მაშინ, რამდენიმე დღით, სოფელში ვიყავი ჩასული და რაიონის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, ჩემი კლასელის პირით შემომითვალეს,  იქნებ დიმონთან მიგვეგზავნო, შენ დაგიჯერებსო. მეშვიდე-მერვე კლასში დიმონი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მამეცადინებდა. უნივერსიტეტში ექსტერნად ვაპირებდი ჩაბარებას და მაღალი კლასის პროგრამას წინასწარ, დაჩქარებული ტემპით გავდიოდით. ფულს, რა თქმა უნდა, არ  მართმევდა, მხოლოდ ხანდახან თუ მივუტანდი ღერღილს, სიმინდის ფქვილს, გოგრას და ეგეთებს. ჩემი ლექსების და მოთხრობების პირველი მკითხველი იყო. ლექსებს თვითონაც წერდა, მაგრამ ერთხელაც მოხიკა თავისი ხელნაწერები და ღუმელში შეუძახა. „ – თუ ეს საქმე გინდა, ბევრი უნდა იშრომო, მხოლოდ ლიტერატურისთვის უნდა იცხოვრო და მისაღწევს მიაღწევ! თუ არადა, ჩემნაირი იქნები, ხოდა, მოგისვამ გვერდით, დაგიდგამ აქ ერთ საწოლს და ერთად დაველოდოთ ივერიის გაბრწყინებას!“ – მეუბნებოდა და ჩემი თავისუფალი თემის ბოლო აბზაცს მესამედ კითხულობდა, ისე მოსწონდა. „რომანტიკოსებში“ ყველაზე მეტად ალექსანდრე ჭავჭავაძე უყვარდა, მისი წაკითხული „გოგჩა“ დღემდე ყურში მიდგას, სიტყვებს თითქოს თან სდევდა ტალღების ხმაური. სოფელში ჩასული, სანამ ჩემი სახლისკენ გადავუხვევდი, დიმონთან შევივლიდი ხოლმე, ამ ტრადიციისთვის არასოდეს მიღალატია. მაშინ რომ ჩავედი, კარგა ხანს ამაოდ ვაბრახუნე კარზე, ვიფიქრე, ალბათ გასულია და ხვალ მოვალ მეთქი. მეორე დღეს სწორედ დიმონთან ვაპირებდი წასვლას, როცა ჩემი კლასელის მანქანა მოადგა ჭიშკარს. „ – ბიჭო, ვერაფრით ვერ გავიყვანეთ ტიპი. არადა, ხოშიან ბინას ვთავაზობთ შვიდსართულიანების პირველ სართულზე, პროკურატურის უკან. ხო გახსოვს, მინეტშიცა ეკა რო ცხოვრობდა.“ – ყავა მოსვა ჩემმა კლასელმა. „ – რას ჩააცივდით თქვენც, იქ უნდა კაცს ცხოვრება, ორი პარასკევი დარჩენია!“ – ატმის კომპოტი დავისხი. „ – მე რას ჩავაცივდი, მე საერთოდ არ მევალება ეგეთები, რა ჩემი საქმეა. მთხოვეს და მაგიტო ჩავერთე. უკანონოდაა შესახლებული, აქვთ უფლება, ძალით გაასახლონ.“ „ – გასაგებია, მარა თუ კაის გაკეთება გინდათ, ის მეორე მოსაცდელი აღადგინეთ.“ „ – მეც მაგას ვეუბნები, მარა არ შვებიან, „ნაცების“ აშენებულიაო. მიშას დროსაც ხო ვმუშაობდი, მარა მაშინ ასეთი დებილები არ იყვნენ, ძმაო. საკრებულოს თავმჯდომარე მეუბნება, საკითხს სხდომაზე გავიტანთო, რამე დადგენილება უნდა მივიღოთ, ეგ ხო ისტორიული ძეგლიაო, ანდროპოვის დროს აშენებულ მოსაცდელზე მეუბნება, წარმოგიდგენია?! ბარემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მივმართოთ, რო სტატუსი მიანიჭოს და მერე იუნესკოსაც შევატანინოთ თავის სიაში მეთქი. სერიოზულად მიქნევდა თავს, სანამ არ მიხვდა, რო ვეღადავებოდი. შენ აზრზე არ ხარ, რა ყლეებთან მაქვს საქმე!