ჩემს კლასელს ერთი სული ჰქონდა, სკოლის ეზოში მოთამაშე ბავშვებს შეერთებოდა, მაგრამ მოვალეობის გრძნობა არ აძლევდა წასვლის საშუალებას, თან შესაშურად კარგად ვჩხუბობდი გაშლილი ხელებით და იცოდა, თუ გამექცეოდა, კარგი დღე არ დაადგებოდა. „ – წამო, რა, დაჭერობანა ვითამაშოთ!“ – მეუბნებოდა კლასელი. „ – მაშინ დამიბრუნე, რაც მოგეცი!“ – შეუვალი ვიყავი მე და მოსაცდელის სახურავზე დაშვებულ თოვლის ფანტელებს ავცქეროდი. „ – აჰა, შენ! აჰა, შენ! მასწავლებლის ნათქვამი რომ თხის პეტელი გგონია! დაველაპარაკო ერთი დედაშენს!“ – ისე მომწიწკნა თმა, საფეთქელზე და კეფაზე ერთდროულად, ელისო მასწავლებელმა, რომ ვიგრძენი, როგორ შერჩა ხელში ფოლიკულებიდან ამოგლეჯილი თმის ღერები. „ – თავიდან ბოლომდე ხმამაღლა და უშეცდომოდ წაიკითხე, რასაც გიხსნიდით, თორემ სულს ამოგართმევ!“ – მიბრძანა ელისო მასწავლებელმა და თითებში გაბლანდული თმის ღერები ზიზღით დაყარა ჩემს მერხზე. ცრემლით დაბინდული თვალებით ვცდილობდი ასოების გარჩევას, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა ელისო მასწავლებლის მოთმინების არცთუ მოცულობითი ფიალისთვის და კლასი დამატოვებინა. ცოტა ხანს შორიდან ვუყურებდი მოხალისე მუშებს, რომლებიც ეკლესიის საძირკველს თხრიდნენ, მაგრამ მალევე მომბეზრდა, სკოლის ეზოდან გავედი და მოსაცდელის წინ ავიარ-ჩავიარე, მერე კი გზის გადაღმა, სადრენაჟო არხის პარაპეტზე ჩამოვჯექი. მოსაცდელის წინა კედელში ჩატანებული ფანჯრის მიღმა ფარდა შეირხა, მაგრამ ჩავთვალე, რომ მომეჩვენა. კარგა ხანს ვიჯექი და შემცივდა. მუქი კვამლი, მოსაცდელის გვერდითა კედლიდან გამოყოფილი მილიდან რომ გამოდიოდა, კიდევ უფრო მიმძაფრებდა სითბოში ყოფნის სურვილს. ავდექი და სკოლისკენ წავედი, ის-ის იყო რკინის მესერზე უნდა გადავმხტარიყავი, რომ კარის ჭრიალი შემომესმა, სწრაფად მივიხედე, ღია კარში დიმონ ცხონდია იდგა. ხელით მანიშნა, მოდიო. იმის დასაზუტებლად, რომ მართლა მე მეძახდა, საჩვენებლი თითი მკერდზე მივიდე. ხო, შენო, დამიქნია თავი. გაუბედავად წავედი, ვიფიქრე, ალბათ მეჩხუბება, სულ აქ რომ ვტრიალებ მეთქი. კართან მისულს კეფაზე დამადო ხელი და შინ შემიყვანა. შევდგი თუ არა ფეხი, სასიამოვნო სითბო და თამბაქოს სუნი მეცა. „ – რა გქვია შენ?!“ – მკითხა დიმონ ცხონდიამ, როცა ღუმელთან, დაბალ ჯორკოზე დამსვა, თვითონ კი ზამბარიან ლოგინზე ჩამოჯდა. ბექა მქვია და ბადრი ახალაიას შვილი ვარ მეთქი, ვუპასუხე ცოტა თამამად, რადგან ჩანდა, ჩხუბს არ აპირებდა. მამაშენი ჩემი მოსწავლე იყო და ბაბუაშენისნაირი პატიოსანი კაცი ამ სოფელში ცოტა დადიოდაო, მითხრა. ერთიც ვიცოდი და მეორეც, მაგრამ მაინც მესიამოვნა ამ ყველაფრის მისი პირიდან მოსმენა. „ – რომელ კლასში ხარ?!