* * * 

ჩვენ წვიმაში ვეძებდით, 

ერთ ძველ წიგნს შენი შეყვარებულისთვის. 

ინდოელთა წიგნის ბაზარში, 

დახლზე დაწყობილ ყველა ავტორს ზედმიწევნით კითხულობდი 

და მე ვფიქრობდი, 

არაფერია უფრო სევდიანი, 

ვიდრე დაყვებოდე საყვარელ ქალს უკან, 

რომელიც თავის საყვარელი კაცისთვის ეძებს წიგნს. 

თუ სწორად მახსოვს წიგნს ასე ერქვა „მეტამორფოზა“ (ოღონდ არა კაფკას) 

რა თქმა უნდა ვერ იპოვე, 

და რა თქმა უნდა მსურდა როგორმე მე მეპოვნა დახლზე ის წიგნი, 

და წაგეღო მერე საჩუქრად იმ შენი დენი დევიტოსთვის. 

წაგეღო და მე მაგ დროს მაინც გაგხსენებოდი, 

როცა მის სახლში ამ წიგნს სადმე მიგდებულს თვალს გამოკრავდი. 

მაგრამ ასე არ მომხდარა. 

წვიმამ სულ დაგისველა მწვანე თმები. 

ის წითელი კაბა კი ანათებდა იმ ჟამიან საღამოს, 

ღრუბლებით სავსე ცის ქვეშ, 

მე შენ მიყვარდი. 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8