“ „ – რა გინდა მერე მანდ, ან ყველა მთავრობას როგორ ერგები, შეჩემა!“ „ – რა ვქნა, ძმაო. ოჯახი მყავს სარჩენი. ბიჭო, პოეზიის საღამო როდის ვქნათ, ჰა?! საკაიფო ჰონორარს მოგცემ. მაშინ ხო კარგად გავატრაკეთ, პურ-მარილიც მშვენიერი იყო. ჰა?!“ „ – არა, თუ ძმა ხარ, რაღა დროს პოეზიის საღამოა!“ – წამოვდექი და პალტო ჩამოვხსენი საკიდიდან. „ – კაი, ხო. ოღონდ ეგ საქმე მომიგვარე და დამირეკე, ძველ ნომერზე ვარ. აბა, ისე არ გაგახსენდება კაცი!“ „ – მოგვარების რა გითხრა, მარა დალაპარაკებით კი დაველაპარაკები!“ კლასელმა სოფლის ცენტრში ჩამომსვა და მოსაცდელს მივადექი. „ – მეძინა. ისე მკვდარივით ჩამეძინება ხოლმე, კარი რომ ჩამოიღო, ვერ გავიგებ! – თავი იმართლა დიმონმა, როცა წინა დღის ამბავი მოვუყევი. – გაგდებას მიპირებენ, ეს პუტჩისტების ნაშიერები.“ „ – ვიცი, იყვნენ ჩემთანაც, მთხოვეს, დაგლაპარაკებოდი.“ „ – ბიჭო, მეგონა, ჩემს სანახავად მოხვედი!“ „ – ასეცაა. აქეთ მოვდიოდი, დათო რო მომადგა, ჩემი კლასელი. დათო ხო იცი.“ „ – როგორ არ ვიცი, რევაზიას ბიჭი. ოროსანი იყო მამამისი.“ დიდხანს ვისხედით და ჩაის ვსვამდით. არაფერი მერჩივნა იქ ჯდომას და საუბარს. არც მის, შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებულ, პოლიტიკურ შეხედულებებს და არც მის ლიტერატურულ გემოვნებას თანავუგრძნობდი, ისეთი პოეტები მოსწონდა, რომელთა უმეტესობაც მე დიდი ხნის წინ მყავდა ჩამოწერილი, მაგრამ ყველაფერზე მაინც თავს ვუქნევდი და ვეთანხმებოდი, რაც ძალიან სიამოვნებდა. „ – რევაზიას ლაწირაკს გადაეცი, არსად წასვლას არ ვაპირებ!“ – დამაბარა წამოსვლისას, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ სხვა რამის თქმას არც ვაპირებდი. მოღრუბლული იყო. ტრასიდან გადავუხვიე და გრუნტის გზას დავადექი, ორმოებში ბინძური გუბეები იდგა. სკოლის გვერდითა ჭიშკარს გავუსწორდი, როცა ზარი დაირეკა და ბავშვები ეზოში გამოცვივდნენ. ვარლამ გეგენავას ხმა: „ – დარბიან და უნდა ირბინონ კიდეც, ღმერთმა ყველა სასახელო მოქალაქე გაზარდოს, მაგრამ არც იციან, რომ მათი სკოლის დირექტორი ოდესღაც დიმონი იყო, დიდი დიმონ ცხონდია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დიდი მეგობრობა გვქონდა. არა, ეს ნამდვილად ასეა და წავუწერე კიდეც წიგნზე, რომელიც ვაჩუქე ერთხელ. ჩვენს