მისი სტიქია „მეთოდოლოგიური ირონიაა“, თამაში მსოფლიო კულტურის იმგვარი ფორმებით, რომლებიც, თომას მანისა არ იყოს, „ცხოვრებამ მიატოვა“. აქედანვე იწყება ამ ცხოვრების „ბორტს მიღმა“ დარჩენილ ფორმათა კულტურული ინსცენირება, თეატრალიზაცია, ირონიული რე-ანიმაცია, პაროდიული რე-პრეზენტაცია; გამუდმებით იკითხება ავტორის საფუძვლიანი წადილი, ხსენებული ფორმების კულტურული პერფორმანსი, ელეგანტური კომიზმის პრიზმაშიც გარდატეხოს და ნატიფადაც გააქილიკოს თავად სინატიფე და საერთოდ, ის ვირტუოზულ-მანერული დისკურსი, ამგვარი სტილის კარნავალიზაციასაც კი თავისებურ ფორმად რომ აქცევს. ასე შემოაქვს მხატვარს პოსტმოდენურ-პასტიშური „რიმეიკები“ „ვეფხისტყაოსნის“ თხუთმეტ სურათში“ და ამ საუცხოო სერიას კიდევ უფრო „აუცხოვებს“ რუსთველის პოემის პომპეზურ-ვიზუალურ კიჩებზე „აღზრდილი“ მაყურებლისგან, ვისთვისაც „ეფხისტყაოსანი“ პოეტური კულტურა კი არა, კულტურიზმი უფროა (სხვათაშორის, თანამედროვე ამერიკელი არტკრიტიკოსი ერთგან აღტაცებით წერს კულტურისტებზე, როგორც „ახალ რაინდებზე“, რაც უკვე ახალი პაროდიული სიუჟეტია). მალაზონია, ერთი შეხედვით, გარემომცველი სამყაროსადმი ინდიფერენტულია; მისი ავტობიოგრაფიული ციკლიც კი იმპერსონალური „გულგრილობითაა“ აღბეჭდილი. ამ მხრივ მოულოდნელად ინტიმურია „გურიის ციკლი“, რომელსაც „წელიწადის დრონიც“ შეიძლება დავარქვათ. ეს ნოსტალგიური სერია „ზამთრით“ იხსნება. „წელიწადის ერთადერთი ჭეშმარიტი დრო“ (ი. ბროდსკი) თითქოს სტუმრადაა მისული დანარჩენ სამ დროსთან. ამ ოპუსებში მეტი ეთიკაა, ვიდრე ესთეტიკა; და კიდევ – საიდუმლო… ასეთი „საიდუმლოს შენახვას“ დიდი ოსტატობა სჭირდება; ესაა თვითშეზღუდვით მანიპულაცია, თავისუფლების „გამოზოგვა“; ბორკილი, რომლის მეოხებითაც გამუდმებით იწაფავს ხელს მხატვარი. *** მამია მალაზონიას ოპუსებში თამაშის პოეტიკა მოძრაობის, სახელდობრ, ერთგვარი ანიმაციური მოძრაობის გრაფიკით მკვიდრდება. ეს თამაში შინაგანი კანონზომიერებით გულისხმობს ამა თუ იმ მოძრაობის რიტმულ განმეორებადობას, ხოლო მოძრაობა, რომელიც არის თამაში, ტელეოლოგიურ საზრისს მოკლებულია და მხოლოდ უსასრულო განმეორებისას ახლდება. იქნებ, ამიტომაც მიმართავს მხატვარი სასურათე სივრცის, როგორც იკონიკური ტექსტის შიგნით გარკვეულ პლასტიკურ „რეფრენებს“, თანმიმდევრული ციკლის მოსაზღვრე ელემენტებს, ურთიერთმონაცვლე სიუჟეტური რგოლებით უწყვეტ ნარატიულ ჯაჭვს რომ კრავენ?!