“ – მკითხა და სიგარეტს მოუკიდა. „ – მეოთხეში.“ – ვუპასუხე და ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმულ ზვიად გამსახურდიას პორტრეტს ავაცქერდი. „ – ბექა, გაკვეთილზე რატომ არ ხარ?!“ – მაშინ ლოგიკური აზროვნების უნარი რომ მქონოდა, წინასწარვე მეცოდინებოდა, რომ ამას აუცილებლად მკითხავდა, მაგრამ რახან ამ უნარს მოკლებული ვიყავი, ეს კითხვა მოულოდნელი აღმოჩნდა, თავიდან დავიბენი, მერე უსუსურობის და დაუცველობის განცდა დამეუფლა, რომელსაც მალე სიბრაზეც დაემატა. ვბრაზობდი მასწავლებელზე, რომელმაც კლასიდან გამომაგდო, დიმონ ცხონდიაზე, რომელიც მიზეზით დაინტერესდა, და მშობლებზე, რომლებიც მიზეზს რომ გაიგებდნენ, სასტიკად დამსჯიდნენ. მოკლედ, ვბრაზობდი ყველაზე, საკუთარი თავის გარდა, თან კეფა და საფეთქელი ამტკივდა. ეს ყველაფერი ყელში მომაწვა, რაც მეტად ვცდილობდი, ჩამეყლაპა, მით უფრო მაწვებოდა და ბოლოს ვეღარ მოვითმინე: ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა, ეს ის სიმწრის ცრემლები არ იყო, საფეთქელზე თმის აწიწკვნის დროს თავისით რომ მოაწვებოდა ხოლმე თვალებს. არა, ეს  ნამდვილი, გულწრფელი ტირილი იყო. ზლუქუნით წამოვდექი და კარისკენ წავედი. დიმონ ცხონდია წინ გადამიდგა, ეტყობოდა, ასეთ რეაქციას არ ელოდა. „ – რა გითხარი, კაცო, ასეთი?! უბრალოდ გკითხე. თუ გინდა, ნუ მიპასუხებ, კაცო. კი არ გაძალებ.“ – მამშვიდებდა და თავზე ხელს მისვამდა, ჩანდა, არ იყო ასეთ ამბებს შეჩვეული, რაღაცნაირად ტლანქად გამოსდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვგრძნობდი, სრულიად გულწრფელად აკეთებდა და კიდევ უფრო მეტირებოდა.  ცოტა რომ დავმშვიდდი, სლოკინით მოვუყევი, რატომაც გამომაგდეს, არაფერი დამიმალავს. გაკვეთილზე მასწავლებელს ყურადღებით უნდა უსმინო, აქ კი მაშინ მოდი, როცა მოგინდებაო, დამარიგა და თავზე ხელი გადამისვა. ვერ ვიტყვი, რომ მისი რჩევა შევისმინე და მას შემდეგ მასწავლებლებს ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ ელისო მასწავლებელს აღარასოდეს დავუსჯივარ ბრუტალური მეთოდებით, მხოლოდ წყევლა-კრულვით იფარგლებოდა და აშკარა იყო, ეს თავშეკავება ლამის სომატურობამდე მისულ ტკივილად უჯდებოდა. „ – გამოკეტილია მანდ და იძლევა ბრძანებებს! ისევ დირექტორი ჰგონია თავი!