ციკლიდან: „თვრამეტი ღვეზელი“

 

„სადილად სერ ვ. პენთან,  რომელიც დღეს თავისი ქორწინების წლისთავს ზეიმობდა. საქონლის ჩინებული სუკების გვერდით, სხვა ნუგბართან ერთად, მაგიდაზე იდო ლანგარი თვრამეტი სახის ღვეზელით, წელთა იმ რაოდენობის შესაბამისად, რამდენი ხანიც იგი ქორწინებაში იმყოფება“. სემიუელ პიპსი, დღიურები.

„ღვეზელად ყველაფერი შეიძლება იქცეს, რაც კი არსებობს. ხოლო ერთი და იმავე მასალის მაგალითზე მარჯვე მზარეულს იმის ჩვენებაც შეუძლია, რომ მას წარმოსახვისა და განსჯის უნარი აქვს“. – კარლ ფრიდრიხ ფონ რუმორი, სამზარეულო ხელოვნების სული.

 

 (მწყემსის ღვეზელი)

 

ბატკნები თეთრი ღრუბლებია, მიწა რომ უყვართ.

მეცხვარეს კიდევ მარი უყვარს. მოფანტავს კაკალს

მთის ფერდობზე და ჩასჩურჩულებს სამ გრძნეულ სიტყვას.

ფარა ბღავის და მობალახობს, როგორც თეთრი ხელნაწერი

მწვანე დაფაზე. და იქვე უკან ჩნდება წერტილიც  –

მეცხვარის ძაღლი. საღამოს ჩრდილი აიწევა

ხეობათა სიღრმიდან და ფანჯრებს მისწვდება. აღარ ჩანს

მთების ფერდობები, აღარც ბორცვები, არც ღრუბლები.

ღრუბლები, როგორც თეთრი ბატკნები, ქარს გაურეკავს.

 

(ღვეზელი ქაშაყით და კარტოფილით)

 

მეთევზე იოსტამ მარცხნივ, მკერდს რომ იტაცა ხელი

და დაბარბაცდა, მივხვდით: გულია.

სატვირთო გემზე ყმაწვილკაცი ავიდა ლხენით,

ზღვას მიაშურა, იყო სრულიად

 

დარდიმანდი და მექალთანე, ლოთი, ვითარცა

ზღვა იყოს ლურჯი და ქარი შორი. რჩებოდა უტყვი.

წყალიც რომ არ სხმოდა ჭიქაში,

მისი ჩიბუხის ცალი თვალი მუდმივად ფუტდა.

 

სჯეროდათ, ახლაც საკუთარ თავს შეუძახებდა,

რაღაც გაუკრთა ტუჩებზე თითქოს.

ლაპარაკობდა არეულად, უკვე აქედან

იქით, ბნელისკენ ისროდა სიტყვებს.

 

 

1 2 3 4 5 6 7