ამასთანავე, ლუციანე მომწამლავი, შხამიანი ენის პატრონია, რაც გარშემო მყოფთ მისადმი ცუდად განაწყობს. ამ გაორებული პერსონაჟის ხასიათი უფრო ცხადი რომ გახდეს, საჭირო გახდება ერთი მოზრდილი ამონარიდი, სადაც ბუნებრივად ჩანს გოეთეს იუმორის განსაცვიფრებელი ძალა, ადამიანთა სულში ჩაწვდომის საწორუპოვარი უნარი, მისი ჭეშმარიტად უნივერსალური გენია:

„შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ლუციანე თანაბრად იმსახურებდა ქებასაც და გაკიცხვასაც, სიმპათიასაც და ანტიპათიასაც. თუ იგი ცდილობდა, ადამიანის გული როგორმე მოეგო, ჩვეულებრივ, თავისი ბოროტი ენის წყალობით, რომელიც არავის ინდობდა, მალე უფუჭდებოდა მასთან ურთიერთობა. ამიტომ არც ერთ მის სტუმრობას მეზობლების ციხე-დარბაზებსა თუ სახლებში, სადაც მას და მის ამალას თავაზიანად ღებულობდნენ, არ ჩაუვლია ისე, რომ უკან დაბრუნებისას თავშეუკავებლად არ აეგდო ისინი აბუჩად და არ გამოემჟღავნებინა, რომ ყველა ადამიანური ურთიერთობები სასაცილოდ არ ყოფნის. ხან სამ ძმას გაჰკრავდა კბილს, რომელთაც იმის თავპატიჟში, თუ ვის უნდა შეერთო პირველად ცოლი, სიბერემ მოუსწრო, ხან პირიქით, იმას დასცინოდა, მხიარული კაცი რომ იყო და გოლიათი ცოლი ჰყავდა. ერთ სახლზე ამბობდა, ყოველ ნაბიჯზე ფეხებში ბავშვი გედებაო, მეორეზე, სახლში ხალხი ბევრია, მაგრამ ბავშვი არ ჭაჭანებსო. მოხუცი ცოლ-ქმარი ჩქარა უნდა დაემარხათ, რომ სახლში ისევ გაღვიძებოდათ სიცილის სურვილი, მით უმეტეს, რომ კანონიერი მემკვიდრე არ ჰყავდათ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სამოგზაუროდ უნდა წასულიყო, რადგან ოჯახური ცხოვრება არ ეხერხეძოდათ. ლუციანე ისევე იგდებდა აბუჩად ნივთებს, შენობებს, ჭურჭელს, როგორც ადამიანებს. განსაკუთრებულ ენაკვიმტობას კედლის მორთულობის მიმართ იჩენდა, დაწყებული უძველესი გობელენებით და უახლესი ქაღალდის შპალერით გათავებული. მოყოლებული უპატივცემულესი ოჯახური პორტრეტიდან, ვიდრე ჩვენი დროის ქარაფშუტულ ჭედურობამდე, როგორც ერთს, ისე მეორეს მწარედ გაკერწლავდა, მისი დამცინავი შენიშვნები ყველაფერს აბურთავებდნენ, ამსხვრევდნენ და საკვირველი ის იყო, როგორ გადარჩა კიდევ რამე მთელი ხუთი წლის მანძილზე ირგვლივ“ (გემრანისტ ნელი ამაშუკელის თარგმანია, საკმაოდ რიგიანი).

გესლიანი ლუციანესგან „მხიარული კაცის გოლიათი ცოლის“ დამცინავად ხსენებამ შორეულად მომაგონა ბიძინა კვერნაძის ყოვლად უბოროტო ხუმრობა მეგობარ კომპოზიტორზე (სამაგიეროდ, მისგან არავის არაფერი სწყენოდა), რასაც გოეთეს რომანის პერსონაჟის მომშხამველ ავსიტყვაობასთან ვერაფრით ვერ დავაწყვილებთ. ეს ტიპი ჩვენი საყვარელი ბიძინას აშკარა ანტიპოდია.

