„ … თავიდან ამ ყველაფერს რაღაც უჩვეულო ელფერი გადაჰკრავდა –

რომანტიულიც, პატრიოტულიც & სიმბოლურიც,

მაშინ, იმ ტალღაზე, ეს იყო თავმოყვარე მოქალაქის

ლოგიკური და უკიდურესი პერფორმანსი,

აღფრთოვანებას რომ იწვევდა შეშინებული და

გაუბედავი ხალხის თვალში. თავიანთი შიშის და სიმხდალის

კომპენსაციად თვლიდნენ ისინი შენს თამამ ქმედებას.

 

შენ ეს მოგწონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ავლენდი,

თუმცა ყოველ ღამე, ძილის წინ, ფიქრობდი ნათელ მომავალზე,

რომელიც სულ მალე დადგებოდა, ქვეყნიდან ხელმეორედ

გადახვეწილი პრეზიდენტიც დაბრუნდებოდა (ვიღაცები

რიხით ამბობდნენ, პრეზიდენტმა თავი მოიკლაო,

მაგრამ სიცილად არ გყოფნიდათ შენ და შენიანებს),

პირველად სწორედ აქ მოვიდოდა, ამ შენს მოსაცდელში,

როგორც ტაძარში, გაუტეხლობის, ურყევი რწმენის და

თავისუფლების, გულში ძმასავით ჩაგიკრავდა,

და მხოლოდ მერე დაიჩოქებდა კედელზე გაკრულ დროშასთან

და მოწიწებით ემთხვეოდა… ცრემლებს ვერ იკავებდი

ამ სურათის წარმოდგენისას, ასეთ დროს ისინიც კი

გებრალებოდა, აი, ის პუტჩისტები, ჭირივით რომ გძულდა…

 

თავიდან საკუთარ თავს უწოდე „მომცდელი“, და არა – „მომლოდინე“,

„ლოდინი“ თითქოს უსასრულობას გულისხმობს თავის თავში,

„მოცდა“ კი უფრო ხანმოკლედ ჟღერს. ნელ-ნელა, დროსთან ერთად,

რწმუნდებოდი, რომ შენი მოცდა გადაიზარდა ლოდინში,

მაგრამ არაფრით „მომლოდინობისთვის“ თავი არ გემეტება,

ამიტომ გულში დაირქვი ასე: „მარადი მომცდელი“…“

 

                                                                        

ჩემი ლექსიდან

 

 

შვიდი წლის ვიყავი, როცა დიმონ ცხონდია ჩვენი სოფლის ცენტრში მდგარ მოსაცდელში თვითნებურად შესახლდა. ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ. რომ იტყოდნენ, მოსაცდელში შესახლდაო, ვფიქრობდი, ალბათ სახლიდან გააგდეს მეთქი, და მშურდა კიდეც მისი, რადგან ძალიან მომწონდა ჩვენი მოსაცდელი. არ ვიცი, ვინ დააპროექტა, მაგრამ თავისი ეგზოტიკურობით მკვეთრად გამოირჩოდა სოფლის ცენტრში მდგარი სტანდარტული საბჭოთა არქიტექტურით აგებული შენობებისგან. თეთრი ქვით იყო ნაშენი, ჩინურ სტილში, წითელი კრამიტით გადახურული. ჯერ – ბაღში და მერე სკოლაში რომ მივყავდით ხოლმე, სულ მის ყურებაში ვიყავი, ჩავლისას აუცილებლად შევიდოდი და ავტობუსის მომლოდინე მგზავრებს მივუჯდებოდი გვერდით, ძალით გამოვყავდი მამაჩემს. მე და დედაჩემიც ხშირად დავლოდებივართ იქ სენაკის ავტობუსს. რაც დიმონ ცხონდია შესახლდა, წინა მხარე და ღიობები ფიცრებით იყო აჭედილი, ძველებურად ლამაზად აღარ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს იზოლირებულობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. მეგონა, შიგნით რაღაც დიდი და საიდუმლო ამბები ხდებოდა. „ – ახალაია, წიგნში ჩაიხედე, სულ ეზოსკენ ნუ გიჭირავს თვალი!“ – დამიკივლებდა დაფასთან მდგარი ელისო მასწავლებებლი. არცთუ სასიამოვნო პერსპექტივით დამფრთხალი, საჩქაროდ ისევ წიგნს ჩავაცქერდებოდი, საფეთქელი და კეფა წინასწარ მეწვოდა. ცოტა ხანში კი ისევ ოცნებები გამიტაცებდა და ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი. მოსაცდელში ყოველთვის დიდი სტუმრიანობა იყო, ხალხი შედიოდა და გამოდიოდა. ყველაზე ხშირად ქიმიის მასწავლებელი ნიუტონ ესაკია და ბიბლიოთეკარი ვარლამ გეგენავა სტუმრობდნენ დიმონ ცხონდიას ახალ სამყოფელს. წარმოვიდგენდი, რომ მეც უპრობლემოდ შემეძლო იქ შესვლა და მათ საიდუმლო საქმეებში მონაწილეობის მიღება. ჩემს კლასელებს ფეხებზე ეკიდათ მოსაცდელიც და შიგნით დატრიალებული ამბებიც, ამიტომ საღეჭ რეზინზე შემოხვეული ფერადი სურათებით მიწევდა რომელიმე მათგანის მოქრთამვა, რომ გამომყოლოდა. მარტოც წავიდოდი, მაგრამ ვინმეს რომ დავეჭირე და პასუხი მოეთხოვა, თანამოზიარე ხომ უნდა მყოლოდა. ყველაფერზე და ყოველ წამს დასჯას ვიყავით შეჩვეულნი, თორემ არაფერს ვაშავებდი და რატომ უნდა მოეთხოვა ვინმეს პასუხი. უბრალოდ ახლოს მივდიოდით მოსაცდელთან და იქვე, ეკლესიის საძირკვლისთვის მოზიდულ რიყის ქვებზე ვსხდებოდით, ესეც მაკმაყოფილებდა.

 

 

 

1 2 3 4 5 6