* * *

ვატო კახიძე დიდხანს ჰყავდა შეჩენილი: ძია ბიძინა, ძალიან მინდა ჩემი ახალი ნაწარმოების ჩანაწერი მოგასმენინოთო. ბიძინას საამისოდ არ ეცალა, ერთმანეთს წაეწყო ნეტარი ქეიფები. ერთხელაც ვატომ ქუჩაში დაინახა, მანქანა გააჩერა, წაგიყვანო, თანაც ჩემს მუსიკას ახლა მაინც მოგასმენინებთო.

ბიძინამ ხელი აიქნია: – ბოზი ვარ, მუსიკას მანქანაში რო, მასმენინებო. ასეთ ხუმრობებს მისგან ახლობლები მიჩვეულები იყვნენ.

* * *

ნუგეშა ხშირად რეკავდა ტელეფონით ქუთაისელ მეგობრებთან. მათი სახელები ყვავილოვან მდელოს მოგაგონებდათ – ერთს, ნუცუბიძეს, ბუჩქი ერქვა, მერე მოიკითხა საერთო მეგობრები _ ია, ნარგიზა და მიმოზა.

სავარძელში ჩათვლემილ ბიძინას ეს სახელები რომ მოუსმენია, თავი წამოუწევია და უკითხავს:

– ნუგეშა, შენ ქუთაისში რეკავ თუ ორანჟერეაში?!

* * *

კვერნაძეებს სახლში, ერთი ხანობა, დამხმარედ რუსის ქალი ჰყოლიათ, სახელად მარია. სისუფთავის მოყვარული, საოჯახო საქმეებშიც სიყოჩაღეს იჩენდა, მაგრამ კუშტი და ჯიჯღინა, არავის ერიდებოდა, როცა რამეზე გაბრაზდებოდა. ბიძინა დიდსულოვნად ითმენდა მის უკმეხობას. ბოლოს მისთვის, ღვთისმშობლის სათნოების საპირისპიროდ. „ავი მარია“ შეურქმევია, მეტად მოხდენილი მიგნებაა. უთუოდ დარჩება, როგორც ბიძინა კვერნაძის საარაკო მახვილგონიერების ერთი იშვიათი გამოვლინება.

* * *

ბიძინა კვერნაძის მსგავსად, კალამბურებში დიდად იყო გაწაფული ჯანსუღ ჩარკვიანი. მის ნაირნაირ ოხუნჯობებზე სხვა დროს მინდა დავწერო და, ვფიქრობ, მოსაწყენი წასაკითხი არ იქნება. ჯანსუღს მუდამ ახალისებდა ბიძინას სკაბრეზული გამონათქვამები და ამის გამო მოხდენილად დაარქვა ბილწინა სკვერნაძე, რაც ადრესატს საწყენად არ დარჩენია, პირიქით, მოეწონა საკუთარი გვარ-სახელის ასე სასაცილოდ შეცვლა.

* * *

შემოდგომის იმ ულამაზეს დღეს მუდამ განსაკუთრებული სიამოვნებით ვიხსენებ. მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნეა გასული, მაგრამ ის მადლი და ელვარება ჩემს წარმოსახვაში არ განელებულა. ბიძინა და მე მეუღლეებით წავედით ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში (ჭაბუკიანის დასახლება). ბიძინას მეუღლეს, ქალბატონ ნესტანს (ნუგეშას) მივყავდით. ჩვენი იქ ჩასვლის უპირველესი მოწადინე იყო ჩემი ბიძაშვილი გულიკო იმნაძე, უსაზღვროდ კეთილი და მთელი  სანათესაოს შემკრები და შემკრავი; შემდეგში ცალად დარჩენილი, ოთარაანთ ქვრივის შემართებით უძღვება ოჯახს და ქმრის სახელს ავგაროზივით უფრთხილდება, თავს ევლება შვილებსა და შვილიშვილებს.