როდესაც ვინმეს მოსწრებულ ნათქვამს მეტყვიან, უმალ ბიძინა კვერნაძის დაკვესებულ ხუმრობებს ვადარებ ხოლმე. მთელ თბილისში ცნობილი იყო სმას გადაყოლილი ცხონებული ნიაზ დიასამიძის გონებამახვილობა. კარგად ვიცნობდი და ამაში ბევრჯერ დავრწმუნებულვარ. ერთხელ ტელევიზიის შენობაში მოხვედრილა. ალბათ ვიღაცამ გაიყოლა, თორემ იმას ეკრანზე სალაპარაკოდ არავინ მიიწვევდა.

იქ ერთი სტუდია მახსოვს – ვეებერთელა, ჭერმაღალი, შავკედლებიანი: ზემოთ, კიდეზე, მარცხენა მხარეს, რკინის ტეხილი, მოზრდილი, ბრტყელი ჯოხები მოაჯირივით ჰქონდა გაყოლებული, მეტ-ნაკლები სიგრძისა, მიბრეცილ-მობრეცილი.

მაშინ იქაურობას ბიუროკრატობით განთქმული, გონებაშეზღუდული, მაგრამ შინაგანად პატიოსანი პარტიული მუშაკი კარლო გარდაფხაძე განაგებდა. მანამდე პარტკომად მუშაობდა უნივერსიტეტში, სადაც მისაღები გამოცდების დროს ვიღაც თავზეხელაღებულმა ლოყაზე სამართებელი დაუსვა და კინაღამ დააბრმავა; ნაწიბურები კიდევაც ეტყობოდა. ტელევიზიაშიც ყველაფერს მკაცრად აკონტროლებდა, თავისუფალ აზრს არ აჭაჭანებდა, „რკინის კარდიოგრამის“ პატრონს, ჯანმრთელობაც რკინისებული აღმოაჩნდა. ვგონებ, კაგანოვიჩივით, ას წლამდე იცოცხლა.

ხსენებულ სტუდიაში შეხეტებულ ნიაზს გარდი-გარდმო გამწკრივებული, იმ რკინის ბრტყელი რიკულებისთვის შეუხედავს და არც დაფიქრებულა, იქვე მდგარი ტელევიზიის თანამშრომლებისთვის უკითხავს:

– ეს რა გაგიკეთებიათ, გარდაფხაძის კარდიოგრამა ხომ არ არის?

იმათ ფხუკუნი აუტეხიათ. პირზე ხელს იფარებდნენ, შეფმა არ გაიგოსო. ეს რომ მიამბეს, მეც ვერ შევიკავე სიცილი და ვთქვი – ისეთი ხატოვანი ხუმრობაა, ამაზე უარს თვით ბიძინა კვერნაძეც არ იტყოდა-მეთქი. ეჭვი არ მეპარება, ძალიან მოეწონებოდა.

ჩვენი სამეგობროს უსაყვარლესი პიროვნება, ძალზე კეთილი და მეტად ნიჭიერი კინომსახიობი გურამ ლორთქიფანიძე (ლორთქია), უცნაურობათა გარდა, მახვილგონიერებითაც გამოირჩეოდა. უცნაური ჩაცმულობის გამო, იგი ბიძინა კვერნაძის საკბილოც გახდა. ერთხელ, კინოსტუდიაში, მისი ორი ნაცნობი ჭადრაკს თამაშობდა (გვარები აღარ მახსოვს, მომიყვნენ). ერთი ძლიერი მოთამაშე ყოფილა, მეორე – შედარებით, სუსტი. დანიძლავებულები ყოფილან. ძლიერს სუსტისთვის ჯერ ერთი ფიგურა (ეგრეთწოდებული ტურა) მიუცია წინასწარ და მოუგია. ამას გაუთამამებია და უთქვამს, ახლა ფორად ორ ტურას მოგცემო.

ლორთქია იქვე მდგარა (თუ გავიხსენებთ, „ცისფერ მთებში“ იგი ვიღაცას ჭადრაკს ეთამაშება და როცა მოუგებს, კმაყოფილი ჩაიღიღინებს: „შახ-ნამე! შან-ნამე!“) და მოგებულისთვის უთქვამს:

– ბიჭო,  შენ სულ გააფრინე? ამდენს როგორ აძლევ, მთელი საქართველოს ტყეები რომ დაიარო, ორ ტურას ერთად იქაც ვერ ნახავ!

