იან ვაგნერი (Jan Wagner) – შეიძლება ითქვას, დღეს ყველაზე წარმატებული და ცნობილი პოეტია გერმანიაში, მიღებული აქვს 40-მდე სხვადასხვა ლიტერატურული პრემია და მის შემოქმედებაზე იწერება ნარკვევები და სამეცნიერო კვლევები, რაც 2017 წელს კრებულადაც კი გამოიცა.

იან ვაგნერი ძალიან პროდუქტიული ავტორია, ასევე, წერს ესეებს და რადიოპიესებს, ეწევა მთარგმნელობით და საგამომცემლო საქმიანობას, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებას, ურთიერთობაში ძალიან თბილია და ყურადღებიანი, რაც მის პიროვნებას მეტ შარმს მატებს.

2017 წელს მას ბიუხნერის პრემია გადაეცა, რაც ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაა გერმანიაში და შესაბამისად, დიდ გამოხმაურებებს იწვევს.

მისი პირველი კრებული 2001 წელს გამოჩნდა სათაურით „საცდელი ნახვრეტი ცაში“, 2018 წელს კი მეთორმეტე კრებული გამოსცა: „ცოცხალი პეპლების შოუ“.

მის პოეზიაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მისი მცდელობა, გააცოცხლოს სხვადასხვა ეპოქის სალექსო ფორმები და თანამედროვე გერმანული ენა და თემატიკა ანტიკურ თუ ბაროკოს დროის ლექსს მოარგოს. მისი პოეზიის სპექტრი სონეტიდან საფოისტურ სტოფებამდე ვრცელდება, მიმართავს ჰაიკუს, იყენებს რითმას და ნახევრად რითმას, ასონანს და ალიტერაციას და ამ ყველაფერს აკეთებს ნატიფად და ელეგანტურად, რის მიღმაც მუდამ იმალება რაიმე ფილოსოფიური ხუმრობა. და ეს ხუმრობა ეფექტს აღწევს სწორედ იმ კონტრასტით, რასაც შინაარსი მკაცრ სალექსო ფორმასთან ქმნის. ბიუხნერის პრემია იან ვაგნერს, უპირველეს ყოვლისა, ენის პოეტურობისათვის გადაეცა, „რომელიც ამძაფრებს მკითხველის აღქმასა და აზრებს“.

გერმანული ენისა და პოეზიის აკადემიის დასკვნით სიტყვაში ნათქვამია: „მისი ლექსები შეიცავს რეალობას, რომელსაც  ეკუთვნის როგორც ბუნების ფენომენები, ასევე ხელოვნების ნიმუშები, ცხოვრების სიუჟეტები, ისტორიული ამბები, მთავარი შეკითხვები თუ წვრილმანი საგნები. ცნობისმოყვარე, მგრძნობიარე კითხვებით მცირესა თუ ცალკეულზე, რომელთა შორის ძირეული კავშირი იგრძნობა, ამასთან თავისი დაუშრეტელი ფანტაზიით, იან ვაგნერი ხატავს სურათებს, რომლის წაკითხვისას სამყარო ისეთი სახით წარმოგვიდგება, თითქოს ამ ყველაფერს პირველად ვხედავდეთ“.

1971 წელს ჰამბურგში დაბადებული პოეტი ბერლინში ცხოვრობს და არის წევრი ბავარიის ხელოვნებათა აკადემიის,  მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის, გერმანული ენისა და პოეზიის აკადემიის და გერმანიის პენ-ცენტრის.

 

 

სარეველა

 

ძალიანაც ნუ დაიწუნებთ, სარეველას

სურვილის ჟინი დააქვს სახელით

და ეს ყვავილებიც, თეთრი, ფარფატელა

ტირანის უმანკო ოცნებას ამხელენ.

 

ძველი ცოდვის მსგავსად, ყოველთვის ბრუნდება

ემისრებს აგზავნის სიბნელის გავლით,

მწვანე გაზონებზე ამობიბინდება,

ხანაც ნათესებზე, სითეთრის ჭავლად,

 

უკანა ეზოში, ავტოფარეხებთან,

სრიალა ქვაფენილს ფიფქავს და ფარავს

ქაფივით, თრთვილივით, შემოიპარება

უხმოდ, სახურავის წვერზე შლის კარავს,

 

ისე ჟინიანად ედება, ერევა,

მთელ ბაღს ერთიანად ყლაპავს მორევივით

და რაც მოინელებს, ისევ საკუთარი სიხარბის ძალა.

 

 

1 2 3 4 5 6 7