“ – იკივლებდა ხოლმე და ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდა და ვის გულისხმობდა. მხოლოდ მერე გავიგე, თურმე დიმონ ცხონდიამ ნიუტონ ესაკიას პირით შეუთვალა, მაგ ბავშვს ნუღარ სცემ, ძალიან ნერვიული და მგრძნობიარე ჩანსო. „ – თითქოს თვითონ არასდროს უცემია ბავშვები!“ – არ ცხრებოდა ელისო მასწავლებელი და მართალიც იყო. როგორც უფროსებისგან მსმენოდა, დიმონ ცხონდიას ბავშვის დასჯის ერთობ ორიგინალური მეთოდი ჰქონდა შემუშავებული: დასჯის ობიექტი მის წინ უნდა დამდგარიყო თავდახრილი, ხელები ზურგს უკან უნდა დაეწყო და მარჯვენა ფეხი წინ წაედგა. ობიექტი რომ არ გაქცეულიყო, დიმონ ცხონდია გამოწეულ ფეხზე მარცხენა ფეხს დააბიჯებდა დ ალოყაზე გაშლილ ხელს ულაწუნებდა, დარტყმის რაოდენობა დანაშაულის მისეულ კვალიფიკაციაზე იყო დამოკიდებული. ობიექტი თავს უკან თუ გადაწევდა, დიმონ ცხონდია შუათითის ზედა სახსარგამოწეულ მუჭს სადღაც კუჭის თავსა და ღვიძლს შორის ისე ამოარტყამდა (საშურად იცოდ აანატომია, თუმცა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა), რომ ობიექტი ეგრევე წინ იხრებოდა და კარგა ხანს სუნთქვა ეკვროდა. “ – მტრისას, ისე ამოგცხებდა. მაგრამ სწორი იყო, მოსწავლე არ უნდა გაათამამო!“ – ამბობდა მამაჩემი. „ – კარგი, რა, მაგან დანდობა არ იცოდა!“ – არ ეთანხმებოდა მამიდაჩემი. „ – რა ვიცი, საერთოდ არ ჩანს ეგეთი კაცი!“ – ახლადამოღებულ ღომში სულგუნის ნაჭრებს დებდა დედაჩემი. მე კი იმ წამს მოვრჩი საშინაო დავალებას და ერთი სული მქონდა, გარეთ გავვარდნილიყავი. წინა დღეს ეზოს კუთხეში ხემყრალის წვრილი ვარჯებისგან პატარა მოსაცდელი ავიშენე და ხაკისფერი ბრეზენტით გადავხურე, სახურავის მოყვანილობა ნამდვილი მოსაცდელის სახურავისას მივამგვანე. ის კი არა, გვერდით ავტოავარიის დროს დაღუპულთა მოსაგონარი ნიშიც კი აღვმართე. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი და ერთ-ერთი ჟურნალის მოხეული გარეკანი მიმქონდა, რომელზეც ზვიად გამსახურდიას პორტრეტი იყო გამოტანილი, კედელზე უნდა გამეკრა, როგორც იქ, ნამდვილ მოსაცდელში. მართალია, იქ პორტრეტის გვერდით დროშაც ეკიდა, მაგრამ ეგ არაფერი, სკოლიდან დროშის აწაპვნასაც ვგეგმავდი. ვიჯექი ჩემს მოსაცდელში, თებერვლის მილეული მზე ალვებს მიღმა ჩადიოდა, ორღობეში კი ძროხები ბღაოდნენ.  