* * * 

აი ვფხიზლდები. 

ვიწმენდი თვალებს მიუწვდომელი სურვილებისგან. 

მათ შეუძლიათ დაიცადონ,

მოგვიანებით იყვავილონ ან განადგურდნენ. 

შენ სად ხარ ახლა ?

მინდა გიპოვნო ძველი მაგიდის უჯრაში ან სამზარეულოს კარადაში,

სადაც დარიჩინის ღეროები და თაფლი აწყვია.

მინდა გიპოვნო,

ნისლით სავსე მთებში, ველური ცხოველების ჯოგიდან გაუკვალავი ბილიკებით გამოგიყვანო.

შენ კი ალბათ არსად არ მეძებ,

შენ ჩემი სუნი არასოდეს არ აგიღია.

მე კი ვყნოსავდი,

როცა კი შანსი გამიჩნდებოდა, 

თითქოს ჰაერი მაკლდებოდა და შენს კისერში ჟანგბადის საბადო იყო.

ამიტომ მივხვდი.

უნდა გიპოვნო.

ჩემი თავი ფორთოხალივით უნდა დავჭრა,

დიდ მრგვალ ნაჭრებად,

ნარინჯისფერ მთვარეებად გამოგწურო ჩემი გულისგან.

რადგან გიპოვნო.

თუ ამისათვის ჩემი თავი უნდა შევცვალო,

ათასჯერ შევცვლი,

ყველა მზის სხივს ორად გავაპობ,

ერთს გიწილადებ.

რადგან ღამე,

რომელშიც შენ თეთრ ხელებს, 

სხვები მართმევენ,

ჩემი გავხადო.

მომეცი ნება წაგიყვანო,

და სრულიად გაგაშიშვლო სარკის წინაშე,

შენი შიშები ტყემლის ბოთლებში დავაფასოოთ

და სარდაფი ამოვავსოთ, სადაც არასდროს არავინ ჩავა.

მომეცი ნება,

გასწავლო ტყუილები. პატარ პატარა, ისეთი არავის რომ არაფერს ავნებს და ჩემ გულში

სიხარულად გახმოვანდება.

რადგან შენი ენის სიმართლეები,

ყურებს მიცობენ.

მომეცი ნება,

რომ ყოველდღე გულწრფელად გელაპარაკო და არაფერი დავმალო შენთვის,

პირდაპირ გითხრა,

რომ ახლა დედამიწაზე ასჯერ დიდი ხარ

და კიდევ უფრო აპირებ გაზრდას,

რომ მალე თვალები დამისკდება,

შენი ყურებით.

მომეცი ნება, 

ვიყო ერთგული და არასდროს გავიხედო სხვა ქალებისკენ,

აღარ ამიდგეს მათ დიდ მკერდზე და განიერ თეძოებზე,

რადგან ეს ასო გული არ არის,

და მას შენთან შეხვედრის

ისე ძალიან ეშინია,

რომ ვერასდროს წარმოგიდგინა,

მასტურბირების ფანტაზიებში.

ჩემი გული კი ნამდვილად უშიშარია,

შენ რამდენჯერაც უნდა გახლიჩო,

მაინც მთელდება,

ერთი ნაკაწრი აღარ რჩება როცა გიყურებს.

მომეცი ნება,

ვიჯდე შენს გვერდით მატარებელში

და შენ უბრალოდ თავი დამადო,

ჩემი მხრის სიზმარი ნახო,

როცა უცხო ქვეყნებს მოვივლით,

ათას ერთ საზღვარს გადავკვეთავთ

და ათას ერთჯერ შემიყვარდები.

მომეცი ნება 

დავამარცხო ეს უძლურება,

ფეხის კანკალი, ენის გაყინვა.

შენთან კონტაქტის დამყარება გამიადველე.

ნიჟარებით აგივსებ დღეებს,

ყველა ქვეყნის სანაპიროდან მათ ჩამოგიტან.

ყურს რომ მიადებ,

უნდა გაიგო რასაც ამბობენ.

შენ ყველა ენის უნდა გესმოდეს დედამიწიდან,

და მის იქითაც,

უცხო ხომალდებს უნდა უსმინო,

კოსმოსიდან მოთვალთვალეებს.

მომეცი ნება,

ყოველ დილას საუზმე მე მოგიმზადო,

ფორთოხალს დავჭრი,

კრეპებს დავაცხობ,

შენ კი ქილიდან ძალიან ფრთხილად თაფლს გადაუსვამ.

ამასობაში, მე ყვავილებში ჩაგიწყობ ფეხებს,

და ამიტომაც მსოფლიოდან ყველა ფუტკარი დაგედევნება.

ერთად გავიქცეთ.

თუ არ წამიყვან,

მე შორიდან დაგედევნები,

პარალელურ ზღვებს გადავცურავ,

პარალელურ მთებს შემოვივლი,

რომ სულ გხედავდე.

მომეცი ნება,

რომ სულ გიპოვნო რამდენჯერაც დამეკარგები.

ჩვენ შეგვიძლია მთელი ცხოვრება თავდაყირა დავაყენოთ. 

გავშიფროთ მისი კოდები,

სუსტ წერტილი აღმოვუჩინოთ და სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ.

ჩვენ შეგვიძლია უდაბნოები მოვიაროთ აქლემებით,

ქვიშის სახლები ავაშენოთ და

ნამდვილ ყაჩაღებს გადავეყაროთ,

რომლებიც ვერ მიხვდებიან შენ სილამაზეს,

ხელს არ გახლებენ.

ჩვენ შეგვიძლია,

მსოფლიოს ყველა წყალდიდობას უვნებლად გადავურჩეთ,

შემდეგ წყნარ ოკეანეში გავცუროთ,

ოქროს თევზები დავიჭიროთ,

მაგრამ გავუშვათ,

რადგან მეტ სურვილს ვეღარავინ ვეღარ აგვიხდენს.

შემდეგ გავიგოთ, როგორ იქცნენ ოქროს თევზებად,

და ჩვენც ვეცადოთ სხვისთვის ვატაროთ სამი სურვილი.

 

ნება მომეცი გკითხო.

გსურს ჩემთან ერთად მოგზაურობა ?

გსურს ჩამოვაგდოთ ვარსვკვალვები

ბაბუაშენის სანადირო თოფით,

შენი ზღვისპირა სახლიდან ?

გსურს ვუყუროთ გადამფრენი ჩიტების ცეკვას ?

რომლებმაც მიატოვეს ახალი ბუდეები

და პირველად მიფრინავენ თბილ ქვეყნებში.

გსურს ახალი სიზმარი შევქმნათ ?

რომელიც ქვეყნად არვის დაესიზმრება.

რადგან მას მხოლოდ მე და შენ ვნახავთ

და თავს იქიდან ვეღარ დავიხსნით.

 

შენ სად ხარ ახლა ?

მინდა გიპოვნო ! 

 

1 2 3 4 5 6 7 8