არც თუ იშვიათად პერსონაჟების, და არა მხოლოდ პერსონაჟების, არამედ საგნების – საგნებიც ხომ „პერსონაჟთა“ სტატუსით თამაშობენ – მოძრაობა უნებურ, თვითმიზნურ ქცევას წააგავს. ეს თვითმიზნურობაც თავისუფლებას მოასწავებს, თავისუფალ მოძრაობას თავისუფალ სივრცეში. ეს სივრცე შემოსაზღვრულია და ამ შემოსაზღვრულობაში – თავისუფალიც. თავისუფალი სივრცე მოძრაობის თავისუფლებასაც კარნახობს პერსონაჟს, უფრო ზუსტად, პერსონაჟის, როგორც მეტამარიონეტის ამამოძრავებელ მხატვარს – მოძრაობის მხატვრული ილუზიის შესაქმნელად. მოძრაობის თავისუფლება იმასაც გულისხმობს, რომ მოძრაობას თვითმოძრაობის ფორმაც უნდა ახლდეს, თვითმოძრაობის ილუზიასაც უნდა აღძრავდეს. და, ალბათ, ამითაც უნდა იყოს მოტივირებული მალაზონიას „მოძრავი სამყაროს“ უნებურ-თვითმიზნური ხასიათი. ესაა „მოძრაობა მოძრაობისათვის“, ყოველივე ამქვეყნიურის ტრანსცენდირებად თვითრეპრეზენტაციას, ანუ, ასე ვთქვათ, მეტაფიზიკურ ანიმაციას რომ მოასწავებს. მალაზონიასეული პერსონაჟ-მარიონეტების თვითმოძრაობაც ადამიანური ყოფიერების (ანდა, უბრალოდ, ადამიანად ყოფნის) იმ ფუნდამენტური საზრისითაა მოტივირებული, რომლის კვალობაზეც ადამიანური თამაშის არსი უმიზნო მოქმედებაა; „მოქმედება მოქმედებისთვის“… ოსტატი მუდამ გულმოდგილედ, მტკიცე გადაწყვეტილებით, სერიოზულად თამაშობს; და ამ დროს საკუთარ არტისტულ პერსონასაც მაყურებლის როლში წარმოიდგენს. მხატვრული თამაშის ფუნქცია ხომ იმის ჩვენებაშიცაა, რომ ეს აქტი რაღაც საგანგებო, განსაკუთებული აქტია; თამაში ხომ სხვა არაფერია, თუ არა სათამაშო ქმედების თვითრეპრეზენტაცია?! ოსტატმა იცის, რომ შემთხვევით არაფერი უნდა „გაეპაროს“; აი, რატომაა მისი პოეტიკა დისციპლინირებული, სამყარო კი – კანონიკურობამდე მოწესრიგებული; თუნდაც ნაივურად კანონიკური; და კანონიკურად ნაივურიც… რაც უფრო გულმოდგინედ ხატავს, ანუ რაც უფრო გუ ჷლმოდგინედ თამაშობს, მით უფრო გულმოდგილე აღქმისკენ მოუწოდებს მაყურებელს. ამ უკანასკნელის გულგრილობა მისივე პროფანობის-მხატვრული თამაშის წესების უცოდინრობის სამხილია. ოსტატის მიერ შემოთავაზებული თამაშის ადგილი კულტურის სივრცეა. და ამ თამაშის მაყურებელიც „წარმოშობით“ ამ სივრციდან უნდა იყოს;

მაყურებლის როლის თამაშით უნდა აღმოაჩინოს და ხელახლა ააგოს სამყარო… პირობითობა, რომელსაც იგი აღიქვამს, მისივე ჩარევით ანდა თამაშში ჩართვით უნდა იქცეს რეალობად. ხელოვნებაც ხომ ამ გაგებითაა რეალობის კონსტრუირება?! „წმინდა თამაშებით“ მოხელთებული სინამდვილის ოსტატობა?!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8