(ბიძინა კვერნაძეს ვიხსენებ)

უპირველესი შთაბეჭდილება, რაც ბიძინა კვერნაძესთან ურთიერთობიდან დამრჩენია, მეტყველების სილაღე, იმპოვიზაციათა სიუხვე იყო. სწორედ ეს გახლდათ მისი ცინცხალი, დაუშრეტელი იუმორის წყარო. გული მწყდება, რომ ბიძინას ნათქვამებიდან ბევრი რამე დროზე არ ჩავიწერე.

კვერნაძეების ოჯახთან თავიდანვე ახლო ვიყავი. მე და ჩემი განსვენებული მეუღლე სოფიკო კახიანი (ისა და ნესტან (ნუგეშა) მესხი, საუკეთესო მუსიკათმცოდნე, ახალგაზრდობიდანვე მეგობრობდნენ), ხშირად დავდიოდით მათთან, ჯერ კიდევ მოსაშვილის ქუჩაზე, ვაკეში. მუდამ სიამოვნებით მაგონდება ის სიხარულითა და სითბოთი სავსე დღეები.

კედელთან გრძელი, მყუდრო ნიშა იყო საგანგებოდ გამოღებული. შიგ ტახტი იდგა და მუშაობისგან დაღლილი ბიძინა იქ ისვენებდა ხოლმე. უგემრიელეს ნამცხვრებთან ერთად, სურნელოვანი ჩაი როცა დავლიეთ, გამომშვიდობებისას ვუთხარი – სამაგალითო მეუღლე გყავს, ყოველნაირ პირობებს გიქმნის, ნაყოფიერად რომ იღვაწო-მეთქი.

გაიცინა – ამას თქვენს დასანახავად სჩადის, წახვალთ თუ არა, მერე სისხლს მიშრობს, ისეთ მწარე-მწარე რამეებს მეუბნება, ყურში არ შეიშვება, ენით „სვარკას“ აკეთებსო.

ამას, ცხადია, არცერთი სტუმარი არ დაუჯერებდა, ვინაც ჩვენს უსათნოეს, უსაზღვროდ კეთილ ნუგეშას იცნობს და მათი სამაგალითო ცოლ-ქმრული ურთიერთობა იცოდა.

ბევრი  მაკვარანცხულად ნათქვამი მაქვს იმხანად ბიძინასგან გაგონილი. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ იმავე სახლში ჰქონია ბინა კომპოზიტორსა და მეფის ყოფილ გენერალს (საკვირველია, დაუხვრეტელი როგორ გადაურჩა ბოლშევიკებს) კოტე მეღვინეთუხუცესს; მაღალი, სასიამოვნო შესახედაობის კაცი ყოფილა. კარგი სამეზობლო, ძველი არისტოკრატი. ცოლი მეტად კეთილი და მიამიტი რუსის ქალი ჰ.ყოლია, ლიდია ივანოვნა. უშვილოებს ლამაზი კატა გაუზრდიათ და იმას ელოლიავებოდნენ. განსაკუთრებით ცოლს ჰყვარებია, ანებივრებდა, ცივ ნიავს არ აკარებდაო.