რაიონში და მთელ საქართველოში ყველა მშობელი შვილს დიმონისეულ თავგანწირვას და სამშობლოსადმი დიმონისეულ სიყვარულს უნდა უნერგავდეს. ერთხელ მე და ნიუტომ პედსაბჭოს სხდომაზე დავაყენეთ საკითხი, რომ სკოლისთვის დიმონ ცხონდიას სახელი მიგვენიჭებინა, პედაგოგებმა მხარი დაუჭირეს, მაგრამ დირექტორმა არ ქნა, ცოცხალია კაცი და არასწორად გაგვიგებენო. მე მჯერა, ოდესმე ეს ასეც მოხდება, სკოლის ჭიშკარზე აბრას დაკიდებენ, რომელზეც დიდი ასოებით ეწერება „დიმონ ცხონდია“, და მე მაშინ აქედან ვიამაყებ. დიმონი ისეთი თავმდაბალია, ის რომ იცოდეს, მე და ნიუტომ რაც მოვითხოვეთ, დაფნის გვირგვინს დამადგამდა კი არა, მაგ ჭადარზე ჩამომკიდებდა და ნიუტოსაც მომაყოლებდა. მისი ბუნებაა ასეთი, თავმდაბალია და უსაზღვროდ გულკეთილი, შეუძლია, უკანასკნელი პერანგი გაიხადოს და სხვას მისცეს, ბავშვობიდან ასეთი იყო. მახსოვს, დაწყებითში ვსწავლობდით, დიმონი მეოთხე კლასში იყო, მე და ნიუტო – მეორეში. დიმონს ერთი გაჭირვებული კლასელი ჰყავდა, რომელსაც ჩანთა არ ჰქონდა და წიგნები ოც კაპიკიანი ბადე-ჩანთით დაჰქონდა, ბადე-ჩანთები იყო ჩვენს დროს, პროდუქტების სატარებლად იყენებდნენ, შენ არ გემახსოვრება. ხოდა, მერე თვითონ მთელი სემესტრის მანძილზე წიგნები ცელოფნით დაჰქონდა. კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: აი, იმ ღამით, ახალი წლის ღამით, მარტვილში რომ წავედით ნიუტოს „მასკვიჩით“, სოფელ დღვანასთან კურდღელმა გადაგვირბინა, ნიუტომ გვერდი ვერ აუქცია და გადაუარა. ის საწყალი ჩავაგდეთ მანქანაში, იქ ხომ არ დავტოვებდით. დიმონს გზაში კუჭი ასტკივდა, წყლული აქვს, ვერაფრით მოირჩინა, ხოდა უკან მოვბრუნდით. იმ ღამით რისი თავი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მაინც არ მოისვენა, სანამ ის კურდღელი პერტახიებთან არ მიმატანინა, გაჭირვებულები არიან და იქნებ ამ ახალ წელს ცარიელი სუფრით ხვდებიანო. თითქოს დიდი არაფერი, პატარა ნიუანსია, მაგრამ შტრიხია საერთო პორტრეტისთვის. მე პირადად უამრავი პატივისცემა მახსოვს, მისი ვალიდან სიცოცხლეში ვერ ამოვედი და აწი რას ამოვალ, მაგრამ ჩემს შვილებს დავუბარე, ყურადღება არ მოაკლოთ მეთქი. დიმონში ზვიადის სევდას ვხედავ და მერაბის გაუტეხლობას. ერთხელ ზვიადს მარტვილში მიტინგის ჩასატარებლად მივყვებოდით, გზის პირას უშველებელი ხე იდგა, კაკალი იყო თუ მუხა, ვერ ვიხსენებ. ზვიადმა იმ ხის ძირას განმარტოება მოისურვა, იჯდა ქვაზე და „საქართველოს სულიერ მისიას“ კითხულობდა, თავისივე დაწერილს. ვიღაცამ ცივი წყალი მოიტანა, დავლიეთ, ბოლოს ჭიქა შევავსე და