* * *

კონსერვატორიაში, საბჭოს სხდომაზე, რექტორს,ნოდარ გაბუნიას, შეუხსენებია – გაითვალისწინეთ, მაქს პლანკი, იმოდენა გენიოსი, 60 წლისა იყო, პროფესორობა რომ ეღირსაო.

კალამბურებში გავარჯიშებულ ბიძინას წამსვე უპასუხნია:

– რას ამბობ, ჩემო ნოდარ, ჩვენ მაგ პლანკას დიდი ხანია გადავხტითო.

ამ მოსწრებული ხუმრობით გამხიარულებულ საბჭოს, იმ დღეს,კიდევ ერთი პროფესორი გამოუჩეკია.

* * *

ნანი ბრეგვაძეს, ვინაც მუდამ კოპწიად და ახალგაზრდულად გამოიყურება, ბიძინამ „მეტრიკადაკარგული“ შეარქვა. უკეთეს საქებარ ეპითეტს ჩვენი ესტრადის უპირველეს ვარსკვლავს და სასიქადულო მომღერალს ვერავინ შეურჩევდა.

* * *

დაუდეგარი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და წარმატების ჟინით შეპყრობილი ჯანო კახიძე სულ გასტროლებზე იმყოფებოდა და ისედაც, სიცოცხლეს უმძაფრესი შეგრძნებით, სულმოუთქმელად ეწაფებოდა.

ამის გამო, ბიძინა, გადაკრულად, სულწასულს ეძახდა.

* * *

ჯანოს მშვენიერი მეუღლე, ვანდა, სამაგალითო დიასახლისი იყო. უგემრიელესი კერძებით გაწყობილ მის სუფრებს ბიძინამ „ვანდალიზმი“ შეარქვა.

* * *

ვიღაცას დანანებით ეკითხა: მანანა დოიჯაშვილი ჯერ ხომ ახალგაზრდა ქალია, რატომაა ასეთი ჭაღარა“

ბიძინას ხელად უპასუხნია: ჭაღარა კი არა, დასაბანია, კონსერვატორიაში რემონტია და თავი გაჯითა აქვს მოთხვრილი.

* * *

ვაჟა აზარაშვილს მშვენიერი მელოდიური სიმღერები აქვს მზეზე, წვიმაზე, ქარზე, თოვლზე. ამის გამო, ბიძინამ „ამინდის ბიუროს კომპოზიტორად“ მონათლა.

* * *

დოდო ჭიჭინაძე მოხუცებულობაშიც ლამაზ, ეშხიან ქალად დარჩა. დოდოს, ფარფლებიანი შავი შლიაპისა და ფარფატა სიარულის, ჰაეროვნების გამო, ბიძინამ „ლუსტრის პეპელა“ შეარქვა.

* * *

საქართველოს ახალი ჰიმნის შესაქმნელად კონკურსი გაიმართა, სადაც სოსო კეჭაღმაძეს თავისი ნამუშევარი რამდენიმე ვარიანტად წარუდგენია. უჩვეულო ნაყოფიერების გამომჩენს,კიდევ უფრო წასახალისებლად, ბიძინამ „ჰიმნოზავრი“ უწოდა.

* * *

იშვიათი მოვლენის მომსწრენი გავხდით. თბილისს რომის პაპი იოანე პავლე ესტუმრა. კარდინალები და ვატიკანის ელიტა ახლდა.აეროპორტში დიდებული სანახავი იყო თეთრი და ვარდისფერი მანტიებით შემოსილი სამღვდელოება. ჩვენი მხრიდან ჩამოსულებს დახვდნენ ჭაღარა, შავანაფორიანი მღვდლები.ხელში გრძელი კვერთხები   ეჭირათ. ვერ გამოიყურებოდნენ მთლად სასურველად.

– შავნაბადას ბატალიონია? – უკითხავს ბიძინას.

* * *

ერთხანს ვინმე ფანატიკოსი ჟურნალისტი, კერპთაყვანისმცემელი ვალტერ შურღაია (ტელევიზიაზე თავდასხმის ორგანიზატორიც იგი იყო), ოთხმოცდაათიანი წლების არეულობის ჟამს, შემაწუხებლად აქტიურობდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ყველა მიტინგზე ასწრებდა მისვლას და ყურისწამღებად გაჰყვიროდა, მისი ერთ-ერთი გამოსვლის მერე ბიძინას უთქვამს – ვალტერ სკოტი ვიცოდი, მაგრამ ახლა ეს უფრო იციან, ამიტომ, მოდი, უბრალოდ „სკოტი“ დავარქვათ, მოუხდება.

* * *

გურამ ლორთქიფანიძემ (ლორთქიამ) კოხტა, შავი კიტელი შეიკერა. შიგ პატარა თეთრი საყელო უჩანდა. ახალგაზრდა, ტანთხელი, ამაყად დაიჯგიმებოდა.

– რა ეჩმიაძინის ასპირანტივით დადიხარ! – მოუწონებია მისი უცნაური ჩაცმულობა ბიძინას.

* * *

ერთი ახალგაზრდა, შავგვრემანი, გაწრიპული ტელეწამყვანი ბიძინას, დანახვისთანავე, ასე შეუფასებია – სომეხ „მიკი მაუსს“ გავს.

* * *

ბიძინას და მის მეუღლეს ნასვამი თენგიზ არჩვაძე სტუმრებია.მათთან კიდევ დაუმატებია და გვარიანად შემთვრალა.წასვლისას დავიწყებია თავისი ლაბადა, რომელიც თვეების მანძილზე ეკიდა მათ ოჯახში. ბიძინას იმისთვის „შინმოუსვლელთა პლაშჩი“ დაურქმევია.

 

1 2 3 4 5 6