ახლა მე არ ვაკლებ. სხვებიც დადიან, ყველას უყვარს და პატივს სცემს, ნატანჯი კაცია, წმინდანი. დავრდომილებიც კი მოუყვანიათ მაგასთან.“ სინამდვილეში არავის არავისთან არ უთათბირია, ნიუტონის კაპასმა ცოლმა ვარლამის, შედარებით მოკრძალებული, თანამეცხედრე აიყოლია, ორივემ დიმონის საუკეთესო ნახევრის აყოლიოება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, ამიტომ გაირეკეს წინ წვრილშვილი, მიადგნენ მოსაცდელს და ტირილით, ვედრებით, მუქარით და ულტიმატუმებით აიძულეს ქმრები, სახლებში დაბრუნებულიყვნენ. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ორივეს ძალიან გაუჭირდა მეგობრის მარტო დატოვება, ცოტა ხანს კიდევ აპირებდნენ დარჩენას, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ნიუტონის აზრით ასე სჯობდა კიდეც, რადგან რთული იქნებოდა მეგობრისთვის იმის ახსნა, რომ მის თავგანწირვას აზრი არ ჰქონდა და დრო იყო, სახლებში დაბრუნებულიყვნენ, მეგობრული სოლიდარობა, ამ შემთხვევაში, მუდმივი ვერ იქნებოდა.  შემდეგ კი ეს გარდაუვალი ნაბიჯი ნიუტონის და ვარლამის მუდმივ საფიქრალად და სატანჯველად იქცა, თუმცა დიმონს მათთვის ეს არასოდეს შეუხსენებია, პრინციპში, არც სწყენია, რადგან იმთავითვე იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. სულ ახსოვდა ის ღამე, როცა პირველად დარჩა მარტო. ნიუტონის და ვარლამის ლეიბები ჯერ კიდევ იატაკზე ეფინა, მაგრამ მოსაცდელი ბევრად უფრო დიდი ეჩვენებოდა, უფრო ციოდა კიდეც. ნიუტონს და ვარლამს ქვეშაგები სახლში არ წაუღიათ, თითქოს მათ მაგივრობას ლეიბები გაუწევდნენ მარტო დარჩენილ მეგობარს. თავიდან დიმონიც არ იყო წინააღმდეგი, ქვის იატაკზე დაფენილი ქვეშაგები იმის მინიმალურ შანსს ტოვებდა, რომ ნიუტონი და ვარლამი ისევ უკან დაბრუნდებოდნენ, ან, სულაც, სხვები მოვიდოდნენ, მაგრამ როცა ამ მცირე იმედის უსაფუძვლობასაც მიხვდა, ლეიბები წააღებინა. სწორედ იმ საღამოს ესტუმრა ცოლი. „ – რატომ ახველებ?!“ – შეშფოთდა დიმონი. „ – რა ვიცი, გავცივდი, ალბათ!“  დიმონმა ცოლს შუბლზე მიადო ხელი: „ – სიცხე არ გაქვს, მგონი. ღუმელს ხომ ანთებ?“ „ – კი.“ „ – შეშა საკმარისი გაქვს?! ვუთხარი ბიჭებს, დაუხერხეთ მეთქი!“ „ – არ ჯობდა, შენს სახლში შენ თვითონ გეხერხა შეშა და ვიღაცების იმედზე არ მიგეგდო ცოლი?!“ „ – ჯობდა, მაგრამ ხომ იცი, რა საქმესაც ვარ შეჭიდებული. ჩაი მოგიდუღო?!“ „ – მე აქ ჩაის დასალევად არ მოვსულვარ. – ცოტა ხანს შეყოვნდა ცოლი, ჩანდა, მთელი ენერგიის და გამბედაობის მობილიზებას ცდილობდა. – ან სახლში დაბრუნდები, ან წავალ!“ – კატეგორიულად განუცხადა ბოლოს. მას შემდეგ სამი წელი ისე გავიდა, ცოლი არ უნახავს. ცხადია, მასზე ყოველ ღამე ფიქრობდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა, ახალი წლის იმ ღამეს კი სამმა ჭიქა ადესამ მისი სიკერპე წამში გატეხა. გზაში ინანა, რომ ღვინო არ წაიღეს, რადგან შიშობდა, თუ გამოფხიზლდებოდა, ცოლის უნახავად დაბრუნდებოდა უკან. ასეც მოხდა, მაგრამ ამის მიზეზი გამოფხიზლება არ ყოფილა. ის ნახევრად გამხმარი კაკლის ხე რომ არ დაენახა, აუცილებლად მივიდოდა ცოლთან. არა მხოლოდ ნახვას, უკან წამოყვანასაც აპირებდა. მერე ფიქრობდა, ცოლი  სახლში დაებრუნებინა, ცოტა ხანს კი დარჩებოდა მოსაცდელში, მაგრამ მალე თვითონაც დაბრუნდებოდა სახლში და ასცდებოდა ამ ყოვლად უმიზნო და დამამცირებელ აბსურდს, რომელმაც ცხოვრების თვრამეტი წელი წაართვა. თუ ცოლი ეყოლებოდა სახლში, ეს მისი დანებების გასამართლებელი