ზვიადს მივართვი, ჩემს გარდა, ვერავინ შეჰბედა, ისე გართული იჯდა. წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა, ვარლამ, მადლობელი ვარო, მითხრა, ცოტა მოსვა წყალი და ჭიქა დამიბრუნა. აი, მაშინ რა სევდაც ზვიადის თვალებში დავინახე, ზუსტად იმ სევდას ვხედავდი მერე დიმონის თვალებში. ვერ დააფასეს, ჯეროვნად ვერ დააფასეს, თორემ დამფასებლები ჰყავდა და ჰყავს. ყოველ თვე ორი ყუთი პაპიროსის გამოგზავნა საკმარისი არ არის. როცა ჩავწექი, რამდენჯერმე მინახულა, ღამით მოდიოდა ხოლმე. ბოლოს სამი დღით ადრე მოვიდა, ორივენი ვგრძნობდით, რომ ის ჩვენი ხორციელი ბოლო შეხვედრა იყო. ჩამეხუტა და ისე წავიდა. ან ბოლო გზაზე მიმავალი როგორ დამაფასა, ხომ გახსოვს, შენც ხომ იქ იყავი.“ კი, ვარლამის გასვენებაში ნამდვილად ვიყავი. პროცესიამ ბოგა რომ გადაიარა, მეზობელს კუბოს ტარებაში შევენაცვლე. ნაწვიმარი იყო, ახალნაყიდი ბოტასებით გუბეში ჩავაბიჯე და ნერვები მომეშალა, მაგრამ რას ვიზამდი. როგორც იქნა, სოფლის ცენტრამდე მივაღწიეთ და ის-ის იყო ტრასა უნდა გადაგვეკვეთა, რომ კარის ჭრიალი შემოგვესმა. მოსაცდელის ღია კარში ჯერ პირველი რესპუბლიკის დროშა გამოჩნდა, შემდეგ კი დიმონი გამოვიდა და ჩვენკენ გამოემართა. თაგვების დაფსმული და გაღრღნილი დროშა ტარზე მიემაგრებინა და ხევისბერივით მოდიოდა. „ – ჩამოდგით კუბო!“ – ბრძანა დიმონ ცხონდიამ, როცა ახლოს მოვიდა. შედარებით მშრალი ადგილი მოვძებნეთ და კუბო დავდგით. დიმონმა ბავშვობის მეგობრის ცხედარს დროშა მკერდამდე გადააფარა, იმ გაუთოვებული შარვლით ტალახში ორივე მუხლით ჩაიჩოქა და შუბლზე აკოცა, მერე საიდანღაც კოხტად შეკრული დაფნის გვირგვინი ამოიღო, მიცვალებულს თავი ფრთხილად წამოუწია და მოარგო, ბოლოს ისე, რომ არ წამომდგარა, დროშა გადახადა, ისევ ხელში დაიჭირა და გვანიშნა, წაასვენეთო. კუბო ავწიეთ და გზა გავაგრძელეთ. დიმონი მანამდე იყო დაჩოქილი, სანამ უშველებელი პროცესია სასაფლაოს ეზოში არ გაუჩინარდა, კენჭები მუხლებს ტკენდა, თუმცა მედგრად იტანდა. მოსაცდელში რომ დაბრუნდა, ტალახში ამოსვრილი შარვალი არც გაუხდია, ისე წამოწვა ლოგინზე და მერამდენედ დაფიქრდა იმაზე, რომ რაღაც სულელური ახირების გამო მთელმა ცხოვრებამ თვალის დახამხამებაში გაირბინა. როცა აქ გადმოსახლდა, არც მაშინ ჰქონდა წესიერად ჩამოყალიბებული, რას ითხოვდა ან ვისგან ითხოვდა იმ რაღაცას, უბრალოდ პირველი, რაც მოაფიქრდა, ეს იყო, და გააკეთა კიდეც. ამერიკის საელჩოში წერილებს წერილებზე აგზავნიდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ხუნტის ჩამოგდებასა და