დანართი1:

 

ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „სამეგრელოს მოამბეში“:

 

ჟურნალისტი: – როდის დაიწყო ეს ყველაფერი, რამ გიბიძგათ ასეთი უკიდურესი ნაბიჯისკენ?

 

დიმონ ცხონდია: – იმ ყველაფერმა მიბიძგა, რაც მოხდა. ღამეები არ მეძინა. ბოლოს მივხვდი, რომ რამეს თუ არ მოვიმოქმედებდი, ჭკუიდან შევიშლებოდი. მახსოვს, 1994 წლის 8 მარტი თენდებოდა, აივანზე თუთუნს ვეწეოდი, სოფლის ცენტრს გავხედე, მაშინ აქ ეკლესია არ იდგა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს მოსაცდელი იყო. ოთახში შევბრუნდი, ცოლი გავაღვიძე და ვილაპარაკეთ…

ჟურნალისტი: – ადვილი საუბარი არ გექნებოდათ…

დიმონ ცხონდია: – ცხადია, არა. სერიოზული ლაპარაკი გვქონდა, ავუხსენი, რომ სხვანაირად აღარ შემეძლო. მერე დერეფანში აყუდებული გასაშლელი საწოლი, აი, „ლეჟანკას“ რომ ვეძახით, ეგ და ადიალა ავიღე და მოსაცდელში დავწექი. მახსოვს, პირველმა ნაპო ახალაიამ ჩამოიარა, ცხონებულმა, საქონელს ჭალაში მიერეკებოდა. გაუკვირდა, ეგონა, რაღაც მოხდა. თუმცა იმაზე მეტი რაღა უნდა მომხდარიყო, რაც ქვეყანას დაატყდა თავს. მთელი გაზაფხული და ზაფხული ფარღალალაში ვცხოვრობდი, როცა აცივდა, მერე ავაკარით ფიცრული კედლები, ყველა მეხმარებოდა.

ჟურნალისტი: – როგორც ვიცი, ახლაც არ გაკლებენ ყურადღებას…

დიმონ ცხონდია: – მართალი ბრძანებაა. ყველასი დიდად მადლობელი ვარ. ყოველთვის სხვის მისახედად ვის სცალია დღევანდელობაში, მაგრამ ცდილობენ, რომ ყურადღება არ მომაკლონ. წამლებია, შეშაა დასაპობი… ამ სიცივეში წოლამ ადრე მომტეხა, ჯანი აღარ მომდევს, თორემ სხვისი შემყურე არასდროს ვყოფილვარ.

ჟურნალისტი: – წამლები ახსენეთ. რამდენადაც ვიცით, სახელმწიფოს მხრიდან ყველა სახის დახმარებაზე უარს ამბობთ, პენსიასაც კი არ იღებთ.

დიმონ ცხონდია: – პირველი კანონიერი მთავრობის დამხობის შემდეგ მოსული ყველა მთავრობა ხუნტის ნაშიერია, ანუ უკანონოა. ყველა მათგანი, დღევანდლის ჩათვლით, ანტიეროვნულია. ერთი კაპიკიც კი არ ამიღია არასდროს ჩემი კუთვნილი პენსიიდან, რაიონის ცენტრში უპატრონო ბავშვთა სახლია და იმათ აძლევენ, ჩემი თანხმობით, რა თქმა უნდა. დახმარება კი არა, აქაც არ მაყენებენ, გაგდებას მიპირებენ.“

 

დანართი2:

 

წარწერა წიგნზე – „სული აღმაშენებელი“, რომელიც აჩუქა ვარლამ გეგენავამ დიმონ ცხონდიას, მესამოცე დაბადების დღეზე: “ დიმონ! ჩემო ძმაო და კოლხო რაინდო! უკან პირნათლად გავლილი სამოცი წელია, წინ კი პირნათლად გასავლელი მომავალი. ჩვენ მთელი ყრმობა და მოწიფულობა, ვიდრე დღემდე, გვაწუხებდა და გვაწუხებს სამშობლოს ბედი, თუმცა ეს არ ყოფილა „სუფრული“ პატრიოტიზმი, ჩვენ მუდავ ვიდექით „იქ, სადაც ქარიშხალია“. შენ დღემდე ამ ქარიშხალში დგახარ, მე, რიგ და რიგ მიზეზთა გამო, ეს ვერ მოვახერხე, რისთვისაც ვითხოვ პატიებას… შენ რჩეული ხარ, რჩეულნი კი ცოტანი არიან. სამშობლოსთვის თავის გაწირვა მხოლოდ სიცოცხლის ფიზუკურ მოსპობას როდი გულისხმობს, შენ ისეთივე მასშტაბის ისტორიული გმირი ხარ, როგორებიც იყვნენ მღვდელი თევდორე, დემეტრე თავდადებული და სხვანი და სხვანი. ამას მომავალი ნათლად დაამტკიცებს, როცა შენზე ლექსები დაიწერება. ჩვენ მუდამ ვოცნებობდით, გვენახა იმ დიდი კაცის საქართველო, ვისზედაც ეს წიგნია, რომელსაც გიძღვნი, ზვიადის და მერაბის წინამძღოლობით ამ ოცნებას მივუახლოვდით, მაგრამ, ვაი, რომ მხოლოდ ნახევრად… ეჭვიც არ მეპარება, რომ დიდ ქართველთა ზეციურ დასში შენთვის უკვე შეგულებულია ღირსეული ადგილი. არ მგონია, რომ იმქვეყნად შეგხვდე, რადგან იმ ზეციურ დასში ჩემნაირებს არაფერი ესაქმებათ, ამიტომ, სანამ ისევ ცოცხლები ვართ, ძმური მოწიწებით გკოცნი და გეხვევი! შენი ვარლამი“