საბუთი იქნებოდა. მოსაცდელის დატოვებაზე შემდეგაც უფიქრია, მაგრამ სად წასულიყო, მის სახლში სხვები ცხოვრობდნენ, ვერც დამდურებულ უფროს ძმას მიადგებოდა, საამისოდ ზედმეტად ამაყი იყო. რომც მისულიყო, არ მიიღებდნენ. ასე ფიქრობდა. ძმის შვილიშვილები მოსაცდელთან ისე არ ჩაივლიდნენ, ფანჯრებისთვის ქვები არ დაეშინათ (რამდენჯერმე ჩაუტეხეს კიდეც), რაც იმის დასტურად უნდა მიეღო, რომ ძმის ოჯახში არცთუ პოზიტიურ კონტექსტში იხსენიებდნენ ხოლმე. დიახ, შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ მთვარის შუქზე თვალმოკრულმა კაკლის ხემ არია ყველაფერი. იმ კაკალთან გროზნოდან დაბრუნებულმა პირველმა პრეზიდენტმა შეისვენა, როცა ჩვენს რაიონში გამართული მხარდასაჭერი მიტინგის შემდეგ მარტვილში მიდიოდა მორიგი მიტინგის გასამართად. დიმონი, ვარლამი და ნიუტონი, ნიუტონისვე „მოსკვიჩით“, თან მიჰყვებდნენ სხვა მხარდამჭერებთან ერთად. პრეზიდენტს კაკლის ქვეშ, ხის მაგიდასთან, მოუნდა დასვენება. მარტო იჯდა ხის ძელსკამზე, სხვები შორიდან უყურებდნენ. მომცრო წიგნს ჩასცქეროდა, დიმონ ცხონდია დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტს მისივე თარგმნილი „ამერიკელი პოეტები“ ეჭირა ხელში. არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ სწორედ ის გვერდი ჰქონდა გადაშლილი, სადაც უიტმენის „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!“ ეწერა. წყალი არ გაუვა, უიტმენს კითხულობდა, სახეზე ეწერა ყველაფერიო, – საკუთარ თავს აჯერებდა მერე დიმონი. სანამ პრეზიდენტი კითხვაში იყო გართული, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საჭმელ-სასმელი მოიტანეს, ზოგი ღვინოს მოარბენინებდა, ზოგი – პურს, ზოგი – ყველს, ზოგი – მწნილს და ასე შემდეგ. მალევე გაიშალა სახელდახელო სუფრა. პრეზიდენტს თითქოს ეუხერხულებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მის თვალებში კმაყოფილებასაც შენიშნავდა დაინტერესებული კაცი. კოლონა მალევე გაუდგა გზას მარტვილისკენ. სწორედ იმ კაკლის ხეს მოჰკრა თვალი დიმონმა ახალი წლის მთვარიან ღამით მანქანიდან. თვალწინ დაუდგა ტრაგიკული წარსული, როგორ დაჰყვებოდნენ გროზნოდან დაბრუნებულ პრეზიდენტს, რაიონიდან რაიონში, მიტინგების გასამართავად, რომ ამ უკანასკნელს როგორმე უკანონოდ წართმეული ძალაუფლება დაებრუნებინა. თვალწინ დაუდგა და შერცხვა. ახლა პირად საკითხებზე ზრუნვის დრო არ იყო, სულში ჩაფურთხებული საკუთრი თავის მსხვერპლად მიტანის დრო იყო, თუნდაც სრულიად უმიზნოდ, თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. უკან რომ დაბრუნდნენ და მოსაცდელში ფეხი შედგა, ისე ემშობლიურა იქაურობა, თითქოს დიდი ხანი იყო, რაც იქ არ ყოფილა, და ცრემლები მოაწვა. მთელი ღამე თავს იდანაშაულებდა სისუსტის გამოვლენისთვის. მეორე დღეს უმცროსი ცოლისძმა და ცოლის მამიდაშვილი ეწვივნენ. დიმონმა იცოდა, ისინი რის გამო დადიოდნენ და მათი ქარაგმული საუბრის აზრსაც მშვენივრად ხვდებოდა, მაგრამ დელიკატურად იკავებდა თავს და არაფერს იმჩნევდა. იმ დღეს კი მოთმინების ძაფი გაუწყდა და პირდაპირ მიახალა: „ – მე სახლ-კარი აღარა მაქვს, იმათ მივეცი, ვისაც ჩემზე მეტად სჭირდებოდათ. შენს დას თუ ჩემთან ცხოვრება უნდა, მოვიდეს და აქ იცხოვროს, ორივენი დავეტევით!