* * *

აი ისევ

წვიმიან დღეს,

ღრუბლებით ამოკერილი ცის ქვეშ

თავიდან მიწევს შენთან შეხვედრა.

თარიღები თითქოს ემთხვევა,

(ანდაც მე მიყვარს სიმბოლოებს დავუგდო ყური)

თმები ისევ არეულად გაყრია მხრებზე,

მოსაცმელი ისევ დიდი გაქვს,

შეუმჩნევლად ადგამ ნაბიჯებს

მაგრამ მაინც,

ვერცერთი ქალი ვერ შეედრება ამ სინამდვილეს,

რომელსაც ასე უანგაროდ აფრქვევ ჰაერში.

აი ისევ,

ვსხედვართ სკამზე და ჩიტებს ვითვლით,

ვვარაუდობთ მათ სახეობას,

ჩემთვის ყვავებს გვანან ისინი,

შენთვის თოლიებს. 

 

აი ისევ,

ჩემს ხელის გულში ინთება ცეცხლი,

შენ კი უკიდებ.

გოგირდის გემოთი ტკბები,

პირველ მოქაჩულ ნაფასზე.

არაფერი შეცვლილა თითქოს.

ყველაფერი ისე გრძელდება, 

თითქოს ცაზე, ვარსკვლავიც კი არ განძრეულა.

აი ისევ,

მე მგონია რომ მთლიანად მხედავ

როდესაც მტოვებ.

რომ შენი ზურგი თვალებს ისხამს

და ის თვალები ჩემთან რჩებიან.

მე სამუდამოდ დავატარებ მათ სინათლეებს. 

 

1 2 3 4 5 6 7 8