სიძე, ნუგზარ ბრეგვაძე, ჩაფსკვნილი, დაკუნთული ვაჟკაცი იყო, პროფესიით აგრონომი, ჯუმბერ პატიაშვილის ინსტიტუტის მეგობარი. მთელ კუთხეში უბადლო მონადირედ ითვლებოდა და სწორედ ნადირობისას შეემთხვა ხიფათი, რამაც იმსხვერპლა. მევენახეობის გარდა, მესაქონლეობასაც მისდევდა, მძლავრი მეურნეობა მოაწყო. ჩაფიქრებული ჰქონდა თავისი სოფლის ყოველმხრივი აღორძინება და აყვავება, მაგრამ არ დაცალდა.

თხუთმეტი წელია გასული ნუგზარის ტრაგიკული დაღუპვიდან და ხატებით გარშემორტყმულ მის სურათთან კანდელი არ ჩამქრალა. მამის საქმეს ღირსეულად აგრძელებს მისი პირმშო, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი ნიკა ბრეგვაძე, ვისაც თავისი მშობელივით ეხერხება მეურნეობის გაძღოლა და ამავე დროს საუკეთესო მუსიკალური სმენა აქვს.

აფენში ჩასულებს დიდი სიხარულით შეგვეგებნენ,მოგვხიბლა იქაურობამ. ლაღად გაშლილი ხეხილიანი ეზო-მიდამოს თვალიერებას შევუდექით. აღტაცებულმა ბიძინამ ხელები მაღლა შემართა და წამოიძახა: ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, მეორეჯერ აქ რომ არ ჩამოვიდე, სამოთხე ამაზე უკეთესი არაფრით არ იქნება!..

ნუგზარი, მასავით გაკახელებული და ხუმრობისმოყვარული იმერელი მაშინვე თვალში მოუვიდა, მონახეს საერთო ენა და სწრაფად მოარულს, ძალ-ღონით სავსეს, მგელკაცა დაარქვა. მასპინძელი მოგვიყვა, რომ იმ დალოცვილ კუთხეში მცირემიწიანი იმერლების ჩამოსახლება ილია ჭავჭავაძის თაოსნობით მოხდა და ბიძინა ამ გარემოებამაც გაახარა, ყველაზე მეტად განაცვიფრა დიდი გემოვნებით მოწყობილმა მარანმა, ორმოცჩაფიანმა ქვევრმა (დაცლის შემდეგ კიბით შეიძლებოდა მის ძირში ჩასვლა, ოთხი კაცი თავისუფლად მოიკალათებდა), ნაირნაირმა და სხვადასვა სასმელებმა…

ბიძინა ჩვენ შორის უმალ გამოარჩია ოჯახის ახლო ნათესავმა, უჩვეულოდ სტუმართმოყვარე ქალბატონმა კალისტინა ბრეგვაძემ, გაეცნო და თავისთან, გვერდით სახლში გადაიპატიჟა, ცოტა ხნით ქმარ-შვილი და კერია დამილოცეო. მაგარი, მათრობელა ღვინო დაალევინა, ლუკმა კი დაუყოლებია, მაგრამ თავში ავარდნია სასმელი. თხუთმეტ-ოც წუთში ისევ მოვიდა ჩვენთან, გაცინებულმა ჩაილუღლუღა ექსპრომტი:

ეს რა მიყო კალისტინამ,

ხელად გავხდი ბატისტვინა…

ყველას სიცილი აგვიტყდა, ჩემმა ბიძაშვილმა დოქით ცივი წყალი გამოიტანა. ბიძინამ სახე გაიგრილა და მალევე მოცოცხლდა.

იმხანად აფენი (ჭაბუკიანის დასახლება) საუცხოოდ გამოიყურებოდა. ბევრი რამ აშენდა.მოსახლეობის სიმრავლე და სიმდიდრე იგრძნობოდა. ბოლო ათეულ წლებში, ადგილობრივი მაცხოვრებლების დაუსაქმებლობის გამო, ამბობენ, იქაურობა სავალალოდ შეიცვალა. სოფელი ძველებურად ღონიერი და ახმაურებული აღარაა. სიმღერასაც იშვიათად გაიგონებ. სამწუხაროა, დასანანი.