“  როცა გაოგნებული სტუმრები წავიდნენ, დიმონმა იქვე, საბავშვო ბაღში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ შესახლებულნი, ბავშვი გაგზავნა და დააბარა, ნებისმიერ კარზე დააკაკუნე, ოჯახის უფროსი იკითხე და აქ მომიყვანეო. ბავშვმა ერთი შუახნის კაცი მოიყვანა, რომელსაც დიმონმა თავისი სახლ-კარი გადასცა ტყით და ორი საფართობე ნაკვეთით. სანამ აფხაზეთში დაბრუნდებითო.. ის კაცი, ოჯახითურთ, სიხარულით გადასახლდა დიმონის თეთრ-წითელი აგურით ნაგებ, ორსართულიან, უშველებ სახლში, თუმცა არც საბავშვო ბაღში დაკავებულ ოთახს თმობდა, რამაც დიდი გაწევ-გამოწევა გამოიწვია. თუ ამას აპირებდი, ჩვენთვის გეთქვა და უფრო სამართლიანად მოვაგვარებდით, შენს სახლში სამი ოჯახიც დაეტეოდაო, წყენით უთხრა დიმონს დევნილთა ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, მაგრამ დიმონი ნათქვამს არაფრით გადავიდოდა, თანაც მისთვის სულერთი იყო, რამდენი ოჯახი იცხოვრებდა მის სახლში, რადგან ეჭვიც არ ეპარებოდა, დევნილები მალე დაბრუნდებოდნენ აფხაზეთში და თავისი კარ-მიდამოც უკან დაუბრუნდებოდა. დიმონის უმცროსი ცოლისძმა: „ – მაშინ დეკემბრის ბოლოს ვინახულეთ. საბოლოო პასუხის მიღება მინდოდა. არაფერი გამოვიდა. არც წამოვსულვარ აქეთ, იქვე დავრჩი, მამიდაშვილთან. სამი თუ ოთხი დღის მერე, ახალ წელს, ისევ მივედით. თან მივულოცეთ, მარტოკაცი იყო, მარტოკაცია ახლაც, თუმცა ყურადღება არ აკლდა, უნდა ითქვას. ახლა არ ვიცი. ჩემს საწყალ დაზე და ოჯახში დაბრუნებაზე რომ ჩავუგდე სიტყვა, სახლი სხვას მივეციო, მითხრა. ამ სოროში ცოლი როგორ ვაცხოვრო, ხომ ხედავ, სადაც ვცხოვრობო, თვითონაც იცისო. მერე გავიგე, რომ მომატყუა, მაშინ სახლი ჯერ კიდევ არ ქონია სხვისთვის მიცემული. დისთვის ნათქვამი მქონდა უკვე, ასეა და ასე თქო. იმედი ქონდა ცხონებულს, ელოდა… დაბრუნდებიან, როცა იქნება, ის დევნილები აფხაზეთში და დაუბრუნებენ იმ სახლს, თან ხომ არ წაიღებენო. მარა, როცა გაიგო, რომ მაშინ, როცა ველაპარაკე, სახლი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გასხვისებული, გაგიჟდა, საბოლოოდ უარყო. ვინ უთხრა, არ ვიცი. მე მანამდე ვიცოდი, მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს. დიმონს მე სტუდენტობიდან ვიცნობდი, სოხუმიდან. ჩვენ დროს თბილისში ვინ დადიოდა, ჩვენი დედაქალაქი სოხუმი იყო, სასწავლებლად, დროის სატარებლად, ყველანაირად. სოხუმს ვეძალებოდით. ბინაც მეზობლად გვქონდა, ერთ ქუჩაზე. მე, მეგობართან ერთად, აშხარუებთან ვიყავი მდგმურად, ის – გზის გადაღმა, წურწუმიებთან. ისიც მეგობართან ერთად იყო, ნიუტონ ესებუა (საუბარია ნიუტონ ესაკიაზე – ბ. ა. ), თქვენს სკოლაში რომ ასწავლის. ჩასახუტებელი ბიჭები იყვნენ, განსაკუთრებით – დიმონი. ჩხუბი და უბედურობა თუ მოხდებოდა სადმე, ის იყო შემრიგებელი, სმა დიდად არ უყვარდა, ჩვენ გვიყვარდა. მაგრამ ერთი-ორჯერ ერთადაც დაგვილევია სანაპიროზე. ჩემი ცხონებული და რომ გათხოვდა და მივაკითხეთ, კი ვიცანით ერთმანეთი. ჩემებსაც მოსწონდათ, როგორც სიძე, რა ჰქონდა დასაწუნი. მალე სკოლის დირექტორადაც დანიშნეს. მერე ის ამბები, ომები, უბედურობები… დაენგრათ ოჯახი. ღმერთს შვილი რომ მიეცა, ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდა დიმონი.