მაგრამ ცხოვრების აზზე არაა…

– ეგეთი ტვინი მქონდეს, ტაქსზე ვიჯდებოდი?

– ბოტვინიკია-მეთქი!

ელენა ფაღავა და მისი ქმარი ვაჟს ბევრით ვერაფრით ეხმარებოდნენ. ერთი-ორჯერ ძველმანების შეკვრა გამოუგზავნეს, რამდენჯერმე მცირე თანხა, და მორჩა, თუმცა თავის სიმართლეში ღრმად დარწმუნებული ერეკლე უცხოეთში გადახვეწილ მშობლებს არაფერს სთხოვდა და გახუნებული მანქანით ძველი კინოსტუდიის კუთხეში აბირჟავებდა.

ამ პერიოდში მაინცდამაინც არც მგზავრებით ყოფილა განებივრებული ერეკლე – ძირითადად, იქვე მდგომ თვალ-ტუჩ-მოთხაპნილ ქუჩის ქალებს დაატარებდა კლიენტებითურთ და ისიც იშვიათად, იმიტომ რომ მაშინ პირდაუბანელი ბოზებისთვის ბევრს არავის ცხელოდა, თუმცა ერეკლე დღეში იმდენს მაინც შოულობდა, მანქანაში მეორე დღის სამყოფი ბენზინი ჩაესხა და გვიან ღამით სახლში ორი პურისა და “შპროტის” კონსერვით ხელდამშვენებული დაბრუნებულიყო.

1 2 3 4 5 6 7 8