„Умные люди на то и умные, чтобы разбираться в запутанных вещах . “ М. Булгаков „Мастер и Маргарита“

„Ах, весело! Ах, весело! – крычала Маргарита,- и все забудешь.“ ეს ციტატა „ოსტატი და მარგარიტას“ ადრეული რედაქციიდანაა… მამია მალაზონიაც, ერთი შეხედვით, „სახალისო თვალით“ კითხულობს ბულგაკოვის ბედკრულ რომანს; მსუბუქად, ყოველგვარი რეზონიორობის გარეშე ასურათებს… მხატვარი ორჯერ მიუბრუნდა ამ ტექსტს. პირველი ვარიანტი უფრო მძიმეა; პირქუში და სერიოზული. მეორე ვარიანტი გაცილებით გამჭვირვალეა და ტრანსპარენტული. სადღაც, ილუსტრაციების მიღმა, რჩება რომანის თეორიული სარჩული; „მეტარომანი“, „ორი რომანი ერთ რომანში“, „ორმაგი კოდირება“ და მისთანანი მხატვრისათვის ზედმეტი ბარგია; სამაგიეროდ, როგორ გრძნობს პროზაული ტექსტის მუსიკალურობას?! როგორ იჭერს ბულგაკოვისეული ნაწერის „გაკრულ“ მანერას?! თითქოსდა, ისევე იწყებს დასურათებას, როგორც იწყებდა წერას ბულგაკოვი; როცა რომანის ფაბულაში პირველად გაიელვებს მარგარიტას ხატი: „За мною, читатель!“ მალაზონიამაც იცის: მის უკან მაყურებელია! დამთვალიერებელი, რომელიც უნდა გაიტაცოს … მხატვარი სიმულტანური სარკმლებიდან გვახედებს რომანის სამყაროში; აბსურდივითაც კითხულობს ბულგაკოვს;

აბსურდივით, რომელიც სიკვდილს კი არ გვაჩვევს, არამედ მოგვიწოდებს, ვისწავლოთ სიცოცხლე; ოღონდ, სიცოცხლე – გაუგებარ სამყაროში… იქნებ, ამიტომაც არ აღიქმება ეს გრაფიკული პარაფრაზები ტრაგიკულად?! ტრაგიკომიკურად – კი ბატონო! დანიილ ხარმსს აქვს ერთი ლექსი – „Молитва перед сном“; პოეტი ღმერთს შესთხოვს: „Разбуди меня сильного к битве со смыслами“. მგონი, მალაზონიაც ასევეა გამობრძმედილი საზრისებთან ბრძოლაში; მენიპეურობის რაღაც ბახტინისეული პეწით გვთავაზობს თავისი ილუსტრაციების სიუიტას; ფანტაზიაც, როგორც წესი, მობილიზებული აქვს: იცის, რა წაიკითხა და რა უნდა დახატოს! მიმეზისური ტაბუ იმთავითვე დადებული აქვს მხატვარს; პარადოქსებიც მოხელთებული აქვს. რომანის პერიპეტიებს გვერდიდან უყურებს; და ზემოდანაც დასცქერის ბულგაკოვისეულ რეალიებს… არადა, ისიც იცის, რომ მის ზემოთ მწერალია; მწერალი და არა-ოსტატი… მწერალი მიხეილ ბულგაკოვი, რომელსაც არ უნდა გადაუხვიოს; ანდა, გადაუხვიოს ისე, რომ რომანს არც ეზოთერიკა დაეკარგოს და არც ეგზოთერიკა… ბულგაკოვი ყოველ ნაბიჯზე „ხაფანგს“ უგებს მკითხველს; მით უფრო – მხატვარს… და მალაზონიაც, როგორც გამოცდილი „ავანტიურისტი“, მოხერხებულად აღწევს თავს ამ ხაფანგებს; მხატვრის ნარატივი რაღაც პლანეტარულ სივრცეში ხდება; ესაა სამყარო, სადაც ექსტერიერში ინტერიერი გამოსჭვივის და ინტერიერში – ექსტერიერი ილანდება… სამყარო, რომელსაც ოსტატისა და მარგარიტას ორი პროფილი აკვირდება… მულტიპლიცირებული ცხოვრებაა დახატული მალაზონიასეულ „ოსტატსა და მარგარიტაში“. უყურებ და კიდეც სცნობ და კიდეც ვერა სცნობ! ერთი გრძელი ზმანებასავითაა! და მაინც, იჯერებ, რომ ბულგაკოვიც სწორედ ასეთ – ძილ-ბურანში მოხილულ სინამდვილეს გულისხმობდა; რაღაც გნოსტიკურ (ი)რეალობას…