ლეგიტიმური მთავრობის დაბრუნებაში დახმარებისკენ მოუწოდებდა. ელჩები იცვლებოდნენ, მის გიჟურ წერილებს კი არავინ პასუხობდა, საბოლოდ მათზეც აუცრუვდა გული, ამ სოროსის მონებმაც გაწირეს საქართველოო, და წერილების წერა შეწყვიტა. თავიდან ზვიად გამსახურდიას მომხრეები ხშირად აკითხავდნენ მთელი საქართველოდან, მათ შორის – ცნობილი ხალხიც თბილისიდან. მომხრეების რეალისტი ნაწილი უკვე შეგუებული იყო პოლიტიკურ-იდეოლოგიური და სულიერი წინამძღოლის ტრაგიკულ აღსასრულს (თუმცა, პრეზიდენტის თვითმკვლელობის არ სჯეროდათ), მეორე ნაწილს კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ზვიადმა ქვეყანა დატოვა, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და დასავლეთ ევროპის რომელიღაც ქვეყანაში ხელსაყრელ დროს ელოდა ტრიუმფალური დაბრუნებისთვის. თანაც, თურმე, სახლში ჩემოდნებით ელაგა მილიონობოთ დოლარი, რომელიც მამამისის რომანის („დიდოსტატის მარჯვენის“) უცხოური გაყიდვებიდან შემოსულიყო, და რახან კომუნისტები დიდ მწერალს კუთვნილი სოლიდური ჰონორარის მიღების საშუალებას არ მისცემდნენ, გამომცემლებს ფული ბანკებში შეენახათ იმის იმედით, რომ მწერლის შთამომავლობა ოდესმე გამოიყენებდა. სწორედ იმ ფულით აპირებდა ხელისუფლების დასაბრუნებლად სამშობლოში დაბრუნებას პირველი პრეზიდენტი. თავიდან დიმონ ცხონდია მომხრეების მეორე ნაწილს ეკუთვნოდა და პირველებზე მეტად მათი მოსვლა უხაროდა. ჟრუანტელი უვლიდა, როცა ჩურჩულით უმხელდნენ ერთმანეთს მომავლის გეგმებს. მოჰქონდათ უცხოური ჟურნალებიდან ამოხეული ფოტოები. მათზე გამოსახულ ადამიანებს პირველ პრეზიდენტს ამგვანებდნენ, რომელსაც ვითომ პლასტიკური ოპერაციის მერე დროებით გვარ-სახელი შეეცვალა და ხელსაყრელი სოციალური სტატუსი მოერგო. დიმონს სჯეროდა, რომ ყოველი თვის ოცდარვა რიცხვში ორ ბლოკ ფილტრიან სიგარეტს სწორედ ამ ორი ჯგუფიდან ერთ-ერთი უგზავნიდა. რეალისტების ჯგუფმა ნიკოტინით დიმონის პერმანენტულ მომარაგებასთან რაიმე სახის კავშირი კატეგორიულად უარყო. მეორე ჯგუფმა კი ჯერ იყოყმანა, მაგრამ მერე, თავისივე შეთხზული შეთქმულების თეორიის ხიბლში ჩავარდნილმა, მრავალმნიშვნელოვანი დუმილი არჩია, რითიც დიმონს საბოლოოდ განუმტკიცა რწმენა, რომ ის მათ ახსოვდა, და ამ მცირედი, თუმცა ჰაერივით საჭირო ძღვენით (დიმონი თავგადაკლული მწეველი იყო) გამოხატავდნენ ყურადღებას. სინამდვილეში ყოველი თვის ბოლოს ორ ბლოკ სიგარეტს, მეორედ გათხოვებამდეც და გათხოვების მერეც, ყოფილი ცოლი უგზავნიდა ანონიმურად. იცოდა, მისი ყოფილი ქმარი უსიგარეტოდ ვერ ძლებდა და ისიც