რაც უფრო საგნობრივად „კითხულობს“ მხატვარი გოგოლის „შინელსა“ თუ „ცხვირს“, მით უფრო ინტერპრეტატორულ სივრცეს აღმოაჩენს ამ ტექსტებში, მით უფრო დამაჯერებლად აღწევს გამოსახულების ემანსიპაციას ამ ტექსტისაგან და გაცილებით მეტ საფუძველს გვაძლევს, ვილაპარაკოთ სურათის პარადოქსულ „შინაგან ლოგოსზე“. მალაზონია ზუსტად იხელთებს თხზულების თემას და უმალ გადაჰყავს პლასტიკურ ლაიტთემაში; მერე შესატყვის მოტივს პოულობს და ლაიტმოტივზე გადააწყობს… მალაზონიას ისტორიზმის არაჩვეულებრივი შეგრძნება ახასიათებს; როგორც „დიდი დროის“, ისევე ლოკალური დროის შეგრძნება… ამ ორი „დროის“, ორი ტემპორალობის სინთეზია გამომცემლობა „Редкая книга“-ს დაკვეთით შესრულებული კაპიტალური მეტაწიგნის – ა. ხაჩატურიანის ბალეტ „სპარტაკის“ დასურათება. ძველი რომის მთელი „ბრწყინვალება და სიღატაკეა“ გადმოფენილი ამ სერიის იკონოლოგიურ პარტიტურაში; ოსტატი ავტოციტირებასაც მიმართავს და ისტორიული ქრონოსის რეპრეზენტაციის მიზნით ახალ სამშენებლო ტყეებსაც ჩეხს; მუსიკალურ კლავირში ჩართული ფოლიანტების ქრონოტოპში ძველი რომის დიდი გრძლიობების დროსაც იხილავთ და ყოველდღიურობის შენელებულ პასაჟებსაც… რეგულარულ კომპოზიციაში უეცრად გაიელვებენ ეპიზოდები, რომლებშიც, თითქოსდა, თავის თავს ჩამორჩენილი ანდა წინმსწრები დროა გათამაშებული; ცალკეულ სურათთა კომპოზიციური გრაფიკიც ტემპორალურ შკალათა უნისონის რეპრეზენტაციაა. მალაზონია უზუსტესი „თვალით“ გვაჩვენებს კადრულ (თუ მიზანკადრულ) დიფერენცს, სასურათე სიბრტყეზე გათამაშებული პარტიტურით რომ გვთავაზობს და ყოველ ცალკეულ ოპუსში ირჩევს იმგვარ მონტაჟულ ნასკვს, რომელშიც მაქსიმალური სივრცული ტევადობით გამჟღავნდება „დროითი ძვრა“; კვლავაც „კომპოზიტორის“ იშვიათი ტეხნეთი მიმართავს მაესტრო მალაზონია „რაპორტის“ პრინციპს – ნახატის ძირეული ელემენტის განმეორებით იკონემას; ესაა გამოსახულება, ცენტრალური მოტივიდან რომ ამოიზრდება და მეზობელ მოტივთან ინტერვალით მდიდრდება… „მდიდრულობა“ – აი, მალაზონიას ესთეტიკის (გნებავთ, ესთეტიზმის) კიდევ ერთი თვისება! გამოსახულების „სათამაშო მოედანი“ ამ „წიგნშიც“ ზუსტადაა მონიშნული; და ესეც „რაპორტს“ სჭირდება – ჰორიზონტალებისა და ვერტიკალების განმეორებებით ხომ უფრო კონცენტრირებულად იკითხება ვიზუალური ტექსტი?!