ერთ დღეს სანუკვარი კატა ავად გამხდარა. მაშინვე ვეტექიმთან გაუქანებიათ, მაგრამ წამლობის მერე გამოკეთება არ დატყობია. მიჩვეულ საჭმელსაც ვერ ირგებდა. ბოლოს ოპერაციაც გაუკეთებიათ. ლიდია ივანოვნას ბიძინასთვის შეუჩივლია, ჭკვიანი კაცი ხარ, მირჩიე, რა ვქნაო. ბიძინას ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, მაშინვე უთქვამს – სხვა საშველი აღარაა, როგორმე თაგვის ბულიონი უნდა გაუკეთოთ, უსათუოდ მოუხდებაო. იმ კატის შემდგომი ბედი არ ვიცი, მაგრამ ეს ხუმრობა სამუდამოდ დამამახსოვრდა.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი იყო ჩემი განცვიფრება, როცა წლების მერე, მეთვრამეტე საუკუნის ცნობილი ფრანგი მწერალი ქალის (გვარს ვეღარ ვიხსენებ, იმ ლამაზად გამოცემულ წითელყდიან წიგნსაც, არეულობაში ვერ მივაგენი) ზღაპარი წავიკითხე. ის ქალბატონი სასიყვარულო თავგადასავლებით სახელგანთქმული, ჩვენებურად რომ იტყვიან, „კალთამადლიანი“, საფრანგეთში ახალი ჟანრის, ლიტერატურული ზღაპრის დამამკვიდრებლად არის აღიარებული და ეს პატარა ამბავი როდია. ხსენებულ ზღაპარშიც ძვირფასი ჯიშის კატა ხდება ავად და გადაწყვეტენ, იმასაც, როგორც დიეტური საკვები, არც მეტი,  არც ნაკლები, თაგვის ბულიონი მოუმზადონ.

შეუძლებელია, ბიძინა კვერნაძეს იმ ფრანგული ზღაპრის არსებობა სცოდნოდა. მისმა სხარტმა გონებამ თავისით მოიფიქრა, მეზობლისთვის, დასნეულებული კატის გამოსაჯანსაღებლად, თაგვის ბულიონი ერჩია. გარდა ამისა, იგი სხვის დაწერილს ანდა ნათქვამს არასგზით არ გაიმეორებდა. ასეთ რამეებში არავისი დახმარება არ სჭიროდა. ვინ მოსთვის, მისი რამდენი ნაპერწკლიანი ხუმრობაა დაკარგული. ამეების ჩასაწერად თვითონ რას მოიცლიდა.

ბიძინა კვერნაძე და რეზო ლაღიძე, ჩვენი ხალხის უსაყვარლესი კომპოზიტორი, მოსაშვილზე, ერთ სახლში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა სართულებზე. სანადიროდ და სათევზაოდაც, ხშირად ერთად დადიოდნენ, დროსტარებას არ იკლებდნენ. რეზო ლაღიძემ ეზოში ვაზი დარგო და თავის აივანთან ამოიყვანა. ცალი მხარე გაბურული იყო და სიცხეში იქ აფარებდა თავს. ერთ დღეს, ტრუსებისა და ბადურა მაიკის ამარა იქ მჯდარა სულის მოსათქმელად და ამ დროს ვიღაცას დაბლიდან გაბმულად ამოუძახნია: რეზოო! რეზოო! რეზოო!.. ცხადია, დასალევად უნდა წაეყვანათ მსუქანი, ზაფხულის ხვატისგან შეწუხებული კაცი. ცოლს, ქალბატონ თინას, შეშინებია, დამითრობენო და ლოჯიის ფანჯრიდან, მომკითხველისთვის ნაზად, ზრდილობიანად  უპასუხნია, შინ არ გახლავთო.

ზემო სართულიდან, საქეიფოდ გამოწყობილ და გამზადებულ ბიძინას თავი ვერ შეუკავებია და გაუთქვამს დამალული მეგობარი: „მა, ეს ტოლმაა?“ თან ხელი ვაზის ფოთლებში გახვეული რეზოსკენ გაუშვერია.

იმასაც ამბობდნენ – კონსერვატორიაში მისაღები გამოცდების მანძილზე, რეზო ლაღიძე იმავე ტალავერში იყო შეყუჟული და გატრუნული, აბიტურიენტთა მშობლებს რომ არ შეეწუხებინათო.

კიდევ უფრო უცნაური რამ მოვისმინე ბიძინასგან, ოღონდ ეს სხვა დროს და სხვა ადგილას იყო. ზემელზე ვიდექით, რუსთაველის ძეგლის მახლობლად და მაღლა, ფუნიკულორისკენ ვიყურებოდით. ერთი ვაგონი ზემოთ მიცოცავდა, მეორე, შემხვედრი, დაბლა მოექანებოდა. რატომღაც ვკითხე, საბაგიროთი მაღლა თუ ასულხარ-მეთქი.