“  მართლაც ასე იყო, შვილი რომ ჰყოლოდათ, სხვაგვარად მოიქცეოდა, ამაზე დიმონსაც ბევრჯერ უფიქრია. თვითონ ვერა, მაგრამ ცოლს კი ეყოლა შვილები, როცა ხუთი წლის მერე ვიღაც ქუთაისელ ინჟინერს მისთხოვდა. ცოლის გათხოვების მერე დიმონმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ყველაფერზე. აღარც ის აინტერესებდა, სხვები რას იტყოდნენ. ოფიციალურად, ამ წლების მანძილზე, პროტესტის ნიშნად ვითომ შიმშილობდა, კეთილის მსურველები დელიკატურად აწვდიდნენ ხოლმე საჭმელს, ცოლის გათხოვების მერე კი არავის ერიდებოდა, იჯდა და ყველას დასანახად ჭამდა, თუმცა მაინც მოშიმშილე ერქვა. როცა მოსაცდელის უკან, მარცხნივ, ეკლესიის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა და წირვა-ლოცვა დაიწყო, დიმონის ჩეჩმის გადატანა გახდა საჭირო, უხერხულ ადგილას იდგა. თუ შიმშილობს, ჩეჩმა რა ჯანდაბად უნდაო, ხუმრობდნენ მეზობლები, როცა მოსაცდელის გვერდით, ეკლესიისგან მოფარებულ ადგილას, ახალ ორმოს თხრიდნენ. სიგარეტის ასაღებად შინ შესულმა დიმონმა ყველაფერი გაიგონა. ადრე არათუ ამის თქმას გაბედავდნენ, გულშიც კი ვერ გაივლებდნენ, ახლა კი ბედავდნენ. სცადა, გაბრაზებულიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, პირიქით – ეღიმებოდა ამ მოსწრებულ ხუმრობაზე. იცოდა, მასზე ანეგდოტებსაც თხზავდნენ, ყველაზე მეტად ეს მოსწონდა: გამსახურდიას დამხობის შემდეგ დიმონ ცხონდიამ, რაიონის ცენტრში, ყველას გასაგონათ თქვა, სანამ ზვიადი ხელისუფლებაში არ დაბრუნდება, წვერს არ გავიპარსავო. ეუფ, მოგიხვეტია წვერით რაიონის ქუჩები და ეგ არიო, უპასუხა ენაკვიმატმა კაცმა გაჯი ტიბუამ. მსგავსი რამ, ცხადია, არ მომხდარა, მაგრამ დიმონს უხაროდა კიდეც, რომ მიზანს თუ ვერ აღწევდა, ამ საწყალ ხალხს მაინც ამხიარულებდა თავისი არსებობით. სწორედ იმ საღამოს, ახალი ჩეჩმიდან რომ გამოვიდა, პირველად მოუნდა, გზა გადაეჭრა, სასაფლაოში შესულიყო და მშობლების საფლავები მოენახულებინა, იმ წლების მანძილზე აღდგომებზეც კი არ ყოფილა იქ. წასვლით არ წასულა, მაგრამ უშველებელ ჩანთაში, წიგნებსა და სხვა ნივთებს შორის, მშობლების ფოტოს დაუწყო ძებნა, თუმცა მის ნაცვლად სხვა ფოტო იპოვა, რომელზეც ის და მისი ცოლი რაიონის ცენტრში, გამარჯვების მემორიალის კიბეებზე იდგნენ. სხვათა შორის, ამ ფოტოს ასლი მის ცოლსაც ჰქონდა და საფლავში ჩაატანეს. ცოლის უფროსი ქალიშვილი: „ – დაიბარა, თან გამაყოლეთო. მამას ფოტოც გავაყოლეთ. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, ტანსაცმლის ზედა თაროში, ჩემოდნის ქვეშ, სხვა ძველ ფოტოებთან ერთად იდო ხოლმე ეს ფოტო, დედას ვეკითხებოდი, ვინაა ეს კაცი მეთქი. ჩემი ბიძაშვილიაო. ჩვენთან რატომ არ მოდის მეთქი. უცხოეთში ცხოვრობს და იმიტომო. უცხოეთი ერთი რომელიმე ქვეყანა მეგონა. შენი ბიძაშვილი რომ ჩამოვა, უცხოეთური სათამაშოები ჩამომიტანოს და უცხოეთური ენაც მასწავლოს მეთქი, ეცინებოდა. მამაც იცინოდა. მანაც იცოდა ამ ფოტოზე, მაგრამ არასდროს არაფერი ზედმეტი არ უთქვამს. მათ, საერთოდ, საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მამას ტრაგიკული სიკვდილის მერე დედა საოცრად დადარდიანდა. უცებ დაიკლო წონაში, არაფერს ჭამდა. ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: საშვილოსნოს ყელის კიბო. მიმძის ამაზე საუბარი… უკვე სიარული აღარ შეეძლო, როცა, ერთხელ, დამიძახა. ჩემი და და ძმა შინ არ იყვნენ. მითხრა, ის ფოტო ჩამოიღეო. რა ფოტო მეთქი, სულ არ მახსოვდა ის ფოტო. აი ისო, მე და ჩემი ბიძაშვილი რომ ვართო.  მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი, დედას ნათესავებს თითქმის არ ვიცნობდი და მართლა მჯეროდა, რომ იმ ფოტოზე ბიძაშვილთან ერთად იყო. ფოტო რომ მივეცი, მითხრა, ეს კაცი ჩემი ბიძაშვილი არ არისო. აბა, ვინ არის მეთქი, გამიკვირდა.“ „ – ჩემი პირველი ქმარია!“ – უპასუხა დედამ და ქალიშვილს შეხედა, რომელიც აზრზე ვერ მოსულიყო. „ – არაფერს მეტყვი?!