– ბარო ერეკლე, გეიგე ახალი ამბავი? – ეკითხებოდა ერეკლეს კინოსტუდიის კედელზე ცალი ქუსლით მიყუდებული დასავლელი კოლეგა სოლიკო.

– აბა ამბავი?

– კოლამ ქე რო წუხელ ჩვენ მეპირე მარეხის ვინცხა გალსტუკიანი პარლამენტარი მოუთრია, იმისთანა უქნია მაშინაში მისთვინ მარეხის, კიღამ გოუფშეკინებია ფეხი! გლახათ გამხთარა ის საცოდავი და სასწრაფო გომოუძახნიათ! ძლივს უშველიათ! სუ დოუთხვრია თელი მაშინა! სუნი ვერ გაყავს კოლას სალონიდან მეოთხე დღეა!

– კაი კაცო!..

– ჩეიჯინე აწი კაცი ჯამრთელობის ქახალდის გარეშე!

სახლში მობრუნებულ მამას განსაკუთრებული სიხარულით პატარა ტატო ეგებებოდა. კარსაც ის უღებდა, კისერზეც ეკიდებოდა და ყელშიც ჰკოცნიდა. მერე პურს ჩამოართმევდა, თევზის კონსერვსაც გამოსტაცებდა და სამზარეულოში გაბრწყინებული სახით შერბოდა.

– დე, მამიკო მოვიდა!

– მოვიდა, თორე ეგეც არ მყავდეს იოსე ქრისტე! – ამბობდა დედა სუსხით ხმაში და ინგლისურში ხმამაღლა მეცადინეობას განაგრძობდა. – ით იზ ე ქიუქემბარ! პური საპურეში ჩადე! შპროტი მაცივარში შედე და ჩაიდანი დაადგი!.. მაი რელიჯენ იზ ქრისთიანითი! – და ტატოც ხმისამოუღებლად ასრულებდა დედის ბრძანებას.

***

ერთგული მეუღლის გარდაცვალებას წამით არ შეუშინებია ელენა ფაღავა. ტბიან ქალაქში გატარებულ ცხრა წელიწადს უკვე ლამის იქაურად ექცია დაქვრივებული ქალბატონი. თავადვე თვლიდა, რომ დაულაგებელ სამშობლოში დაბრუნება ამ ეტაპზე დიდი სისულელე იყო, ამიტომ სხვა არაფერი დარჩენოდა – ეულად უნდა განეგრძო ტბიან ქალაქში ცხოვრება და შეგუებოდა ბედსა და ევროპულ მარტოობას.

სიმარტოვე ყველაზე მძაფრად ქმრის დაკრძალვის დღეს იგრძნო ელენამ და მაშინვე იმის მწარე შეგრძნება დაეუფლა, რომ ძველი ცოცხივით საერთოდ აღარავისთვის დედამიწაზე იყო საჭირო. საკუთარი უმნიშვნელობის უნაპირო განცდამ ლამის გული გაუხეთქა თავმოყვარე მოხუცს და ის საღამო გულდათუთქულმა ელენამ მოკირწყლულ ქუჩებში ეულად ბორიალში გალია. თითქოს სიმაღლეშიც დაპატარავებული, სკვერიდან სკვერში დუნე ნაბიჯით გადადიოდა, ტბის სუნით გაჯერებულ  ჯანმრთელ ჰაერს ღრმად ისუნთქავდა და წითელფეხება მტრედებს სპეციალურად ნაყიდ მზესუმზირას უყრიდა – მოგვიანებით კი, შებინდებისას, თავის სამოთახიან ბინაში, ხმაჩაწეული ტელევიზორის წინ დაჩიავებული სახით მჯდომს თავში ათასნაირი ღვლარჭნილი აზრი უტრიალებდა.

“რა იყო ეს ცხოვრება მაინც… – ფიქრობდა ელენა დანაწევრებით. – თედო აღარაა, თითქოს სულ არ ყოფილა. არადა, როგორ არ ყოფილა… სულ თვალწინ არ მყავდა? როდის დავუტოვებივარ მარტო? ერეკლეს გაჩენაზე როგორ გაწვალდა. რამდენი ირბინა ექიმებთან. რამდენი ფული ხარჯა. როგორი დაუზარელი კაცი იყო მაინც! ერთ ხმას არ ამოიღებდა! ეჰ. უენო. დამჯერი. კეთილი. თბილი. ზრდილი. წესიერი. სადღა არიან ეგეთები… ოხ, ერეკლე, ერეკლე! შე სულელო ბიჭო. რაში ჩაიგდე მაინც თავი, რაში… მაგისთვის გზრდიდით ასე წესიერად? მაგისთვის გაკითხეთ წიგნები და მოგეცით უმაღლესი განათლება?.. როგორი ნიჭიერი იყო მერე… ცინცხალი, ფიცხელი! ეჰ, თედო, თედო. რანაირი მამა იყავი მაინც! არაფერს უშლიდი! თუმცა… რა ვიცი… ან ის კრეტინი გოგო რამ მოაყვანინა ცოლად. როგორ არაფერი მათქმევინე, თედო. სულ მაგ აშარის ბრალია ყველაფერი – “მე ელიტარული მსახიობი გახლავართ”! იმას რა დამავიწყებს, შენ რო მითხარი: ერეკლე უკვე სრულწლოვანია და ზოლებიანი ზებრა ან ფეხმომტვრეული სკამიც რომ შეუყვარდეს, ჩვენ, მისმა მშობლებმა პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს და ისევე შევიყვაროთ მისი გულისწორი, როგორც საკუთარი შვილიო!.. რას არ მოიგონებდი ხოლმე, თედო!.. ფუჰ!..

რას აღარ წასწვდა ელენა ფიქრით. გამოღვიძებულ ემოციათა მოგერიება ვერაფრით შეძლო და წნევამაც მთელი ძალით შემოუტია. ჯერ ძლიერმოქმედი წამალი დალია. მერე ფეხები ცხელ წყალში ჩაყარა. მაჯისცემა რომ დაუწყნარდა, შეეცადა დაეძინა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მერე ტელევიზორს მიაჩერდა, მაგრამ კონცენტრირებას მაინც ვერაფერზე ახერხებდა და ტრადიციულად სამშობლოს გახსენება სცადა. როგორც წესი, თავიდან, საქართველოს რუკა წარმოიდგინა. მერე თრიალეთის ქედი დაინახა ზედ აღმართული სატელევიზიო ანძით, შემდეგ ფუნიკულიორიდან გადმოხედა სულთმობრძავ დედაქალაქს.

1 2 3 4 5 6 7 8