* * *

ღამით დაღლილ ბიძინას ეზოში ცალი წინდა ჩავარდნია. დილით ცოლი ამოსატანად ჩასულა და ვეღარ უპოვია. ნუგეშას ქვემოდან ამოუძახნია – გასაკვირია, სად გაქრა, ვის ჭირდებოდა ცალი ნასკი?

– სხვა არავინ, გიგა ლორთქიფანიძე წაიღებდა! – გამოუთვლია  ბიძინას.

* * *

გამსახურდიას დროს ბლომად გაჩნდნენ ფანატიკოსი, მეტისმეტად აგრესიული კარვის ქალები. ბიძინა იმათ „შინმოუსვლელ კოზლებს“ ეძახდა.

* * *

ახლობლის დაკრძალვისას ბიძინამ ერთი, ქელეხზე დადარაჯებული ტიპი დაინახა და მისი ფიქრი ამოკითხა – ეგ ახლა იმის ორმოცზეა ჩამდგარი  რიგში, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია! საკვირველი ნათქვამია.

* * *

ბიძინა და მისი მეუღლე ერთ ზამთარს, ძველით ახალ წელიწადს, წყნეთში ყოფილან სტუმრად ზურაბ ჟვანიასთან. ლამაზად ბარდნიდა. ამ დროს პრეზიდენტი სააკაშვილიც მოსულა. ისა და სტალინი ერთ დღეს, 21 დეკემბერს არიან დაბადებულები.მის დანახვაზე ბიძინას სოსელოს ლექსის პირველი სტრიქონი გახსენებია: „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი…“ გარეშე ძალების მიერ დაგეგმილი „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედს სახეზე დატყობია, რომ ეს გამჭვირვალე ასოციაცია მაინცდამაინც არ ეჭაშნიკა (შემდგომში ყოველნაირად ცდილობდა ბიძინა კვერნაძის უგულებელყოფას). რა შხამიან კოკორადაც გაიფურჩქნა საქართველოს პირწმინდად დამღუპველი, ამას, ტვინგადაკეტილი ფანატიკოსების გარდა, ყველა ჭკუათმყოფელი ხედავს.ბიძინამ შეუმცდარად განჭვრიტა ნაპრეზიდენტალის ბოროტი არსი. აღზევებულ ყვარყვარეებთან მას თავმოდრეკა არ სჩვეოდა.

* * *

მოსკოვში, კომპოზიტორთა საკავშირო ყრილობაზე დელეგატად ჩაფრენილ ბიძინას გამოუცხადეს, ღონისძიება გადაიდოო. რის გამო, არ ასახელებდნენ. ქალაქის ქუჩებში ხალხი ჩოჩქოლობდა, ერთმანეთს ეჩურჩულებიდნენ. თურმე ბრეჟნევი წასულიყო იმ ქვეყანას. ნეტა რისგან გარდაიცვალაო, უკითხავს ვიღაცას. მაგას უსათუოდ წარბების გადახლართვა მოკლავდაო, აუხსნია ბიძინას გენსეკის გარდაცვალების მიზეზი.

* * *

ახალგაზრდა ბიძინა კახეთში გამართულ ოლიმპიადაზე ჟიურის თავმჯდომარედ გაუგზავნიათ. სცენაზე გამოსულა ქალიშვილი და გამოუცხადებია – სანდრო მირიანაშვილი – „სიმღერა სამშობლოზე“. ასრულებს გიტრი კვრის წრე.

ბიძინა გაკვირვებული დარჩენილა: სიმღერის წრე როგორ შეასრულებს,გუნდი უნდა გეთქვათ ! – შეუსწორა გამომცხადებელს.

– არ ვიცი, კლუბის დირექტორმა ასე გვითხრა, ასრულებს წრეიო! – არ დანებებულა გაჯიქებული გოგონა.

იმ ოლიმპიადის შემდეგ მუსიკალურ ნაწარმოებთა მდარე შემსრულებლებზე დამკვიდრებულა ბიძინასეული შეფასება „გიტრი კვრი წრე“.

* * *

ბიძინას მამა ბატონი საშა კვერნაძე ნანახი მყავს. დინჯი,დარბაისელი იმერელი კაცი იყო, კახელების სიძე, საუკეთესო, უპატიოსნესი აფთიაქარი. იმერული კილოთი საუბრობდა, არ იყო შვილივით ხუმარა, ვინაც მამას შაშას ეძახდა, ბაბუას კი, ნიკოლოზს – კოლას.

ერთხელ ბიძინას მეუღლის, ნესტან (ნუგეშა( მესხისთვის მისებურად, საყვედურივით წამოუძახნია: დიდი მეტიჩარა ხალხი ხართ ეს ქუთაისლები- თქვენთვის არისტოკრატიული სახელები ჩამოირიგეთ – თამარი, აპოლონო, ნესტანი, ანასტასია (ნუგეშას ამ ბიძაშვილს ანტიკასაც ეძახდნენ) ჩვენ კი მხოლოდ შაშა (თავისი მამა) და კოლა (ბაბუა) დაგვიტოვეთო.ამ ხუმრობის ირონიას, სკაბრეზულობას რომ ჩახვდეთ, საჭირო გახდება გავიხსენოთ – ძველ თბილისურ ჟარგონზე „შაშა და კოლა“ არც ისე სასიამოვნო რამეს ნიშნავდა.

* * *

თუ რამდენად ჰქონდა ბიძინას გონება გავარჯიშებული კალამბურების მოფიქრებაში, ამაზე მარტო ეს ლექსის სტრიქონივით მოქნეული ფრაზაც მეტყველებს: „ხან-დაზმული ვარ, ხარ – არა“. აქ უთუოდ ისმის სულმნათი აკაკის  მონალობა. ისიც ყველას მოეხსენება – ხანდაზმულობა, სიბერისეული მოდუნება მის მუსიკასა და თავანკარა იუმორს სიცოცხლის ბოლო დღეებამდე არ დატყობია.

* * *

მოხდა ბედნიერი, გასახარი დამთხვევა – 1963 წელს ერთად იქორწინეს ახლობლებმა – ნასიძეებმა, კვერნაძეებმა, გაბუნიებმა, ამირეჯიბებმა, კილაძეებმა, ყანჩელებმა.

ბიძინამ საზეიმოდ გამოაცხადა: ერთ წელიწადში დოლი დაიწყება!

* * *

ბიძინას ძალიან უყვარდა კეთილშობილებითა და გულისხმიერებით გამორჩეული ექიმი ბესიკ იაშვილი.   ძველი, ტრადიციული სამკურნალო მეთოდების ამაღორძინებელი, დამწვრობის ცენტრის დამაარსებელი და ამ საქმის პიონერი მთელ კავკასიაში… ამიტომაც მის მშვენიერ მეუღლეს, ქალბატონ ნათელას, შეხუმრებით, „დამწვარ-დადაგულს“ ეძახდა.

 

1 2 3 4 5 6