“ – ჰკითხა დედამ და ხელზე გაძვალტყავებული ხელი მოკიდა. „ – მამამ იცოდა?!“ – ამის თქმაღა მოახერხა გოგომ. „ – კი, იცოდა!“ – თქვა დედამ და თვალები ცრემლებით აევსო. „ – შვილი?“ – ჰკითხა გოგომ. დედამ თვალები დახუჭა და თავი გადააქნია. გოგოს სიბრაზენარევი გაკვირვება უცებ სიბრალულმა ჩაანაცვლა, ეს ყველაფერი დედასაც რომ ეგრძნო, ხელზე თვითონაც მოუჭირა ხელი და ცერით გამხდარ თითებზე მოეფერა. “ – რატომ დაშორდით, მოკვდა?!“ „ – არა, არ მომკვდარა. – დედამ ყველაფერი მოუყვა. – მინდა, სიკდილამდე ვნახო.“ „ – მივაწვდენთ ხმას რამენაირად, რომ ჩამოვიდეს!“ „ – შენ ვერ გაიგე. მე უნდა ჩამიყვანოთ. ეგ არ ჩამოვა!“ „ – გაგიჟდი?! მაგხელა გზაზე შენი წაყვანა როგორ შეიძლება?!“ დიდი კამათის შემდეგ დედამ დაითანხმა ქალიშვილი, რომ მეორე დღეს ჩვენს რაიონში წავიდოდნენ, მათ მანქანაზე მეზობელი დაჯდებოდა. ქალი ისე ღელავდა, როგორც მაშინ, როცა დიმონმა პირველად დაპატიჟა სენაკის თეატრში. მენჯის და წელის აუტანელი ტკივილიც კი მიავიწყდა. მთელი ღამე წარსულზე ფიქრობდა, მეორე ქმარიც უყვარდა, მაგრამ პირველი ქმარი არასოდეს დავიწყებია. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო აფასებდა მას ამ უშედეგო სიჯიუტისთვის, თავგანწირვისთვის და ასკეტიზმისთვის. მათი ძველი ურთიერთობისგან რაც დარჩა, სიგარეტის ბლოკებზე აღბეჭდილი ასობით კოცნაღა იყო. ხანდახან თავსაც იდანაშაულებდა, რომ მეორედ გათხოვდა, დიმონს რომ ცოლი მოეყვანა, თვითონ ხომ საშინლად ცუდად იგრძნობდა თავს. ხვდებოდა, როგორი გადასატანი უნდა ყოფილიყო მისი გათხოვება კაცისთვის, რომელსაც, მოგონებების გარდა, არაფერი ებადა. ამიტომ მიჰყავდა თან სამივე შვილი, როგორც თავისი ნაბიჯის გამამართლებელი საბუთი. შუადღე იყო, როცა მოსაცდელის წინ მანქანა გაჩერდა. მანქანიდან გოგო გადმოვიდა და მოსაცდელის კარზე დააკაკუნა. დიმონმა ჩემი პირველი კრებული – „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“, რომელიც დიდის ამბით ვაჩუქე და, რომელსაც, სიმართლე ითქვას, ვერაფერი გაუგო, გვერდზე გადადო, სათვალე მოიხსნა და კარის გასაღებად წავიდა. კართან მდგარი გოგო მორიდებით უხსნიდა რაღაცას. უამრავ ბოდიშს შორის ძლივს გააპარა, რომ შვილი იყო, დიმონის ყოფილი ცოლის შვილი. „ – შვილი?!“ – გაკვირვებული იდგა დიმონი. „ – ხო. უფროსი გოგო.“ – ახსნას აგრძელებდა ის. დიმონი სახეში შესცქეროდა, საერთოდ არაფრით, ერთი ნაკვთითაც კი არ ჰგავდა დედამისს. ალბათ, მამას ჰგავსო, ფიქრობდა დიმონი. ვერაფრით ხვდებოდა, მასთან რატომ უნდა მოსულიყო ყოფილი ცოლის შვილი. „ – ის კვდება.“ – გოგო ხელს იშვერდა მანქანისკენ, რომელიც დიმონმა ახლაღა შეამჩნია. „ – კვდება?!“ – თავის თავს ეკითხებოდა დიმონი. „ – დიახ! კიბო აქვს!“ „ – კიბო აქვს!“ – ჩურჩულებდა დიმონი. „ – თქვენი ნახვა უნდა.“ „ – ჩემი ნახვა!“ – გზის გაღმა მდგარი ჭადრის წვერს ასცქეროდა დიმონი. „ – როგორც გითხარით, აქაა, მანქანაში!“ – ისევ მანქანისკენ იშვერდა ხელს გოგო. „ – აქაა?!“ – დიმონი გონს მოეგო და კარის ზღურბლს ერთი ნაბიჯით მოშორდა, რომ დახეულ-დაკერებული საშინაო ტანსაცმელი დაემალა. „ – თუ არ გინდათ ნახვა, არა უშავს. ის გაგიგებთ!“ „ – ვნახავ. უბრალოდ, დრო მჭირდება, მე მზად არ ვარ. მალე გამოვალ!