იცოდა, სიგარეტის თხოვნა ჭირივით რომ სძულდა, ამიტომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ყოველთვე ყიდულობდა, ორივე ბლოკს მხურვალედ აკოცებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანდა ვინმე გამვლელს ავტობუსის მძღოლისთვის გადასაცემად, რომ თვითონ არ გამოჩენილიყო. მძღოლებიც შეეჩვივნენ და ყოველი თვის ოცდარვა რიცხვში, სენაკიდან მომავალნი, ჩამოხტებოდნენ ხოლმე ავტობუსიდან და მოსაცდელის კარის სახელურზე დაჰკიდებდნენ ამანათიან პარკს. ამანათი ყოფილი ცოლის სიკვდილის შემდეგაც მოდიოდა. ამჯერად, დედის ანდერძის თანახმად, უფროსი ქალიშვილი აგზავნიდა, ოღონდ მათზე მხურვალე კოცნა აღარ იყო აღბეჭდილი. თუმცა დიმონისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, იმ ბლოკებს ცეცხლის დასანთებად იყენებდა და ნაკოცნსაც და უკოცნელსაც ცეცხლი ერთნაირად კარგად ეკიდებოდა. კიდევ კარგი, სიმართლე არ იცოდა, თორემ შეიძლება, გადაჰყოლოდა უნებლიედ განადგურებულ ასობით კოცნას, ამ წლების მანძილზე მისთვის გამოგზავნილს. რაც ასაკი ემატებოდა, სულ უფრო ახლოს მიჰქონდა გულთან რაღაცები, ისეთ რამეებშიც იდანაშაულებდა თავს, არაფერ შუაში რომ არ იყო. მოსაცდელში გადმოსვლიდან მეორე წელს მოსაცდელს მანქანა დაეჯახა და მგზავრები (სამი ბიჭი) ადგილზე გარდაიცვალნენ. დიმონი უკვე მათ სიკვდილშიც დამნაშავედ თვლიდა თავს, თუმცა იცოდა ამ ვერსიის აბსურდულობა. ხაშხაშის ნახარშით გაბრუებული ის ბიჭები ყველა ვარიანტში შეასკდებოდნენ მოსაცდელის მყარ, ერთ მეტრამდე სისქის მქონე კედელს, რა მნიშვნელობა ჰქონდა, დიმონი იცხოვრებდა თუ არა შიგნით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ბოლო დროს მოსაცდელის გვერდით აღმართულ პატარა, მემორიალურ ნიშს რომ გახედავდა, რატომღაც დანაშაულის გრძნობა ეუფლებოდა. უკვე ბევრს რამესაც ნანობდა, ყველაზე მეტად კი იმას, რომ მაშინ ემალის ქვაბებზე დაცუცქული ის ორი მხედრიონელი ცოცხალი დატოვა. „მხედრიონის“ ერთ ჯგუფს, სენაკისკენ მიმავალს, დიმონის ჭიშკართან მანქანა გაუფუჭდა, სანამ შეაკეთებდნენ, დაღამდა კიდეც, ღამით მგზავრობა მათთვის სახიფათი იყო, რადგან შეიძლებოდა, გამსახურდიას შეიარაღებული მომხრეები ნებისმიერ ადგილას ყოფილიყვნენ ჩასაფრებულნი, ამიტომ დილამდე დიმონის სახლში დარჩენა გადაწყვიტეს. დიმონის ცოლმა პირველი პრეზიდენტის პორტრეტები (რომლებიც, ლამის, ყველა ოთახში ეკიდა), პრეზიდენტის და მამამისის წიგნები, და მათთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ჟურნალ-გაზეთები საწნახელის უკან საგულდაგულოდ გადამალა. დიმონმა