ამაზე ბევრი უცინიათ. მოხდენილი ხუმრობაა, არ უნდა დაიკარგოს. ბიძინა კვერნაძე, ვისაც ყველანი გონებამახვილობის ეტალონად თვლიდნენ, ლორთქიას ამ აღშფოთებითაც, ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩებოდა, იუმორის გამობრწყინებად ჩაუთვლიდა.

* * *

აქვე მოვიტან სხვადასხვა დროს გაგონილ ბიძინას რამდენიმე სხარტულად ნათქვამს(ქრონოლოგია ვერ იქნება დაცული) სადაც ნაწილობრივ ჩანს მისი განუმეორებელი პიროვნების ზოგიერთი თავისებურება.

* * *

როინ მეტრეველი კომკავშირის ცეკას მდივანი. თანამდებორბით მდგომ პირებთან უთანხმოება მოსვლოდა და გაეთავისუფლებინათ.

ბიძინა ამის გამო შეწუხებულა: არა რცხვენიათ, თვითონ ვოლგებით დაგრიალებენ, ეს კაი კაცი კი ფეხით უნდა აროინონო.

* * *

ტანმაღალი, შთამბეჭდავი გარეგნობის ცისანა ტატიშვილს და ბიძინა კვერნაძის მეუღლეს ნესტან მესხს ერთობლივი კონცერტი ჰქონიათ. სცენაზე როცა დამდგარან, კონტრასტი სიმაღლესში უფრო მკვეთრად გამოჩენილა. ბიძინას საკუთარი ცოლით აღარ დაუნდვია და უხუმრია. ქართლის დედასთან მისულ ტურისტს გავდი!

* * *

პეტრე გრუზინსკი (ახლობლები მას თეზიკასაც ეძახდნენ) და ბიძინა კვერნაძე მეგობრობდნენ, ერთმანეთთან შეხუმრებულები იყვნენ. პეტრეს მისთვის მანქანით მოუკითხავს და, საჭესთან გვერდულად მჯდარი, უცნაურად დაგრეხილა – დუნდულაზე ძირმაგარა გამომივიდა და ტკივილმა სული ამომართვაო.

ბიძინა რა შვილი იყო, ასეთი შემთხვევა ხელიდან გაეშვა; ვითომ შეწუხებულა და თანაგრძნობა ასე გამოუხატავს:

– კაცო, ეს რა ცუდი საქმე დაგმართნია, ტახტზე დასაჯდომად ერთი ტრაკი გქონდა და ისიც აღარ გივარგა!

* * *

ერთხელაც პეტრეს მთვრალი ბიძინა მანქანით მიუცილებია სახლში. გვერდით თავისი მეუღლე, ლიკა ჯდომია. მანქანიდან ძლივს გადმობობღებულ ბიძინას მეგობრისთვის დაუბარებია – ეგ შენ ბოზი არ გეგონოს და სხვაგან არ გაუხვიოო.

* * *

ბიძინა და მისი მეუღლე ნესტან მესხი უცხოეთიდან დაბრუნებულან გვიან ღამით. ირგვლივ კაციშვილი არ ჩანდა. ბარგი ყოფილა სახლში ასატანი და ბიძინა ცოლის სასაყვედუროდ აბუზღუნებულა:

– შენ ცოლად კომპოზიტორს კი არა, ჩიმიშკიანს უნდა გაჰყოლოდი! (რაფაელ ჩიმიშკუიანი ოლიმპიური ჩემპიონი იყო შტანგის აწევაში).

* * *

ბიძინას მამა, „საშა ბაბუ“ რომ დაუკრძალავთ მუხათგვერდში, პეტრეს ახალი გადატანილი ჰქონია ინფარქტი, დასუსტებული ყოფილა. მანქანაში როცა სხდებოდნენ, უკითხავს, ქელეხში სად მივდივართო.

– შენ ბარემ აქ დარჩენილიყავი! – შეუთავეზებია ბიძინას თავისი „ვარიანტი“.

 

1 2 3 4 5 6