“ – კარი ისე მიხურა დიმონმა, გოგოს პასუხს არ დალოდებია. ფანჯარასთან მივარდა და გაიხედა, მანქანის დაბურული შუშების მიღმა არაფერი ჩანდა. გაიარ-გამოიარა, ცოტა დამშვიდდა და თაროდან სპილენძის თასი, ალუმინის ყურმომძვრალი ფათქა, საპარსი და სარკის ნატეხი ჩამოიღო და სწრაფად მიუჯდა მაგიდას. დოქიდან თასში ცოტა წყალი ჩაასხა და ფუნჯით მოურია. მალევე შენიშნა, რომ ტყუილად ურევდა, თასში საპონი აღარ იყო. არადა, სულ ეგდო ხოლმე საპნის ნალევი. უჯრაში შეიხედა, მაგრამ ვერც იქ იპოვა საპონი. გარეთ, ხელსაბანის ზევით მიჭედებულ სასაპნეში, ნამდვილად იქნებოდა, მაგრამ იქ გასვლას სიკვდილი ერჩივნა. სხვა გზა არ იყო, უსაპნოდ უნდა გაეპარსა სამი დღის გაუპასრავი წვერი. ძლივს გაიპარსა, მერე საგარეო ტანსაცმელი ჩაიცვა, სუნამო დაისხა, გამბედაობა მოიკრიბა და გარეთ გავიდა. მხრებში მოხრილი მიაბიჯებდა, ოდესღაც ნაყიდი პიჯაკი დიდი ჰქონდა და სასაცილოდ ეკიდა ტანზე, მაგრამ მაინც შერჩენოდა რაღაც, რაც პატივისცემით განაწყობდა მის მიმართ ადამიანს. შვილები და მძღოლი მანქანიდან გადმოსულიყვნენ და მოშორებით იდგნენ, უფროსმა გოგომ დიმონს მანქანისკენ ანიშნა. დიმონი ცდილობდა, მღელვარება არ შემჩნეოდა, მანქანას რომ მიუახლოვდა, წარბებს ქვემოდან გაიხედა იმის გასარკვევად, სად იჯდა მისი ყოფილი ცოლი. მძღოლის გვერდითა სკამზე იჯდა. დიმონმა მხოლოდ მაშინ ასწია თავი, როცა მანქანას შემოუარა და კარი გამოაღო. ფერხორციანი ქალის ნაცვლად, როგორადაც ცოლი ახსოვდა, მანქანაში გაძვალტყავებული, საშინლად ფერმკრთალი ქალი იჯდა და უღიმოდა, უფრო სწორედ, ცდილობდა გაღიმებას. ქალმა ხელი გაუწოდა, ოღონდ ეს ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი არ იყო, შინაურულ-ინტიმური სითბოს გამოვლინებას უფრო ჰგავდა. ის ჩონჩხად ქცეული, დასამარხად გამზადებული პეშვი იყო სიმბოლო მთელი იმ უაზრო წლებისა, მავნე სიჯიუტისა და ერთხელ ნათქვამი სიტყვის ფანატიკური ერთგულებისა. დიმონმა ხელს ხელი შეაგება, დაიხარა და ეამბორა, კარგა ხანს ეჭირა ტუჩთან მიდებული ხელი. ქალი წინ გადაიწია და ყოფილ ქმარს თავზე აკოცა, როგორც ბავშვებს კოცნიან ხოლმე. ვერც ერთი ხმას ვერ იღება, უბრალოდ ერთმანეთს შესცქეროდნენ. „ – დაჯექი, ვილაპარაკოთ!“ – თქვა ბოლოს ქალმა. დაბნეულმა დიმონმა უკანა კარი გამოაღო და უკან ჩაჯდა, მერე ისევ გადმოვიდა და ამჯერად მძღოლის ადგილი დაიკავა.      „ – ისევ ის სუნამო გაქვს?!“ – ჰკითხა ქალმა. „ – ხო, არსად მე არ დავდივარ და… შემომრჩა!“ – დაიმორცხვა დიმონმა. ეგ სუნამო, ორი ფლაკონი, საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს იყიდა მოსკოვში. კარგა ხანს ილაპარაკეს, სასიამოვნო ამბებს იხსენებდნენ, საყვედური არც ერთს დასცდენია, ან რაღა დროსი იყო. დიმონმა შეამჩნია, რომ ყოფილი ცოლი ძირითადად ქართულად ლაპარაკობდა, ქუთაისურად უქცევდა, მეგრულს შიგა და შიგ გაურევდა ხოლმე. დიახ, ის სრულიად სხვა იყო და ცოტა რამ ჰქონდა საერთო იმ ქალთან, დიმონს რომ უყვარდა. „ – რა მალე გავიდა დრო!“ – თქვა ქალმა. „ – შენ შვილები მაინც გრჩება! – საყვედურივით გამოუვიდა დიმონს და, სანამ ქალი რამეს იტყოდა, დაამატა: – ძალიან გგვანან!“ „ – კარგი, რა, ჩემი არაფერი სცხიათ. მამისკენ არიან. უფროსი მამიდას ჰგავს.