ხელები გაასავსავა – იქ როგორ შევდგამ ფეხს, მაგ ეშმაკის მოგონილს მე „მიქელ-გაბრიელის პროვიზიონკას“ ვეძახიო. ეს ადრე სხვებისთვისაც უთქვამს.

გაოცებული დავრჩი, ასეთი შემაშფოთებელი შედარება რამ მოაფიქრა-მეთქი. ორიოდე კვირის შემდეგ ეს „შავი ხუმრობა“ მთელი საშინელებით ახდა – დაუდევრობისა თუ ტექნიკური გაუმართაობის გამო, დღისით, მზისით, ბაგირი გაწყდა და შიგ მჯდომი საცოდავი მგზავრები (პატარა ბავშვებიც ახლდათ) დაიღუპნენ. ჯოჯოხეთური ტრაგედია დატრიალდა. თავზარდამცემია გახსენება. ეს ამბავი, თავის ერთ დღიურში, აღნიშნული აქვს რეზო ჭეიშვილს და ზუსტი თარიღის დადგენაც შეიძლება (ოთხმოცდაათიანი წლების ქაოსისა და განუკითხაობის დრო უნდა იყოს).

* * *

ერთ ზაფხულს ბიძინა კვერნაძე და მე, ოჯახებით, ერთად ვისვენებდით ლიკანში. არაფერი ჯობდა იმ უნაღვლო, ხალისიან დღეებს. ივლისი იწურებოდა. ბიძინა 28 ივლისს იყო დაბადებული და ახლობლებმა თადარიგი დაიჭირეს, მისი დღეობა იქვე, ფიჭვნარში აღნიშნულიყო. სამზადისში ყველა თავისებურად მონაწილეობდა, ვისაც რა შეეძლო. უხვი პურ-მარილი, სწორ ადგილას, მინდორზე გაიშალა. წრეზე სქელი ქაღალდი იყო გაფენილი და ნახევრად წამოწოლილები ვიყავით, რასაც მოინდომებდი, ადვილად მიწვდებოდი. ღვინო საგანგებოდ იყო ჩამოტანილი, ნამდვილი წარაფი. იდგა ქვაბების ჩახა-ჩუხი, კერძებსაც ვერ დაიწუნებდი.

თამადად მიშიკო ლაზიშვილი დააყენეს, ლაზათიანი, წარმოსადეგი პიროვნება, კარგად მეტყველი, სადღეგრძელოების რიგზე, ტრადციულად წარმომთქმელი. ცდილობდა, არავისთვის დაეკლო ყურადღება. ისმოდა მოსწრებული ხუმრობები, რაშიც მედღეობეს ვერავინ შეედრებოდა. იყო შეძახილები, სიცილი. ყველა შეუზღუდავად ლაღობდა. ვისაც ხმა ჰქონდა, მღეროდა.

სუფრის გამძღოლი ძმა იყო მთელ თბილისში ცნობილი ოთარ ლაზიშვილისა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ, თავისი მინისტრობის დროს ციხეში ჩასვა. იმას რაღაც მოუზომავი ეთქვა ცეკას მდივნობაზე დამიზნებული ფუნქციონერის გასაკილავად (ჭკუით იყოს, თორემ პაგონებს ავაგლიჯავო). შევარდნაძე ამის მომთმენი არ იყო და უმცროს ლაზიშვილს ბორკილები დაადეს. საპყრობილეში წლობით ყოფნამ გატანჯა, სიცოცხლე შეუმოკლა. ნიჭიერ, უნარიან ბიზნესმენს რა უნდა დაეშავებინა სახელმწიფოსთვის, მაგრამ მაშინ ისეთ კერძო საწარმოებს „ჩრდილოვან ეკონომიკად“ ნათლავდნენ და მათ ხელმძღვანელებს დევნიდნენ. ჩემს მეხსიერებაში ბევრი არდასაპატიმრებელი დაუპატიმრებიათ და ბევრიც, გასასკვანჩავი, თავისუფლად დაპარპაშობდა. ჩვენისთანა დაულაგებელ, მოუწესრიგებელ ქვეყანაში მუდამ ასე იქნება.