იჯერებ, რომ საკუთრივ ასეთ სამყაროს შეუძლია გაუმკლავდეს ქაოსს; რომ ასეთი სამყაროა მოსაწყობი (და გადასაწყობი) საგნებით… მალაზონიაც ასევე ავსებს საგნებით სიცარიელეს; ასე ავსებს სიცარიელესაც და უფსკრულსაც… რომანტიკული და კარნავალური საწყისების მონაცვლეობით სუნთქავენ ეს „სურათები“. მოუხელთებელი სტილური ვარიეტეა გამეფებული მათში. რომანის „ამოყირავებულ“ სამყაროს მხატვარი არაიაფფასიანი კულბიტებით წარმოგვიდგენს; მთელი იკონიკური ფეიერვერკია: სიცხადისა და მოჩვენების ზღვარზე მყოფი, შეტორტმანებული (ი)რეალობა დროგამოშვებით მშვიდდება, ცხრება და მომავალი პასაჟის „სასპენსისთვის“ განაწყობს დამთვალიერებელს; დამთვალიერებელს, რომელიც მკითხველიცაა (ანდა, პირიქით!)… მხატვარი ბიბლიური რეცეფციების პარალელურად სოვოკური ყოველდღიურობის პასეისტურ ხატებსაც გვთავაზობს; პონტიუს პილატეს ერშალაიმის პარალელურად „გრიბოედოვის სახლს“ ხატავს. ორი რამ რჩება უცვლელი: ინტიმიზაცია და გაუცხოება! გაუცხოება (острнанение) – ბრეხტისეული გაგებით; და გაუცნაურება (отстранение) – შკლოვსკისეული გაგებით; თუმცა, ზედმეტ „გირებსაც“ ნუ დავკიდებთ ამ ილუსტრაციებს! აკი მივანიშნე: მხატვარი არასოდეს ამძიმებს თავის ოპუსებს; მსუბუქად, ოღონდ, არა მჩატედ, ასურათებს ბულგაკოვის რომანს. სიმსუბუქე საგნის თვისებაა; სიმჩატე – სიცარიელისა… მალაზონიას ენა კი საგნობრივია; უფრო ზუსტად – ნივთიერი… ლიტერატურის ნივთიერებასაც სწვდება ოსტატი (ამ შემთხვევაში – მალაზონია!); იმ ალქიმიურ შენადნობს, ბულგაკოვი რომ ხარშავს თავისი ფანტაზმების კოლბაში… „ეშმაკი დეტალებში იმალებაო“ და ოსტატიც (ისევ მალაზონია!) დეტალებში ეძებს რომანის ინფერნალიათა კოდებს; ეშმაკური ღიმილითვე ავყავ-ჩავყავართ „მრავალსართულიანი“ რომანის კიბეებზე; ზოგჯერ ყოვნდება კიბის საფეხურზე და ოსტატის ფიქრებში იძირება… მერე ისევ თავაწყვეტილი გარბის, რათა თავისივე ოპუსის გმირად გარდაისახოს და არბატზე გადააწყდეს ქალს; საზიზღარი და საგანგაშო ყვითელი ყვავილებით ხელში… „ოსტატი და მარგარიტა“ მალაზონიას გემოვნების რომანია; მისი ჰორიზონტის რომანი;

 

1 2 3 4 5 6 7 8