“ მათი წასვლის მერე დიმონი კარგა ხანს იჯდა სადრენაჟო არხის პარაპეტზე. ამასობაში მოიღრუბლა და ცრიდა. გზა დიმონის მიკრო-სამყაროს ერთგვარი საზღვარი იყო, გზის იქით არასოდეს გადადიოდა, რადგან იქით სხვა სამყარო იწყებოდა, ამიტომ გამვლელებს უკვირდათ მარადი მომცდელის მხრიდან სამანის გადაკვეთა. ბოლოს ძლივს მიხვდა, რომ სველდებოდა. თავის სამფლობელოს დაუბრუნდა, ღუმელი გაახურა და სკამზე გადაკიდებული სველი პიჯაკი ახლოს მისწია. პიჯაკზე, კინოკადრებივით, ხედავდა გამხდარ ხელებს, ფერად თავსაფარს, ფერმკრთალ, უწარბებო სახეს, ჩაცვენილ თვალებს და მაჯის ქვემოთ ჩადგმული კათეტერიდან კარის ზედა სახელურზე დაკიდებულ, საინექციო სითხით სავსე ბალიშამდე გაბმულ სილიკონის მილს. გახურებულ პიჯაკს ორთქლი და ძველი სუნამოს სუნი ასდიოდა. დიმონი კი ისევ იმ უცნაურ სუნს, უფრო სწორედ, სუნებს გრძნობდა, ხელზე სამთხვევად დახრილს რომ ეცა. სუნების იმ თაიგულში ცოლის ყელის და ყვრიმალების სუნიც იგრძნობოდა, თავბრუს რომ ახვევდა ხოლმე ახალგაზრდობაში, წამლის თუ წამლების სუნში გაზავებული სტერილური სისუფთავის სუნიც იგრძნობოდა, დაახლოებით ისეთი, აფთიაქებში რომ დგას, მაგრამ დომინანტი მაინც არყოფნის სუნი იყო, ეს აბსტრაქტულზე აბსტრაქტული შემადგენელი თავის თავში მოიცავდა რაღაც მარადიულს, რაღაც მეტაფიზიკურს, რაღაც პროვიდენციალურს და რაღაც შიშის მომგვრელს. საიდანღაც ყვირილის ხმა მოისმა. დიმონმა გარეთ გაიხედა და ტრასას თვალი გააყოლა. მისი ძმა და ძმისშვილი მისი სახლის ხიზნებს ეჩხუბებოდნენ. ასე ხოცავდნენ ხოლმე ერთმანეთს, როცა საზიარო ტყეში რომელიმე არასწორად  მოჭრიდა ხეს ან მოსაზღვრე საფართობე მიწების დამუშავებისას საზღვარს გადასცდებოდა რომელიმე. აფხაზეთიდან დევნილი ხიზანი, უფრო სწორედ, მეპატრონე, რომელსაც უკვე დიდი შვილები ჰყავდა, დიმონთან გამორბოდა საჩივლელად. ბოლოს დიმონს ყელში ამოუვიდა, მე სახლ-კარი გაჩუქე, მოვლით კი, კეთილი ინებე და, შენ თვითონ მოუარეო, და კარი ცხვირწინ მიუხურა. თუ მაძლევ, ბოლომდე მომეცი, ოფიციალურად გადმომიფორმე, ხალხს ჰგონია, სიკეთე გააკეთე, აბა, ეს რა სიკეთეა, ძუნწი ხარ და მეტი არაფერიო, კარზე აბრახუნებდა ხიზანი. შენი უმადური დედა ვატირე, აქ მოსული აღარ დაგინახო, თორემ საერთოდ გაგაგდებ მაგ სახლიდანო, დანით გამოეკიდა დიმონი და ის კაცი მერე აღარ მოსულა. სამაგიეროდ დიმონის ძმისშვილი, როცა დათვრებოდა, გზის გადაღმა, სადრენაჟო არხის პარაპეტზე დაჯდებოდა და ყვირილს იწყებდა, თითქოს კონკრეტულად არავის მიმართავდა, მაგრამ ცხადია, მისი სიტყვების ობიექტი მოსაცდელში შესახლებული ბიძა იყო, რომლისაც ბავშვობაში გავარდნილი ტყვიასავით ეშინოდა, იმ ძველი შიშის გამო ახლოს მისვლას ვერც ახლა ბედავდა და მხოლოდ შორიდან იფხანდა გულს, თანაც მიმართვის ფორმა არა – პირდაპირი, არამედ ირიბი, ალეგორიულ-ქარაგმული იყო: „ – არსებობს ასეთი ხალხიც, თვითონ თავს არ გაიხარებენ, მარა არც თავიანთ სიხლსა და ხორცს მისცემენ კარგად ცხოვრების უფლებას. თუ თვითონ არ უნდათ სახლ-კარი, ვიღაც დედამოტყნულ გადამთიელს რატომ აძლევენ, თავიანთ ძმისშვილს მისცენ. სამი ბიჭი მეზრდება, იბიომატ! ერთხელაც ამომასხამს, დავლევ პოლიტრას და ცეცხლს მივცემ მამაჩემის ფუძე-სახლს და მოსაცდელსაც ზედ მივაყოლებ შიგ მცხოვრებლებიანად! თუ არა ვქნა, ბოზიშვილი ვიყო! სამი ბიჭი, ბლიად!“ დიმონს ერთი სული ჰქონდა, გავარდნილიყო და ეკითხა, იმ ბიჭებს ხომ არ გულისხმობ, სიმწრით ჩასმულ ფანჯრის შუშებს რომ მიმტვრევენო, მაგრამ არ უნდოდა, მისთვის თავი გაეყადრებინა. დიმონის უფროსი ძმა: „ – ტყუილია მაგი! ჩემი შვილიშვილები კი არა, ეგენი უმსხვრევენ ფანჯრებს, ვისაც სახლი აჩუქა! მამაჩემის და დედაჩემის ოფლით აგებული ფუძე! ვის მისცა, რატო მისცა… ვინაა მადლიერი. პენსიასაც სხვებს აძლევს, იმის ნაცვლად, რო, თუ თვითონ არ უნდა, ჩემ ბავშვებს აძლიოს… ახლობლებს სათოფეზე არ გვიკარებს, რამდენჯერ ვცადე. საჭმელიც