 

პ. ს. როგორც ნიუტონ ესაკიამ მითხრა, იმ დღეს, როცა დიმონმა მოსაცდელთან ვარლამის კუბო ჩამოგვადგმევინა, დაფნის გვირგვინთან ერთად, თურმე, წერილიც ჩადო, მაგრამ მე ეს არ მინახავს.

 

 

დანართი3: ძველი ქართული ლიტერატურის მეცხრე კლასის ქრესტომათიაში დიმონ ცხონდიას ორი ლექსი ვიპოვე, ორ სხვადასხვა თაბახზე მისივე ხელით დაწერილი და ჟანგიანი დამჭერით შეკრული. აქედან პირველი, ასტროფული ფაქტურის მქონე, რელიგიურ-პატრიოტული კლიშეებით კონსტრუირებული, კომიკურობამდე მისული პათეტიზმით გამსჭვალული, ცალფარითმებიანი ლექსი 1992 წლის 5 იანვრით თარიღდება, ავტორს ზუსტი დროც მიუთითებია: ღამის 4 საათი და 19 წთ.  მეორე, კატრენებად დაყოფილი, ჯვარედინად გარითმული, მხატვრულად უფრო წელგამართული ლექსი უთარიღო და უსათაუროა, მხოლოდ ინიციალი აზის – „ლ-ს“. მე დიმონის ცოლის სახელი არ მახსოვს, მაგრამ ლექსის ლირიკული სუბიექტის ლირიკული ობიექტისადმი მიმართებას თუ გავითვალისწინებთ, ეჭვგარეშეა, რომ ადრესატი დიმონის ყოფილი ცოლია.

 

სამშობლოს მტრებს

 

თქვენ საქართველომ ძუძუ გაწოვათ,

თქვენ საქართველომ უბეში გზარდათ,

აწ კი აღმდგარხართ მის წინააღმდეგ

და ვერ ანსხვავებთ მტყუანს და მართალს.

რამ დაგიშრიტათ და რამ ჩაგიქროთ

სამშობლოს ტრფობა – ცეცხლი ძლიერი,

ნეტავ სად გაქრა, ან როდის გაქრა

ის სიყვარული ქრისტესმიერი,

რომელიც ყველა ქართველში ღვივის,

და რაიც თქვენში გამქრალა ისე,

რომ მისხალსაც კი ვერ მოიძიებ,

და ვერ მივმხვდარვარ მე ამის მიზეზს.

ჩვენ უნდა დავდგეთ ყველანი ერთად

და მოვიყვანოთ კვლავ განთიადი.

ამისთვის ოდენ ერთი გზა ვიცი:

გზაი მერაბის, გზაი ზვიადის!

ვერ მოგიტევებთ, ვერა და ვერა,

მოწყალეა დ აღმერთმა შეგინდოთ!

თქვენ, ჯოჯოხეთის კუპრის მხარშავნო,

თქვენ, ლუციფერის ბრმანო შეგირდნო!

 

ლექსში ორი ჩასწორებაა: მეორე ტაეპის მეორე ლოგაედის დაქტილური ტერფის პირვანდელი ვარიანტია „ცრემლებით“, რომელიც ავტორს გადაუხაზავს და ზედ წაუწერია „უბეში“. ასევე მეთხუთმეტე ტაეპის  პირველი ლოგაედი, სადაც წერია „საამისოდ კი“, გადახაზულია და წერია „ამისთვის ოდენ“. მეორე ლექსში არც ერთი ჩასწორება არ გვხვდება:

 

 

 

1 2 3 4 5 6