* * *

ბავშვობაში გადატანილი ტიფის გამო ბიძინას თითის ფალანგების მოხრა უჭირდა. ამაზე პეტრე დასცინოდა, შე ნატიფაროო!

ერთხელ ბიძინას ასე უპასუხნია:

– სამაგიეროდ, შენ უტიფარი ხარ და ჩვენი უბედურებაც ეგ არი!

* * *

გიგა ლორთქიფანიძემ დაამთავრა დიდი ორნაწილიანი, ფილმი გეორგიევსკის ტრაქტატზე „წიგნი ფიცისა“ და ნამუშევარი მთავრობას უნდა ჩაებარებინა. კინოსტუდიის ეზოში საშინელი ხვატი ყოფილა, სუნთქვა ჭირდა. ბიძინას უთქვამს – ცხელი ხაჭაპურით სტუმრის დახვედრა კი გამიგია, მაგრამ ცხელი ასფალტით, რაღაც არაო.

შეკრებილთაგან რომელიღაცას მაამებლური აზრი დაბადებია, მეორე ნაწილს „ნათელი მიმავალი“ დავარქვათო. ბიძინა მაშინვე შეპასუხებია – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. მარჯვედ გამოუყენებია ქართული ანდაზა. იდგა თურმე სიცილ-ხარხარი. ამ დროს კომპოზიტორი იაშა ბობოხიძე შემომატებიათ. ვის ველოდებითო, უკითხავს იმას.

ედუარდი უნდა მოვიდეთო, უპასუხეს.

– რომელი ედუარდი? – კვლავ გულუბრყვილოდ იკითხა ბობოხიძემ.

ბიძინას გაღიმებია – რომელი ედუარდი გვყავს, ისიც ლუდოვიკო ხომ არ არის, დაგინომრონო.

საერთო მხიარულების დროს ქართული პოლიტბიუროც გამოჩენილა. გიგა ლორთქიფანიძეს მოსულისთვის მოუყოლია ეზოში გამართულ დიალოგებზე. იმათაც ბევრი უცინიათ. დაძაბულობა მყისვე გაქარწყლებულა. ედუარდ შევარდნაძე არ იყო მოკლებული იუმორის გრძნობას.

* * *

კომპოზიტორი არჩილ ჩიმაკაძე ბრგე, გოლიათური აღნაგობის კაცი იყო. დინჯსა და მარტოხელას მკვეთრი ქართული სახის ნაკვთები ჰქონდა. მძიმე ხასიათის ადამიანად იცნობდნენ. ერთი პირობა ოპერის დირექტორადაც მუშაობდა. სწორედ მაშინ, რომელიღაც ღონისძიებაზე მისულან ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწეები, ძალზე განათლებული, გონიერი პიროვნებები გივი ორჯონიკიძე და ალიკა ალექსიძე, ორივენი ტანმორჩილები და სიგანეში წასულები, ჩასუქებულნი. ასულან სცენაზე და მათთან შედარებით გულივერივით ჩიმაკაძეს იქეთ-აქედან ამოსდგომიან. იმხანად მარნეულში ახალი დადგმული ყოფილა მერაბ ბერძენიშვილის სიმბოლური ქანდაკება. იქვე მყოფ ბიძინა კვერნაძეს არცთუ ისე ხმადაბლა ჩაულაპარაკებია:

– კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!

დარბაზში თავშეყრილთა ხარხარს ოპერის ჭერი შეუზარზარებია.

* * *

ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, გასტრონომი გაუხსნიათ. გვიანობამდე მუშაობდა, მაგრამ ერთი ხანობა დაცარიელებული ყოფილა, ვერანაირ პროდუქტს ვერ შეიძენდი. ბიძინა შესულა შიგ და მომსახურე ქალებს მიდგომია:

– ძეხვი გააქვთ?

– არა!

– ყველი?

–არა!

– კარაქი?

– არა!

– მა, პოლიკლინიკა ხართ, თეთრი ხალათები რომ ჩაგიცვამთ? – გაღიმებია და უკან გამოტრიალებულა.

* * *

ერთხანს რუსეთიდან გაფშეკილი, ერთმანეთზე ფრთებ და ფეხებგადაბმული, გალურჯებული ქათმები შემოჰქონდათ.

− რა სუხიშვილების ხორუმივით გამოყავთ საწყლები! − უთქვამს ბიძინას. მორიგი პარტიის გადმოტვირთვისას.

* * *

სულხან ნასიძეს ბიძინასთვის უთქვამს − კაცურად თხოვე კიტოვანს, ვანიკოს პატარა „ზაპოროჟეცი“ გამოაყვანინოს, ნამეტანი ბევრს დადის სამსახურის საქმეებზე, გაწვალებულია და ძალიან სჭირდებაო.

− „ზაპოროჟეცის“ რა გითხრა და     „ბეტეერს“ უეჭელად მოგიხრხებს. − გულუხვობა გამოუჩენია კიტოვანის მაგივრად ბიძინას.

* * *

ვინ არ იცის, რაოდენ კეთილშობილი ადამიანი იყო ჩვენი უნიჭიერესი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე, ყველასთვის დაუზარელად მზრუნველი, ყველაზე გადაყოლილი.მუდამ იმაზე ფიქრობდა, მეგობრებისთვის რითი ესიამოვნებინა. ერთხელ დრამატურგ შოშია ჩხაიძეს ურეკავდა – ბათუმიდან როცა წამოხვალ, ხამსა გამოიყოლეო. ბიძინა შესწრებია მათ სატელეფონო დიალოგს და გადაკრულად უთქვამს – დიდი უხამსობა იქნება, ბათუმიდან ჩამოტანილი ხამსა უჩემოდ რომ შეიჭამოსო.

ეროსის დანამუსება არ ჭირდებოდა. იგი ასეთ „უხამსობას“ არასგზით არ ჩაიდენდა, მეგობრულ სუფრაზე უსათუოდ მიიპატიჟებდა ბიძინას.

* * *

ბიძინა კვერნაძეს უსინდისო ადამიანის გამასხარავება როცა უნდოდა, ამბობდა – ეგ რა კაცია, მთელი ცხოვრება „კამოს პაშტეტს“ მირთმევსო. ამით მიგანიშნებდა, რომ ასეთ ტიპებს სათოფეზე არ უნდა გაეკარო.

* * *

რეზო ესაძეს გადამეტებული აქტიურობისა და გარეგნობის გამოც, სიყვარულით, „მოძრავ ბუჩქს“ ეძახდა. აქედანაც ჩანს, ბიძინა ხატოვან, ვიზუალურ შედარებათა რამდენად დიდი ოსტატი იყო.

* * *

მეტად საყვარელ, ძალზე ჭკვიანსა და ამდენადვე ნიჭიერ ნოდარ გაბუნიას ზიზი რომ შეურთავს, ცოლის ნათესავებს, სიძის პატივისცემის ნიშნად, რაჭიდან შემოუთვლიათ – ნოდარი აქ როცა ამობრძანდება, საქეიფოდ დიდ ჭურს მოვხდითო.

ბიძინას არამსმელი გაბუნიასთვის დანანებია ასეთი ფუფუნება და ზიზის დააბარა – რაჭველებს გადაეცი,რომ ჭურის ამბავს რაც შეეხება, ამ მხრივ შენი ქმარი ჭურში ზისო.

 

1 2 3 4 5 6