ჰორიზონტალი, როგორც კომპოზიციის „ცივი“ საფუძველი, ვერტიკალზე „თბება“, მოკლე ტაქტებით იძლევა დინამიურობის მესიჯს და ერთდროულად აღძრავს მაყურებელში სიმსუბუქის, აჟურულობის, სიღრმისა და სიმაღლის ილუზიას; ერთგვარ კვარცხლბეკზე აჰყავს მოქმედება და ექსცენტრიულობის მიუხედავად, რაღაც ამაღლებული ისტორიული დისტანციით მოსავს სურათოვან სცენას. მალაზონია ასეთი „სცენების“ კომპოზიტორიცაა და კონსტრუქტორიც; ასეთი სცენების კომპოზიციაცა და კონსტრუქციაც მხატვრის „რაციოთია“ მოწესრიგებული; კონსტრუქცია ამჯერადაც გუაშისა თუ პასტელის ქრომატიზმზე „დამატებული“ გრაფიტის ტაქტილური მთლიანობის სფეროს გამოხატავს, კომპოზიცია კი ტემპორალურად მიგვიძღვება სივრცული ხატისაკენ… ულამაზესი სანახაობაა დამატებით ფერთა კორექტული და იმავდროულად უზადო გემოვნებით მოხმობილი კონტრასტი, ტონალური შრეების აბსოლუტური ფერწერული სმენით განლაგება; პლუს კულტურული ეპოქის „ისტორიული რეგისტრის“ გრძნობა. არც ერთი მკვდარი პუნქტი! თითოეული კომპოზიცია იმგვარადაა აგებული, რომ ადგილთა, როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამიც, ანუ მთლიანი მხატვრული სისტემაც იცვლება. კომპოზიციურ ლაკუნათა გამოხშირვა სემანტიკური სიმჭიდროვის ეფექტს წარმოშობს; იმ გაგებით, რა გაგებითაც ლაპარაკობენ ხოლმე სალექსო რიგის სიმჭიდროვეზე. სემანტიკური სიმჭიდროვითვე ხასიათდება „ფსალმუნები“, „მათეს სახარება“, „ვეფხისტყაოსნის“ თხუთმეტი სურათი“… ამ ფუნდამენტურ ციკლებში მხატვარი ერთდროული ვიზუალურ-კადრული რეგისტრებით წარმოგვიდგენს გამოსახულების რიტმულად ორგანიზებულ დროსივცეს. კომპოზიციის თითოეული სეგმენტი მნიშვნელობას იძნეს იმდენად, რამდენადაც არქიტექტონიკული ჰარმონიის პირობადაც გვევლინება და მოდულაციური ინტონირების მომენტადაც. ასე იგება გამოსახულება ფარდობითობისა და ინტეგრაციის ნიშნით, რასაც, ისევ და ისევ, დეტალების პრეციოზული დამუშავებით ავლენს ოსტატი. რაც უფრო მეტად წყალობს „დეტალის ღმერთი“, მით უფრო გვიპყრობს მთლიანი ხიბლის ილუზია. ყოველივე ამას მალაზონია გამოსახულების „რეგულარული ველით“ აწესრიგებს. „სპარტაკში“ მალაზონია ზუსტად გრძნობს ოპუსის ფორმატს, როგორც, ერთი მხრივ, გამოსახულების არამიმეტული კომპონენტს, ხოლო მეორე მხრივ, სასურათე სიბრტყის უნიტარულ ფორმას, კომპოზიციური ველის რიტმული სტრუქტურით, ნაწილთა სივრცული არტიკულაციითა და ექსპრესიული აქცენტებით რომ განიზომება; ხაზობრივ-ქრომატული ვერსიფიკაციით ირჩევს „იდეალურ“ მეტრიკას, როგორც გამოსახულების რეგულარულ ველში იკონიკური ნიშნის ძლიერ და სუსტ პოზიციათა წონასწორობას. ასევე დამოუკიდებელ თემად გვთავაზობს მხატვარი თავად აღქმის ხატს (ანდა, აღქმას, როგორც ხატს), რომელიც დაკვირვებისათვის, „გარედან“ პერონაჟის, როგორც მჭვრეტელისა და თავისებური ავტოინტერპრეტატორის ზურგიდანაა დასაშვები („პერ-გიუნტი); ესაა პლასტიკურ-ნარატიული ექსპოზიცია, რომელსაც ავტორი მეოცნებე-ნოსტალგიური ჩარჩოთი გვთავაზობს. ლაპარაკია „ვითომობის“ პოზიციაზე, მხატვარი ვირტუალური მაყურებლის კადრში მოყვანით რომ გვამცნობს და ყოველგვარი რომანტიკული თხრობის გარეშე შევყავართ სიტუაციაში. მალაზონია პლასტიკურ მეტაფორათა თუ მეტონიმიათა მაესტროა. მისი ლიტერატურული „სურათების“ ტროპული რეპერტუარი ამოუწურავია. და ეს რეპერტუარი იშვიათად მეორდება. მას უყვარს „ტექსტი ტექსტში“, „სურათი სურათში“, „სცენა სცენაში“, „კადრი კადრში“… ი, მთელი რიტორიკული ანსამბლი, რომელსაც მხატვარი ჩვეული რეპრეზენტაციული კომპლექსურობით გვიჩვენებს; ყოველივე ამას დავუმატოთ ფარული ციტირებისა თუ დეციტირების პრინციპი, როდესაც ციტატა გადაიზრდება რემინისცენციაში, რემინისცენცია – პლერომაში და ერთი თვალის შევლებით წარმოგვიდგება უჩვეულო ინტერტექსტუალური სპექტრი – დაწყებული პრეისტორიული პიქტოგრამებით, დამთავრებული პაულ კლეეთი. ყველაფრის თავი და თავი მაინც პოეზიაა. ფერწერის ორიენტაცია პოეზიაზე რიტორიკული ტიპის კულტურითაა განპირობებული; აქ ყველაფერი სიტყვით რეგულირდება. ესაა სწორება სიტყვაზე – სიტყვაზე „დაჭერა“. მალაზონია, როგორც ნეოავანგარდისტი, უარყოფს სახვით „ჟურნალისტიკას“ და თავის არტისტულ ბედს ტრანსკულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებულ სიტყვიერებას უკავშირებს; და ამ მხრივაც ქარწყლდება ზერელე წარმოდგენა იმის თაობაზე, თითქოს თავისი „არასაკუთრივი“ მნიშვნელობებით ევროპული მხატვრობა საკუთრივ ლიტერატურისგანაა დავალებული და ამ „საპალნისაგან“ გათავისუფლება მხატვრობას მაშინ მოუხდა, როდესაც იგი აღუდგა სიტყვის დიქტატურას. მალაზონიაში უცნაურად თანაარსებობს არქაისტი და ნოვატორი, კონსერვატორი და მოდერნისტი;

 

1 2 3 4 5 6 7 8