უმრავლესობა ალბათ აღარც დარჩებოდა ცოცხალი მაშინდელ ზაფხულს, ბიძინას დაბადების დღეს, მდელოზე გაფენილი დაუვიწყარი სუფრის მონაწილენი, მაგრამ ჩემმა მეხსიერებამ გაუხუნებლად შემოინახა ის სურათები, დროდადრო რომ ამოტივტივდება და სასიამოვნო გუნებაზე მაყენებს.

იმავე ზაფხულს, ლიკანში ბიძინას ერთი მეგობარი კომპოზიტორი სულხან ნასიძეც ისვენებდა ოჯახითურთ. ბატონი სულხანი გრძელთმიანი, ტანმორჩილი კაცი იყო. მეუღლე და შვილები, ქალ-ვაჟი, მასზე ბევრად მაღლები იყვნენ. კურორტზე ახალჩამოსულები, როცა სასერნოდ გამოვიდნენ სანატორიუმიდან, ბიძინამ დამანახვა – შეხედე, გომელსკი რომ წუთშესვენებაზე გაიყვანს ორ მეტრს აცილებულ გუნდის მოთამაშეებს, ფანქარმომარჯვებულს ხელში მოედნის მაკეტი რომ უჭირავს და თვითეულს რაღაც მითითებებს რომ აძლევს, იმას არ გავს?!

ალექსანდრ გომელსკი საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ჭაღარა, პატარა კაცი და გიგანტი სპორტსმენების გვერდით ქაღალდზე ხაზებს რომ ავლებდა, თეთრ თაგვს წააგავდა. შედარება იმდენად ზუსტი იყო, სიცილისგან თავი ვერ შევიკავე.

დიდი ხნის მერე, როდესაც ცხოვრებისეული სიბრძნითა და ტრაგიზმით აღსავსე გოეთეს რომანს („შერჩევითი ნათესაობა“) ვკითხულობდი, რატომღაც ეს შემთხვევა გამახსენდა. რომანში გადმოცემულია მდიდარი, ვაჟკაცობით გამორჩეული ბარონის, ედუარდისა და მისი მეუღლის, მშვენიერი შარლოტეს ოჯახის ძალზე დრამატული ისტორია, რაზედაც აქ არაფერს ვიტყვი და მხოლოდ მათი, ზედმეტად გათამამებული, ფუფუნებაში ჩაძირული თავნება, ენაკვიმატი ქალიშვილის, ლუციანეს გამო მომიხდება ზოგი რამის თქმა.

პანსიონის დამთავრების შემდეგ, ლუციანე, ხანგრძლივი დროით, მშობლების ციხე-დარბაზში ჩამოდის, შეძლებულ საქმროსთან ერთად. თან უზარმაზარი ამალა ახლავს. მათი ბარგი აღარსად ეტევა. ლუციანე სულ გართობაზეა გადასული, ცდილობს ყველას ყურადღება მიიპყროს და, მიუხედავად იმისა,  საქორწინედაა გამზადებული, ახალ-ახალი თაყვანისმცემლებისკენ გაურბის თვალი. მსახიობური ნიჭიც არ აკლია და ნაირნაირ სანახაობებს მართავს. წრეგადასული მედიდურობის გვერდით, ზოგი მოსაწონი თვისებაც აქვს – ებრალება გაჭირვებულები და ყველას ეხმარება. ერთი დახეიბრებული, ლამაზი ახალგაზრდის მიმართ, ვისაც მარჯვენა შეუპოვარ ბრძოლაში დაუკარგავს, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს, გვერდიდან არ  იშორებს.

 

1 2 3 4 5 6