იცოდა, რომ „მხედრიონი“ დაუნდობლად კლავდა, აუპატიურებდა და ძარცვავდა მოსახლეობას, მაგრამ მისი სტუმრები ნორმალურად იქცეოდნენ. თავიანთივე მოტანილი საჭმლით ივახშმეს, ცოტა დიმონის არაყიც დალიეს, დიასახლისს მთელი ქილა იმპორტული ყავა აჩუქეს, მერე აიშალნენ და სახლის ორივე სართული საგულდაგულოდ დაათვალიერეს. „ – კარგი კაცი ჩანხარ, მარა ვალდებული ვარ, არ გენდო. ამიტომ მოკიდე შენს ცოლს ხელი და ზევით, უკანა ოთახში დაიძინეთ!“ – უთხრა დიმონს ერთ-ერთმა, რომელიც უფროსობდა. თვითონ წინა ოთახში დაწვნენ, უფრო სწორედ, ოთხი მათგანი დაწვა, ორი კი დიდ ოთახში, დივანზე დაჯდა და ფხიზლობდა. არც დიმონს ეძინა, ბოღმისგან და ბრაზისგან ლოგინში წრიალებდა. სადღაც შუაღამით ძლივს წათვლიმა და ხმადაბალმა საუბარმა მალევე გამოაღვიძა. ფეხაკრეფით მიიპარა შეღებულ კართან და დიდ ოთახში ფრთხილად შეიხედა. ძირს დადგმული ლამფის შუქზე დაინახა შარვალჩახდილი, ემალის ქვაბებზე დამჯდარი დარაჯები, თან ეწეოდნენ და ერთმანეთში მშვიდად საუბრობდნენ. ჩანდა, ამას პირველად არ აკეთებდნენ. დიმონი ახლაღა მიხვდა, რაში სჭირდებოდათ ქვაბები, სამზარეულოში საგულდაგულოდ რომ აარჩიეს, სანამ ყველანი ზევით ავიდოდნენ. ის კაცი რა ვთქვი, ვისაც მოსასაქმებლად ლაფაროში გასვლისა ეშინიაო, გაიფიქრა დიმონ ცხონდიამ და სულით ხორცამდე შეზიზღდა ის ორი შუახნის კაცი, მისი სახლის მთავარ ოთახში, სწორედ იმ ადგილას რომ ჩაცუცქულიყო და ისაქმებდა, სადაც ოდესღაც მისი მშობლების კუბოები ესვენა. დიმონს მოუნდა, ლოგინის ჩარჩოზე ქვევიდან აკრული, დატენილი თოფი მოემარჯვებინა და ორივესთვის თავის ქალა აეხადა. სანამ კარზე აყუდებულ ავტომატებს აიღებდნენ, თავისუფლად მოასწრებდა მიახლოებას, თუმცა ამას თუ გააკეთებდა, გვერდზე ოთახში მწოლი მათი თანამებრძოლები დიმონსაც და მის ცოლსაც იქვე მოკლავდნენ. შემდეგ თავს იმართლებდა, იმიტომ არ ვესროლე, რომ ცოლი შემეცოდა, რა უფლება მქონდა, მისი სიცოცხლე დაუკითხავად გამეწირა, თორემ ჩემს თავს ვინ ჩიოდაო. სინამდვილეში საკუთარი თავიც ვერ გაიმეტა და, ნაწილობრივ, სწორედ იმ სიმხდალის კომპენსაციაც იყო მოსაცდელში გადასახლება. იქნებ სჯობდა, მაშინ მომკვდარიყო, შეცვლით მისი და მისი ცოლის სიკვდილი ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ იმაზე უფრო მკაფიო განაცხადი მაინც იქნებოდა, ვიდრე ეს ესკაპისტური შეკეტვა, რომელიც თავიდან კიდევ ჰგავდა რაღაცას, თუმცა უკვე კარგა ხანი იყო, რაც შეშლილი მოხუცის ახირებად ითვლებოდა. ამ ახირებული, შეშლილი მოხუცით ახლაც ინტერესდებოდნენ ჟურნალისტები, ოღონდ იმ რაოდენობით არა, როგორც ადრე. ადრე პრესის ჟურნალისტები სჭარბობდნენ, ახლა კი, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, კვირის რომელიმე შემაჯამებელი გადაცემისთვის თუ მოამზადებდნენ მასზე სიუჟეტს, სადაც მცირედი თანაგრძნობაც იკითხებოდა, მაგრამ სატირა და გროტესკი უფრო მეტი იყო. ისე გამოჰყავდათ, თითქოს გადაშენების პირას მყოფი ცხოველი ყოფილიყო, ენდემური სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი. ახლა კი, როცა ჟურნალისტების თანადგომა დასჭირდა, ფეხებზე დაიკიდეს. დიმონმა მთხოვა, მათ შევხმიანებოდი. ფეისბუქზე ყველა იმ არხს მივწერე, რომელსაც მასზე ოდესმე რამე გადაუღია. მოსაცდელიდან გაგდებას უპირებენ და იქნებ, ჩამოხვიდეთ და სიუჟეტი გააკეთოთ, მერე ვეღარ გაბედავენ მეთქი. წერილი ყველამ ნახა, მაგრამ არავინ გამომეხმაურა, რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური არხებიც კი სდუმდნენ. „ – ჩამოვა რომელიმე?!“ – მკითხა დიმონმა, როცა მასთან მივედი. „ – არა, არავის მოუწერია.“ – ვუპასუხე დანაღვლიანებულმა და ზვიად გამსახურდიას პორტრეტს ავხედე, ამ წლების მანძილზე საგრძნობლად გახუნებულიყო. ვიცოდი, ჩარჩოს უკან პატარა შეკვრა ეკიდა, რომელშიც ზვიად გამსახურდიას საფლავის მიწა იყო გახვეული, დიმონის თხოვნით რომ წავიღე მთაწმინდიდან. „ – არც ესენი მოდიან, ჯიბეში ჰყავთ, საცოდავები!“ – თქვა დიმონმა, ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტებს გულისხმობდა. სხვა გზა არ იყო, ჩვენი ძალებით უნდა შეგვენარჩუნებინა დიმონისთვის მოსაცდელი. იმ დილით უწყება მოვიდა, რომ ხვალ, შუადღის სამ საათამდე ჰქონდა დრო ფართის დასაცლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებით გაასახლებდნენ. ფეისბუქზე სასწრაფოდ შევქმენი დახურული ჯგუფი, სადაც ადგილობრივები, ანუ ისინი, ვისი იმედიც მქონდა, მოვიწვიე. ხვალისთვის ძალიან ბევრი ადამიანი აპირებდა მოსვლას დიმონის მოსაცდელთან. ეს რომ გაიგო, ცრემლები მოადგა და სახე ამარიდა. ვუთხარი, ამაღამ შენთან დავრჩები მეთქი, ღუმელთან ვიჯექი და ჩაის ადუღებას ველოდი. კეფაზე დამადო ხელი, როგორც მაშინ, როცა იქ პირველად შევდგი ფეხი, და შეშის მოსატანად გავიდა. „ – უეჭველად მოთოვს!“ – თქვა, როცა დაბრუნდა, და ნაპობები ღუმელის ქვეშ შეალაგა. დაღლილი ვიყავი, თან ხვალ მძიმე დღე გველოდა, ამიტომ ლეიბი გავშალე და ადრე დავიძინე. დილით ღუმელის ურდულის ჩხაკუნმა გამაღვიძა. დიმონ ცხონდია ჩაცუცქულიყო და ცეცხლს ანთებდა. წამოვიწიე და ფანჯრიდან გავიხედე, მუხლამდე თოვლი იდო.

 

 

 

1 2 3 4 5 6