დიმონ ცხონდიასავით, წარმოდგენა არ მქონდა, რას ვუცდიდი, მასავით შორიდან გავცქეროდი ჩემს ნამდვილ სახლს, იმ განსხვავებით, რომ ჩემს სახლში ჩემიანები ისხდნენ გახურებულ ღუმელთან, მის სახლში კი სრულიად უცხოებს დაედოთ ბინა. დიმონ ცხონდიამ თავისი სახლი აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახს აჩუქა, რითიც მეზობლად მცხოვრები უფროსი ძმა და საბიძაშვილო სამუდამოდ დაიმდურა. სანამ სახლს გააჩუქებდა, ცოლი გაექცა. ქალი რამდენიმე თვე მოთმინებით ელოდა მოსაცდელში გადაბარგებულ ქმარს, მაგრამ ჩანდა, დიმონ ცხონდია სახლში დაბრუნებას არ აპირებდა. „ – ან სახლში დაბრუნდები, ან წავალ!“ – კატეგორიულად განუცხადა ბოლოს. „ – მე აქ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ, შენ უნდა ხვდებოდეს ამას!“ – მედგრად დადგა დიმონი. „ – რომელ საქმეს?!“ – ფარ-ხმალს არ ყრიდა ცოლი. „ – კანონიერი ხელისუფლების დამხობას ვაპროტესტებ, ვშიმშილობ!“ „ – როგორ შიმშილობ, როცა მალულად ჭამ ხოლმე?!“ – იმედი ეწურებოდა ცოლს. „ – აბა, ხო არ მოვკვდები, შე შობელძაღლო!“ – ლოგინიდან წამოხტა დიმონი. „ – ისიც ხომ იცი, რომ ამ შენს პროტესტს არანაირი შედეგი არ მოჰყვება?!“ „ – მე ჩემსას ვაკეთებ! ჩემს ვალს ვიხდი სამშობლოს წინაშე! მიზანს აუცილებლად მივაღწევ!“ „ – კარგად იცი, რომ ზვიადის მომხრე მეც ვიყავი, მაგრამ ყველაფერი დასრულდა! შეხედე შენს მეგობრებს, თავიდან ცოტა ხანს, თავის მოსაჩვენებლად, მოგიჯდნენ გვერდით და დაბრუნდნენ მერე სახლებში. შენ რატომ იხდი თავს სასაცილოდ?!“ –  იმედის ნარჩენებს ებღაუჭებოდა ცოლი. „ – ვისაც ეცინება, იცინოს! მე ჩემი მიზანი მაქვს!“ „ – რას დაიჩემე ეს მიზანი! რა მიზანი! ითხოვ, პრეზიდენტად დააბრუნონ ადამიანი, რომელიც მკვდარია!“ – საბოლოოდ გადაეწურა იმედი ცოლს და ბოლომდე თქვა სათქმელი. „ – ვინაა მკვდარი, შე „სუკის“ აგენტო?! შენც მიგიმხრეს, არა?! ყველა მხრიდან მებრძვით, ხომ?! გაეთრიე და აღარ დამენახო!“ – იყვირა დიმონმა და რვაფეხა-საფერფლე კედელს მიალეწა. ბოლომდე სჯეროდა, რომ ცოლი არსად წამსვლელი არ იყო, მაგრამ მწარედ შეცდა, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეში. იმ საღამოს ცოლმა აიკრიფა გუდა-ნაბადი და დედ-მამასთან წავიდა, დარწმუნებული იყო, რომ დიმონი მალე მოეგებოდა გონს. რამდენჯერმე ცოლისძმები ესტუმრნენ დიმონს, ვითომ მოსანახულებლად, სინამდვილეში კი იმის გასაგებად, რას აპირებდა. პირდაპირ კითხვას ვერ უბედავდნენ, მაგრამ აშკარა იყო, რისთვისაც დადიოდნენ. სახლში ქმარს გაცილებული დის ყოლა არც ისე საამაყო ჩანდა ხალხის თვალში, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი ყველამ კარგად იცოდა. მაშინ დიმონ ცხონდიას ამბავი მეზობელ რაიონებში კი არა, საქართველოს ყველა კუთხეში სმენოდათ. ისევე, როგორც ჩვენთან, ცოლის სამეზობლოშიც დიმონს ბევრი ამტყუნებდა, მაგრამ უფრო მეტი მისი ცოლის წინააღმდეგ იყო, ეტყობა, ქმართან ყოფნა არ უნდოდა და გასაქცევ მიზეზს ეძებდა, თორემ დამჯდარიყო სახლში და დალოდებოდა, ან სულაც გვერდით მისჯდომოდა ქმარსო, ამბობდნენ. პირველ ხანებში, სიბრაზემ რომ გადაუარა, ამაზე ცოლიც ფიქრობდა და ორჭოფობაში ათენებდა ზამთრის გრძელ ღამეებს, სადღაც შუაღამით თავის თავს პირობას აძლევდა, რომ დილით ქმართან დაბრუნდებოდა, მაგრამ ინათებდა თუ არა, ისევ სიჯიუტე იწყებდა მასში მომძლავრებას. სინდისი ქენჯნიდა, როცა გაყინულ მოსაცდელში შეყუჟულ, გაძვალტყავებულ ქმარს წარმოიდგენდა, შეიკეტებოდა თავის ოთახში და ტიროდა, მაგრამ რა ექნა სიამაყისთვის. შუაღამიდან დილამდე კი იმაზე ორჭოფობდა, თავიანთ სახლში დალოდებოდა ქმარს თუ ისიც მოსაცდელში შესახლებულიყო, ეს უკანასკნელი უფრო რომანტიულად გამოიყურებოდა. ბოლოს და ბოლოს, ხან იქ ვიცხოვრებ და ხან იქო, ფიქრობდა და ამ ორჭოფობაში გაზაფხულიც დადგა, ლებარდედან მობერილი ნელთბილი ნიავი ტყემლის და ატმის ყვავილებს ძირს ყრიდა მისი ფანჯრის წინ. ახლა, ღამ-ღამობით, უფრო ნაკლებად ეციებოდა ქმრის სამყოფელში. შემდეგ ზაფხულიც მოვიდა, სიბრალული საბოლოოდ გაუქრა და ისევ სიბრაზე დაეუფლა, მაგრამ შემოდგომის სიცივეების დადგომისთანავე ისევ მორბილდა, თუმცა სიჯიუტეს ვერაფრით სძლია. ქმარზე არანაკლებ ჯიუტი იყო. მათ სიჯიუტეზე ლეგენდები დადიოდა. კიდევ კაი, შვილი არ ჰყავთ, თორემ სიჯიუტე მისი გენახაო, ამბობდნენ ხოლმე. ერთხელ დიმონმა სანახევროდ სძლია სიჯიუტეს, ყოველ შემთხვევაში, ცოლთან მიმართებაში. ახალი წლის ღამე იყო. ის, ნიუტონ ესაკია და ვარლამ გეგენავა მოსაცდელში ისხდნენ და ღვინოს სვამდნენ. სმა დიდად არც ერთს არ უყვარდა, ამიტომ მხოლოდ ორი ლიტრი ადესა ედგათ მაგიდაზე. თამადად დასმულმა ვარლამ გეგენავამ მეგობრის, მომცდელი მასპინძლის, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ცოლების და, საერთოდ, მდედრობითი სქესის სადღეგრძელოს დელიკატურად აუარა გვერდი და მესამედ დააპირა გაბრწყინებული და გაერთიანებული საქართველოს სადღეგრძლო, როცა შექეიფიანებული დიმონ ცხონდია მაგიდიდან წამოდგა. „ – უნდა წავიდე… ვნახავ მაინც…“ – თქვა და თითქოს მეგობრებისა რცხვენიაო, მიტრიალდა და, თავჩახრილი, ლოგინის საზურგეს ორივე ხელით ჩამოეყრდნო. უთქმელად მიხვდნენ, ვის გულისხმობდა. ნიუტონმა თავის შინდისფერ „მოსკვიჩში“ შავი დღისთვის