იმ შემდგომაზე კი, როცა ჩვენი ოთხეული ესტუმრა იქაურობას (სხვებიც იყვნენ მიწვეულები), ყველაფერს სხვა იერი ჰქონდა. ოჯახის დიასახლისი ქალბატონი ვარდო ხაჭაპურების ცხობაში იყო და მრავალგვარი კერძების მოსამზადებლად ფუსფუსებდა. ხელებდაკაპიწებული მეზობლებიც ეხმარებოდნენ.

გულუხვ სუფრას ნუგზარის მამა გაუძღვა, მაღალი,ლამაზი, დიდებული შესახედაობის ჭარმაგი კაცი, ბატონი ზაქარია. სიტყვა-პასუხი, სადღეგრძელოთა თანმიმდევრობა იმას როგორ შეეშლებოდა. ყველას მოეფერა და პატივი მიაგო. ბიძინას სახე უბრწყინავდა, მშობლიურ სტიქიაში იგრძნო თავი.ელდარ შენგელაიასა და რეზო გაბრიაძის კინოშედევრი „შერეკილები“ ნანახიც რომ არ გქონოდა (მაშინ გადაღებული არ იყო), უთუოდ იტყოდი, ბრეგვაძეებთან ქეიფს არაფერი ჯობიაო.

კარგად შეღამდა, სუფრიდან რომ წამოვიშალეთ. ოთხი-ხუთი საათი ისე გასრიალდა, ვერც გავიგეთ. მასპინძლებმა დარჩენა გვთხოვეს, რაც ვერ შევუსრულეთ. შინ მცირეწლოვანი ბავშვები გველოდებოდნენ და უნდა დავბრუნებულიყავით. ჩვენთან ერთად გატარებული პურობით უზომოდ კმაყოფილებმა გამოგ ვაცილეს.საჭეს, ცხადია, ისევ ნუგეშა მიუჯდა. სოფიკო და მე უკან ვისხედით. ბიძინას ვკითხე, მანქანის მართვა შენ რატომ არ ისწვლე-მეთქი. მომიბრუნდა, მე, გენაცვა, „ტვინახოდი“ ვარ, ნუგეშას გვერდით იმიტომ ვჯდები, ვასწავლი, სად შეანელოს სვლა, სად მიუხვ-მოუხვიოს, ავარია რომ არ მოხდეს. ამის გაგონებაზე ნუგეშამ ჩაიღიმა, იმას ბიძინას სწავლება და მითითებანი არაფრად ჭირდებოდა, მაგრამ ცხოვრების მეგობარს არ აწყენინა,გული არ დაწყვიტა. ძალიან მახვილი თვალი აქვსო. გონებამახვილობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ეს მთელმა საქართველომ იცოდა.

ახალთახალი ვოლგა კი გამალებით ნთქავდა მხარიღლივ გაქცეულ კილომეტრებს, საბურავებს შრიალი გაუდიოდა, თბილისისკენ მივეშურებოდით. ის ზღაპრულად ლამაზი  დღე უსასრულობაში იძირებოდა. იმ ნეტარ დროს ვეღარაფერი დააბრუნებს უკან, მხოლოდ გაუხუნარ მოგონებად დარჩა.

ბიძინა კვერნაძე სხვა ყაიდისა და თვისებების კაცი გახლდათ. ჟამთა სვლა ასეთების სახეს ვერ აფერმკრთალებს. პირიქით, მეტი მადლითა და ნათელით იმოსება. მათზე გამუდმებულმა ფიქრმა დამაწერინა პაწია ლექსი – „უწყვეტი ჯაჭვი“ (ბიძინა კვერნაძე გამახსენდა), რომლითაც მინდა ჩემი ეს, არცთუ მთლად დალაგებული, სუმბურული ნაამბობი დავამთავრო:

ანეგდოტი, ხუმრობა,

ზნე-ჩვევები ადათის –

ერთი საუკუნიდან

მეორეში გადადის.

მახსენდება მრავალი,

ღირსნი იყვნენ შექების;

დავიწყება ამგვართა,

არაფრით არ ეგების.

 

 

1 2 3 4 5 6