გავუგზავნე, უკან დამიბრუნა. შიმშილობს ვითომ. მაგას ეს ხალხი უტვინო ჰგონია?! ვის გამო, რის გამო?! ამ ბოლო დროს მოდის გონს, მარა რაღა დროსია. ადრე ჩემი საწყალი მშობლების საფლავზეც კი არ მიდიოდა, ახლა ღამით დაიპარება ხოლმე. მიხედილი მხვდება საფლავები. თუ ეგ არა, აბა, ვის აინტერესებს დომენტის და ფედოსიას საფლავები?! ეგაა, წყალი არ გაუვა. ადრე ზვიადი ცოცხალია, ზვიადი ცოცხალიაო, იძახდა. თავისნაირ გარეკილებთან ერთად ამტკიცებდა ამ სისულელეს. უცხოეთშია და დრო მოვა და დაბრუნდებაო. ახლა მაგისიც აღარ ჯერა. თუ კაცი ცოცხალი გგონია, მისი საფლავიდან ჩამოტანილი მიწა რა ჭირად და ოხრობად გინდა?! ამდენი წელია, აგდებენ მაგ მოსაცდელიდან და ვერ გააგდეს. დაიტანჯა ხალხი, მოსაცდელი არა აქვს, წვიმაში და ქარში ელოდება ავტობუსს მაგის გამო. პედაგოგი! დირექტორი! ჭკუა არა აქვს თავში, მე არ მასწავლეს უმაღლესში მშობლებმა და მაგას ასწავლეს, მაგას დაახარჯეს ყველაფერი. მე აგერ ბელეტაჟში ვცხოვრობ, ძლივს ვეტევით. ისე როგორ მომკლავს გამჩენი, იმ დღეს არ მომასწროს, მაგას რო გააგდებენ მაგ მოსაცდელიდან! ფეხს არ მოვადგმევინებ ჩემთან! დაიბრუნოს თავისი სახლი, ოფიციალურად ისევ მაგაზეა გაფორმებული, ეგენი უკანონოდ ცხოვრობენ! აი, ჩემი მკვდრების სულებს ვიცხონებ, როცა მაგას იქიდან გააგდებენ, მარა ესენი რისი გამგდებები არიან, იმათმა ვერ გააგდეს, წინებმა! ვიღაცეებს მთელი ქონება წაართვეს და ამას ვერაფერი მოუხერხეს!“ დიმონს მოსაცდელიდან გაძევება პირველად „ნაციონალების“ დროს დაუპირეს, როცა გზის რეაბილიტაცია მოხდა და მოსაცდელის გარემონტებაც უნდოდათ, მაგრამ მარადი მომცდელი პოზიციების დათმობას არ აპირებდა. ეგონა, მეგობრების ვიწრო წრის იმედად დარჩებოდა, მაგრამ, მოულოდნელად, ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგა გვერდით, მათ შორის სკოლის პედაგოგები, რომელთა ნახევარზე მეტი მის დროს არც მუშაობდა სკოლაში. მხოლოდ ადგილობრივი მღვდელი იყო მოწინააღმდეგეთა ბანაკში, რადგან დიმონთან, როგორც ასკეტურად მცხოვრებ, წმინდანთან გათანაბრებულ კაცთან, ერთი-ორჯერ ვიღაცებმა დავრდომილი ახლობლები მოიყვანეს დასალოცად, მართალია, დიმონმა უცნაური სტუმრები დელიკატური, თუმცა კატეგორიული უარით გაისტუმრა, მაგრამ მღვდელი მაინც ხედავდა მასში პოტენციურ საფრთხეს და ყოველნაირად ცდილობდა, იქიდან მოეშორებინა. თან მოსაცდელი ზედ ეკლესის წინ იდგა. მღვდლის პოზიციის და ამბიონიდან დიმონის საწინააღმდეგო ქადაგებების მიუხედავად (სადაც „ანტიქრისტეს იარაღს“, „მიუტევებლად ცოდვილს“ და „თვითგამოცხადებულ წმინდანს“ ეძახდა), ადგილობრივ მთავრობას უკან დახევა მოუწია და იქვე, სკოლის ჭიშკართან, ახალი მოსაცდელი ააშენეს, ძველთან შედარებით ზედმეტად პრიმიტიულად გამოიყურებოდა, რკინის ბოძებზე თუნუქის სახურავის კონსტრუქცია იყო შემოდგმული. ორ წელიწადში ზღვიდან მოვარდნილმა ქარიშხალმა მოსაცდელს თუნუქის ფურცლები გადააძრო და კაცმა არ იცის, საით გააფრინა. მერე, წლების მანძილზე, უსახურავო ჩონხჩი იდგა, მაგრამ ხალხი მაინც აფარებდა თავს ჩვეულების გამო. ახალ მთავრობას, ხელისუფლებაში მოსვლიდან მერვე წელს, თითქოს ყველა სხვა პრობლემა მოგვარებული ჰქონოდა, ისევ გაახსენდა მოსაცდელი, და ახალი მოსაცდელის გადახურვის ნაცვლად, ძველ მოსაცდელს მიადგა. ისევ ატყდა გაწევ-გამოწევა, ხალხი დიმონის მხარეს იდგა. სოფლის ადმინისტრაციამ ვერაფერი გააწყო და რიონის ხელმძღვანელობის ჩართვა გახდა საჭირო.

 

 

 

1 2 3 4 5 6