გადანახული ბენზინი ჩაასხა და გაუდგნენ გზას მარტვილისკენ, დიმონის ცოლოურებში. მთვარიანი ღამე იყო, ახალი წლის ღამისთვის სრულიად შეუფერებელი. გზაში არც ერთი ხმას არ იღებდა. მხოლოდ სოფელ დღვანასთან, როცა ჩაის ბუჩქებიდან გამომძვრალმა თეთრმა მელამ მანქანას წინ გადაურბინა, ვარლამმა გაიხუმრა, თეთრი მელაღა გვაკლდა ბედნიერებისთვისო. „ – დააბრუნე მანქანა!“ – თქვა დიმონმა, როცა მარტვილის ცენტრში შედიოდნენ. „ – რატომ, რა მოხდა?!“ – გაუკვირდა ნიუტონს. „ – არავის ნახვა არ არის საჭირო!“ – გვერდზე იყურებოდა დიმონი. „ – ამხელა გზა ტყუილად გამოვიარეთ?!“ – რატომღაც ნიუტონს ჰკითხა ვარლამმა. „ – თუ ჩემთან ხართ, ბოლომდე იყავით!“ – ისევ ფანჯარაში იყურებოდა დიმონი. „ – შენ როგორც გირჩევნია!“ – მოატრიალა მანქანა ნიუტონმა. დიმონის ბოლო სიტყვებმა მასაც და ვარლამსაც დანაშაულის გრძნობა განუახლა. „თუ ჩემთან ხართ, ბოლომდე იყავით! ბოლომდე იყავით! ბოლომდე! ბოლომდე! ბოლომდე! ბოლომდე!“ – განუწყვეტლივ იმეორებდა თითქოს მანქანის ძრავაც. როცა დიმონი მოსაცდელში შესახლდა და შიმშილობა დაიწყო, ნიუტონიც და ვარლამიც შეურთდნენ, მაგრამ ეს სოლიდარობის ერთჯერადი, მოკლევადიანი დემონსტრირება იყო, რადგან მათაც და პირველი პრეზიდენტის სხვა მხარდამჭერებსაც, რომლებიც მოსაცდელში დადიოდნენ ხოლმე, კარგად ესმოდათ, რომ ამ გზით ბრძოლის ბედის მათ სასარგებლოდ შემოტრიალება შეუძლებელი იყო, ამიტომ ერთი თვის შემდეგ ნიუტონი და ვარლამი სახლებში დაბრუნდნენ. ნიუტონ ესაკია: „ – ასე გადავწყვიტეთ ჩვენ, სამივემ. ვითათბირეთ. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ჩვენში ყველაზე უფროსი დიმონია, შემდეგ მე მოვდივარ და შემდეგ იყო ცხონებული ვარლამი. საწყალი, ყველაზე უმცროსი იყო და ყველაზე ადრე წავიდა… ათასი ჭირი და ლხინი გამოგვივლია, ათას გამოცდას გაუძლო ჩვენმა ძმობამ ისე, რომ პატარა ხინჯიც არ ჩაგვრჩენია გულში. ძმობა-მეგობრობასთან ერთად მირონიც გვქონდა, მე დიმონის მეჯვარე ვარ, დიმონი ვარლამის მეჯვარე იყო, ვარლამი – ჩემი. ასე იყო… ახლა მე და დიმონი შევრჩით ერთმანეთს. დიმონი იქ დარჩა და დარჩა. ხოდა, როგორც უკვე ვთქვი, ვითათბირეთ, ვილაპარაკეთ. ჩვენს იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა, დიმონის ყოფნაც საკმარისი იყო, რახან ასე გადაწყვიტა მან… ჩვენ პატარა შვილები გვყავდა, მე და ვარლამს, დიმონს არ ჰყავდა. არ ეყოლათ… სამაგიეროდ, ყოველ დღე მასთან ვიყავით, ყურადღება წამითაც არ მოგვიკლია.

 

 

 

1 2 3 4 5 6